"სოლუშენერი" ბიზნესებს გაყიდვებისა და კომუნიკაციების მიმართულებით ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში ეხმარება
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერი" ქართულ ბიზნესებს ხელს უწყობს მოიპოვონ ხელშესახები კომერციული უპირატესობა კონკურენტებზე და სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებით გაზარდონ გაყიდვები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
"სოლუშენერის" სერვისები მოიცავს ბიზნესპროცესებისა და პროდუქტების ანალიზსა და განახლებას, გაყიდვებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიების შექმნა-დანერგვას. სერვისებს შორის შევხვდებით საჭირო ადამიანური რესურსების მოძიებასა და გადამზადებას.
ამჟამად კომპანიის გუნდი სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალებს აერთიანებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა გაყიდვები, მარკეტინგი, ფინანსები, მედია, სოციოლოგია, რეკლამა, საერთაშორისო პროექტები, ექსპორტი-იმპორტი და მომსახურების სფერო. სწორედ გუნდის მრავალფეროვანი გამოცდილება აძლევს "სოლუშენერს" საშუალებას, დაინტერესებულ პირებს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ერთ სივრცეში სხვადასხვა მიმართულების სერვისი შესთავაზოს.
"წარსულში გაყიდვების, მარკეტინგისა და სარეკლამო სფეროში წარმატებული კომპანიის ფლობამ თუ მართვამ, ასევე ჩვენს გუნდში აკუმულირებულმა სოლიდური პროექტების წარმატებით ხელმძღვანელობის 20-წლიანმა გამოცდილებამ, გვიბიძგა ახალი ნაბიჯისკენ, ამჯერად ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში. აღმოჩნდა, რომ ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა კონკრეტულად გაყიდვების მიმართულებით კონსალტინგზე − ყველა ტიპის, ზომის თუ ინდუსტრიის კომპანიას აინტერესებს გაყიდვების გაზრდა და ამ მხრივ შექმნილი გამოწვევების დაძლევა", − აღნიშნავს ნანა აბურჯანიძე, "სოლუშენერის" დამფუძნებელი.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, "სოლუშენერის" 8-თვიანმა წარმატებულმა საქმიანობამ და საკონსულტაციო მიმართულებით სწორმა პოზიციონირებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა ბიზნესის თავდაპირველი ხედვა, რომ დღეს საქართველოში ბევრ ბიზნესს სჭირდება მხარდაჭერა გაყიდვების ზრდასა და მომხმარებელთან სწორ კომუნიკაციაში.
ნანა აბურჯანიძის თქმით, მისთვის მსხვილი კორპორაციის მართვიდან სტარტაპზე გადასვლა რადიკალური ცვლილება იყო და არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია. თუმცა იდეის ღრმა რწმენითა და ამ იდეის გარშემო სწორი ადამიანების გაერთიანებით არაერთი დაბრკოლების წარმატებით გადალახვა შეძლო და დღეს კომპანია, დიდი გეგმებითა თუ პროექტებით მიიწევს წინ.
"სწორედ მუდმივი სიახლე და განვითარების შესაძლებლობა არის ინსპირაციის წყარო. ჩვენი საქმიანობა იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად ბევრი მიმართულების კომპანია მოიცვა, რომ ყოველდღიურად გვიწევს ახალი რაღაცების შესწავლა და მოკლე ვადებში ამა თუ იმ სფეროებში ჩაღრმავება. ეს ყველაფერი კი მნიშვნელოვნად ავითარებს ჩვენს შესაძლებლობებს, შთაგონებას, პიროვნულ თვისებებს და პროექტების კრეატიულად განხორციელების უნარებს", − აღნიშნავს ნანა აბურჯანიძე.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო ხედვებს, "სოლუშენერი" ინტენსიურად განაგრძობს ქართული კომპანიების კომერციული წინსვლის ხელშეწყობას გაყიდვებისა და კომუნიკაციის მიმართულებით. ამავდროულად, კომპანიაში უამრავი საერთაშორისო პროექტის იდეაა, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან ქართველი ანტრეპრენერები და მაღალი რგოლის მენეჯერები, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.