Get All Access for $5/mo

ხელოვნური ინტელექტი განათლების სფეროში - სტრატეგიის აუცილებლობა, შესაძლებლობები და რისკები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. კარგა ხანია, ის აღარ არის მხოლოდ სამეცნიერო ფიქცია. დაწყებული მოგზაურობის დაგეგმვიდან დამთავრებული თითოეული ჩვენგანის მობილური ტელეფონების ფუნქციებით, ცხოვრების ყველა სფეროში ადამიანი აქტიურად და ხშირად გაუცნობიერებლადაც მოიხმარს ხელოვნური ინტელექტს ისე, რომ შესაძლოა აღარც კი გვახსოვდეს, როგორ ვგეგმავდით ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა აქტივობას იმ დრომდე, ვიდრე ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურობაში ასეთ მასშტაბს მიიღებდა.

გარდა ადამიანის რუტინული ცხოვრებისეული მოვლენების გამარტივებისა, ხელოვნური ინტელექტი ეხმარება სამყაროს მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოწვევების დაძლევაში, დაწყებული ქრონიკული დაავადებების მკურნალობით დასრულებული კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების პროგნოზირებით. შესაბამისად, ტექნოლოგიების უსასრულო შესაძლებლობებმა და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვასთან დაკავშირებულმა რისკებმა დღის წესრიგში დააყენა ხელოვნური ინტელექტის მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის აუცილებლობა. ამასთან, რიგმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სტრატეგია სახელმწიფოებრივ დონეზე.

დღეისათვის, როცა ყველა მიმართულებით კონკურენტუნარიანობის მთავარი ინდიკატორი მუდმივად განახლებადი ინფორმაციის ფლობაა, ამ დრომდე კაცობრიობის ინსტიტუციურ მეხსიერებაში დაგროვილი მონაცემების მოცულობის გათვალისწინებით, შეუძლებელია ადამიანმა გადაამუშაოს და საჭიროების მიხედვით გააანალიზოს ისინი. შესაბამისად, ე.წ. ღრმა დასწავლის (deep learning) პროცესი წარმოუდგენელია ხელოვნური ინტელექტის გარეშე.

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უსასრულო შესაძლებლობებისა და თანმდევი რისკების გათვალისწინებით, ევროკავშირში, შესაბამისი პროცედურების დაცვით, მომზადდა ხელოვნური ინტელექტის მომწესრიგებელი რეგულაციის პროექტი, რომელშიც მოცემულია ნორმები ხელოვნური ინტელექტის ცნების შესახებ, ასევე სფეროები, რომლებშიც აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა სფეროში გამოყენების მომწესრიგებელი ზოგადი ჩარჩო და ა.შ. გარდა აღნიშნულისა, ევროკავშირმა შეიმუშავა ეთიკის გზამკვლევი ხელოვნური ინტელექტის საგანმანათლებლო სფეროში გამოყენების მიზნებისათვის. აღსანიშნავია, რომ როგორც ამ კონკრეტული დოკუმენტის, ისე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ევროკავშირის ყველა სხვა დოკუმენტის მთავარი პოსტულატი, რომლის გარშემოც ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და დანერგვის იდეა ტრიალებს, ადამიანთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაა. შესაბამისად, ამ გზამკვლევის შესავალშივე აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებაში აღარაა შორეული მომავალი და მან უკვე შეცვალა განათლების პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სწავლების გზები და მეთოდები, ხოლო საგანმანათლებლო ინსტრუმენტები მასწავლებელთა და საგანმანათლებლო პროცესში ჩართულ პირთა საჭიროებებზე მეტად მორგებული გახადა. აქვე დეკლარირებულია, რომ იგი შემუშავებულია საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირებისათვის, რათა მათ შეძლონ იმ პოტენციალის აღქმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მონაცემების დამუშავებას აქვს განათლების მიზნებისათვის, უნდა ამაღლდეს ხელოვნურ ინტელექტსა და მის რისკებთან დაკავშირებული ცნობიერება, რათა ისინი გამოიყენონ პოზიტიური, კრიტიკული და ეთიკური კონტექსტით, ხელოვნური ინტელექტის სისტემების სრული პოტენციალის ათვისებისათვის.

საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის მოხმარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც სულ უფრო მასშტაბური ხდება. მასწავლებლები, მოსწავლეები, სტუდენტები და ლექტორები, ასევე განათლების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი მენეჯერები სულ უფრო ხშირად იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს იმის გაცნობიერების გარეშე, რომ იგი ხელოვნური ინტელექტია. გზამკვლევის მთავარი გზავნილი, რომელსაც საგანმანათლებლო თუ განათლების ადმინისტრირების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იდეა ეყრდნობა, შემდეგია: ხელოვნურ ინტელექტს უნდა ჰქონდეს მხოლოდ დამხმარე ფუნქცია იმგვარად, რომ პროცესი ბენეფიციართა საჭიროებებზე მეტად მორგებული გახადოს და გაამარტივოს მონაცემების დამუშავების გზები. მაგალითად, კვლევის პროცესში დამხმარე აპლიკაციები, თარჯიმნის პროგრამები, ჩატბოტები თუ სხვა მსგავსი სოფტები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი დიდი ადგილი უკავია ხელოვნურ ინტელექტს განათლებაში. ამასთან, თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიების უსასრულო შესაძლებლობების გათვალისწინებით, სწორი და დროული მონაცემების ფლობა, ინფორმაციის ზღვაში გზის გაკვალვა სულ უფრო რთული ხდება, აკადემიური კვლევის წარმართვის მიზნებისთვის, განსაკუთრებით აქტუალურია ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამები, რომლებიც სტუდენტებსა და მკვლევრებს მონაცემების დამუშავებაში დაეხმარება. მეორე მხრივ, ე.წ. ჭკვიანი ასისტენტები (smart assistants) კარგი შესაძლებლობაა განათლების პროცესის დამგეგმავებისათვის აუდიტორიისა და მსმენელთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისათვის.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აუცილებელია შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის შესახებ. აუცილებელია, არსებობდეს ხედვა, თუ როგორ ვითარდება და ინერგება განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის მომხიბლავ შესაძლებლობებს თან ახლავს გამოწვევები და რისკებიც. ამიტომაც აუცილებელია, რომ სტრატეგიაში გათვალისწინებულ იქნეს ამ რისკების დაზღვევისა და გამოწვევებთან გამკლავებისათვის შესაბამისი მიდგომებიც, ვინაიდან, ხელოვნური ინტელექტის ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დგება მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების უსაფრთხოების და როგორც ამ მონაცემების, ისე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროცესში ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა აღნიშნულისა, ხელოვნური ინტელექტის დანერგვასა და განვითარებას სჭირდება შესაბამისი ადამიანური და მატერიალური კაპიტალის არსებობა, ციფრული უნარების განვითარება. ამდენად, განათლების სექტორი სწორედ ის პრიორიტეტია, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვის თაობაზე სტრატეგიისა და ხედვის სწორად ჩამოყალიბებამ, მიზნის სწორად დასახვამ ცნობიერების ამაღლებასაც უნდა შეუწყოს ხელი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია