Muzze - ბოთლში ჩასახლებული მზის მოგონება გასულ, პანდემიურ წელს დაარსებული ღვინის კომპანია, რომელიც თაობიდან თაობაზე გადაცემულ ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველო უკვე 8000 წელზე მეტია, რაც კულტურული მევენახეობისა და ღვინის დაწურვა-დავარგება-მირთმევის ტრადიციების სადარაჯოზე დგას. ამის შესახებ ჩვენც და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს კარგად მოეხსენება. და თუკი ღვინოსა და ვაზზე დაიწყება საუბარი, შეუძლებელია კახეთი არ ვახსენოთ, სადაც საუკუნეების განმავლობაში ვაზ-ყურძნის კულტურა უმაღლეს ხარისხშია აყვანილი. სწორედ აქ, კახეთში, კერძოდ კი, საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში დაარსდა ღვინის ახალი ბრენდი "მუზე", რომელზეც ვრცლად ამ სტატიაში გიამბობთ.
იტყვიან, "ღვინო არის მზის მოგონება, რომელიც ბოთლში ჩასახლდაო", და "მუზეს" შთაგონების წყაროდაც სწორედ მზე იქცა. პანდემიურ 2020 წელს ბიზნესის დაწყება დიდ გამბედაობას უკავშირდება, თუმცა ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, კომპანია არ შეუშინდა გამოწვევებს და უკვე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია. "მუზეს" დამფუძნებელი იოსებ ჯიმშელაძეა. იგი ბავშვობიდან ეზიარა ღვინის დაყენების ოჯახურ ტრადიციას და ბრენდის შექმნის იდეით შეპყრობილმა, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დამოუკიდებელ ბიზნესსაქმიანობას მიჰყო ხელი.
რა არის ბრენდის მთავარი პრიორიტეტი? − ხარისხი, ხოლო ამ ხარისხის გასაუმჯობესებლად იოსები ყველა შესაძლო თანამედროვე და ტრადიციულ საშუალებას იყენებს. "მუზეს" მარანში ღვინო მუდმივი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა.
ცხადია, ხარისხი მნიშვნელოვანი და საბაზისო კომპონენტია, თუმცა დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე, სადაც მომხმარებელს მაღაზიების თაროებზე ჩამწკრივებულ, უამრავი დასახელების ღვინოს შორის არჩევანი უწევს, ვიზუალურ მხარესაც არანაკლები მნიშვნელობა აქვს. "მუზეს" თითოეული ბოთლი ხელით მზადდება. გასული წლის მოსავლის ღვინო გერმანულ ბოთლებშია ჩამოსხმული. მათ ეტიკეტს ყველასგან გამოარჩევთ განსაკუთრებული დიზაინით, ლოგოთი და ღვინის ფერისა თუ გემოვნური მახასიათებლების მიხედვით შერჩეულ ფერთა გამით.
"მუზეს" ღვინის თითოეული ბოთლი, ხელით, კომპანიის დამფუძნებელ იოსების მიერაა ჩამოსხმული. ეს მას განსაკუთრებულობას სძენს, ვინაიდან ღვინის გემო და თაიგული მის წარმოშობასთან და იმ ადამიანთან ხდება დაკავშირებული, ვინც მისთვის სითბო, სიყვარული და ცოდნა გაიღო. ღვინოსთან ერთად, ეცნობი ისტორიას, კულტურას, ვენახებს, მარანსა და ადამიანს, რომელმაც ეს ღვინო დაწურა", − აღნიშნავს "მუზეს" PR-ი და მარკეტინგის მენეჯერი ანა კვარაცხელია.
"მუზე" ამ ეტაპზე 4 სახეობის ღვინითაა წარმოდგენილი. ესენია: "მუზეს" საფერავი − წითელი ნახევრად ტკბილი; "მუზეს" საფერავი მუხა − წითელი მშრალი; "მუზეს" რქაწითელი − თეთრი მშრალი, და "მუზეს" მწვანე − ნახევრად მშრალი.
"ჩვენი ღვინო ლიმიტირებული რაოდენობით იწარმოება. 2020 წლის მოსავალი 5000 ბოთლს შეადგენს. შესაბამისად, "მუზე" ექსკლუზიური პროდუქტია და არ არის გათვლილი მასობრივ მოხმარებაზე. ამ ეტაპზე, "მუზეს" ღვინის სახეობების დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელია როგორც ჩვენს მარანში, ასევე შერჩევით ლოკაციებზე თბილისსა და ბათუმში. ზუსტ ადგილმდებარეობას მომხმარებელი ჩვენს სოციალური მედიის ვებგვერდზე შეიტყობს", − აცხადებს ანა კვარაცხელია.
მიუხედავად იმისა, რომ "მუზე" ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს და ღვინის ჩამოსხმა სულ რაღაც სამი თვის წინ დაიწყო, კომპანია საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბრენდის ღვინის ექსპორტზე ევროპის, უკრაინისა და აშშ-ის ბაზრებზე. ასევე, დიდი ინტერესია "მუზეს" მიმართ არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდანაც.
"მცირე კომპანიისთვის, ბაზარზე არსებულ "გიგანტებთან" ბრძოლა ძალიან რთულია. ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე კომპანია აღმოჩნდა, იყო კონკურენცია და ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, ხოლო შემდგომ, ამ ადგილის შენარჩუნება. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დიდი გამოწვევები, არანაკლებ დიდი სტიმულისა და მოტივაციის წყაროცაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სირთულე, რომელსაც წავაწყდით, საქმიანობის დასაწყებად საჭირო ფინანსების მოძიება იყო. "ბიზნესის ადმინისტრირების" ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, მომინდა საკუთარი ბიზნესის წარმოება. ბრენდის შექმნის იდეა არ იყო მოულოდნელი. ეს გახლდათ აბსოლუტურად შეგნებული გადაწყვეტილება და მეტიც − ჩემი დიდი ოცნება, შემექმნა რაიმე, საქმის ცოდნისა და ამ საქმისადმი სიყვარულის საფუძველზე. სამწუხაროდ, პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია ღვინის ფესტივალები სხვადასხვა ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება კომპანიაზე. მსგავსი ღონისძიებები, უპირველეს ყოვლისა, კომპანიის ცნობადობას ზრდის და გარდა ამისა, გვაძლევს შესაძლებლობას, დავამყაროთ საერთაშორისო დონის საქმიანი ურთიერთობები, რაც კომპანიის განვითარებისათვის აუცილებელია", − გვიამბობს იოსებ ჯიმშელაძე, კომპანია "მუზეს" დამფუძნებელი.
რაც შეეხება "მუზეს" სამომავლო გეგმებს, კომპანია მასშტაბების ზრდას ისახავს მიზნად. ტერიტორიაზე, სადაც ვენახები და მარანია განლაგებული, შატოს აშენება იგეგმება, სადაც "მუზეს" ვიზიტორები ყურძნის დაბადების ადგილსა და ადგილობრივ ტრადიციას უკეთ გაიცნობენ. როგორც ანა კვარაცხელია ამბობს: "ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მიზანია, მომხმარებელი გვიცნობდეს, ვუყვარდეთ და გვენდობოდეს".
კომპანიის დამფუძნებელ იოსებ ჯიმშელაძეს ვკითხეთ, თუ რას ურჩევდა დამწყებ ქართველ ანტრეპრენერებს, რაზეც მან გვიპასუხა: "უპირველეს ყოვლისა, მყარად შეუდგნენ თავიანთი მიზნებისა და ოცნებების გზას, არ დათმონ და არ გადადგან ნაბიჯები უკან, როდესაც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდებიან. ბიზნესი გაუთვალისწინებელი პრობლემებითაა აღსავსე, მაგრამ გზა წარმატებისკენ სწორედ ბევრ წარუმატებელ ნაბიჯზე გადის. შეცდომებთან ერთად, სწავლობ საქმეს და გიყალიბდება "იმუნიტეტი", რომ არასოდეს გაჩერდე შუა გზაზე და საქმე ყოველთვის ბოლომდე მიიყვანო".