ფერადი საწვიმრების ქართული ბრენდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Rainbow Design ქართული ბრენდია, რომელიც ფერად საწვიმრებს ქმნის და მომხმარებლებს საკუთარ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

ბრენდის დამფუძნებელი 23 წლის მარიამ ჩიღუნაძეა, რომელიც 2 შვილის დედობისა და სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, საყვარელ საქმიანობას აქტიურად უძღვება. "ყველაფერი დაიწყო 2 წლის წინ, როდესაც შემეძინა პირველი ქალიშვილი. ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა − როგორც საკუთარი თავის, ისე მის წინაშე და გადავწყვიტე თვითგანვითარებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ერთ დღესაც დამებადა იდეა, შემეკერა ხელნაკეთი დეტალებითა და ნახატებით გაფორმებული ლაბადები. მოვიძიე ატელიე, რომელიც ეკუთვნის ნანა არუდაშვილს და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეხსაცმლის დიზაინერია, მისი დიდი გამოცდილება დამეხმარა უფრო მარტივად მიმეღო პროდუქტი, რომლის შექმნაც ასე ძალიან მინდოდა. საქმეში მალევე ჩაერთო დედაჩემი, ეკა კილაძეც და ერთად დავიწყეთ თითოეულ დეტალზე მუშაობა.

"თავიდანვე ვიცოდი, რომ ბევრი ფერის შექმნა მინდოდა. მსურდა ხალხი ფერადი და ბედნიერი ყოფილიყო", − უზიარებს საკუთარ ისტორიას მარიამი Entrepreneur-ს. ჩანაფიქრის შესაბამისად შესასრულებლად, ლაბადა-საწვიმარზე მუშაობამ საკმაოდ დიდი დრო და შრომა მოითხოვა. მარიამმა პირველი ნამუშევარი გერმანიაში წაიღო. მაშინ ჯერ კიდევ მის მასიურ წარმოებაზე არც ფიქრობდა, თუმცა საწვიმრებით აღფრთოვანებული ჰამბურგელების ქათინაურების შემდეგ, ახალი გეგმები დაისახა.

"ერთ დღესაც, ჰამბურგში, როცა ჩავიცვი და გარეთ გავედი, ქუჩაში გამვლელების ზღვა ემოცია, მათი ქათინაურები აღმოჩნდა გარდამტეხი. ისინი მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, რომელი დიზაინერის საწვიმარი მეცვა. მეც დიდი სიამაყით ვპასუხობდი, რომ ეს იყო ჩემი ნამუშევარი და მე ვიყავი საქართველოდან. სხვათა შორის, ბევრმა იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ და აღუნიშნავთ კიდეც, რომ ქართველებს, როგორც ხელოვან და ნიჭიერ ხალხს, ისე იცნობენ. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტეთ, გვემუშავა თავდაუზოგავად ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის", − იხსენებს მარიამი.

ამის შემდეგ კი დაიწყო ფიქრი ბრენდის სახელზე. ამბობს, რომ ბევრი იფიქრა, თუ რა უნდა დაერქმია საკუთარი ნამუშევრებისთვის და რასთან უნდა ყოფილიყო ბრენდი ასოცირებული. გადაწყვიტა, სახელი ცისარტყელასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

"Rainbow Design − ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ცისარტყელა ასოცირდება სიახლესთან, მრავალფეროვნებასა და დადებით ემოციებთან. მახსოვს, ბავშვობაში ცისარტყელას გამოჩენას დიდი სიხარულით ვხვდებოდი და სურვილს ჩავუთქვამდი ხოლმე. მინდა ჩვენი ნამუშევრები ასეთივე სასიამოვნო ემოციებს აღძრავდეს მომხმარებელში. ჩვენ კი ყოველთვის ვეცდებით, ის, რასაც შევქმნით, იყოს ინოვაციური და ნათელი ფერებით დატვირთული", − გვპირდება მარიამი და ადამიანების გაბედნიერების მოტივაციით აქტიურად აგრძელებს მუშაობას. მიზნად აქვს დასახული, რომ Rainbow Design-ის ფერადმა საწვიმრებმა წვიმაშიც კი დადებითი განწყობა შეუქმნას ყველას − როგორც მას, ვინც თავად ატარებს ამ საწვიმარს, ასევე გარშემომყოფებს, რომლებსაც ფერადი საწვიმრების მეშვეობით ფერთა პალიტრა გადაეშლებათ თვალწინ.

Rainbow Design-ის თითეული საწვიმარი გაფორმებულია სხვადასხვა ნახატით, ორნამენტით და ხელნაკეთი ჯიბით. რამდენიმე მოდელზე ქართველი მხატვრების კომპოზიციებსაც შეხვდებით. ბრენდი ფერად საწვიმრებს თავდაპირველად მხოლოდ ქალბატონებისა და ბავშვებისთვის ქმნიდა, თუმცა ცოტა ხნის წინ უკვე დაემატა მამაკაცებისთვის განკუთვნილი საწვიმრების ხაზიც.

როგორც თავად მარიამი, ასევე Rainbow Design, განვითარებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც არაერთ ფერად და სასიამოვნო სიახლეს მალე კიდევ შესთავაზებს მომხმარებლებს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც წვიმიან ამინდებშიც სურს განწყობის შენარჩუნება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

ქართული ზღაპრების ჯადოსნური სამყარო "რტოს" თამაშებში

Extra-სა და საქართველოს ბანკის მცირე მეწარმეების მხარდასაჭერი ინიციატივა

ქალი ანტრეპრენერი

Chirina - ქეთევან ვაშაკიძე

გაიცანით Chirina - ფრინველის ხორცის - "ბიუ-ბიუს" უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია