"აკადემ მედი" - "აჯიბადემის" კლინიკების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ანი გეგეშიძის ბრწყინვალე წარმატების ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანი გეგეშიძე პროფესიით ნეირორეაბილიტოლოგია. თურქეთში "სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში" სამედიცინო მეცნიერებათა ფაკულტეტი წარმატებით დაასრულა.
ანი ნეირორეაბიტოლოგია თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური კლინიკების ქსელ "ფულია აჯიბადემში", რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში აქვს ფილიალი. მრავალპროფილური კლინიკა ამერიკული და ევროპული სტანდარტებითაა აღჭურვილი და მთელ მსოფლიოშია ცნობილი.
ანიმ 2023 წელს თბილისში "აკადემ მედი" დააარსა, რომელიც "აჯიბადემის" ოფიციალური წარმომდგენელია საქართველოში.
თუ რა გზა გაიარა ანიმ და როგორ შეძლო ამ მასშტაბური მიზნის განხორციელება, Entrepreneur გიამბობთ.
რამ შთაგაგონათ ამ პროფესიის არჩევა?
ვარ ძალიან სოციალური ადამიანი, ამიტომ ყოველთვის ვიცოდი, რომ პროფესია, რომელსაც ავირჩევდი, ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი დახმარების საშუალებას მომცემდა. ნეირომეცნიერებები ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს მაინტერესებდა, თუმცა ნეირორეაბილიტაცია უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ავირჩიე. ამ დროს უფრო გამიღრმავდა ფიქრები და ინტერესი ამ სფეროს მიმართ.
რატომ გადაწყვიტეთ თურქეთში სწავლის გაგრძელება?
რამდენიმე ქვეყანას განვიხილავდით. საბოლოოდ თურქეთი ავირჩიე, რადგან ეს ის პერიოდი იყო, როცა იქ მედიცინა ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. ასევე, პირდაპირი ფრენებისა და ახლო გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ჩემი მშობლებიც მარტივად მოახერხებდნენ ჩემს მონახულებას. მაშინ 20 წლის ვიყავი და ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი გამოცდილება იყო, ამიტომ ამ ფაქტორებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
რა იყო პირველი გამოწვევა, რომელსაც უცხო ქვეყანაში ცხოვრების საწყის ეტაპზე გადააწყდით და როგორ მოახერხეთ საკუთარი ადგილის დამკვიდრება?
თურქი ხალხი პატრიოტიზმითა და საკუთარი ერის მიმართ დიდი სიყვარულით გამოირჩევა. ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ენობრივ ბარიერს. თუ მათ ენაზე საუბარს დაიწყებ, საკუთარი ოჯახის წევრად ჩაგთვლიან. ამიტომ ჩასვლისთანავე გადავწყვიტე, რომ თურქული, როგორც მშობლიური ენა, შემესწავლა. ეს ძალიან დამეხმარა. როცა ენობრივი ბარიერი გაქრა, ყველა პრობლემა თავისით მოგვარდა.
ასევე ძალიან დამეხმარა ჩემი სამეგობრო წრე. საოცარი მეგობრები შევიძინე, რომლებთანაც დღემდე მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და მათ გარეშე, ალბათ, არაფერი გამოვიდოდა. ოჯახის წევრებიც ხშირად ჩამოდიოდნენ და ეს მარტო ყოფნის ტვირთს კიდევ უფრო მიმსუბუქებდა.
სწავლის პარალელურად, როგორ ვითარდებოდა თქვენი პროფესიული საქმიანობა?
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, 2015 წელს, ჩემი პროფესორი, მეჰმედ ალი იერდელი, რომელიც "ფულია აჯიბადემში" მუშაობდა, დამიკავშირდა და მითხრა, რომ ეძებდა ახალგაზრდა ადამიანს მის განყოფილებაში სამუშაოდ.
ეს ადამიანი უნდა ყოფილიყო სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც ინგლისური მშობლიური ენის დონეზე უნდა სცოდნოდა და ასევე, თურქულ ენას ფლობდა.
აღმოჩნდა, რომ მე ყველა ამ მოთხოვნას ვაკმაყოფილებდი და ასევე შევაბიჯე "ფულია აჯიბადემში", სადაც ყველა საფეხური გავიარე, სტაჟიორიდან დაწყებული, უფროსი ექიმით დამთავრებული.
რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებსაც სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაბარება და ამ პროფესიის დაუფლება სურთ?
ექიმობა ძალიან რთული პროფესიაა. წარმატებული ექიმისთვის პროფესიისა და პირადი ცხოვრების შეთავსება ძალიან რთულია. ახალგაზრდებს, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, ვეტყოდი, რომ პასუხისმგებლობა და სირთულეები, რომლებიც ამ პროფესიას თან ახლავს, ბოლომდე გაითავისონ. ფინანსური კეთილდღეობა თუ სხვა მატერიალური სიკეთე არ არის საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ ექიმი გახდე. ეს მთელი გულითა და სულით უნდა გინდოდეს. თითოეული პაციენტის თუნდაც მცირე, წინ გადადგმული ნაბიჯი უდიდეს სიხარულს უნდა განიჭებდეს, სხვანაირად არაფერი გამოვა.
ფინანსური კეთილდღეობა ჩვენს პროფესიაში ძალიან გვიან მოდის, იქამდე მისასვლელად წარმოუდგენელად რთული დაბრკოლებების გადალახვაა საჭირო, ამიტომ თქვენი მთავარი მოტივაცია საკუთარი საქმის სიყვარული უნდა იყოს.
როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე?
სტამბოლი ძალიან დიდი ქალაქია. აქ 25 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ცხოვრების ტემპი აჩქარებულია და ამასთან ფეხის აწყობა საკმაოდ რთულია.
გარდა იმისა, რომ აქ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ცნობიერება სამედიცინო რეაბილიტაციის სფეროში ძალიან მაღალია, შესაბამისად, მომართვიანობაც მუდმივად მზარდია.
დილიდან საღამომდე ლანჩისთვისაც კი ვერ ვპოულობთ დროს. მუშაობას დილის 8 საათზე ვიწყებთ, მაგრამ დასრულების დრო ყოველთვის განუსაზღვრელია. სანამ ყველა პაციენტს გამოჯანმრთელებულს და ბედნიერს არ გავუშვებთ, ჩვენი სამუშაო დრო არ სრულდება.
სწავლის დასრულების შემდეგ ფიქრობდით თუ არა საქართველოში დაბრუნებაზე და რატომ გადაწყვიტეთ დარჩენა?
როცა ლიცენზია ავიღე, აღარ მინდოდა უმცროსი ექიმის სტატუსით მუშაობა და გადავწყვიტე, საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქ ჩემი გეგმები მქონდა, რომელიც "აკადემ მედის" უკავშირდებოდა, თუმცა ეს გეგმები უეცრად ამოტრიალდა, როცა ჩემმა უფროსმა, ცნობილმა ონკოქირურგმა, უმიტ სეკმენმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს გაშვებას არ აპირებდა და სამსახური არა უმცროსი ექიმის, არამედ ნეირორეაბილიტოლოგის რანგში შემომთავაზა.
მეც ჩალაგებული ჩემოდნები ამოვალაგე და გადავწყვიტე, რომ სანამ საქართველოში დავბრუნდებოდი, უფრო მეტი გამოცდილება დამეგროვებინა.
"აკადემ მედის" დაარსების შესახებ გვიამბეთ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რა იყო თქვენი მთავარი მიზანი?
ყოველთვის ვიცოდი, რომ, როცა საქართველოში დავბრუნდებოდი, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას აუცილებლად დიდი მიზნისთვის გამოვიყენებდი.
წლების განმავლობაში მიღებული განათლებითა და გამოცდილებით შარშან, ოქტომბერში, თბილისში კლინიკა "აკადემ მედი" გავხსენით. ეს იყო უდიდესი ზეიმი. კლინიკის გახსნას მსოფლიოში ცნობილი ბუმბერაზი თურქი ექიმები ესწრებოდნენ. მანამდე მათთვის საქართველო უბრალოდ ქვეყანა იყო, რომელზეც ვუყვებოდი, ბევრი მათგანი აქ ნამყოფიც არ იყო, მაგრამ ნდობა გამოგვიცხადეს და გვერდით დაგვიდგნენ.
"აკადემ მედი" "აჯიბადემის" ქსელის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტს ყველა საორგანიზაციო საკითხი, იქნება ეს აეროპორტის ტრანსფერი, დაბინავება, ექიმთან ვიზიტი თუ სხვა, სრულად დავუგეგმოთ ისე, რომ იგი მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე ფიქრობდეს.
გარდა ამისა, ჩვენი კლინიკა უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და არა მხოლოდ ნეირო, არამედ ორთოპედიული, ონკოლოგიური, რევმატოლოგიური და ტრავმატოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრებიც მოქმედებს. "აკადემ მედი" ყველა ტიპის პაციენტთანაა ადაპტირებული.
სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ, ცნობიერების ამაღლებისა და მომავალი თაობის დახმარებისთვის რის გაკეთებას აპირებთ?
პაციენტების გარდა, გვინდა ჩვენს მომავალ კოლეგებსაც დავეხმაროთ. სტუდენტებს საჭირო ინფორმაცია და პროგრამები მივაწოდოთ. რეგიონებში სამედიცინო რეაბილიტაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება ავამაღლოთ.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გუნდის წევრები, ქართველი ექიმები დაუღალავად შრომობენ და მუდმივად განვითარებისთვის იღწვიან. არ ვტოვებთ არცერთ სამედიცინო კონგრესსა თუ კონფერენციას, რათა ახალი ცოდნა და გამოცდილება შევიძინოთ.