Black Friday Sale! 50% Off All Access

დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სავანე ქედაში ანუ რატომ უნდა დაისვენოთ შავიშვილების საოჯახო სასტუმროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მდინარის პირას ბავშვების ჟრიამული, ბუმბერაზ მთებში არსებული კულტურული ძეგლები, გემრიელი საჭმლითა თუ საოცარი ღვინით გამასპინძლება და რაც მთავარია, ადამიანური სითბო − თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენში დადებით ემოციას იწვევს, კითხვა აუცილებლად განაგრძეთ.

აჭარა რომ საქართველოს ერთ-ერთი უნიკალური კუთხეა, არავინ დავობს. თავად მე დიდხანს მჯეროდა, რომ ამ კუთხეზე საკმარის ინფორმაციას ვფლობდი, თუმცა ახლახან ქედაში სტუმრობამ ხელის ერთი მოსმით გამიცამტვერა წარსული რწმენები.

თუ გადატვირთული ბათუმის ცხელი სანაპიროდან გეზს მთიანი აჭარისკენ აიღებთ, პირველად აუცილებლად ქედის მუნიციპალიტეტში შეაბიჯებთ. სწორედ აქედან იწყება საოცარი აღმოჩენებით სავსე მოგზაურობა − დაწყებული ბუნებით, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის უძველესი არქიტექტურული ნამუშევრები, დამთავრებული ადგილობრივი მოსახლეობით, რომელიც თითოეულ ტურისტს შესაშური სტუმარ-მასპინძლობით აკვირვებს. ქედა არის ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი − როცა ხედავ სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ოჯახის წევრებს, რომლებიც ქართულ ფოლკლორსა და ადათ-წესებს ერთობლივად ინარჩუნებენ, ისღა დაგრჩენია მათ შესახებ დაუსრულებლად ისაუბრო, რათა ყველას გაუზიარო ადამიანობის ჭეშმარიტი გამოხატულება.

საქართველოს მრავალ კუთხეში ნამყოფს, ქედაში ვიზიტისას გამიჩნდა გრძნობა, თითქოს თავიდან აღმოვაჩინე ჩემი ქვეყანა, მივხვდი, რომ ის, რასაც ხშირად საზღვარგარეთ ვეძებთ, იმდენად ახლოა, რომ ვერც კი ვიაზრებთ. თუკი გეტყვიან, რომ არსებობს მაღალმთიანი დასახლება, რომელიც იმავდროულად ზღვასთან ახლოსაა, აქვს უამრავი ბუნებრივი თუ კულტურული ღირსშესანიშნაობა და დასახლებულია ტურიზმის სფეროში მომუშავე მოსახლეობით, გახსოვდეთ, რომ დიდი ალბათობით ქედაზე გესაუბრებიან. რთულია თავი მოუყარო შთაბეჭდილებებს და მით უმეტეს, მოკლედ გადმოსცე დაგროვილი ემოცია, ამიტომ ამჯერად მოგიყვებით როგორ აღმოვჩნდი სოფელ ვაიოში, შავიშვილების ოჯახში, და გეტყვით, რატომ უნდა დარჩეთ სწორედ მათ საოჯახო სასტუმროში.

როცა მოგზაურობას გადაწყვეტთ, უპირველესად, ერთი კითხვა დაუსვით საკუთარ თავს: "რა მინდა ვნახო?" თუ გსურთ შეიმეცნოთ უცხო მხარის კულტურა, ადამიანთა ყოფა-ცხოვრება და საზრუნავი, მაშინ დარჩით საოჯახო სასტუმროში, ეს საუკეთესო გზაა ნამდვილი ემოციების დასაგროვებლად.

ლადო შავიშვილის საოჯახო სასტუმროც მსგავსი შთაბეჭდილებების სავანეა. ოჯახის უფროსი 40 წელია მევენახე-მეღვინეა. გარდა ვაზის უნიკალური ჯიშებისა, როგორიცაა ჩხავერი, ცოლიკაური, ალადასტური და ოცხანური საფერე, ოჯახს ასევე მოჰყავს არაერთი სხვა ჯიშის ყურძენი. თვალუწვდენელ ველებზე გაშენებული ვაზიდან შავიშვილები ყოველწლიურად 10 000 კილოგრამამდე მოსავალს იღებენ. გარდა აქტიური მეღვინეობისა, ოჯახი 15 წელია ტურიზმის სფეროშია − ამ ხნის განმავლობაში სტუმრად ჰყოლიათ არა მხოლოდ ქართველები, არამედ სხვა უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა დიდი ნაწილი აუცილებლად განმეორებით სტუმრობს ქედას.

საოჯახო სასტუმროში დილა ფუსფუსით იწყება. შავიშვილები ყოველდღე შესაშური ენერგიით ემზადებიან სტუმრების გასამასპინძლებლად. გარდა არაჩვეულებრივი ხედებით ტკბობისა, საოჯახო სასტუმრო-მარანში შესაძლებლობა გეძლევათ დააგემოვნოთ ტრადიციული სამზარეულო, თანაც დარწმუნებული იყოთ, რომ კერძების შემადგენელი ყველა ნაწილი მასპინძლის მიერ ბაღიდან ახლახან დაკრეფილი და სტუმრისთვის საგანგებოდ მომზადებულია. გარდა ამისა, მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებულებს საშუალება ეძლევათ შემოდგომის პირს მონაწილეობა მიიღონ რთველსა და ღვინის დაწურვის პროცესში.

მიუხედავად დატვირთული დღის განრიგისა, შავიშვილები აუცილებლად პოულობენ სტუმართან ერთად გასატარებელ დროს. საოჯახო სასტუმროს გამწვანებულ ეზოში ხშირია საღამოობით ჭიქა ღვინოსა და გემრიელ ვახშამზე შეკრებები, ისტორიებისა და ემოციების გაცვლა, რაც კიდევ უფრო გაახლოებს ამ ადამიანებთან და გაყვარებს მაღალმთიან აჭარას. უნდა ითქვას, რომ ოჯახი, გარდა მაღალი ხარისხის ღვინისა, ასევე აწარმოებს სხვადასხვა ხილისა და თაფლისგან დამზადებულ არაყს − შავიშვილების მარანს საქართველოს ყველა ტურისტულ რუკაზე "ღვინის გზის" მარშრუტის ქვეშ აუცილებლად იპოვით.

მიუხედავად წარმატებული საქმიანობისა, საოჯახო სასტუმროს მფლობელები ერთ ეტაპზე გაჩერებას არ აპირებენ. ოჯახი ჩართულია ევროკავშირის ENPARD-პროგრამის მიერ მხარდაჭერილ პროექტ "ქედა ლიდერში", რომლის ფარგლებში შავიშვილების მარანს დაემატება ახალი შენობა, ასევე ხელი შეეწყობა ღვინის ხარისხის ზრდასა და წარმოების პროცესის ოპტიმიზაციას, რაც მოიცავს ღვინის წარმოების დახვეწას: ფილტრაციას, ბოთლში ჩამოსხმას, ეტიკეტირებას და სხვა.

როცა სოფელ ვაიოში მცხოვრებ შავიშვილებს გაიცნობთ, მოინახულებთ მათ ბაღებსა და ვენახებს, მოუსმენთ მათ სამომავლო გეგმებს, იდეებსა და ოცნებებს, და უმაღლესი ხარისხის ღვინით ერთად შესვამთ მოგონებების სადღეგრძელოს, მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ადამიანმა უნდა ეძებოს შთაბეჭდილებები, რომლებსაც აუცილებლად იპოვის სწორედ ისეთ საოჯახო სასტუმროში, როგორიც შავიშვილებს აქვთ.

და თუ თქვენს მთავარ კითხვაზე − "რა მინდა ვნახო?" პასუხი ზემოთ ხსენებულ ისტორიებშია , მაშინ აუცილებლად გაემგზავრეთ ქედაში და ესტუმრეთ ლადო შავიშვილის საოჯახო სასტუმროს.