7 რამ, რაც 2024 წელს აღარ უნდა გაიმეოროთ ვინ არის პასუხისმგებელი? მე თუ სხვა?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
1. მეორეხარისხოვან საქმეებზე დროის დაკარგვა – ხშირად გამოცდილ ადამიანებსაც უჭირთ მნიშვნელოვანი საქმეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანის გამოკვეთა, წინ დაყენება და მასზე სრული კონცენტრაცია. ეს გამორჩეული უნარია წარმატების მისაღწევად. ამიტომ ჯობს შეეშვათ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე დროის კარგვას და დღე იმ საქმით დაიწყოთ, იმ საქმეს დაუთმოთ მთელი თქვენი უნარები და ენერგია, რომელიც მართლაც უპირატესი და მნიშვნელოვანია.
2. ერთდროულად ბევრი საქმის კეთება – რამდენადაც არ უნდა ვიყოთ მიდრეკილი ე.წ. მულტიტასკინგის მიმართ და მიგვაჩნდეს, რომ შეგვიძლია ერთდროულად რამდენიმე საქმეს თანაბარი წარმატებით გავუმკლავდეთ, ერთ საქმეზე ფოკუსირებას ხარისხობრივად სულ სხვა შედეგების მოტანა შეუძლია. ამიტომ ჯობს გონება გაათავისუფლოთ სხვა საფიქრალისგან, რომელსაც მოცემულ მომენტში გადასაჭრელ საკითხთან კავშირი არ აქვს, მხოლოდ ერთ მიზანზე მიმართოთ მთელი ძალისხმევა და განსაკუთრებული შედეგებიც არ დააყოვნებს.
3. საქმის გადადება – მნიშვნელოვანი საქმეების ბოლოსთვის მოტოვება ანუ ე.წ. პროკრასტინაცია ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ელევა და რაც არ უნდა წარმატებული იყოს, მაინც საქმის გადადებისკენ მიდრეკილების ტყვეობაშია, ფეხს ითრევს, თავს ვერ აბამს, მით უფრო, როცა საქმის მუდმივად გადადების გამამართლებელი უამრავი ცდუნებაა ჩვენ გარშემო – სოციალური ქსელებით დაწყებული, დაუგეგმავი სატელეფონო ზარებით დამთავრებული. ამიტომ ჯობს ამ მავნე ჩვევას სამუდამოდ დაემშვიდობოთ, გამოეთიშოთ ყველაფერს, რაც საქმის დროულად კეთებაში ხელს გიშლით და აღარ გადადოთ!
4. პასუხისმგებლობისგან გაქცევა – ვინ არის პასუხისმგებელი? მე თუ სხვა? ამ კითხვას ადამიანები მუდმივად უსვამენ საკუთარ თავს და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში დამნაშავეს ყველასა და ყველაფერში ეძებენ საკუთარი თავის გარდა. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გარდა არავინაა პასუხისმგებელი ჩვენს ცხოვრებაზე. მართალია, ხშირად ისეც ხდება, როცა ჩვენი ტკივილისა და უბედურების მიზეზი სხვა ადამიანი ან ადამიანები არიან, მაგრამ არავინ სხვა, ჩვენ გარდა, არ არის პასუხისმგებელი დაგვაძლევინოს ეს ტკივილი. ამიტომ რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, გვახსოვდეს, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ამისთვის კი, უპირველესად, წუწუნისა და სხვისკენ თითის გაშვერის ნაცვლად, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და მოქმედებაა საჭირო.
5. მოსმენის არცოდნა – მოსმენა მხოლოდ სხვა ადამიანისთვის საუბრის დასრულების შესაძლებლობის მიცემას არ ნიშნავს. მთავარია, რამდენად შეგვიძლია სიღრმისეულად მოვუსმინოთ და გავუგოთ მოსაუბრეს. ამაში ყველა მოვისუსტებთ. უმრავლესობა ან საერთოდ არ უსმენს ან უსმენს, მაგრამ არ შეუძლია ჩასწვდეს მოსმენილს, გული არ შესტკივა, არ განიცდის, არ წუხდება მოსმენილის გააზრებით. არადა, ინტენსიური მოსმენა ღრმა ადამიანური ურთიერთობის ყველაზე დასაფასებელი გამოხატულებაა, რასაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია როგორც მსმენელისთვის, ისე მოსაუბრისთვის. ამიტომ შეეცადეთ მთელი ყურადღებით, ინტერესით მოუსმინოთ ადამიანს, ღრმად ჩასწვდეთ სათქმელს და ასე დაეხმაროთ მასაც და საკუთარ თავსაც.
6. საქმის დაუსრულებლობა – ხშირია შემთხვევა, როცა საქმეს შუა გზაზე ან თუნდაც მაშინ ვანებებთ თავს, როცა საბოლოო მიზნის მიღწევამდე არცთუ ბევრია დარჩენილი, რაც უმრავლეს შემთხვევაში ნებისყოფისა და ენთუზიაზმის ნაკლებობას უკავშირდება. ადამიანებს ხომ ყველაფერი სწრაფად გვინდა, მაგრამ გვავიწყდება, რომ დიდ საქმეებს დროც დიდი სჭირდება და მთავარი გამოცდა თავდაპირველი ენთუზიაზმის, თავდადებისა და რწმენის ხანგრძლივად შენარჩუნებაში გვაქვს ჩასაბარებელი. ამიტომ მუდმივად უნდა იმუშაოთ ნებისყოფის გაძლიერებაზე, არ უნდა მოგბეზრდეთ თქვენი საქმე და რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, რა დაბრკოლება და წინააღმდეგობაც არ უნდა შეგხვდეთ, არ დანებდეთ, არ გაჩერდეთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ!
7. დეტალების იგნორირება – ხშირად ადამიანებს შეცდომით ჰგონიათ, რომ დიდი საქმის პატარა დეტალებამდე დაყვანა პედანტურობას ნიშნავს და ფართო გაქანებას გამორიცხავს. სინამდვილეში საქმის მცირე დეტალების ზედმიწევნით შესწავლა და მათში ბოლომდე გარკვევა წარმატების აუცილებელი პირობაა. ამიტომ ჯობს ყველა დეტალში ერკვეოდეთ და არაფერი გამოგეპაროთ, მაგრამ, ამავდროულად, მასშტაბურადაც იფიქროთ და ამბიციური მიზნების მისაღწევად იმოქმედოთ. ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მეტიც, რაც უფრო კარგად ერკვევით ვიწრო დეტალებში, მით უფრო ფართო გახდება თქვენი თვალსაწიერი, რაც დადგენილი საზღვრების გარღვევასა და მასშტაბური მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ!