Get All Access for $5/mo

თოდუას სამედიცინო ცენტრი - დასავლური სტანდარტი ქართულ მედიცინაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი უკვე 30 წელია, რეგიონის მასშტაბით სამედიცინო მოვლენების ეპიცენტრშია. ცენტრი, რომელსაც დაარსებისა და განვითარების გამორჩეული ისტორია აქვს, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხოელი პაციენტების ჯანმრთელობაზეც ზრუნავს და მათი დიდი ნდობით სარგებლობს.

26 მაისი საქართველოსთვის, და ამავე დროს, ცენტრის ყველა თანამშრომლისთვის მნიშვნელოვანი და სიმბოლური თარიღია. მაშინ, როდესაც ქვეყანა დიდი ძალისხმევით მოპოვებულ დამოუკიდებლობას აღნიშნავს, ცენტრის პერსონალი და მესვეურები ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, საკუთარ დაბადების დღესაც ზეიმობენ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა მოსკოვიდან საქართველოში ბრუნდება, რუსეთში საკმაოდ წარმატებულ კარიერას ტოვებს და სამოქალაქო ომის პირობებში მყოფ სამშობლოში ახალი, იმ დროისათვის ინოვაციური სამედიცინო ცენტრის შექმნას ისახავს მიზნად. გარშემო პირველ 15-კაციან გუნდს იკრებს და საქმის დაწყებისადმი დიდი ენთუზიაზმით სავსე მიდგომა აქვს.

მაშინ, როდესაც გარეთ ომი და ნგრევაა, ფრიდონ თოდუას ხუთოთახიან სამედიცინო ცენტრში, საქართველოში Siemens-ის პირველი კომპიუტერული ტომოგრაფი იდებს ბინას. გერმანელებს შენობაში აპარატურის შეტანა ეზოში საბურავებით გაჩაღებული კოცონის ფონზე მოუწიათ, რომლის ირგვლივ ხალხი თბებოდა. ცენტრის არქივში ამ სცენისა და გაოცებული გერმანელების ამსახველი ვიდეოკადრები დღესაცაა შემონახული.

ძვირად ღირებული აპარატურა ნახევრად ამორტიზებულ შენობაში დამონტაჟდა. მალე პირველმა წინააღმდეგობამაც არ დააყოვნა − სართულებს შორის მილებიდან წყალმა გაჟონა. ტომოგრაფი დაზიანდა. თოდუას კლინიკაში დღემდე იხსენებენ სცენას, როდესაც თანამშრომლები აპარატურას საკუთარი სამოსით ამშრალებდნენ და გაფუჭებისგან მის გადარჩენას ცდილობდნენ.

თანამშრომლებისთვის ეს სივრცე კედლებს მიღმა არსებული სამყაროსგან რადიკალურად განსხვავებულ ადგილს წარმოადგენდა, სადაც არა მხოლოდ სითბო და შუქი, არამედ ახალი იმედიც იბადებოდა.

ასე შეიქმნა ქვეყანაში დიაგნოსტიკის ახალი სტანდარტი და კულტურა, რომელიც ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას აპარატული გამოკვლევის საფუძველზე ადგენდა, ნაცვლად ხელით გასინჯვისა, როგორც იქამდე იყო მიღებული.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის პირველი თანამშრომლები მუშაობას აქ დღემდე აგრძელებენ. ისინი ფრიდონ თოდუას განსაკუთრებულად დისციპლინირებულ ადამიანად იხსენებენ, რომელსაც ცენტრის წარმატებას პირდაპირ უკავშირებენ.

დღეს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი აკადემიკოსის შვილიშვილი − გიორგი დიასამიძეა, რომელიც კლინიკას იმ ღირებულებებით უძღვება, რომელსაც ბაბუამ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში აზიარა.

"ჩვენი ისტორიის მატარებელ ორგანიზაციას გამორჩეული ფასეულობები და პრინციპები აქვს. მან 30 წლის განმავლობაში, ქვეყნის დამოუკიდებლობასთან ერთად, ყველა სირთულე იგივე სიმძაფრით გამოიარა: სამოქალაქო ომი, არაერთი ბრძოლა, რევოლუციები და ცვლილებები, საბრძოლო ვითარების დროს დაჭრილების მისაღებად მზადყოფნა და სხვა. შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი საქართველო და ჩვენ, ერთად გავიზარდეთ. განვითარებასთან ერთად, ჩვენც საინტერესო პროცესი გავიარეთ. ამ დროის განმავლობაში, სრულიად განსხვავებულ ისტორიასა და გამოცდილებაზე დაშენებული ცენტრი, ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამედიცინო სფეროში ამინდს ქმნის. ჩვენს სფეროში გაჩენილ ნებისმიერ ახალ ორგანიზაციას კი მხოლოდ ვგულშემატკივრობთ და კიდევ უფრო მეტ მოტივაციას ვგრძნობთ, რომ სამედიცინო სფერო განვავითაროთ. მართალია ცენტრი 30 წლისაა, თუმცა საკმაოდ მრავლისმომცველი ისტორია აქვს, ვიდრე ეს შეიძლება რომელიღაც განვითარებული ქვეყნის უფრო მეტი ხნის კომპანიას ჰქონდეს. ყველაზე ძვირფასი კი პაციენტების მიერ გამოხატული ნდობით სავსე დამოკიდებულებაა, რაც ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევს. რაც შეეხება თანამშრომლებს, აქ ან მოდიხარ და წარმატებით ართმევ თავს საქმეს, ან მიდიხარ. თუ რჩები, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან გამოცდა ჩააბარე და წინ, განვითარების გზაზე განაგრძობ სვლას. წარმოუდგენელია, აქ დარჩე და შესაბამისი მოწოდების სიმაღლეზე არ იყო. ვინც აქ რჩება, ისინი გამარჯვებული ადამიანები არიან, რომლებიც პაციენტებზე თავდადებით ზრუნვის იდეის გარშემო ერთიანდებიან", − გვიყვება გიორგი, რომელიც თოდუას ცენტრის პირველ 10 წელს ვნებათაღელვის, მომდევნო ათს − საინტერესო გამოწვრთნისა და ჩამოყალიბების, ბოლო ათს კი განვითარებისკენ გადადგმულ ყველაზე დიდ ნაბიჯს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ბოლო ათწლეულს დაემთხვა ფრიდონ თოდუას მოულოდნელი გარდაცვალება.

თუმცა, ხშირად ტრაგიკული მოვლენები ახალი ეტაპის ათვლის წერტილად იქცევა ხოლმე. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. 2017 წლის ოქტომბერში ხელმძღვანელის დაკარგვის შემდეგ, სამასმა თანამშრომელმა ცენტრს ერთგულება გამოუცხადა და ორგანიზაციად ხელმეორედ დაიბადა. სამედიცინო მიმართულებები დაიმატა და განახლებულ, მულტიპროფილურ ინოვაციურ სამედიცინო ცენტრად იქცა.

ცენტრის ახალგაზრდა გენერალური მენეჯერი მულტიპროფილურობის მნიშვნელობას ასე ხსნის: "არსებობს მიზეზი, თუ რატომ ვართ მრავალპროფილური: წარმოუდგენელია პაციენტს შესთავაზო მაღალი ხარისხის სერვისი და სწორად წარმართო მისი ჯანმრთელობა, თუ არ ხარ მულტიპროფილური. სხვაგვარად, პაციენტის მენეჯმენტი ძალიან რთულდება. კვლევები ცხადყოფს, რომ ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო სერვისის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებს, ზოგავს დროს და ზრდის გამოჯანმრთელების ალბათობას.ერთ ჭერქვეშ გადაწყვეტილებებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიიღება".

კლინიკის ძირითადი მიმართულება რადიოლოგიურ და ლაბორატორიულ გამოკვლევებს გულისხმობდა. დროთა განმავლობაში აუცილებელი გახდა ქირურგიული მიმართულების დამატება. შემდეგ კიდევ ამბულატორიული და სხვა.

"ვინაიდან ხშირად ჩვენს პაციენტებს ონკოლოგიური დიაგნოზი ესმებათ, 2013 წლიდან დავამატეთ და დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულების განვითარებაზეც. დღეს რეგიონში ამ კუთხით ჩვენი კლინიკა ლიდერად მიიჩნევა. ამას ცხადყოფს პაციენტების ნაკადი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან მოგვმართავს, მაშინ, როდესაც ამისათვის ჩვენ ცალკე მარკეტინგული სტრატეგია და აქტივობები არ გაგვიხორციელებია. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებამ ეს თავისთავად გააკეთა", − გვიყვება გიორგი დიასამიძე.

ცოტა ხნის წინ, ცენტრში სამედიცინო ტურიზმის განყოფილება ამუშავდა, რომელიც კოორდინაციას იმ პროცესებს უწევს, რომელსაც უცხოელი პაციენტის ჩამოსვლა და ადგილზე მისი მენეჯმენტი ჰქვია, განსაკუთრებით − ონკოლოგიური მიმართულებით. კლინიკას ბოლო 3 უცხოელი პაციენტი სწორედ სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ ეწვია.

თოდუას ცენტრის კიდევ ერთ საკმაოდ მიმზიდველ და მოქნილ სერვისს ე.წ. CheckUp-ი, ანუ პრევენციული ხასიათის კომპლექსური დიაგნოსტიკის პაკეტი წარმოადგენს, რომელიც სრულფასოვან გამოკვლევებს ერთ დღეში ხდის შესაძლებელს. რეალურად, CheckUp მთელ მსოფლიოში უკვე კარგად აპრობირებულ პრაქტიკას წარმოადგენს, თუმცა საქართველოში პრევენციული სისტემური გამოკვლევების კულტურა ახლა იკიდებს ფეხს. ადამიანები სულ უფრო მეტად იაზრებენ, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გართულებების ასაცილებლად, პერიოდული შემოწმებები საუკეთესო და მარტივი საშუალებაა. ადრეულ ფაზაში აღმოჩენილი დაავადების ნიშნები კი გაცილებით კეთილსაიმედოა, − "მტკიცე ჯანმრთელობა სწორედ ისაა, რაც ცხოვრებაში ნებისმიერი მიზნის მისაღწევად აუცილებლად გვჭირდება. ჩვენ ვალდებულები ვართ, მივხედოთ მას არა მხოლოდ საკუთარი თავისათვის, არამედ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების კეთილდღეობისთვისაც", − ამბობს გიორგი, და რთულია, არ დაეთანხმო.

სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მძლავრ ასპარეზსაც წარმოადგენს. მის გარეშე, მედიცინის განვითარება წარმოუდგენელია. ამჟამად საერთაშორისო მედიცინის სფეროში საკმაოდ საინტერესო ეტაპი დგას, რომელიც აქტიურად უმეგობრდება ხელოვნურ ინტელექტს და მის მიღწევებს ადამიანების ჯანმრთელობის სასარგებლოდ იყენებს. როგორც პროფესიონალები პროგნოზირებენ, ხელოვნური ინტელექტი მედიცინას თვისებრივად შეცვლის. მზარდ ტენდენციას ფრიდონ თოდუას ცენტრიც აქტიურად უერთდება.

გიორგი დიასამიძე: "ხელოვნური ინტელექტი სწორედ ისაა, რაც რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს და მათ შორის, სამედიცინო სფეროს სრულიად შეცვლის. ცხადია, ეს ექიმის ჩართულობას არ გამორიცხავს, თუმცა ის უზარმაზარ კომფორტს გვიქმნის და მედიკოსების ერთგვარ მზღვეველს წარმოადგენს. ამჟამად, ჩვენ ვფლობთ ხელოვნური ინტელექტით მართულ სისტემას, რომელიც ქსოვილში (ნაწლავის კედელზე) ყველა ზომისა და ფორმის, თვალისთვის უხილავი წარმონაქმნის ავტომატურ აღმოჩენას ახდენს. ცხადია, ის ჯერ კიდევ ცდის პროცესშია და ჩვენ, როგორც Olympus-ის პარტნიორ ცენტრს, საცდელად გადმოგვცეს. ხელოვნურ ინტელექტს აქვს განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი და ჩვენ მას როგორმე აუცილებლად უნდა დავეწიოთ. აშკარაა, რომ ვუახლოვდებით რევოლუციურ ფაზას კაცობრიობის ისტორიაში და ეს უპირველესად მედიცინას ეხება. ამისთვის აქტიური მზადებაა დასაწყები. მედიკოსებთან ერთად კი, ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს მენეჯმენტს, სწორად მართულ ორგანიზაციას, თითოეულ განყოფილებასა და თანამშრომელს".

ორგანიზაციაში დიდი ყურადღება ციფრულ პლატფორმებზე განთავსებულ საგანმანათლებლო რესურსებს ეთმობა, რომელიც რიგი დაავადებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ცენტრის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარება წარმოადგენს, რომლის ფარგლებში იგი აქტიური კამპანიით ცდილობს კიბოს შესახებ არსებული სტიგმა დაამსხვრიოს. სწორედ ამ მიზნით, თოდუას ცენტრის სოციალურ პლატფორმებზე თქვენ ხშირად შეგხვდებათ ამ დაავადებაზე გამარჯვებული ადამიანების მონათხრობი, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ და გამოჯანმრთელების გზაზე შემდგარ პაციენტებს დიდ იმედს აძლევენ.

"ჩვენ დავანებეთ თავი ისეთი შინაარსის მასალის განთავსებას, რომელიც კონკრეტულ აპარატზე ან გამოკვლევაზე ამცნობს საზოგადოებას. ამის ნაცვლად, სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმას ცნობიერების გასაზრდელად ვიყენებთ", − ამბობს გიორგი, რომლისთვისაც ეს მიდგომა დიდი სოციალური პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი. მას, როგორც თანამედროვედ მოაზროვნე მენეჯერს, სურს სტიგმების მსხვრევას შეუწყოს ხელი: "უნდა დასრულდეს ის ტენდენცია, რომ პაციენტი სამკურნალოდ უცხოეთში მიდის. ეს არა მხოლოდ თავად მას, არამედ ქვეყანასაც აზარალებს. ამიტომ, საზოგადოებას არა ჩვენს აპარატურას, არამედ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ვაცნობთ. სინამდვილეში, ეს მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიღაც მაღალტექნოლოგიური აპარატურის პარამეტრები. არ დამავიწყდება იმ ვიდეოების მილიონობით ნახვა, რომელშიც კიბოზე გამარჯვებული ჩვენი გმირები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. მე კლინიკის დერეფანში მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მადლობას არა მხოლოდ აპარატურისა და შეთავაზებული სამედიცინო სერვისებისათვის, არამედ იმ ადამიანების გაცნობისთვისაც მიხდიან, რომლებმაც უკვე გაიმარჯვეს. ჩვენს გმირებს კი არასდროს ეზარებათ სხვების გასამხნევებლად საკუთარი ისტორიების გაზიარება. ჩვენ შევძელით ამ ადამიანებისა და მთელი საზოგადოების გაერთიანება. ეს დიდი ძალაა. გვინდა, კიბოს დიაგნოზის მიმართ დამოკიდებულება თვისებრივად შევცვალოთ. ის არა შიშისა და დათრგუნვის, არამედ ახალი შანსისა და გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს. არა განაჩენი, არამედ მწვერვალი, რომელიც ნელ-ნელა უნდა დავძლიოთ და დავიპყროთ. ჩვენთან წელიწადში ასობით ადამიანს ესმის პირველად დიაგნოზი − "თქვენ გაქვთ სიმსივნე", და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ექიმებთან ერთად მათ გვერდით არ ვიდგეთ. სწორედ ეს იყო ჩვენი მენეჯმენტის ერთობლივი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი პლატფორმები არა ერთჯერადი სარეკლამო, არამედ მხარდამჭერი აქტივობებით დაგვეტვირთა".

ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში ექიმებისა და მენეჯმენტის ჰარმონიზებულ მუშაობას დიდი ყურადღება ექცევა. თავად გიორგი იმ თანამედროვე ტოპ- მენეჯერთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც კაბინეტის წინ სამდივნოს მოწყობაზე უარი განაცხადა და მასთან შესვლა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, დაბრკოლების გარეშე შეუძლია. მიაჩნია, რომ პაციენტებთან და თანამშრომლებთან კომუნიკაციაში არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს. ინტენსიური კომუნიკაციისა და მათი გულისყურით მოსმენის გარეშე კი, რეალური პრობლემები ვერ გამოიკვეთება. შესაბამისად, ვერც დროულად გადაიჭრება. მიაჩნია, რომ ნებისმიერი საჭიროება მთელი სიმძაფრით გენერალურმა მენეჯერმა უშუალოდ პირველი პირისგან უნდა მოისმინოს, განსაკუთრებით კი, ჯანდაცვის მენეჯმენტში. კლინიკის მმართველი კონკრეტულად ამ სფეროს სპეციალისტი უნდა იყოს და მის სპეციფიკურ მახასიათებლებს კარგად იცნობდეს, გრძნობდეს.

ფიქრობს, რომ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები, უპირველეს ყოვლისა, ექიმებს უნდა უსმენდნენ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას სწორედ პაციენტების კეთილდღეობიდან გამომდინარე იღებდნენ. ხისტი ბიზნესმიდგომები აქ დაუშვებელია. სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ექიმებსა და მენეჯერებს, აუცილებლად მაღალი ეთიკური სტანდარტი უნდა ჰქონდეთ და მათ შესაბამისად იქცეოდნენ, მენეჯმენტის მხრიდან კი ექიმებზე წნეხი დაუშვებელია. ორივე მათგანს პროფესიული კეთილსინდისიერება მართებს. თოდუას სამედიცინო ცენტრში ეს პრინციპები უპირველესია.

სწორედ ამ ღირებულებებით განაგრძობს კლინიკა სამედიცინო სფეროში ოპერირებას, რომელსაც სულ მალე კიდევ ერთ დიდ სიახლეს ჰპირდება − ახალ კლინიკას ვერაზე.

"ქართულ საზოგადოებას მალე თოდუას სახელობის სრულიად ახალი კონცეფციის კლინიკა მოემსახურება. ის თავიდან ბოლომდე ჩემი ხედვითა და გამოცდილებით შეიქმნება. ახალი ტიპის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ ცენტრში ყველანაირი შესაძლებლობა გელით სწრაფი გამოკვლევებისა და კონსულტაციებისათვის. იმდენად დიდი მოთხოვნაა CheckUp-ზე, რომ მას ახალ შენობაში 2 სართულს ვუთმობთ. ვამატებთ პედიატრიულ მიმართულებასაც. ასევე, ახალი ტიპის მოლეკულური და გენეტიკური დიაგნოსტიკის საშუალებებს, პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ქირურგიას. ყველა სერვისს საერთო ჯაჭვური ბმის პრინციპით ვქმნით. დეტალურ სიახლეებს საზოგადოება გახსნის შემდეგ შეიტყობს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამისათვის მთელი მონდომებით 3 წელი ვემზადებოდით. ვაგროვებდით საუკეთესო გამოცდილებასა და მაგალითებს მთელი მსოფლიოდან. სულ მალე კი სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის სრულიად ახალ სტანდარტს ვპირდებით ქვეყანას!"

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!