Get All Access for $5/mo

''არდიმ'' საინვესტიციო ფონდისგან Gazelle Finance, საინვესტიციო ფონდისგან Gazelle Finance, 2 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების გარდა, სადაზღვევო კომპანიამ "არდი", საზოგადოებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო დონის სპეციალისტი − ვოლფგანგ ვანდი წარუდგინა

9 აგვისტოს სასტუმრო "რადისონში" სადაზღვევო კომპანიამ "არდი" საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა მულტინაციონალურ საინვესტიციო ფონდთან Gazelle Finance, რის შედეგადაც ფონდი "არდის" სტრატეგიული აქციონერი გახდა. საინვესტიციო პაკეტის მოცულობამ 2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კომპანიის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ Gazelle Finance-ის ინვესტორები ისეთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებია, როგორებიცაა: DFC (ყოფილი OPIC) და FMO.

ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალის პარალელურად, კომპანიამ "არდი" პრესასა და საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭოს ახალი, დამოუკიდებელი წევრი, სადაზღვევო, საგადამზღვევო, ჯანდაცვისა და პორტფელის საინვესტიციო მართვის სფეროში 40-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი − ბატონი ვოლფგანგ ვანდი წარუდგინა. ვოლფგანგ ვანდი 2008-2012 წლებში მსოფლიოს უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია Allianz SE-ის, აღმასრულებელი ბორდის თავმჯდომარის პოზიციაზე ხელმძღვანელობდა და ახორციელებდა კომპანიის რეგიონულ მართვას ევრაზიის ქვეყნებში. მანამდე, ბატონი ვანდი ექვსი წლის განმავლობაში გახლდათ S&P-ის მიხედვით A- რეიტინგის მქონე ყველაზე მსხვილი სადაზღვევო პულის − ESG – European Specialty Reinsurance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯანდაცვის, უბედური შემთხვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით, რომელიც მსოფლიოს უდიდესი გადამზღვევი კომპანია SwissRe-ის მხარდაჭერით არის დაფუძნებული. იგი ხელმძღვანელობდა ოფისებს ბერმუდში, დუბლინში, ლონდონში, ჰამბურგში, მოსკოვში, ტორონტოში, მაიამიში, ჰონკონგში და კუალა ლუმპურში.

"როგორც აღნიშნული ამერიკული საინვესტიციო კაპიტალის შემოდინება კომპანიაში, ასევე ახალი, უდიდესი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შემომატება ჩვენს გუნდში, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი "არდისთვის", რის შედეგადაც კომპანია განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადადის. ეს მალე აისახება ჩვენი დაზღვეულებისთვის კიდევ უფრო მეტად დახვეწილი მომსახურების შექმნაში. მნიშვნელოვნად შეიცვლება ის ციფრული ეკოსისტემა, რომელსაც დღეს "არდი" იყენებს, როგორც შიდა პროცესების მართვისთვის, ისე ჩვენი დაზღვეულების სამომხმარებლო პლატფორმებისთვის. ძალიან ვაფასებთ Gazelle Finance-ის უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას "არდის" მიმართ, როგორც მრავალი ქვეყნის მასშტაბით აღიარებულ საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორს, რომელიც საუკეთესოდ იცნობს საქართველოს ფინანსური ბაზრის კონიუნქტურებს", − განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ, "არდის" გენერალურმა დირექტორმა.

"Gazelle Finance მოხარულია გააგრძელოს პარტნიორობა "არდისთან", ამჯერად უკვე როგორც სტრატეგიულმა ინვესტორმა", − აღნიშნა ჯეფრი ლიბერტმა, Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, − "ჩვენი საინვესტიციო მხარდაჭერით, "არდი" გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს კორპორაციული მართვის სტრუქტურის კიდევ უფრო ასამაღლებლად, საერთაშორისო სტანდარტებისა და გლობალური სადაზღვევო ინდუსტრიის შესაბამისად. ამ პროცესის თანმდევია, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში უმაღლესი სადაზღვევო გამოცდილების მქონე აღმასრულებელი წევრის დამატება, ბატონ ვოლფგანგ ვანდის სახით".

"ჩემთვის დიდი პატივია, გავუწიო მეგზურობა "არდის", როგორც საუკეთესო მზღვეველ კომპანიას ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, მის მოტივირებულ მმართველ გუნდთან ერთად. კომპანია უკვე უსწრებს კონკურენტებს ტექნოლოგიებზე ორიენტირებული აპლიკაციებისა და მომსახურების სტანდარტის მიხედვით. ჩემს კოლეგა დირექტორებთან ერთად ჩვენ უზრუნველვყოფთ ბიზნესის წარმართვას დასავლური კორპორაციული მართვის სტანდარტის შესაბამისად და მოხარული ვარ, რომ მექნება შესაძლებლობა, ჩემი მრავალწლიანი ექსპერტიზა და გამოცდილება გამოვიყენო "არდის" განვითარების ამ ახალ გზაზე", − განაცხადა ვოლფგანგ ვანდიმ, "არდის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელმა მოადგილემ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე