20 წელი IT-ში - "ლაბ ტექნოლოჯის" წარმატების ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. "ლაბ ტექნოლოჯი" ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც 2005 წელს საქართველოში თანამედროვე IT გადაწყვეტილებების დანერგვა დაიწყო. ამ 20 წლის განმავლობაში ლაბი ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან IT ინტეგრატორ კომპანიად, რომელიც ქართულ ბიზნესებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდების გადაწყვეტილებებს სთავაზობს. დღეს კომპანია აერთიანებს მაღალკვალიფიციურ IT პროფესიონალებს, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებს თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნაში ეხმარებიან.
კომპანიის 20-წლიანი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო ვრცლად "ლაბ ტექნოლოჯის" აღმასრულებელი დირექტორი, ანნა კაჭიური გვესაუბრა.
აღწერეთ თქვენი კომპანია 3 სიტყვით.
სტაბილურობა, პროფესიონალიზმი და განვითარება – "ლაბ ტექნოლოჯის" მთავარი პრინციპებია
სტაბილურობა – 20 წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ უამრავმა ახალმა გამოწვევამ შეგიშალოს ხელი. "ლაბ ტექნოლოჯიმ" კი ამ დროის განმავლობაში მოახერხა ბაზარზე თავის დამკვიდრება და კლიენტების ნდობის შენარჩუნება. ჩვენი სერვისები ბიზნესისთვის ნიშნავს შეუფერხებელ, დაცულ და გამართულ IT ინფრასტრუქტურას. გლობალურ ბრენდებთან თანამშრომლობა და წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტი კი ჩვენი სანდოობისა და სტაბილურობის საუკეთესო დასტურია.
პროფესიონალიზმი – IT სფეროში წარმატება დამოკიდებულია დეტალებზე, სიზუსტესა და კომპეტენციაზე. ჩვენი გუნდი კი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება რთული IT ინფრასტრუქტურის შექმნასა და მართვაში. ისინი მუდმივად ავითარებენ თავიანთ კომპეტენციას, ეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს და სთავაზობენ ჩვენს კლიენტებს ინოვაციურ გადაწყვეტილებებს და პროფესიონალურ კონსულტაციას.
განვითარება – "ლაბ ტექნოლოჯისთვის" ტექნოლოგიური პროგრესი და უწყვეტი განვითარება მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ სერვისებს და
ვნერგავთ მოწინავე IT გადაწყვეტილებებს, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის ზრდასა და განვითარებას საქართველოში. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდა IT სპეციალისტების მომზადებაზე, რაც ინდუსტრიის გაძლიერებასა და ციფრული ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.
როგორ შეაფასებდით დღეს "ლაბ ტექნოლოჯის" პოზიციას ქართულ IT ბაზარზე?
"ლაბ ტექნოლოჯი" უკვე 20 წელია, რაც ოპერირებს ქართულ IT ბაზარზე და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ინტეგრატორი კომპანია ვართ. ამ პერიოდში ჩვენ შევძელით სერვისების განვითარება და დღეს უკვე სრულყოფილ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ვუწევთ სხვადასხვა ზომისა და ინდუსტრიის ორგანიზაციებს.
დღეს ჩვენი კომპანია 30-მდე თანამშრომლისგან შედგება. ჩვენს გუნდი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ ინჟინრებსა და IT სპეციალისტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ საერთაშორისო ტრენინგები და ფლობენ წამყვანი ტექნოლოგიური ბრენდების, როგორიცაა HPE, Lenovo, Fortinet, Cisco და ა.შ. სერტიფიკატებს. ეს კვალიფიკაცია საშუალებას გვაძლევს, ქართულ ბიზნესებს მივაწოდოთ საერთაშორისო დონის პროფესიონალური მომსახურება და ეფექტურად გადავჭრათ მათ წინაშე არსებული ტექნოლოგიური გამოწვევები.
დღეს ჩვენ ქართულ ბაზარზე უკვე ვაძლევთ კომპანიებს წვდომას ისეთი გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების მოწინავე გადაწყვეტილებებზე, როგორიცაა HPE, Nakivo, Cisco, Fortinet, Lenovo, Dell Technologies და სხვა. ჯამში, "ლაბ ტექნოლოჯი" 20-ზე მეტი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია ბაზარზე.
ამ ყველაფრის შედეგად, დღეს ჩვენ ნდობას გვიცხადებს არაერთი მსხვილი ორგანიზაცია, რომელთა შორისაა, სპარი, გორგია, პეპსიკო, აგროჰაბი, თეგეტა მოტორსი და სხვა. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შეთავაზება და ფეხი ავუწყოთ ბაზრის გაზრდილ მოთხოვნებს.
როგორ უწყობს ხელს "ლაბ ტექნოლოჯი" სფეროს განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და რა კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობს კომპანია სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს?
"ლაბ ტექნოლოჯი" აქტიურად უწყობს ხელს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორებიცაა მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თავისუფალი უნივერსიტეტი. ჩვენი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შედეგად, ახალგაზრდებს ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და გლობალურ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობა, რაც ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე. "ლაბ ტექნოლოჯიში" კარიერული გზა ყოველთვის ღიაა მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის.
ჩვენთვის ცნობილია რომ კომპანიას აქვს საკმაოდ ძლიერი შიდა კულტურა. რა პრინციპებს ეყრდნობით მსგავსი გარემოს ჩამოსაყალიბებლად?
ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატება იწყება ძლიერი გუნდით. სწორედ ამიტომ, "ლაბ ტექნოლოჯი" მუდმივად ცდილობს შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თითოეული ადამიანის იდეები და ძალისხმევა ფასდება.
გუნდურობა, უწყვეტი განვითარება და ინოვაცია ჩვენი კორპორატიული კულტურის საფუძველია. ამიტომ ჩვენს თანამშრომლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტრენინგებში, გაეცნონ წამყვან ტექნოლოგიებს და განავითარონ თავიანთი უნარები.
გენდერული თანასწორობა ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ამჟამად ჩვენი გუნდის უმეტესობა სწორედ ქალები არიან. ისინი წამყვან პოზიციებს იკავებენ კომპანიაში, მუდმივად ვითარდებიან და თავადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ქალების კარიერულ განვითარებას IT სფეროში და აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია უფრო ინკლუზიური გახდეს.
როგორია "ლაბ ტექნოლოჯის" სამომავლო ხედვა? რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას უახლოეს წლებში?
ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მუდმივი განვითარება და ბაზრის მოთხოვნებზე მორგება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, "ლაბ ტექნოლოჯი" აქტიურად აფართოებს IT სერვისების სპექტრს და მომხმარებლებს სთავაზობს ახალ მომსახურებას – IT აუთსორსინგს. ეს მომსახურება განსაკუთრებით საინტერესოა მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი IT განყოფილება, თუმცა ესაჭიროებათ პროფესიონალური და უწყვეტი ტექნოლოგიური მხარდაჭერა. IT აუთსორსინგი საშუალებას აძლევს ბიზნესს, დაზოგოს რესურსები, უფრო მოქნილად მართოს პროცესები და მიიღოს პროფესიონალური დახმარება ნებისმიერი ტექნოლოგიური გამოწვევისას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ რიგების მართვის სისტემის დანერგვაზე სხვადასხვა ორგანიზაციებში. ეს სერვისი ისეთი კომპანიებისთვისაა ოპტიმალური, რომლებსაც მომხმარებელთა დიდი ნაკადის მიღება და გადამისამართება უწევთ, შესაბამისად სწორად დაგეგმილი და გამართული რიგების სისტემა მკვეთრად აუმჯობესებს მომსახურების სიჩქარეს და ორგანიზებულობის ხარისხს.
ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ახალი სერვისებისა და მსოფლიო ბრენდების გადაწყვეტილებების დანერგვას ქართულ ბაზარზე, რაც დაეხმარება ჩვენს კლიენტებს ტექნოლოგიების დახმარებით ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებაში.