Blockchain Coding, ანუ ანტრეპრენერის არაცნობიერის დაშლა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"იგის სხეულში წუხილმა დაიდო ბინა. წუხილი ისეთი ყოფილა, როგორიცაა მძინარე ტკივილი. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა, თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა, თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა, გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; სადაც იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, სადაც არ იყო, მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, სადაც არ იყო, უკვე იქ იყო, სადაც იყო და იქ ყოფნა აღარ უნდოდა..."
ხშირად ადამიანები მთელ სიცოცხლეს ცხოვრების დაწყების მოლოდინში ფლანგავენ. რადგან ყველა მოქმედი და მომავალი ანტრეპრენერი ამავე დროს ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, მათ რიგებში ჩვენც მოვიაზრებით. ჩვენი ბიზნესკარიერა ერთი, ხოლო ფსიქოლოგიური ზრდა მეორე მიმართულებით შეიძლება განვითარდეს. მეტიც − ჩვენ უსათუოდ გვჭირდება საკუთარი არაცნობიერის შეცნობა, სასიცოცხლო ძალების სრული მობილიზება და წინააღმდეგობების გადალახვის უნარი.
ჩვენ გვაქვს მიზნები, სამოქმედო გეგმები და იქვე რისკ-ფაქტორები, წარმოსახვაში შევქმნათ მომავალი ჩვენი წარმატება და მთელი ყურადღება ამ მოლოდინისაკენ მივმართოთ. ყველა სახის ლოდინისას გაუცნობიერებლად იქმნება კონფლიქტი თქვენს "აქ და ახლა"-ს, ანუ იმას, სად ყოფნაც არ გსურთ და პროექტირებულ მომავალს შორის, სადაც მოხვედრა გინდათ. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს თქვენი ცხოვრების ხარისხს, რადგან აწმყოს გაკარგვინებთ და უბრალო სიტუაციას, მოვლენას ან ემოციას პირად პრობლემად და ტანჯვად აქცევს.
თუ თქვენი "აქ და ახლა" აუტანლად გეჩვენებათ და თავს უბედურად გრძნობთ, სამი არჩევანი გაქვთ: განერიდეთ მას, შეცვალეთ ის ან სრულად მიიღეთ. თუ თქვენ "აქ და ახლა"-ს ვერაფრით ცვლით, აწმყოს ძალა გამოიყენეთ, მასზე შიში ვერ გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში ამ მდგომარეობიდან შინაგანად თავისუფლდებით და ხვდებით, რომ სიტუაცია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იცვლება.
ადამიანთა უმრავლესობას ან საერთოდ არ განუცდია აწმყოში ყოფნა ან თუ განუცდია, მხოლოდ შემთხვევით, ძალიან მცირე ხნით, ძალიან იშვიათად, და თანაც ისე, რომ ვერც მიმხვდარა, რა იყო. თქვენი ცნობიერის დონის საუკეთესო ინდიკატორია, თუ როგორ უმკლავდებით სტარტაპის დამფუძნებლის გამოწვევებს, როდესაც ისინი დადგება. გამოწვევას ისედაც არაცნობიერ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ღრმად არაცნობიერში გადაჰყავს, ხოლო ცნობიერში მყოფი მეტად ცნობიერი ხდება. ადამიანები არათუ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის მოძრაობენ, არამედ არაცნობიერის სხვადასხვა დონეს შორისაც. შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თქვენი ცნობიერების დონეზე.
გარდა მარათონული რუტინისა, ანტრეპრენერებს აქვთ პირადი ცხოვრება, რაც თავის მხრივ ეფექტიანი ფაქტორია წინსვლის გზაზე. ჩვეულებრივ, არაცნობიერ მდგომარეობაში სინამდვილისადმი წინააღმდეგობა ან მისი უარყოფა ბადებს წუხილსა და უკმაყოფილებას, რომლებსაც ადამიანთა უმეტესობა ცხოვრების ნორმად მიიჩნევს. როდესაც საკუთარ ფიქრებსა და ემოციებზე დაკვირვებას ისწავლით და ფონად არაცნობიერის ხმაურს აღმოაჩენთ, მიხვდებით რამდენად იშვიათად გაქვთ გულში სიმსუბუქე და სიმშვიდე. თუ წინააღმდეგობა იზრდება გამოწვევის ან იმ საფრთხის გამო, რომელიც ეგოს ემუქრება, ისეთი ნეგატიური მდგომარეობები ყალიბდება, როგორებიცაა: მრისხანება, ძლიერი შიში, აგრესია, დეპრესია, და ა.შ. ასეთ დროს სიღრმისეულ არაცნობიერში ტკივილი აქტიურდება, რომელთანაც თქვენი თავის გაიგივებას იწყებთ.
გაღიზიანებთ პროცესები, რომლებიც მუშაობის პარალელურად ჩნდება? შესაძლოა ეს თქვენი ოჯახური საქმე იყოს, ან იქნებ რაღაცის გაკეთებას დათანხმდით და ახლა იმას აკეთებთ, რაც თქვენს ერთ ნაწილს აღიზიანებს და ეწინააღმდეგება. ან იქნებ ახლობლის მიმართ წყენა გაქვთ გულში? ასეთ დროს იმდენად მავნე ენერგიას ასხივებთ, რომ თავსაც "იბინძურებთ" და გარშემომყოფთაც ვნებთ. ასეთ დროს შეწყვიტეთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ, დაელაპარაკეთ ადამიანს და გამოხატეთ გრძნობები სრულად ან მოიცილეთ ნეგატიურობა, რომლის ერთადერთი მიზანი საკუთარი თავის განმტკიცებაა ხოლმე.
თქვენი ცხოვრების ჩვეულებრივ სიტუაციებში, როდესაც ყველაფერი შედარებით უმტკივნეულოდ მიდის, მეტი ცნობიერება უნდა შეიტანოთ. ასე მეტად შეძლებთ აწმყოში ყოფნას. თქვენში და თქვენ გარშემო მაღალი რხევითი სიხშირის ენერგიის ველი შეიქმნება. ამ ველში ვერ შეაღწევს და ვერ შეძლებს არსებობას არაცნობიერი, ნეგატიურობა და ძალადობა, რაც დაგიცავთ პიროვნული სისუსტეებისგან.
დროისგან თავისუფლება წარსულის თვითიდენტიფიკაციისა და მომავალში თვითრეალიზაციის მოთხოვნილების საჭიროებისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ეს ცნობიერების ყველაზე ღრმა ტრანსფორმაციაა. ეს ცვლილება იშვიათად ხდება მკვეთრად, რადიკალურად და სამუდამოდ, და თუ ხდება, მხოლოდ ინტენსიური ტანჯვის დროს სრული დანებების ფორმით. ადამიანთა უმრავლესობას კი ამისთვის გარჯა სჭირდება.
როდესაც ხვდები კარგ მენტორთან, ან შენი გონების ძალით მიდიხარ ამ აღმოჩენამდე, იწყება ნეირონული ქსელის გადალაგება, მაგრამ ინტელექტუალური დათანხმება მორიგი რწმენაა, რომელიც თავისთავად თქვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს. ამ ჭეშმარიტების შესაგრძნობად მისით ცხოვრებაა საჭირო. როდესაც თქვენი სხეულის ყველა უჯრედი იმდენად არის აწმყოში, რომ სიცოცხლის დუღილსა და ყოველი წამის ყოფიერების სიხარულს გრძნობს, მხოლოდ მაშინ შეიძლება თქვათ, რომ დროისგან თავისუფალი ხართ.
როდესაც თქვენ წინაშე პირველად გაკრთება ცნობიერების ის მდგომარეობა, რომელშიც არ არსებობს დრო, დროისა და აწმყოში ყოფნის განზომილებებს შორის წინ და უკან დაიწყებთ მოძრაობას. ჯერ გააცნობიერებთ რამდენად იშვიათად იმყოფება თქვენი ყურადღება აწმყოში. თუმცა, ამის ცოდნაც კი, რომ აწმყოში ხართ, უკვე დიდი წარმატებაა: ამის გაცნობიერებაც კი აწმყოში ყოფნას ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მხოლოდ საათის დროის რამდენიმე წამის განმავლობაში გრძელდება და შემდეგ ქრება. მერე უფრო ხშირად ფოკუსირდებით აწმყოს მომენტზე წარსულის ან მომავლის ნაცვლად და აწმყოში დარჩენას არა მხოლოდ რამდენიმე წამით, არამედ უფრო დიდი ხნით შეძლებთ (თუ ამას საათის დროის თვალსაზრისით შევხედავთ). ასე რომ, სანამ მტკიცედ მოიკიდებთ ფეხს აწმყოში, ანუ სანამ სრულ შეცნობილობას მიაღწევთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცნობიერსა და არაცნობიერს შორის ივლით, აწმყოსა და იმ მდგომარეობას შორის იმოძრავებთ, რომელთანაც თქვენი გონება აიგივებს თავს. აწმყოს ხან დაკარგავთ და ხან დაუბრუნდებით. საბოლოოდ, აწმყოში ყოფნა თქვენი დომინანტი მდგომარეობა გახდება.
ღრმა გაუცნობიერებელი მდგომარეობა (მაგ: დიდი ფინანსური ზარალი) ტრანსფორმაციას საჭიროებს, რისთვისაც, უპირველესად უნდა მიიღოთ ის, შემდეგ კი აწმყოში ყოფნისა და სტაბილური ყურადღების სინათლით გამოკვებოთ. ჩვეულებრივი არაცნობიერი მდგომარეობის მრავალი მოდელი კი შეგიძლიათ უკუაგდოთ, როცა მიხვდებით, რომ აღარ გინდათ, აღარ გჭირდებათ, როცა გააცნობიერებთ, რომ არჩევანი გაქვთ და რომ თქვენ პირობითი რეფლექსების უბრალო გროვა არ ხართ. ასეთ დროს თქვენთვის ახალი ძალა ხელმისაწვდომი გახდება.
ყველა მომენტი წარსულში დატოვეთ − არ გჭირდებათ. თავს გონებასთანაც ნუ გააიგივებთ, რომელიც თავს წარმოსახვით მომავალში წარმოიდგენს და შიშს წარმოშობს. აწმყოსთან გამკლავებას ყოველთვის შეძლებთ, მაგრამ არა მომავალთან და ეს არც არის საჭირო. პასუხი − ძალა, სწორი მოქმედების უნარი ან რესურსები, მაშინ გამოჩნდება, როდესაც საჭირო გახდება, მაგრამ არც მანამდე და არც მას შემდეგ.