GLOBALIZE - საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა უკვე 12 ქვეყანაში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2022 წლის 11 ივნისს Globalize ევროპის მასშტაბით პირველ კონფერენციას გამართავს, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. Globalize EU Conference თავს მოუყრის ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მომუშავე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები.
Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. აპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშორისო კონფერენცია სილიკონის ველზე, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მომუშავე წარმატებულ ქართველებს, როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის.
GLOBALIZE წარმოადგენს ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტირებაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის Globalize Community უკვე აერთიანებს 5 000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ. ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
როგორ გაჩნდა Globalize-ის შექმნის იდეა და როგორ ეხმარება ორგანიზაცია ეკოსისტემას? − ამ საკითხებთან დაკავშირებით, Entrepreneur Globalize-ის დამფუძნებელ სალომე კუკავას ესაუბრა.
სალომე, როგორი იყო გზა დასაქმებულიდან დამსაქმებლამდე და როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, ჩამოგეყალიბებინათ Globalize?
წლების განმავლობაში ვმართავდი სხვადასხვა ორგანიზაციას და არასდროს განმისხვავებია სხვისი და ჩემი კომპანია ერთმანეთისგან − ყველას მიმართ ისეთი მიდგომა მქონდა, როგორიც საკუთრისადმი. როცა პროექტი მომწონს და ვერთვები, საქმეს ყოველთვის გულით ვაკეთებ, ამიტომ დიდი განსხვავება დასაქმებულიდან დამსაქმებლის გზაზე არ მიგრძნია. რისკი ყოველთვის მიყვარდა და მუდამ "თავით ვეშვებოდი" მსხვილ პროექტებში. სირთულეები არ მაშინებს, პირიქით − ძალას მძენს პროცესში. დაბრკოლებების დროს უამრავ რამეს ვსწავლობ და აზარტი მემატება.
რაც შეეხება Globalize-ის შექმნის იდეას − ორგანიზაციის მიზანია, ქართული სტარტაპ და ბიზნესიდეები, საექსპორტო პროდუქტები და სერვისები საერთაშორისო ბაზრებზე გავიდეს. შექმნის იდეა გაჩნდა მაშინვე, როცა ტექნოლოგიურმა და ბიზნესგარემოს განვითარების პროცესმა მოცემულობა გლობალურად შეცვალა. ამასთან, საქართველოს ბიზნესლანდშაფტი ბოლო წლებში მაღალი ტემპით იცვლება. გაიზარდა პროფესიული მომსახურებების სპექტრი, იმატა ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა. თუკი ვაღიარებთ, რომ პროგრესის ხელშეწყობისთვის საუკეთესო ფორმულა მასშტაბურობაა, აუცილებელია მოთხოვნების დაკმაყოფილებაც. ამ კუთხით კი, გარკვეული ბარიერები არსებობს. ქართველ მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე გატანისთვის, მაღალპროფესიული გუნდი, ექსპორტის პროცესის სიღრმისეული ცოდნა, შესაბამისი კავშირები და ადგილობრივ ბაზრებზე მორგების ხედვა ესაჭიროებათ, რაც დღეს სირთულეს წარმოადგენს. ამის მიზეზი ბევრი რამ არის, მათ შორის ბიუროკრატია, რესურსების ნაკლებობა, ენობრივი ბარიერები, ეთნოცენტრიზმი, სანდო პარტნიორების არარსებობა და ა.შ. სწორედ ამ წინაღობების დაძლევისა და ქართული ბიზნესის გლობალურ ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობისთვის შეიქმნა Globalize, რომელიც აღნიშნულ გზაზე წარმატების მისაღწევად, ბევრ საჭირო რესურსს გააერთიანებს ერთ სივრცეში. გეგმის მიხედვით, მისი წვლილი ეკოსისტემის განვითარებაში უკვე მალე უნდა გახდეს ხელშესახები. ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, თუმცა განვითარების გეგმას მივყვებით და გზადაგზა ბევრ საინტერესო სერვისს გამოვიტანთ დღის შუქზე.
მოგვიყევით მეტი Globalize-ის კონფერენციის შესახებ, რომელიც აშშ-ში განხორციელდა. რა იყო მისი ძირითადი მიზანი და რამდენად წარმატებული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის?
პირველი საერთაშორისო კონფერენცია სილიკონის ველზე შედგა და ვფიქრობთ წარმატებით ჩაიარა. Globalize Silicon Valley Conference-ის ფარგლებში, ერთმანეთს ამერიკაში მცხოვრები წარმატებული ქართველი პროფესიონალები, საინვესტიციო ჯგუფების წარმომადგენლები და ქართველი სტარტაპები, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ლიდერები და მოწვეული სპიკერები შეხვდნენ. მათ ვიზიტორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქართული სტარტაპებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. პანელურ დისკუსიებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება საქართველოში, მომავლის ტექნოლოგიები, ქალების როლი ტექნოლოგიებში, მეცნიერების კაპიტალიზაციის შესაძლებლობები და სხვა. Globalize-სპიკერებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Cisco, Meta, Apple, Uber და სხვები, ასევე ქართული სტარტაპები, მათ შორის Elven Technologies, Kernel, Kvalifika, Caru, Artisio და სხვ.
