რა ვისწავლე ჩემი კომპანიის გლობალიზების პროცესში როგორ შეძლო ანტრეპრენერმა თავისი კომპანია ექვსკაციანი გუნდიდან ათასებამდე გაეზარდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Voxpro

უკან ვიხედები და ბიზნესის დაწყების დღეები მახსენდება. კომპანია 1999 წელს კორკში, ირლანდიაში დავაფუძნეთ, ჩვენი ოფისი მარლბოროს ქუჩაზე, ლუდხანის თავზე იყო. ექვსკაციანი გუნდი გვყავდა და პირველ ხანებში გლობალურზე მეტად ლოკალურ ბაზარზე ვფიქრობდით. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სენსაციურის გაკეთებას ვაპირებდით.

ისევე, როგორც მრავალმა სხვამ, Voxpro-მაც მცირე მასშტაბებით დაიწყო. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი ნიშა ვიპოვეთ − ფართო სპექტრის ბიზნესმხარდაჭერის სერვისები, რაშიც ბიზნესპროცესის აუთსორსინგის ინდუსტრიაა ძლიერი. 2007 წლისთვის უკვე მთელი რეგიონი გვიცნობდა, გუნდი კი 300 წევრამდე გავზარდეთ.

იმხანად, ამ სფეროში დიდი ძვრები ხდებოდა. იმ კომპანიების რიგში ვიყავით, რომლებსაც საზღვრებს მიღმა არ უნდა ეძებნათ კლიენტები, ჩვენს მომსახურებაზე ადგილობრივ ბაზარზეც დიდი მოთხოვნა იყო. დიდი დრო არც გასულა და ირლანდიის ფინანსური კრიზისის შედეგებმა მიგვახვედრა, რომ ადგილობრივ ბაზარზე მთელი იმედების დამყარება არ ღირდა. აქ მხოლოდ მცირე და საშუალო ზომის კომპანიები მოქმედებდნენ და ეს წნეხი მათაც იწვნიეს. ჩვენთვის ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

იმ პერიოდში მთელ რიგ ტექნოლოგიურ კომპანიებს ვუწევდით მომსახურებას. ჩვენი საიმედო პარტნიორები იყვნენ, რაც მძიმე ეკონომიკურ პერიოდშიც დაამტკიცეს. ეს სრულიად აშკარა მინიშნება იყო − იმ კომპანიებთან უნდა გვეცადა თანამშრომლობა, რომლებიც რეცესიისგან იყვნენ დაცული. ბიზნესის მთავარი წყარო სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან პარტნიორობა უნდა გამხდარიყო.

Google-თან უკვე გვქონდა საიმედო ურთიერთობა და დავადგინეთ კიდეც, რა უნდა შეგვეთავაზებინა მათი პროდუქციისა და სერვისებისთვის − მხარდაჭერა კლიენტის მომსახურების ხარისხსა და ტექნიკურ საკითხებში. ამ საცდელი პროგრამის წყალობით, 18 თვეში ჩვენმა გუნდმა 500 კაცს გადააჭარბა. მოულოდნელად, ერთმა პარტნიორმა კიდევ მეტად გაგვიზარდა ამბიციები და კიდევ უფრო მომგებიანი პარტნიორები შევიძინეთ. ვითარება შეიცვალა, ჩვენი კომპანია "დიდი თევზი გახდა პატარა გუბურაში".

ეს "გუბურა" ქალაქი კორკი იყო. მართალია, ეს ქალაქიც და რეგიონიც ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ბიზნესის დასაწყებად და სამართავად მართლაც შესანიშნავი ადგილი იყო − აქ ძლიერი ანტრეპრენერული განწყობაც სუფევდა, მაგრამ როდესაც საქმე ინვესტირებაზე მიდგა, მისი არსებობა სილიკონის ველზე საერთოდ არავინ იცოდა. მისია რომ გაგვეგრძელებინა და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კლიენტის მომსახურების ხარისხი განსაკუთრებული გაგვეხადა, მათსავით უნდა გვეაზროვნა და გვემოქმედა − გლობალურ კომპანიად უნდა გარდავქმნილიყავით.

საბოლოოდ, ამ პოზიციამ Voxpro 7 წელიწადში, ირლანდიური აუტსორსინგიდან, რომელშიც 300 ადამიანი მუშაობდა, გლობალურ კომპანიად აქცია. გუნდში 5 000 ადამიანი იყო, როდესაც შეერთებულ შტატებში, ევროპასა და აზიაში ახალი ცენტრები გავხსენით.

გლობალურად შეაფასეთ მოვლენები

საერთაშორისო მასშტაბზე გასვლა დიდი ნაბიჯია და მას ნებისმიერ ორგანიზაციაში დიდი ცვლილებები მოაქვს. ამ შემთხვევაში, გვერდით ისეთი ადამიანები უნდა გყავდეთ, რომლებიც თქვენს ხედვას, ღირებულებებსა და ამბიციებს გაიზიარებენ. ამასთან ერთად, მათ საერთაშორისო მენტალიტეტიც უნდა შეუქმნათ. უზომოდ მნიშვნელოვანია თქვენს გუნდს ნათლად ჰქონდეს გაცნობიერებული ის, რომ ცვლილებები აუცილებელია და ბიზნესი ყოველთვის საერთაშორისო თვალსაზრისით განიხილონ. ასევე ნათლად უნდა გააცნოთ თქვენს კოლეგებს, რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილება თითოეულ პოზიციაზე.

ერთიანი ხედვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც გლობალური მოთამაშე ხდება. Voxpro-სთვის ეს მარტივი არ იყო, მაგრამ დღეს კომპანიის გლობალური შეფასების გარეშე, არცერთი ბიზნესგადაწყვეტილების მიღება არ ხდება.

მსგავსი სტატია: მომავლის ტექნოლოგიის ქართული ექსპერიმენტი

მულტიკულტურული სამუშაო ძალები გამოიყენეთ

ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის მართვას შორის ერთი დიდი სხვაობაა − კულტურა. უცხოურ ბაზრებზე ბიზნესის წარმოებას კულტურის ნიუანსებიც უქმნის რეალურ სირთულეებს და მათ გადასალახად ადგილებზე პარტნიორების სწორად შერჩევა აუცილებელია. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთი შესაძლებლობა დაგეხმარებათ − თქვენი კომპანიის სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი კადრების გამოყენება.

Voxpro-ში მრავალფეროვანი სამუშაო ძალის შექმნა და გამოყენება თავიდანვე გვინდოდა. ამან გაგვხადა მოქნილები, რაც ბევრ ჩვენს კონკურენტს არ ახასიათებს. ჩვენი თანამშრომლები წარმატებულად მოძრაობენ ჩვენს საერთაშორისო ოფისებს შორის. ბოლო ხანებში ჯგუფის იმ წევრებმაც გაგვიწიეს დიდი დახმარება, რომლებიც ჩვენს შტაბბინაში მოწინავე გამოცდილების ცენტრში მუშაობდნენ და გადამწყვეტი როლი შეასრულეს თავიანთ ქვეყნებში ჩვენი ოპერაციების დანერგვაში.

აუცილებლად გამოიყენეთ რესურსი, თუ ვინმემ თქვენს კომპანიაში კარგად იცის ბაზარი, რომელზეც შედიხართ − არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოზიცია უჭირავს მას.

გარისკეთ, მაგრამ მხოლოდ საშინაო დავალების შესრულების შემდეგ

სხვა კონტინენტებზე საქმიანობის გაფართოება რისკის გარეშე არ ხდება და ამ გზაზე ჩვენც დავუშვით შეცდომები. თუნდაც Walmart-ის მაგალითი განვიხილოთ გერმანიაში, Tesco-სი შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში, და McDonald's-ისა ბოლივიაში, რომ დავრწმუნდეთ, თუ როგორ ცდილობდნენ ზოგიერთი მსხვილი კომპანიები ახალ ბაზრებზე გასვლას და ვერ შეძლეს.

ისეთი ფაქტორები გაითვალისწინეთ, როგორიცაა ინფრასტრუქტურის ხარისხი და მომსახურება (განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში), ვალუტის კურსის რყევა, ადგილობრივი კანონმდებლობა და დებულებები, პოლიტიკური კლიმატი, და მოულოდნელი ეკონომიკური ცვლილებებისთვის მოემზადეთ.

ჩვენ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ, გაბედულება გამოვიჩინეთ და ჯილდოც მივიღეთ. ამიტომ ბიზნესში წარმატების მისაღწევად სხვებს ხშირად ამ გზას ვურჩევ: "კლდიდან გადახტი და გზად თვითმფრინავი ააწყე". Voxpro მხოლოდ ირლანდიური კომპანია იქნებოდა, ის შესაძლებლობები რომ არ გამომეყენებინა, რომლებიც წლების წინ გამომიჩნდა.

არ აქვს მნიშვნელობა, სამყაროს რომელ წერტილში იწყებთ ბიზნესს − კალიფორნიაში, ავტოსადგომში, თუ კორკში, ლუდხანის თავზე − სერიოზული გლობალური ამბიციების არ უნდა შეგეშინდეთ. თუ კარგი იდეა გაქვთ, სწორად აზროვნებთ, გუნდსაც კარგად შეარჩევთ, შესაძლებლობებსაც გამოიკვლევთ და გასარისკადაც მზად ხართ, არ დაივიწყოთ, რომ ბიზნესს საზღვრები არ აქვს.

კომპანიაში ხშირად ვიყენებთ სიტყვას "ადგილობრივი" და მხოლოდ ადგილობრივ ლუდხანაში შევლას ვგულისხმობთ. მაგრამ თუ იქ ვართ, ჩვეულებრივ, გლობალური მოგზაურობის შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავთ.

მსგავსი სტატია: ბიზნესში წარმატების მისაღწევად სტარტაპული აზროვნებაა აუცილებელი

დენ კილი

Voxpro-ს აღმასრულებელი დირექტორი