როგორ იქცა მატილდა გვარლიანი მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ახალ რჩეულად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წელს მსოფლიო მოდის ინდუსტრიასა და პოპკულტურაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მოვლენა - Victoria's Secret-ის შოუ დაბრუნდა. შოუმ სამოდელო ინდუსტრიის უდიდესი ვარსკვლავების სხვადასხვა თაობა გააერთიანა. ადრიანა ლიმა, ჯოან სმოლსი, ალესანდრა ამბროსიო, ქენდის სვეინპოლი, ტაირა ბენქსი, ჰადიდები, ქეით მოსი, ვიტორია ჩერეტი - ეს იმ მოდელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შოუზე გამოვიდნენ. თუმცა ქართველი აუდიტორიისთვის Victoria's Secret-ის შოუ წელს იმაზე დიდი მნიშვნელობის იყო, ვიდრე სანახაობრივი მოვლენა, რადგანაც სამოდელო შემადგენლობას ქართველი სახე ჰყავდა და ის 22 წლის მატილდა გვარლიანი იყო.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა VS-ის შოუს პოდიუმზე ქართველმა მოდელმა გაიარა. ამ ჩვენებაზე მონაწილეობას თითოეული მოდელის კარიერაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის პლატფორმა, რომელიც მოდელობიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე მიმავალ გზას ხსნის. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში Victoria's Secret-ის შოუზე მოხვედრა სამოდელო სფეროში უკვე ჩამოყალიბებული და წარმატებული სახეებისთვისაც ამაღელვებელი სიახლე და წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ასევე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Victoria's Secret-ის შოუზე მოდელები არა მხოლოდ კოლექციას წარადგენენ, არამედ საკუთარ პერსონას და ინდივიდუალიზმსაც წარმოაჩენენ და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათთვის ეს პოდიუმი დიდ ვარსკვლავურ მომენტს ქმნის.

მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის პოდიუმზე შოუს იმ ნაწილში წარდგა, რომელშიც აუდიტორიისთვის მოულოდნელად ქეით მოსი გამოჩნდა. ამ დროს მუსიკალურ გაფორმებად შოუზე I Love Rock 'n' Roll ჟღერდა. მატილდა გვარლიანი შოუს დაწყების მომენტიდან მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ის გამოჩნდა არაერთი გავლენიანი მედიის ვიდეოში, რომელიც შოუს ჯერ კიდევ დაწყებამდე კულისებში აშუქებდა. ჩვენების დასრულების შემდეგ კი ქართველი მოდელი შოუს ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ იქცა. დღეს, თუ Victoria's Secret-ის ოფიციალურ ინსტაგრამზე ან ბრენდის მხარდამჭერ არხებზე შეხვალთ, მატილდას ფოტოები და ვიდეომასალა თვალში აუცილებლად მოგხვდებათ.

როგორც უკვე ვახსენეთ, Victoria's Secret-ის შოუმ მატილდასთვის ვარსკვლავობისკენ მიმავალი გზა გახსნა, თუმცა მეტად ტრადიციულ მოდის სამყაროში, გვარლიანმა თავი უკვე მყარად დაიმკვიდრა. კვირეულების სეზონებზე ის თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის პოდიუმზე ჩნდება, მათ შორისაა: Dior-ი, Chanel-ი, Louis Vuitton-ი, Schiaparelli და სხვა.

მატილდა წარმომავლობით სვანია და ინტერვიუებში საუბრისას მუდამ ხაზს უსვამს, თუ როგორ ამაყობს ამ ფაქტით. მატილდა სხვადასხვა ინტერვიუში იმასაც აღნიშნავს, რომ ბავშვობიდან მოდელობა მისი რჩეული პროფესია იყო და გარშემო მყოფმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მისთვის მიზნისკენ მომავალ გზაზე მხარი დაეჭირათ.

მატილდა გვარლიანმა სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში Look Models Management-ში დაიწყო, რომლის დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილია. Look Models Management-დან ის საერთაშორისო სააგენტო Next Models-შიც მოხვდა.

მატილდა გვარლიანის პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩვენება Dolce & Gabbana-ს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის შოუა. ეს იყო მოდის სამყაროს პირველი დიდი ბრენდი, რომლის ჩვენებაზეც მატილდამ გაიარა და რის შემდეგაც ის მუდმივი ყურადღების ცენტრში დარჩა. 2020 წელს მოდელის კარიერაში კიდევ ერთი წარმატება Valentino-ს ახალგაზრდული ხაზის, REDValentino-ს კამპანიაში მონაწილეობა იყო.

მატილდა გვარლიანის კარიერაში მნიშვნელოვანი საწყისი ეტაპი იყო 2022 წელი, როცა ის თითქმის ყველა წამყვანი ბრენდის ჩვენებაზე გამოვიდა. Chanel-ი, Dior-ი, Fendi, Carolina Herrera - ეს ის ბრენდებია, რომელთა კოლექციებიც გვარლიანმა პოდიუმზე წარადგინა. კვირეულების სეზონებიდან სეზონებამდე იზრდებოდა ბრენდების ჩამონათვალი. მატილდა სამოდელო შემადგენლობაში დაამტკიცა ისეთმა ბრენდებმა, როგორებიც არის: Louis Vuitton-ი, Gucci, Valentino, Dolce&Gabbana, Ralph Lauren-ი, Diesel-ი, Vivienne Westwood-ი. გარდა მოდის ჩვენებებისა, მატილდა გვარლიანი გამოჩნდა ვიდეო და ფოტოკამპანიებშიც. მატილდა ვიხილეთ Gucci-ის არაერთ ვიდეოში, Dior-ის ტუჩსაცხის კამპანიაში, Lacoste-ს სარეკლამო კამპანიაში. მატილდა Calvin Klein-ისთვის ერთგვარ აღმოჩენად იქცა - მოდელი ჩნდებოდა ბრენდის კატალოგში, ვიდეო და ფოტოკამპანიებში. მალე მატილდა ჩანდა ყველგან - დიდი ბრენდების ბილბორდებზე ევროპასა და ამერიკაში, მოდის სახლების მაღაზიების ვიტრინებში და სოციალური მედიის არხებზე.

2022 წელს მატილდა გვარლიანი გავლენიანმა პლატფორმა Models.com-მა ტოპ ახალბედა სახეებს შორის დაასახელა.

2022 წელს მატილდა გვარლიანი ჰოლანდიური Vogue-ის დამატებითი გამოცემის გარეკანზეც მოხვდა. ფოტოსესია ლეგენდარულმა ქალმა ფოტოგრაფმა, ელენ ფონ ანვერთმა გადაიღო. ასევე 2022 წელს მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი სახელგანთქმული ფოტოგრაფის, სტივენ მეიზელის ობიექტივში მოხვდა. მეიზელმა Zara-ს კამპანია გადაიღო და სწორედ ამ კამპანიის ერთ-ერთი სახე იყო მატილდა გვარლიანი.

მატილდას სამოდელო კარიერა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით განვითარდა. 2024 წლის დასაწყისში მატილდა ყველა დამწყები მოდელისთვის საოცნებო ვიდეოკამპანიის მთავარი გმირის ამპლუაში მოგვევლინა - ის Chanel-ის ბესტსელერი სუნამოს, Chance-ის ახალ რეკლამაში გამოჩნდა. Chanel-ის სუნამოს სახედ ყოფნა მოდელისთვის უბრალოდ კარგ კონტრაქტს არ ნიშნავს. ეს იმის ნიშანია, რომ მის სახელს ამიერიდან არა მხოლოდ მოდის ინდუსტრია, არამედ მოდასთან დაკავშირებული საერთაშორისო პრესაც იცნობს. Chanel-ის რეკლამისთვის მატილდას არჩევა ბრენდის მხრიდანაც გონივრული გადაწყვეტილება იყო, რამდენადაც ახალბედა მოდელმა ზუსტად გამოხატა სუნამოს ესთეტიკა, სილაღე და ის თავისუფლება, რომლითაც Chanel-ი ახალგაზრდა მომხმარებელთან კავშირს ინარჩუნებს. Chanel-ის Chance-ის საახალწლო რეკლამაში გამოჩენის შემდეგ, მატილდა საერთაშორისო მოდის პრესაშიც აქტიურად გამოჩნდა. 2024 წლის თებერვალში ჰოლანდიურმა Vogue-მა გამოცემის მარტის ნომერი გამოაქვეყნა, რომლის ყდაზეც მატილდა ვიხილეთ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქართველი მოდელი Vogue-ის ნომრის ყდაზე მოხვდა. ამის შემდეგ გვარლიანი Vogue-ის მექსიკური გამოცემის ყდაზეც დაიბეჭდა.

2024 წელს 22 წლის მატილდა კიდევ არაერთი ჟურნალის ყდაზე ვიხილეთ. მათ შორის ვხვდებით ისეთ გავლენიან გამოცემებს, როგორიცაა: Self Service Magazine-ი, ფრანგული Harper's Bazaar-ი, Holiday Magazine-ი და სხვა.

წელს მატილდა გვარლიანი პირველად გამოჩნდა ისეთი ბრენდების ვიდეო და ფოტოკამპანიებში, როგორებიცაა Michael Kors-ი, Louis Vuitton-ი და Marc Jacobs-ი.

Victoria's Secret-ის შოუზე კულმინაციური გამოჩენის შემდეგ, მატილდა გვარლიანი ლოს-ანჯელესში LACMA Art+Film Gala-ს პრესტიჟულ ღონისძიებას სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო. საღამო ჰოლივუდისა და მსოფლიო შოუბიზნესის წამყვან სახეებს აერთიანებდა.

"Victoria's Secret-ის შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამდი, თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგოებიდან. ეს ჩემი ოცნება არ ყოფილა, ეს ჩემი მიზანი იყო", - ამბობს წლების წინ ჩაწერილ ინტერვიუში მატილდა გვარლიანი და ეს კარგად გამოხატავს მის მიზანდასახულ ხედვას.

არსებობს მოსაზრება, რომ მოდის ინდუსტრიაში წარმატება მხოლოდ გარეგნული მონაცემებით განისაზღვრება. თუმცა სინამდვილეში ეს სფერო და პროფესია მყარ ფსიქიკას, დიდ შრომას და საკუთარი თავის სწორად პრეზენტაციას გულისხმობს. დიდი კონკურენციის პირობებში მატილდა გვარლიანის წარმატების საფუძველი არა მხოლოდ მისი გამორჩეული ვიზუალი, არამედ ის სილაღე, თავდაჯერებულობა და ე.წ. მთავარი გმირის ენერგია გახდა, რაც მისი ყოველი გამოჩენისას ასეთი შესამჩნევია. ერთი რამ ფაქტია - მატილდა უკვე იქცა მოდის მკაცრი სამყაროს რჩეულ სახედ და მის სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგონებთ.