იდეები სოციალური და მწვანე მეწარმეობით დაინტერესებული სტარტაპერებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოციალური და მწვანე მეწარმეები კრეატიული და ინოვაციური იდეებით ცდილობენ უპასუხონ გამოწვევებს. ისინი ინოვაციური პროდუქტების, მომსახურებების და პროცესების შექმნით ცდილობენ სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის მოხდენას საზოგადოებაზე.
თუ სამეწარმეო საქმიანობით ხარ დაინტერესებული და შენი მიზანი გარემოზე ზრუნვა ან სოციალური პრობლემების გადაჭრაა, თუ ფიქრობ, რომ შენი იდეით და საქმიანობით პოზიტიური გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის მოხდენა შეგიძლია გარემოსა და საზოგადოებაზე, მაშინ ჩვენს სტატიაში წაიკითხავ რამდენიმე საინტერესო ბიზნეს იდეას, რომელიც ბიძგს მისცემს და გაამყარებს შენს კრეატიულ და ინოვაციურ იდეას.
ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად, იდეის დაბადებისა და მისი განვითარების პერიოდში, ვიწყებთ ფიქრს საჭირო რესურსებზე და მათ შორის დაფინანსების წყაროების მოძიებაზე. დაფინანსების მიღების რამდენიმე გზა არსებობს: მაგალითად, დააინტერესოთ ინვესტორი განახორციელოს ინვესტიცია თქვენს სტარტაპში, აიღოთ სესხი ბანკიდან, ან მოიძიოთ ფინანსები მეგობრებსა და ახლობლებში, რაც საკმაოდ მიღებული ფორმაა ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე, შეგიძლია მოიძიო პარტნიორი, რომელსაც შესთავაზებ ბიზნეს წილს ინვესტიციის სანაცვლოდ. განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ კარგად არის აპრობირებული დაფინანსების მიღების რამდენიმე საშუალება. მაგალითად, დაფინანსება მიიღოთ ვენჩერული ფილანტროპისტებისგან (Venture Philanthropist - ინვესტორი, რომელიც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სოციალური მისია და ახდენენს პოზიტიურ გავლენას ადგილობრივ თემზე), ანგელოზი ინვესტორები, იგივე ენჯელ-ინვესტორები (Angel Investors - ინვესტორი, რომელიც ინვესტიციას დებს სტარტაპში წილის სანაცვლოდ. ძირითადად ეხმარებიან სტარტაპებს საწყის ეტაპზე), ვენჩერული კაპიტალისტები (Venture Capitalist - ინვესტორი, რომელიც ახორციელებს სტარტაპში ან კომპანიაში ინვესტიციას აქციების სანაცვლოდ, სტარტაპებში, რომლებსაც აქვთ ზრდის მაღალი პოტენციალი). მსგავსი ინვესტორები ინვესტიციას დებენ იდეებში, რომლებშიც ზრდისა და განვითარების პოტენციალს ხედავენ, ისეთი იდეები, რომლებიც მოგების მიღების გარდა, სოციალურ ან გარემოსდაცვით მისიას ემსახურებიან. WhatsApp, Alibaba, Google, Twitter, Zynga, Dropbox, Xiaomi, Spotify - ეს ის კომპანიებია, რომლებიც ვენჩერული ინვესტიციებით შეიქმნა. ვენჩერული ინვესტიციით კომპანია ბეინ კაპიტალი სოციალური საწარმო ტომს შუზის (Toms Shoes) 50% წილის მფლობელი გახდა, რომელმაც კომპანიის ვალების გასტუმრებაზე აიღო პასუხისმგებლობა და მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა საწარმოში.
სოციალური საწარმო ტომს შუზი 2006 წელს დაფუძნდა არგენტინაში, მის ბიზნესმოდელს "ერთი ერთისთვის" ეწოდება. კომპანიის კონცეფცია მარტივია: ერთი წყვილი ფეხსაცმლის შეძენის შემთხვევაში, მეორე წყვილი იგზავნება სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებთან არგენტინაში, გვატემალაში, მექსიკაში, ეთიოპიაში, რუანდაში, სამხრეთ აფრიკაში, ჰაიტში და ამერიკაში. 2011 წლიდან კომპანიამ ასევე დაიწყო სათვალეების დამზადება და გაყიდვა იგივე კონცეფციის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების მოძიების რამდენიმე საშუალება უკვე ვახსენეთ, რომლებიც საკმაოდ აპრობირებულია საქართველოში და სხვა ქვეყნებში, სტარტაპერებს უნდა ახსოვდეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი:
- თქვენი ინოვაციური და კრეატიული იდეების განხორციელება ნული ინვესტიციით შეგიძლიათ დაიწყოთ, მთავარია ძლიერი გუნდი გყავდეთ და დარწმუნებული იყოთ თქვენი იდეის წარმატებაში;
- ინოვაციურ და კრეატიულ ბიზნესიდეებს თავად ინვესტორებიც ეძებენ დასაფინანსებლად;
- ტექნოლოგიური ბიზნესის დაწყება ნული კაპიტალით არის შესაძლებელი.
გთავაზობთ სოციალურ და მწვანე ბიზნეს იდეებს სტარტაპერებისთვის:
ეკომეგობრული კაფე ან რესტორანი - კაფე ან რესტორანი, სადაც კერძები მხოლოდ ადგილობრივი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტებით მზადდება ;
მწვანე საჩუქრების მაღაზია - მაღაზია, სადაც იყიდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. კომპანია GiftGreen-ის სლოგანია "დათესე სიყვარული, გაზარდე ბედნიერება". კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანი ეკომეგობრული საჩუქრების გაყიდვასთან ერთად ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და დაცვაზე ზრუნვაა. ისინი ყიდიან ეკომეგობრულ საჩუქრებს, რომელიც ხანგრძლივი მოხმარებისაა, ამზადებენ საჩუქრებს მცენარეებისგან ან ბამბუკისგან, მაგალითად ბამბუკის კბილის ჯაგრისი და სხვ. ყიდიან სათესლე მასალებს, ამზადებენ ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს (ვეგანური წარმოების ტუჩის ბალზამს, ლოსიონს, ბუნებრივ გამაჯანსაღებელ საშუალებებს).
ეკომეგობრული ტანსაცმლის წარმოება - ტანსაცმელი, რომელიც მზადდება გადამუშავებული მასალებისგან, ხელით ნაქსოვი და ნაქარგი ტანსაცმელი ნატურალური ქსოვილით; წარმატებული საერთაშორისო ეკომეგობრული ბრენდები თავის მხრივ ცდილობენ მავნე ქიმიური ზეგავლენისგან მომხმარებლის დაცვას და წარმოებაში იყენებენ ეკომეგობრულ მეთოდებს, მაგალითად, იყენებენ ნატურალურ და მცენარეულ საღებავს მავნე ზეგავლენის შესამცირებლად მომხმარებელზე, ახდენენ ნატურალური მასალების გადამუშავებას და იყენებენ ორგანულ, პესტიციდებისგან თავისუფალ ბამბას. ბრიტანული ბრენდები Thought Clothing, People Tree და Boden პროდუქციას ამზადებენ ორგანული ბამბისა და ტენსელისგან, იყენებენ ორგანულ და გადამუშავებულ მასალებს, ნატურალურ, ეკომეგობრულ ქსოვილებს და შეფუთვას.
ეკომეგობრული მოგზაურობის პლენერი - აპლიკაცია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ეკო ტურიზმს, რომლის საშუალებითაც ტურისტები იღებენ ინფორმაციას და გეგმავენ მოგზაურობას რეკრეაციულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში;
გადამუშავებული ავეჯი და საოჯახო ნივთები - გადამუშავებული მასალების გამოყენებით ავეჯის და საოჯახო ნივთების დამზადება. ანტიკვარული ნივთების მაღაზიის გახსნა, სადაც იყიდება ძველი და განახლებული ნივთები. როგორც ავეჯის მწარმოებელმა, ეცადეთ შეამციროთ გარემოზე უარყოფითი გავლენა;
ორგანული პროდუქტის კატერინგი - კატერინგის ბიზნესი, რომელიც აწვდის მომხმარებლებს ორგანულ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტებს მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენებით;
ეკომეგობრული თავის მოვლის საშუალებები/დეკორატიული კოსმეტიკა - მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისგან. შესთავაზეთ პროდუქტი სასტუმროებს, რესტორნებს, სილამაზის სალონებს;
სახალხო დაფინანსების (Сrowdfunding) პლატფორმა სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტებისთვის - პლატფორმა სოციალური და მწვანე მეწარმეებისთვის მოიზიდონ დაფინანსება სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტების დასაფინანსებლად;
საცხობი ან კაფე სოციალური მისიით - საცხობი ან კაფე, სადაც დასაქმებულნი იქნებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები (სოციალურად დაუცველები, ყოფილი პატიმრები, დევნილები და სხვ.). გაყიდვებიდან შემოსული თანხები დაიხარჯება ხელფასებზე, ხოლო ნაწილი მომხმარდება მათი ცოდნის და უნარების განვითარებას;
სამოგზაურო კომპანია საგანმანათლებლო მიზნებით - კომპანია, რომელიც მოგზაურობასთან ერთად ტურისტებს სთავაზობს ინტერკულტურული განათლების და გამოცდილების გაზიარებას, რაც პოზიტიურ სოციალურ გავლენას მოახდენს ადგილობრივ მოსახლეობაზე;
დროებით სამუშაოს მაძიებელთა პლატფორმა - პლატფორმა, სადაც ორგანიზაციები აცხადებენ დროებითი სამუშაოს მაძიებლებისთვის ვაკანსიებს, მათთვის ვისაც სურს სამუშაო გამოცდილების და რეკომენდაციის მიღება კონკრეტული მიმართულებით გამოცდილების შესაძენად;
ეკომეგობრული სათამაშოების მაღაზია - მაღაზია, სადაც იყიდება ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებული მასალებით დამზადებული სათამაშოები;
ორგანული პროდუქტების ჰაბი - აწარმოეთ ორგანული პროდუქტი და შესთავაზეთ მაღაზიების ქსელს.
