Get All Access for $5/mo

TESLA-ში საქართველოს სახელით - დავით შონიას საერთაშორისო წარმატების ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსხვილ გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებს არაერთი წარმატებული ქართველი სპეციალისტი შეუერთდა, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო პროექტზე მუშაობენ და ცდილობენ, კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ საქართველოს ტექნოლოგიური პოტენციალი. ამჯერად კი, გვსურს, გიამბოთ დავით შონიაზე, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია TESLA-ს პროდუქტების მარკეტინგის გუნდის წევრი გახდა. თავდაუზოგავი შრომისა და ხანგრძლივი სააპლიკაციო პროცესის მიუხედავად, ახალგაზრდა ქართველმა მოახერხა საკუთარი მიზნების რეალიზება და საერთაშორისო კომპანიაში მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება.

დავით შონიას განმარტებით, ყველაფერი 7 თვის წინ დაიწყო, როდესაც მისი მენტორი და პარტნიორი, გიორგი ქოთოლაშვილი, TESLA-ს კანადის ფილიალში, პროდუქტების მარკეტინგის სპეციალისტად დასაქმდა. რამდენიმე კვირაში გლობალურმა კომპანიამ დაიწყო მარკეტინგის გუნდში თანაშემწეების მოძიება, რის შემდეგაც გიორგის რეკომენდაციით, ბევრ აპლიკანტს შორის ერთ-ერთი მათგანი დავით შონია აღმოჩნდა.

სააპლიკაციო პროცესი და მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა და რეკრუტერები აფასებდნენ ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა: აპლიკანტის მიზანი, ოცნება, ინტერესები, მოტივაცია, შთაგონება და სხვა. დავითის თქმით, ნაკლები ყურადღება დაეთმო სამუშაო გამოცდილებას და შერჩევის პროცესში უფრო დიდ მნიშვნელობას კანდიდატების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლას ანიჭებდნენ."აპლიკანტებთან გამართულ თითოეულ შეხვედრას ესწრებოდა კომპანიის ფსიქოლოგი, რომელიც საინტერესო და ერთი შეხედვით, "სახალისო" შეკითხვებს სვამდა. ამ შესწავლისა და რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დამიკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და შემატყობინა, რომ TESLA-ს მარკეტინგის გუნდში ჩემი მენტორის, გიორგი ქოთოლაშვილის თანაშემწე ვიქნებოდი გამოსაცდელი ვადით. ჩვენ შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვით მეძლევა 36 დღე იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი თანამშრომელი ვარ კომპანიისათვის. ამ დროის განმავლობაში ჩვენი გუნდის (შერჩეული აპლიკანტების 10-კაციანი ჯგუფი) მოვალეობაა, შევიმუშაოთ გეგმა, რომელსაც TESLA ევროპის რეგიონში შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში განახორციელებს და თუ პროექტი წარმატებას მიაღწევს, გუნდის თითოეულ წევრთან კომპანია 3-წლიანი კონტრაქტს გააფორმებს".

საერთაშორისო წარმატებამდე, TESLA-ს ქართველმა თანამშრომელმა საკმაოდ მრავალფეროვანი გზა გაიარა. სკოლაში სწავლის პარალელურად პირველი სამსახური ერთ-ერთ სარესტორნო ქსელში, მიმტანის პოზიციაზე დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი, მის ცხოვრებაში გარდატეხა მოხდა და ჰოლანდიაში, კომპანია IKEA-ს კრეატიული გუნდის წევრი გახდა. კარიერის შემდგომი ნაბიჯები სხვადასხვა წამყვან კომპანიებში, სოციალური მედიამენეჯერის, მარკეტინგის სპეციალისტისა და ივენთმენეჯერის პოზიციებზე, გადადგა. რამდენიმეწლიანი გამოცდილების პარალელურად, დავითი აქტიურად თანამშრომლობდა უამრავ კომპანიასთან და კლუბთან, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. "დღესდღეობით ჩემი ერთ-ერთი პროფესიაა ივენთმენეჯმენტი და ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა პროექტის ორგანიზება, ლეგენდარული არტისტების მოწვევა საქართველოში. მომდევნო წლისთვის ვემზადებით უზარმაზარი პროექტის განსახორციელებლად აჭარაში. მსგავსი ტიპის პროექტი საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ ჩატარებულა და ვფიქრობ, ეს გასაღები იქნება ამ სფეროში მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილის დასაკავებლად. აღსანიშნავია ფაქტი, რომ პირადად ილონ მასკს დადებითი რეაქცია ჰქონდა, როდესაც შეიტყო ჩემი ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ და აუცილებლად ეწვევა მომდევნო წელს დაგეგმილ ელექტრონული მუსიკის ფართომასშტაბიან პროექტს", − აღნიშნავს დავითი.

დაგროვილი გამოცდილებისა და საერთაშორისოდ მიღწეული წარმატების შემდეგ, დავით შონია ახალგაზრდებს რეკომენდაციებს უზიარებს და ურჩევს, რომ ყოველი დღე განვითარების ახალ საფეხურად აქციონ და იბრძოლონ საკუთარი წინსვლისთვის. "წაიქეცით, მაგრამ წაიქეცით წინ. დასაქმდით ყველგან, სადაც მიგაჩნიათ, რომ ეს თქვენი განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და გაითვალისწინეთ, რომ თქვენ ქმნით გამოცდილებას და არა პირიქით", − ადამიანებს, რომელთაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ძალების მოსინჯვა სურს, TESLA-ს გუნდის წევრი ურჩევს, დასაქმდნენ გლობალური მასშტაბის კომპანიებში, რაც უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარების კუთხით. მთავარია, გული არ დასწყდეთ, თუ მცდელობების მიუხედავად მსხვილი კომპანიების ხედვის არეალში არ აღმოჩნდებიან, რადგან თუკი ადამიანს წარმატების მიღწევა სურს, უნდა შეძლოს კომპანიების ყურადღების მიქცევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროს არ უნდა დანებდეს და განაგრძოს მცდელობა წარმატებული კარიერის შესაქმნელად.

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, დავით შონიას მთავარი გეგმაა, მსოფლიო ბაზარზე მიღებული გამოცდილება საკუთარი ქვეყნის განვითარებას მოახმაროს და საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გამოაჩინოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე. "ჩემი მიზანია, უპირველესად წარმატებით წარმოვაჩინო საკუთარი ქვეყანა და შემდეგ, რა თქმა უნდა, საკუთარი თავიც − ამის საშუალებით, TESLA-სთან პარტნიორობა მნიშვნელოვან ფაზაში შევა და მექნება შესაძლებლობა, 3 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელით ვიყო მსოფლიოს წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი".

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.