რას გეგმავთ სამომავლოდ ორგანიზაციის ფარგლებში? როგორია თქვენი სამომავლო განვითარების ხედვა?
Globalize-ის მისიაა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად თავი მოუყაროს პროფესიონალ ქართველებს საზღვრებს გარეთ, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით საქმიანობენ. ჩვენი მიზანია, მათში წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას დავახმაროთ, ისე, რომ ამაში თითოეული ჩართული ადამიანის კომერციული სარგებელი იყოს გათვალისწინებული. ეს მიდგომა ყველა მხარისთვის სასარგებლო და მომგებიანია. ბიზნესს სჭირდება ინვესტიცია, სანდო პარტნიორები, ახალი კავშირები, ლოკალურ ბაზრებზე სწორი ხედვა და გამოცდილების გაზიარება, კონსულტაცია და ასე შემდეგ. ამ პროცესში კი ჩვენ ვცდილობთ თანამემამულეების რესურსი გამოვიყენოთ. ამ ეტაპზე, Globalize Community უკვე 5 000-მდე ქართველ პროფესიონალს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის და ქართული ბიზნესისა და ევროპაში მცხოვრები ქართველების დაახლოების მიზნით, 11 ივნისს Globalize გამართავს პირველ კონფერენციას უკვე ევროპის მასშტაბით, რომელიც, "საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. Globalize EU Conference თავს მოუყრის ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მომუშავე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები. ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ ექსპორტიორების მხარდაჭერა, ევროპის ბაზრის ათვისების თვალსაზრისით. სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი ინოვაცია აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B-შეხვედრების თუ ნეთვორქინგ-ღონისძიებების მეშვეობით. კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარდგება. მსგავსი კონფერენციები დაგეგმილია დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოშიც.
Globalize 12 წარმომადგენლობას ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა მასშტაბით. რა დაგეხმარათ ასეთ საერთაშორისო წარმატებაში? რამდენად დიდი შრომა იყო გაღებული, ვიდრე ამ შედეგებს მიაღწევდით?
ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების, კავშირებისა და მუშაობის შედეგი. ეს იდეა შემთხვევით არ გაჩენილა − წლების განმავლობაში პირადად ვეხმარებოდი ქართულ კომპანიებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიების, საექსპორტო ბაზრების ათვისებისა თუ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამ პროცესში კი, ყოველთვის ვეძებდი ქართველებს იმ ქვეყნებში, სადაც ახალი პარტნიორების მოძიებით ვიყავი დაკავებული. ყოველთვის ვეკითხებოდი აზრს და ვიზიარებდი მათ გამოცდილებას. შემდეგ კი, ინსპირაცია სწორედ ამ კავშირებმა მოგვცა, თავი მოგვეყარა რესურსებისთვის და საზღვრებს გარეთ არსებული გამოცდილება ქვეყნისთვის ამ ფორმით დაგვებრუნებინა. იდეის შესახებ მცირე კვლევა ჩავატარე დიასპორის წარმომადგენლებთან, ასევე, სტარტაპებთან, ექსპორტიორებთან და საბოლოოდ, გვინდა მათზე სრულად მორგებული სერვისები შევქმნათ, რაც პროცესებს გაუმარტივებთ და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნით. იდეის რეალობამდე მიყვანისთვის, Globalize-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი − ირაკლი დავარაშვილი შემომიერთდა, რომელთან ერთად პირველსავე დღიდან ვავითარებთ კომპანიას და მივყვებით გეგმებს.
ჩვენი მიზანია, Globalize-ის ქსელში თავმოყრილ ადამიანებს, რომლებიც არიან ბიზნესმენები, მაღალი რგოლის აღმასრულებლები, ინვესტორები, ტექნოლოგიებში მომუშავე პროფესიონალები, მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სტარტაპებსა თუ საექსპორტო პროდუქტებზე და ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში, მიუხედავად იმისა, დაბრუნდებიან თუ არა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ Globalize არ არის სოციალური პროექტი და ემსახურება ყველა ჩართული მხარის კომერციული ინტერესის დაკმაყოფილებას. მასში გათვალისწინებულია ქართული ბიზნესის, ქართული საქმის, ქართული პროდუქტის გლობალურ დონეებზე განვითარების იდეა და სენტიმენტი. თუ ეს მომგებიანია ყველასთვის, რატომ არ უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, მით უმეტეს, როცა ვაცნობიერებთ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს გააძლიერებს?
სწორედ ამ ადამიანებისგან ვქმნით წარმომადგენლობებს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც თავს მოვუყრით ქართველ პროფესიონალებს, რომლებიც სტარტაპებსა და ექსპორტიორებისთვის საჭირო სერვისებს უზრუნველყოფენ, როგორიცაა: ადგილობრივი ბაზრების კვლევა, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, იურიდიული თუ ფინანსური კონსულტაცია, მედია-აუთრიჩი, პარტნიორების მოძიება და დაკავშირება, ინვესტიციის მოზიდვა და ასე შემდეგ. ამჟამად, უკვე 12 ქვეყანაში, თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალი ქართველების გუნდი, რომლებიც ლოკალურ ბაზრებზე თქვენს ადაპტირებაზე იზრუნებენ, აგარიდებენ უამრავ რისკს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს, არასწორ პარტნიორებთან კომუნიკაციას და ასე შემდეგ.
როგორ აპირებთ ამ რაოდენობის ადამიანებთან კომუნიკაციას, მათთვის პროექტებისა თუ იდეების შეთავაზებას? ამისთვის რაიმე სახის პლატფორმას იყენებთ?
საამისოდ მალე ავამოქმედებთ დახურულ პლატფორმას − Globalize Dealbook, რომელშიც თავს მოვუყრით საინვესტიციო შეთავაზებებს, საექსპორტო პროდუქტებსა თუ სერვისებს და ინფორმაციას სტარტაპების შესახებ. პლატფორმაზე წვდომა ექსკლუზიურად ექნებათ ჩვენი ქსელის წევრებსა და ინვესტორებს. შესაბამისად, ყველა მიმდინარე შეთავაზებას ავტომატურად განიხილავენ. როცა ინფორმაცია გაქვს პროექტების შესახებ, ბევრად მარტივია გაიგო, რით შეგიძლია ჩაერთო და დაეხმარო კომპანიებს. ამდენად, დილბუქში წლის განმავლობაში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს მოვუყრით თავს, ინდუსტრიების მიხედვით, რაც ვფიქრობ, პროცესს ძალიან გაგვიმარტივებს.
თქვენი დამოკიდებულება რისკისადმი − რამდენად გეშინიათ მარცხის და როგორ ხვდებით ახალ გამოწვევებს?
მთავარი მამოძრავებელი ჩემთვის ყოველთვის იყო განვითარება. ერთ ადგილზე გაჩერება არ შემიძლია, ვერ ვისვენებ. წლების განმავლობაში დამკვირვებლის, ზოგჯერ მონაწილის თვალით ვუყურებდი იმას, თუ რამდენი შესაძლებლობა შეიძლება შექმნას ქართულმა იდეამ და პროდუქტმა გლობალურ ბაზარზე. ჩვენ ხშირად გვახსენებდნენ ე.წ. "პატარა ქვეყნის ბედს", რომლითაც ხაზს უსვამდნენ "უშანსობას"... დღეს ასე აღარაა − ქართულმა სტარტაპებმა უკვე დასვეს პინები გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემის რუკაზე. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართულმა ბიზნესიდეებმა გლობალური გასაქანი იპოვოს.
მეშინია თუ არა მარცხის? არა. ვფიქრობ, დასაკარგი ქვეყანას არაფერი გვაქვს. ერთ ადგილზე გაჩერებას, მირჩევნია ვცადოთ ერთხელ, არ გამოგვივიდეს, ვცადოთ მეორედ, მესამედ, და როცა მეათედ ვცდით, დარწმუნებული ვარ, გამოგვივა. თუ არ ვცადეთ, ის იქნება მარცხი.
იპოვეთ თუ არა Globalize-ში საკუთარი თავი? რამდენად არის ეს ის სფერო, სადაც მუშაობა და განვითარება გსურთ?
Globalize-ის წინაშე ვგრძნობ დიდ პასუხისმგებლობას, როგორც მისი ფორმირების, ისე განვითარების პროცესებში. კომუნიკაცია, ადამიანებთან ურთიერთობა დისტანციისა და საზღვრების მიუხედავად, ყოველთვის იყო ჩემი საქმიანობის არეალი. Globalize-მა ამ ყველაფერს შესძინა ისიც, რომ მის გარშემო იკრიბება ათასობით საინტერესო გამოცდილების მქონე ადამიანი, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა. მეამაყება, რომ ამდენი წარმატებული ქართველი აღმოვაჩინეთ და ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური უპირატესობა კი ისაა, რომ ნებისმიერი კავშირი, ქვეყნის, საქართველოს განვითარებას ემსახურება, რაც არ გვაძლევს უფლებას, საქმე ბოლომდე არ მივიყვანოთ.