ვიდეოთამაშებში რეკლამირების ახალი ქართული პლატფორმა - რას სთავაზობს Haxelo ბრენდებსა და მარკეტერებს?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ვიდეოთამაშები ახალ სოციალური თავშეყრის ადგილად ყალიბდება, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთთან ურთიერთობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ. გეიმინგის სფერო არცთუ ისე ათვისებული ბაზარია, ვინაიდან ბრენდებს უჭირთ მოთამაშეებთან კომუნიკაცია ისე, რომ მათ კომფორტული სათამაშო გარემო არ დაერღვეთ. ჰაქსელო/Haxelo ვიდეოთამაშებში ენდემური რეკლამირების პლატფორმაა, რომელიც ბრენდებსა და მარკეტერებს საშუალებას აძლევს, მისწვდნენ მანამდე მიუწვდომელ აუდიტორიას თამაშის მიმდინარეობისას ისე, რომ მოთამაშეს დისკომფორტი არ შეექმნას. პლატფორმის ინტეგრაცია ხდება სხვადასხვა ვიდეოთამაშში არსებულ სათამაშო სივრცეში ბანერების სახით, რაც Haxelo-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით პროგრამული ან პირდაპირი რეკლამის განთავსების შესაძლებლობას იძლევა.
"პანდემიის დროს თამაშების ინდუსტრია ძალიან პოპულარული გახდა, რასაც Meta-ს რებრენდინგმა და მეტავერსის პოპულარიზაციამაც შეუწყო ხელი. ამ პერიოდში ბაზარზე კონკურენტთა რიცხვი გაიზარდა, კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებდნენ, თუმცა ბუმმა გადაიარა და ზოგი კომპანია გაკოტრდა, ზოგიც დაიხურა. სწორედ ბაზრის სტაგნაციის პერიოდში შემოვედით ბაზარზე, რაც, შეიძლება ითქვას, რისკი იყო, რადგან როგორც თამაშების გამომცემლები, ისე სარეკლამო სექტორი უკვე პესიმისტურად იყვნენ განწყობილი მსგავსი პლატფორმების მიმართ, თუმცა ვიტყოდი, დაგვიანებამ გადაგვარჩინა კიდეც, რომ სხვა კომპანიების ბედი არ გავიზიარეთ და წარვადგინეთ ყველასაგან განსხვავებული პლატფორმა, რომელზედაც მოთხოვნა გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით.
დღესდღეობით თამაშებში არსებული რეკლამების უმეტესობა არ არის მორგებული მოთამაშეებზე, რაც ე.წ. გეიმერებს ხელს უშლის თამაშში. შედეგად, მსგავსი ტიპის რეკლამები წაგებიანია არა მხოლოდ უშუალოდ ვიდეოთამაშისთვის, არამედ - ბრენდებისთვისაც, ვინაიდან მოთამაშეებს შესაძლოა მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გაუჩნდეთ. ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ასეთი პრაქტიკა, შევქმნათ თამაშებში ე.წ. ენდემური რეკლამირების შესაძლებლობა და მოვახდინოთ მისი სტანდარტიზება, რაც თამაშის პროცესს ხელს არ შეუშლის", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნიკოლოზ ჯალაბაძე, Haxelo-ს დამფუძნებელი და დირექტორი.
როგორც Haxelo-ს გუნდში განმარტავენ, თამაშების ავტორებისთვის კრეატიული კონტენტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ამ მიმართულებით შეხვდა ახალ წამოწყებას, თამაშების ავტორების დაინტერესება გახლდათ. თავდაპირველად მათთვის თამაშში სარეკლამო ბანერების ჩასმა მომხიბვლელი არ აღმოჩნდა. "ვიფიქრეთ, რომ გადაულახავი სწორედ თამაშის კომპანიების დათანხმება და ამ მხრივ პარტნიორობების ზრდა იქნებოდა. თუმცა მალევე გაგვიჩნდა იდეა, რაც ჩვენი კომპანიის ინოვაციად იქცა - ენდემური რეკლამები". თითოეული ვიდეოთამაში არის ცალკეული სამყარო, თავისი წესებით, ისტორიით, პერსონაჟებითა და მოვლენებით. ენდემური რეკლამების იდეაც სწორედ ამ ინდივიდუალიზმის შენარჩუნებას ემსახურება. შემოქმედებითი კრეატივისა და მესიჯის თამაშის სამყაროსთან შერწყმა ბრენდს საშუალებას აძლევს, უფრო ეფექტურად მიაწოდოს მომხმარებელს მესიჯი, კამპანია კი უფრო მიზნობრივი გახადოს. სწორედ ასეთი მიდგომით გახდა შესაძლებელი თამაშების ავტორების დაინტერესება, რომლებიც მზად არიან Haxelo-ს პლატფორმის დასაინტეგრირებლად.
რაც შეეხება სამომავლო განვითარების ხედვასა და უახლოეს გეგმებს, "ჰაქსელოს" გუნდში ღრმად სწამთ, რომ თამაშებში რეკლამირება სულ უფრო და უფრო პოპულარული გახდება, თუმცა ამ მხრივ ინოვაციები და სტანდარტიზება აუცილებელია.
"ჩემთვის უდიდესი ინსპირაციაა, ვიყო იმ მოძრაობის ნაწილი, რომელიც სარეკლამო და ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში ახალი ინოვაციების დანერგვას შეუწყობს ხელს. ასევე, გვინდა საქართველოში თამაშების ინდუსტრიის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ.
წელს სამმა კონკურენტმა კომპანიამ საერთო სარეკლამო აუქციონი შექმნა, რაც დიდი ნახტომია ბაზრისთვის. გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ამ კომპანიებთან, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო სარეკლამო აუქციონის პოპულარიზაციასა და განვითარებაში. უახლოეს თვეებში ეს გაერთიანება მთელ ინდუსტრიაში ინოვაციების შემომტანი და ახალი იდეების ინსპირატორი გახდება, ჩვენს ბანერებზე კი განთავსების სიხშირეს გაზრდის", - აცხადებს ნიკოლოზ ჯალაბაძე.