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი ხილისა და ბოსტნეულის შესაფუთი მასალები - ტრადიციული ერთჯერადი შესაფუთი მასალების ჩანაცვლების მიზნით ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი შესაფუთი მასალების დამზადება.
ეკომეგობრული ტყავი - მასალა, რომელიც მზადდება წიწვოვანი მსხლის კაკტუსისგან, რომელსაც იყენებენ ცხოველის ტყავის შემცვლელად. იყენებენ მოდის, ავეჯის და ავტო ინდუსტრიებში.
ეკო-საკონსულტაციო კომპანია - კომპანია, რომელიც ეხმარება მწვანე ბიზნესებს გახდნენ ან შეინარჩუნონ მდგრადი ბიზნესსტატუსი და განახორციელონ მეტი გარემოსდაცვითი აქტივობები.
მრავალჯერადი საკვები შესანახი კონტეინერები - ერთჯერადი კონტეინერების ჩანაცვლება მრავალჯერადი კონტეინერებით.
გამოუყენებელი საკვების გაზიარების აპლიკაცია - აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან და სასურსათო მაღაზიებთან, რომლებსაც სურთ გაყიდოს გამოუყენებელი საკვები შეღავათიან ფასში.
სოციალური საწარმო "ჩუ"-ს (სამაგიდე თამაში ჟესტური ენის პოპულარიზაციისთვის) დამფუძნებელი, სალომე წიქვაძემეგობრებთან ერთად გეგმავს საკონსულტაციო საქმიანობის დაწყებას. ისინი აპირებენ დაეხმარონ დამწყებ ბიზნესებს, სოციალურ საწარმოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ბრენდის შექმნაში, ციფრულ მარკეტინგსა და საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვაში.
ბევრი წარმატებული კომპანიის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, როგორებიცაა Microsoft, Intel, General Motors, Apple და სხვები, ფაქტია, სწრაფად მზარდ ბაზრებზე და მწვავე კონკურენციის პირობებში მათ შეძლეს დაემკვიდრებინათ ადგილი, როგორც ყველაზე მომგებიან კომპანიებს, რომლებიც პარალელურად ზრუნავენ გარემოზე და პოზიტიურ სოციალურ გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. სარეიტინგო კომპანია Nielsen-ის მიერ 2015 წელს ჩატარებულ კვლევაში (https://www.nielsen.com/) გამოკითხული რესპოდენტების 50%-ზე მეტი აცხადებს, რომ ისინი მზად არის გადაიხადონ უფრო მეტი სუფთა, ნატურალურ ან ორგანულ პროდუქტებსა და ინგრედიენტებში (69%), სიამოვნებით იმუშავებენ კომპანიაში, რომელსაც აქვს აღებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობები (56%) და კომპანიაში, რომელიც სოციალური ღირებულებების ერთგულია (56%). პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ქცევის ცვლილებები აიძულებს კომპანიას შეცვალოს სტრატეგია, მომხმარებლის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად იზრუნოს პოზიტიურ სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებზე, ხოლო მომხმარებელთა დამოკიდებულებების და ქცევის ცვლილებების შესწავლის შედეგად, კომპანიები ქმნიან რეალურ ფასეულობას, მათ მიერ შექმნილი პროდუქტი და მომსახურება კი ხანგრძლივ პოზიტიურ გავლენას ახდენს გარემოსა და საზოგადოებაზე.
სტატია მომზადებულია პროექტის "ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის", რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო) ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით