Preshfood - გადაარჩინეთ უგემრიელესი საკვები თქვენთვის საყვარელი ლოკაციებიდან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, სადაც გარემოზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ერთ-ერთ მთავარ იდეაფიქსად იქცა, მდგრადობისკენ მიმავალ გზაზე კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევებსა და სიახლეებს. ამ მიზეზით, მდგრადობისა და ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვით მსოფლიო მასშტაბით არაერთი სტარტაპი იქმნება. სწორედ ერთ-ერთ ასეთ მაგალითს 2022 წელს დაარსებული ქართული სტარტაპი − Preshfood წარმოადგენს. საკვებ ობიექტებთან, საკონდიტრო მაღაზიებთან და კაფეებთან პარტნიორობით, Preshfood-ის მიზანია ვარგისიანი საკვების შეღავათიან ფასში რეალიზაცია განახორციელოს, რომელიც საზოგადოების ფართო მასებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Preshfood-ის ძირითადი ხედვა მარტივია: ზრუნვა გარემოსა და მომხმარებლებზე, რომლებსაც ჯანსაღი საკვების მიღება და ე.წ. Foodwaste-თან ბრძოლა სურთ. არავისთვისაა გასაკვირი, რომ ხშირად სხვადასხვა ობიექტში საკვების რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ ხდება სრული რეალიზაცია, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს დიდი ოდენობით წარმოება, ან უბრალოდ მათი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის მოახლოება. ეს უკანასკნელი კი არა მხოლოდ ხელს უწყობს გარემოს დეგრადაციას, არამედ ამძაფრებს სასურსათო დაუცველობის გლობალურ კრიზისს.
კვების ადგილობრივ ობიექტებთან პარტნიორობით Preshfood უზრუნველყოფს ამ პროდუქციის რეალიზაციას, თანაც მნიშვნელოვნად შემცირებული ფასებით − ხშირად მათი თავდაპირველი ღირებულების ერთ მესამედ ან თუნდაც მეოთხედ ფასადაც. აღნიშნულ პროდუქტებს განეკუთვნება როგორც ახლად გამომცხვარი ნამცხვარი, ისე ხილი და ბოსტნეული. ამ მიდგომას კი სარგებელი მოაქვს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საკვები ობიექტებისთვისა და გარემოსთვის.
სტარტაპის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად Entrepreneur Preshfood-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, რატი დანელიას ესაუბრა.
მოგვიყევით, რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება, შეგექმნათ Preshfood?
დაახლოებით 2 წლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი საკვები რჩება რეალიზაციის გარეშე. საუბარი იყო არა იმ საკვებზე, რომელსაც ვყიდულობთ და შემდეგ არ მოვიხმართ, არამედ საკვებზე, რომელიც ჩვენთვის საყვარელ კაფეებში, საცხობებსა თუ მაღაზიებში დილით მზადდება, თუმცა დღის ბოლომდე ვერ ხდება მათი რეალიზაცია, რაც ავტომატურად პროდუქციის ჩამოწერასა და განადგურებას ნიშნავს.
აღნიშნულმა ფაქტმა ძალიან გაგვანაწყენა. საკვების გადაყრა მორალურად და კომერციულად რომ ცუდია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა არის კიდევ ერთი პრობლემა − გადაყრილი საკვები დეკომპოზიციის დროს გამოყოფს მეთანს, რაც ნახშირორჟანგზე 25-ჯერ უფრო საზიანოა ჩვენი პლანეტისთვის და საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებზე. ამავდროულად, იფიქრეთ, რამდენი ენერგია, წყალი და მუშაობა სჭირდება თითო კერძის დამზადებას და მარტო იმიტომ, რომ ამ ძვირფასმა პროდუქციამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, მას უბრალოდ ვყრით.
Preshfood-ში ვოცნებობთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, სადაც უგემრიელეს და ძვირფას საკვებს, იქნება ეს პურ-ფუნთუშეული, ბოსტნეული თუ ტკბილეულობა, არ გადავყრით და შესაბამისად, სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ აპლიკაციაზე მუშაობა, რომლის მეშვეობითაც საკვებ ობიექტებზე ჭარბად აღმოჩენილი პროდუქცია მომხმარებლისთვის ნახევარ ან მესამედ ფასად გახდება ხელმისაწვდომი.
რამდენად რთულია პრობლემა, რომლის გადაჭრას თქვენი სტარტაპი ემსახურება?
მთავარი პრობლემა მოთხოვნის ცვალებადობაა. პროექტირება იმისა. თუ ზუსტად რა რაოდენობის მზა პროდუქცია გაიყიდება კონკრეტული საკვები ობიექტიდან, შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ვხედავთ, რომ დღის ბოლოს ჭარბად აღმოჩენილი ფასდაკლებები მსგავს პროდუქციაზე ისედაც კეთდება და მოთხოვნა ფასდაკლებულ საკვებზე, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა რაოდენობრივად საკმარის მომხმარებლამდე არ მიდის ხმა და, შესაბამისად, დარჩენილი საკვები, რომელიც საღამოს სრულიად ჯანსაღი და ვარგისიანია, ნაგავსაყრელზე ხვდება.
რაც მეტ კვების ობიექტს გავესაუბრეთ, მით უფრო მივხვდით პრობლემის სირთულეს და მასშტაბს − სწორედ ამან მოგვცა ბიძგი შეგვემუშავებინა კონცეპტი, რომლის მეშვეობით ძალიან მარტივად, ძვირფასი ჩანთების მეშვეობით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ იქონიონ წვდომა მომხმარებლებთან და განათავსონ თავიანთი ჭარბად აღმოჩენილი პროდუქცია ჩვენს მობილურ აპლიკაციაზე, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ დაჯავშნონ, მითითებულ დროს ეწვიონ და აღმოაჩინონ, თუ რა სახის პროდუქციას გადაარჩენენ მათთვის საყვარელი საკვები ობიექტებიდან.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
რაც უნდა გასაოცრად ჟღერდეს, ჩვენი საბოლოო მიზანია მივაღწიოთ ისეთ მდგომარეობას, როდესაც ჩვენნაირი სერვისის საჭიროება აღარ იქნება, ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ე.წ. "ფუდ-ვეისტს" (Food waste) დავამარცხებთ. წინ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, ვინაიდან საკვები ობიექტების უმეტესობა, რომელიც კი მზა პროდუქციას აწარმოებს, აწყდება ამ პრობლემას. ჩვენი მოტივაცია კი რასაკვირველია, მათთან თანამშრომლობაა.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელად გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით მასთან გამკლავება?
კონკრეტულად ერთი საკითხის ამორჩევა ძალიან რთულია, ვინაიდან მსგავსი წინააღმდეგობები ყოველდღიურიც კი შეიძლება გახდეს − ნებისმიერი სტარტაპი, რომელიც ინოვაციურ, ახალ მეთოდს, მიდგომას თუ ტექნოლოგიას ამჟამინდელ ბაზარზე არსებულ პრობლემებს უთავსებს, სირთულეებს აწყდება ყველა მიმართულებით და შესაბამისად, მზადყოფნა ამისთვის და აღქმა იმისა, რომ გადაუჭრელი წინააღმდეგობა არ არსებობს, ერთადერთი გზაა იდეის სრულყოფისათვის.
რა სამომავლო გეგმები აქვს სტარტაპს?
ჩვენი მიზანია თბილისში არსებული მზა კვების ობიექტებთან თანამშრომლობა, რის შემდეგაც სხვა ქალაქებს მივაწვდენთ ხმას. საქართველოში დაფუძნებისთანავე, რეგიონში გასვლასაც განვიხილავთ.
რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?
გამოცდილი "ანტრეპრენერის" ამპლუაში ჩემი თავის წარმოსადგენად ვფიქრობ ძალიან დიდი გზა მაქვს გასავლელი, თუმცა იმ მცირეოდენი გამოცდილებით, რომელიც ამ უნიკალურმა თავგადასავალმა შემიქმნა, ვიტყოდი შემდეგს − ენდეთ და ისიამოვნეთ პროცესით, საქმე ძალიან ბევრი გექნებათ, რთული დღეებიც მათ შორის, სარისკო გადაწყვეტილებებსაც ძალიან ბევრს მიიღებთ და ცადეთ − ცდით შეიძლება გამოვიდეს, არცდით აუცილებლად არ გამოვა, პროცესში კი ძალიან ბევრს ისწავლით.