Get All Access for $5/mo

პივოტი! პივოტი ჩქარა! სწორი მიმართულებით ვვითარდებით ტექნოლოგიურად?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ერთი შეხედვით, დღევანდელი კაცობრიობა ტექნოლოგიურად ფრიად განვითარებულია. ადამიანების უმრავლესობას ჯიბეში სმარტფონი უდევს, შინ და გარეთ მუდმივად აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ზოგს სუპერმანქანა ჰყავს, ზოგს − სუპერდამლაგებელი რობოტი.

თუმცა, მეორე მხრივ, გამოჩნდა უცბად კორონა, და ამ რნმ-ის უმცირესმა გორგალმა შინ ჩაგვკეტა და პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვა მთელი კაცობრიობა.

ეს ბადებს ლოგიკურ შეკითხვას − განა სწორი მიმართულებით ვვითარდებით ტექნოლოგიურად?

COVID-19-ის პანდემიამ თვალნათლივ დაგვანახა ჩვენი თანამედროვე ტექნოლოგიის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პანდემიის გამოცხადებიდან მუდმივად გვქონდა უახლესი ინფორმაცია გავრცელების შესახებ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა აქტიურად ცვლიდა ერთმანეთში ახალ აღმოჩენებსა თუ მეთოდებს. მეცნიერები მთელი მსოფლიოს გარშემო აქტიურად მუშაობენ ვაქცინისა და წამლების შექმნაზე. მსოფლიო ერთ მუშტად შეიკრა, ასე თუ ისე.

თუმცა აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სამედიცინო სისტემებიც კი არ იყო მზად ამხელა გამოწვევისთვის. შეიქმნა სასუნთქი აპარატების, პერსონალური დაცვის საშუალებების, ლაზერული თერმომეტრების და სხვა ტექნოლოგიების გლობალური დეფიციტი, რაც კორონავირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

ამერიკაში, და არა მხოლოდ, რეზიდენტებსა და ექიმებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ცელოფნის პარკების ჩაცმა უწევთ.

და ამ დროს მხსნელად მოგვევლინა გლობალური სტარტაპ-ეკოსისტემა. დაიწყო სრული მობილიზაცია COVID- 19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით.

ჰაკათონი ჰაკათონზე ტარდება.

50-100 000 სტარტაპი იღებს თითოში მონაწილეობას.

პივოტი! პივოტი ჩქარა!

და აი, აქ გამოვლინდა ჩვენი სამეცნიერო და ტექნოლოგიური გეზის სისუსტე:

ამ ჰაკათონებსა თუ კონკურსებში უმრავლესობა სტარტაპებისა არის Software-სტარტაპი. Hardware და მით უმეტეს, deep-tech სტარტაპების წილი ძალიან მცირეა. ეს შეიძლება ჩინეთის Hardware-ის წარმოების მთავარ ჰაბად გადაქცევის ბრალიც იყოს. მონოპოლია ცუდია. შესაბამისად, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობას აქვს Hardware-ის წარმოების ძალიან მცირე რესურსი და გამოცდილი კადრების დეფიტიცი. აი, გაიღვიძე ერთ დღეს და მოგინდა სპეციფიკური რადიატორის გაჩარხვა (კაცია და გუნება). შესაძლოა, შენს ქვეყანაში ვერც მანქანა-დანადგარი იშოვო და ვერც ამ საქმეში გამოცდილი ადამიანი. არ არის. მყიდველია ორასი. იყო, უფრო სწორად, მაგრამ ახლა აღარ არის. ბაზარმა დაარეგულირა.

შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს უქრებათ hardware-ში ინოვაციის უნარი (ეს დასკვნა მოგვიანებით დაგჭირდება).

მოდი, ვაღიაროთ − დღეს Software-ში უფრო მაგრები ვართ, ვიდრე Hardware-ში.

კაცობრიობა ისე არ მუშაობს (სამწუხაროდ), როგორც ევოლუცია. ჩვენ, სანამ პრობლემას არ შევეჩეხებით, მანამდე მის გადაჭრაზე არც კი ვფიქრობთ.

მაგალითად, სანამ არ გამოჩნდა კორონა, არავის უფიქრია იმაზე, ოდესმე რაიმე უბედური ვირუსი თუ გამოჩნდა, იქნებ სჯობდეს მომზადებულები დავხვდეთო. ან სანამ არ გამოჩნდება უზარმაზარი ასტეროიდი, რომელიც მალე დაგვეჯახება და კაცობრიობას გადააშენებს, მანამდე არ მოვიფიქრებთ უზარმაზარი ასტეროიდის კოსმოსში აფეთქების ტექნოლოგიას, მიუხედავად იმისა, რომ უეჭველად ვიცით − ეგ დრო ერთხელაც მოვა (თუ არ გჯერათ, იხილეთ მხ. ფილმი "არმაგედონი").

გახსოვთ, Hardware ინოვაციის უნარის გაქრობაზე რომ ვისაუბრეთ? ზუსტად ეს უნარია საჭირო ასტეროიდის კოსმოსში ასაფეთქებელი ტექნოლოგიის შესაქმნელად.

თუ ჩვენ ვწყვეტთ, რომ პრობლემასთან ბრძოლას ვიწყებთ მხოლოდ მაშინ, როცა მას პირდაპირ შევეჩეხებით, ერთხელაც ჩვენ დავმარცხდებით, რადგან ასეთ ბრძოლას სწრაფი ინოვაცია სჭირდება, რისი უნარი და რესურსიც დავკარგეთ.

კი მაგრამ, განა ჩვენ რა ვიცით შემდეგი რა პრობლემა იქნება, როგორ განვჭვრიტოთ? − შეიძლება იკითხოთ.

მე გიპასუხებთ: ყველაფერს ვერ განვჭვრეტთ, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით:

ადამიანი ბიოლოგიური არსებაა, და მინიმუმ კიდევ 200 წელი ასე იქნება (1980-ში ეგონათ ახლა მზის სისტემას გაცდენილები ვიქნებოდით. შესაბამისად, იქნებ კიდევ 1000 წელიც კი).

ბიოლოგიურ არსებას ფიზიკური ტრავმისგან ინსტაგრამი ვერ დაიცავს (უეჭველი დებულება).

ფიზიკური ტრავმის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა შესაძლებელია (მაგ: დაგეცა აგური, გარშემო დაფრინავენ კორონები, ჩავარდი ლავაში, დაგეჯახა სინათლის სიჩქარის 10%-ით მოძრავი მიკრომეტეორიდი, მოხვდი ჩერნობილის შუაგულში და ა.შ.) და შემდეგ შეგვიძლია ამ მიზეზების საწინააღდეგო ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც ჩვენ, ადამიანებს, როგორც ბიოლოგიურ არსებებს, დაგვიცავს.

BTW, Software-ის მნიშვნელობის უგულველყოფა არ დამწამოთ, hard-ში მოვიკოჭლებთ-მეთქი, უბრალოდ ვამბობ.

და თუ AI-ა (მაგრად ჟღერს) ჩვენი შემდეგი ინდუსტრიული რევოლუცია, დაე იყოს ასე. მაგრამ მანამდე ვიყოთ დაცულები, რატომაც არა.

მოკლედ, კორონა მალე გადაივლის, მაგაზე არ იდარდოთ.

ამასაც მოვერიეთ. მაგარი სტარტაპია მაინც ეს კაცობრიობა, ყოველ ჯერზე ახერხებს solution-ის მოფიქრებას და მიდის წინ.

სიცოცხლეც მაგარი სტარტაპია − 4 მილიარდი წელია არსებობს და ისევ მუდმივ ინოვაციაშია.

საკუთარ პირველ სტატიას ჩემსავე ცნობილი გამონათქვამით დავასრულებ (რომელიც ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, და შემდეგ პაოლო კოელიოსავით აფრიალებენ სოც-ქსელებში): "რატომღაც, ადამიანს სხვისი უფრო სჯერა, ვიდრე საკუთარი თავის".

ვამეხ ხერხეულიძე

"Elven Technologies"-ის დამფუძნებელი