Get All Access for $5/mo

ადამიანური რესურსების მართვის დასავლური მიდგომა და მისი როლი ქართული ბიზნესეკოსისტემის განვითარებაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე სამყაროში ბიზნესეკოსისტემა საინტერესო ფორმით ტრანსფორმირდება. ტექნოლოგიების განვითარებამ, ადამიანური რესურსების მართვის ახლებურმა აღქმამ კომპანიების მართვის პროცესში ბევრი ინოვაციური კრიტერიუმის დანერგვას შეუწყო ხელი. გლობალური პროცესები ხელს უწყობს ბიზნესეკოსისტემის ცვლილებას ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც მეტად ითვისებს დასავლური მენეჯმენტის მეთოდებს.

ორგანიზაციული მოდელის განვითარებაზე, ადამიანური რესურსების მართვის დასავლურ სტრატეგიებსა და ორგანიზაციაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაზე ჟურნალ Entrepreneur-ს კომპანია Lightspeed-ის სომხეთ-საქართველოს People & Culture მიმართულების კოორდინატორი, დიმიტრი გუგავა ესაუბრა.

Lightspeed კანადური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესს ინოვაციური კომერციის გადაწყვეტილებებით სერვისის გაუმჯობესებაში ეხმარება. დიმიტრი გუგავას როლი Lightspeed-ში გულისხმობს არა მხოლოდ ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებას, არამედ ყველა დეპარტამენტის პროცესებში ჩართვას, რათა საერთო ორგანიზაციული სტრატეგიები განვითარდეს და გაუმჯობესდეს.

დიმიტრი გუგავას განათლება სწორედ იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის მნიშვნელოვან უნარებსა და ცოდნას განსაზღვრავს. დიმიტრიმ ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში მიიღო. სამაგისტრო პროგრამა კი ვენის შემეცნებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სტრატეგიული HR მენეჯმენტის მიმართულებით გაიარა.

დიმიტრი გუგავა:

"მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში ტექნოლოგიების როლს. შედეგად ჩემი სამაგისტრო ნაშრომიც ამ თემას ეხებოდა - "თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მენეჯმენტში". სწავლის დასრულების შემდეგ ჩემი პროფესიული გზაც ამ მიმართულებით განვითარდა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობამ ამ სფეროში ცოდნა კიდევ უფრო გამიღრმავა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ინდუსტრიაშია კომპანია - ავტომატიზაცია და პროცესების გაციფრულება დღითიდღე უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს".

ორგანიზაციის მართვის დასავლური მიდგომა მრავალმხრივ აისახება კომპანიის კეთილდღეობაზე. როგორც დიმიტრი Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, ახალი ტენდენციები, რომლებიც თანამშრომლების ორგანიზაციულ პროცესებში ჩართვასა და კოლაბორაციული მიდგომების წახალისებას ითვალისწინებს, კომპანიებს ხელს უწყობს, გლობალურ ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ. ეს მიდგომა განაპირობებს ორგანიზაციის მიზნებისთვის უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას და ინოვაციების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესგარემოში.

დასავლურ მოდგომებსა და გლობალურ თანამედროვე ტენდენციებზე საუბრისას დიმიტრი ქართულ რეალობასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილობრივი ეკოსისტემა ტრანსფორმაციის პროცესშია - ის დროსთან ერთად გამოდის პოსტსაბჭოთა ავტორიტარული მოდელიდან და თანდათან იცვლება ავტორიტარული ტრადიციული პოსტსაბჭოთა მენეჯმენტის სტილი, რომელიც ხასიათდებოდა მკაცრი იერარქიით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამშრომლების ნაკლები ჩართულობით.

როგორც დიმიტრი გუგავა განმარტავს, ეს ცვლილება გლობალურმა ეკონომიკურმა ზეგავლენამ და საქართველოში საერთაშორისო კომპანიების მზარდმა რიცხვმა განაპირობა. საერთაშორისო გამოცდილებით, თანამედროვე მენეჯმენტის პრაქტიკების განვითარების კვალდაკვალ ადამიანური რესურსების მართვის როლი სწრაფად ვითარდება. დიმიტრი გუგავას თქმით, ეს არის გარემო, სადაც უფრო მეტი ყურადღება ექცევა თანამშრომლების კეთილდღეობას და ორგანიზაციულ პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრაციას.

მიუხედავად მთელი რიგი ცვლილებებისა, ჯერ კიდევ გვაქვს ის რეალობა, რომ ქართული კომპანიების დიდი ნაწილი მკაცრი, ხისტი გრაფიკით მუშაობს, რაც ე.წ. 9-დან საღამოს 6 საათამდე სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს და შეზღუდულ პირად დროს გულისხმობს. თუმცა დასავლურ მენეჯერულ მოდელთან ადაპტირება სიახლეებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს ეტაპობრივად ნერგავს.

დიმიტრი გუგავა:

"ახალი კონკურენციის პირობებში ქართული კომპანიები იწყებენ გააზრებას, რომ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი მნიშვნელოვანია. უფრო მეტად ვითარდება დავალებებზე ორიენტირებული როლები, სადაც თანამშრომლებს აფასებენ მათი შედეგების და არა სამუშაოზე გატარებული დროის მიხედვით. ეს ტრანსფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც არაერთ ინდუსტრიაში კადრების დეფიციტია".

დიმიტრი აღნიშნავს, რომ კადრების დეფიციტი თავის მხრივ მაღალი სტრესისა და გადაღლის გამომწვევი ფაქტორებით არის განპირობებული. "მოქნილი სამუშაო გრაფიკის და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა არა მხოლოდ ამცირებს ამ სტრესს, არამედ თანამშრომელს საშუალებას აძლევს, იყოს სრულფასოვანი საზოგადოების წევრი და სხვადასხვა სოციალურ საკითხში აქტიურად იყოს ჩართული", - ამბობს დიმიტრი გუგავა ინტერვიუში.

თანამედროვე რეალობაში დასაქმებული პირის მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამაზე შესაბამისი სპეციალისტები კვლევებზე დაყრდონობით უკვე ერთხმად საუბრობენ. როგორც დიმიტრი გუგავა აღნიშნავს, მენტალური ჯანმრთელობა პირდაპირ კორელაციაშია თანამშრომლების პროდუქტიულობასა და, შესაბამისად, ბიზნესის წარმატებასთან. ამ გარემოების უმთავრეს პრიორიტეტად ჩამოყალიბებამ ორგანიზაციაში ჯანმრთელობის მხარდამჭერი პროგრამებისა და ინიციატივების დანერგვას შეუწყო ხელი, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღ სამუშაო სივრცეში გადაითარგმნა.

"ისეთ საზოგადოებაში, სადაც მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი ხშირად სტიგმატიზებულია, ეს ცვლილებები მნიშვნელოვან კულტურულ ძვრას წარმოადგენს", - ამბობს დიმიტრი გუგავა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანური რესურსების მართვის პროცესებში ტექნოლოგიების ინტეგრაციაა, რაც ორგანიზაციულ გარემოს მნიშვნელოვნად ცვლის. თანამედროვე HRIS (ადამიანური რესურსების მართვის საინფორმაციო სისტემების) საშუალებით ბევრი რუტინული HR ამოცანის ავტომატიზაცია გახდა შესაძლებელი - მაგალითად, ისეთი პროცესების, როგორიც ხელფასების ადმინისტრირებაა.

"ავტომატიზაცია HR პროფესიონალებს საშუალებას აძლევს, მეტი ყურადღება დაუთმონ სტრატეგიულ ინიციატივებს, როგორიცაა ტალანტების განვითარება და შენარჩუნება, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლების ჩართულობა და ზოგადად ორგანიზაციული პროცესების მართვა", - დიმიტრი გუგავა.

HR ამოცანების ავტომატიზაციასთან ერთად ახალი მიდგომები გაჩნდა მონაცემთა ბაზების მიმართულებითაც, რაც მონაცემთა ანალიზის გამოყენებით კომპანიებისთვის საჭირო და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს უფრო ამარტივებს. როგორც დიმიტრი გუგავა ამბობს, ეს ყველაფერი საბოლოოდ დამსაქმებლის პოზიტიური იმიჯის შექმნასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასეთი სტრატეგიით მენეჯერებს შეუძლიათ სხვადასხვა საკითხზე წინასწარვე ჰქონდეთ რეაგირება, სანამ ისინი მნიშვნელოვან პრობლემებად იქცევიან. ქართულ რეალობაში ერთ-ერთი საინტერესო ასპექტია, თუ როგორ იზრდება ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე HR პროფესიონალებზე მოთხოვნა. დიმიტრი გუგავა ამ პროცესს ბიზნესის გარემოს გლობალიზაციის კონტექსტში ხსნის.

დიმიტრი გუგავა:

"ქართული კომპანიები აგრძელებენ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას და ამავდროულად, უფრო მეტი უცხოური კომპანია შემოდის საქართველოში. პარალელურად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალებზე, რომლებიც არა მხოლოდ ტრადიციულ HR პრაქტიკებში არიან კომპეტენტურნი, არამედ იციან საერთაშორისო შრომითი კანონმდებლობა, ე.წ. კულტურათაშორისი მართვა და გლობალური ბიზნესტენდენციები. უცხოურ კომპანიებს ხშირად არა აქვთ ღრმა ცოდნა საქართველოსა და რეგიონის თავისებურებების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს ჰქონდეთ საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური კომპანიების რიცხვი 15%-ით გაიზარდა, რაც

აჩვენებს, რომ ქართველი HR პროფესიონალებისთვის საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ეს საჭიროება განაპირობებს უფრო მაღალკვალიფიციური განათლების და HR მიმართულებით შესაბამისი ტრენინგების საჭიროებას".

დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დასავლური სტანდარტების დანერგვა და მათი განვითარება შეუქცევადი პროცესია და ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივ ბიზნესეკოსიტემაზე.

დიმიტრი გუგავა:

"აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ნიშნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, მოქნილ სამუშაო პირობებსა და უფრო ინკლუზიურ კორპორაციულ კულტურაზე ყურადღების გამახვილებას, ასევე, თანამშრომელზე ორიენტირებული მიდგომების წახალისებას, რომელიც მკვეთრად განსხვავდება ავტორიტარული სტილისგან, რაც წარსულში ქართული კომპანიებისთვის იყო დამახასიათებელი. გარდა ამისა, დასავლური სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს უფრო კონკურენტუნარიანი და დინამიკური ბიზნესგარემოს შექმნას საქართველოში. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა თანამშრომლებისთვის, რომელთაც ახლა მეტი არჩევანი აქვთ და შეუძლიათ ის კომპანიები აირჩიონ, რომლებიც მათ ღირებულებებს შეესაბამებიან".

სიახლეები

''საქართველოს კრიპტოეკოსისტემა მზადაა, რომ Binance-ის მსგავს უმსხვილეს ბირჟას ჰქონდეს ადგილობრივი წარმომადგენლობა''

ტიგრან გამბარიანი, Binance-ს გლობალური დაზვერვისა და გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი