სიმწვანე, როგორც ცხოვრების სტილი - პასუხი თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს Gaamtsvane.ge-სთან ერთად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქალაქებში სიმწვანის ნაკლებობა სულ უფრო თვალსაჩინოა. ბეტონის ნაგებობები, ჰაერის დაბინძურება და ბუნებრივი სივრცეების შემცირება თუკი ყველასთვის არა, მრავალი ადამიანისთვის მაინც შემაწუხებელი გახდა.

სწორედ ამ პრობლემებზე პასუხად ჩამოყალიბდა Gaamtsvane.ge – კომპანია, რომელიც სიმწვანის ჩვენს სახლში შემოტანას ისახავს მიზნად. კომპანიის თანადამფუძნებლები, დაჯი და კოკა, იხსენებენ, რომ იდეა მომხმარებლების მხრიდან სიმწვანის მოთხოვნილებით გაჩნდა:

"ბევრ ადამიანს აქვს გამწვანების სურვილი, თუმცა ამას დრო, შესაბამისი ცოდნა და მონდომება სჭირდება, რაც დღევანდელი ცხოვრების პირობებში არც ისე მარტივია", – აღნიშნავს დაჯი.

დაჯი ლიპარტელიანისა და კოკა ღოღობერიძის მიზანია, მაქსიმალურად კომფორტული სერვისი შესთავაზონ ადამიანებს. მათთან მოსული მომხმარებლები იღებენ ყველაფერს – დაწყებული დიზაინით, დასრულებული პროექტის სისრულეში მოყვანით.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის მოითხოვს გამბედაობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე სიახლეს ეხება. Gaamtsvane.ge-ს გუნდმაც ეს დიდი ნაბიჯი გადადგა.

"ადამიანები მიჩვეული არიან ინტერიერის დიზაინერის დაქირავებას ან ელექტრობის ხელოსნის მოხმობას, მაგრამ გამწვანების სერვისი ხშირად არ ახსენდებათ", – აღნიშნავს კოკა Entrepreneur-თან ინტერვიუში.

"მცენარეს სიყვარული სჭირდება, ცოდნა და მოთმინება. მე ყოველ დილას მინიმუმ 1 საათს მცენარეებს მოვლაში ვატარებ – ეს ჩემთვის თერაპიაა და სწორედ საქმისადმი ეს სიყვარული განაპირობებს ჩვენი ბიზნესის უნიკალურობას".

ახალი ბიზნესის განვითარებას თან ახლავს მრავალი გამოწვევა, და Gaamtsvane.ge-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ სერვისის საჭიროების აღიარება გახდა. კოკა აღნიშნავს, რომ მცენარეები ხშირად ინტერიერის დეკორაციის ნაწილად აღიქმება, და ადამიანებმა შესაძლოა არც იცოდნენ, თუ როგორ განსაკუთრებულ როლს ასრულებს თითოეული მათგანი ჩვენს ცხოვრებაში. მოვლა და ზრუნვა თითოეულ მათგანს სჭირდება.

"ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ცნობიერება და შევაყვაროთ ადამიანებს მცენარეებზე ზრუნვა. როცა სახლის გამწვანებას იწყებ, უკვე ქუჩაშიც მცენარეებს სხვანაირად უყურებ. ყველა ხილის ნაყოფი პოტენციურ მცენარედ გესახება და არა ნაგვად", – განმარტავს დაჯი და ამბობს, რომ მისთვის მცენარეების სიყვარული გადამდებია.

Gaamtsvane.ge-ის დამფუძნებლებისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო ერთმანეთი და საერთო ფასეულობებია.

"ყოველთვის გვინდოდა, რომ ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც ორივესთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, – ამბობს დაჯი, – კოკა ამ კომპანიის მთავარი ძალაა, ის მუშაობს უშუალოდ მცენარეებთან, მე კი ბიზნესის მართვა და კომუნიკაცია მაქვს ჩემს თავზე აღებული. ერთობლივად ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ, სადაც უნარები და ფასეულობები ერთმანეთს ავსებს".

მათი ისტორიაც თავის დროზე სულ რამდენიმე მცენარით დაიწყო, ახლა კი დაჯი და კოკა 40-მდე სახეობის მცენარეს უვლიან საკუთარ სახლში - რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება.

Gaamtsvane.ge მიზნად ისახავს, რომ სიმწვანე უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთვის და, პირველ რიგში, თბილისის ქალაქის ურბანული პეიზაჟი შეცვალოს. დაჯი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში ყველა ფანჯრიდან სიმწვანე გამოჩნდება, ხოლო ვერანდებიდან მცენარეები გადმოწვება.

"ჩვენი გეგმაა, გავცდეთ საქართველოს ფარგლებს და გავხადოთ გამწვანების სერვისი ისეთივე მოთხოვნადი, როგორიც ინტერიერის დიზაინია", – ამბობს კოკა.

Gaamtsvane.ge ქმნის ახალ სტანდარტს, სადაც სიმწვანე და ბუნებრივი სივრცეები არის არა უბრალოდ ინტერიერის ნაწილი, არამედ ცხოვრების აუცილებელი ელემენტი.