Get All Access for $5/mo

ლიდერობა 4.0 ანუ რა კომპეტენცია გამოარჩევს მომავლის ლიდერებს "იყო მოტივირებული და ცნობისმოყვარე, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე იყო ჭკვიანი".- ჯეიმს ქლეარი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ, სწრაფად ცვალებად სამყაროში ნათლად ჩანს, რომ იმისგან დამოუკიდებლად, რა პროფესიას ავირჩევთ ან/და რა საქმეს წამოვიწყებთ, წარმატების მისაღწევად გვჭირდება ვიყოთ პროაქტიური, მიზანსწრაფული და ინიციატივიანი. ამისთვის საკმარისია საკუთარ თავში გავააქტიუროთ მეცნიერული აზროვნების მამოტივირებელი თვისებები, რაც გვაჩვევს, როგორც ბავშვს, შეკითხვების დასმითა და პასუხების გადამოწმებით აღმოვაჩინოთ სიახლეები და გამოვხატოთ შინაგანი აღტაცება.

ლიდერული ბუნების ადამიანი ნებისმიერი ცვლილების მიმღებლობით და სათანადო ქმედებით თავადაც ვითარდება და სხვებსაც ავითარებს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ენიჭება შემოქმედებით მიდგომებს, რაც ხელს უწყობს თვითშემეცნების, მოქნილობისა და ცნობისმოყვარეობის განმტკიცებას. ძიებას თავისთავად მივყავართ ახალ მიგნებებთან.

განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან არაერთი მაგალითი შეგვეხვედრია, როცა ბევრი წამყვანი ორგანიზაცია გაება ე.წ. წარმატების მახეში. მათ ისე ამოწურეს თავიანთი რესურსი, რომ ვეღარ შეძლეს შემდგომი განვითარება. ასეთი კომპანიებისგან განსხვავებით, არიან პროგრესულად მზარდი ბრენდები, რომლებმაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის რევოლუციურ გარდაქმნებს სინქრონულად აუწყვეს ფეხი, სწრაფად დაიწყეს გუნდების სათანადო პროფესიული მომზადება-გადამზადება და ტრადიციული მმართველობითი სისტემა დროულად ჩაანაცვლეს ტრანსფორმაციულ ცვლილებათა მართვის სტილით.

ტერმინი "ინდუსტრია 4.0" პირველად გამოიყენა გერმანიის ნაციონალური ინჟინერიისა და მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელმა, ჰენინგ კეგერმანმა, 2011 წელს. მიდგომას მხარი დაუჭირეს გერმანულმა მსხვილმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა, "დოიჩე ტელეკომი", "ბოში", "ბიეიესფი", "დაიმლერი" და სხვ.

ინდუსტრიული განახლების ინიციატივა სწრაფად გავრცელდა ამერიკაში, ჩინეთში, იაპონიაში, სკანდინავიურ ქვეყნებში, გაერთიანებულ საგრაფოში. ამის საფუძველზე დამკვიდრდა ლიდერობა 4.0, რაც გულისხმობს ურთიერთშეკავშირებული ძლიერი გუნდების ჩამოყალიბებასა და პროცესებში მყისიერ ჩართულობას, ამავდროულად, დასახული მიზნების სიცხადესა და წინსვლისკენ ორიენტირებულ ქმედებებს. არსებითად მნიშვნელოვანია ახლებური ხედვით საკუთარი თავისა და ბიზნესპროცესების მართვის გაუმჯობესება, რაშიც უდიდესი წვლილი აქვს თვითანალიზის, თვითდისციპლინისა და ლიდერობის კომპეტენციებს.

ახლა მთელი მსოფლიო ცხოვრობს ერთი მხრივ, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ხანაში, მეორე მხრივ, ე.წ. VUCA სამყაროში (Volatility - ცვალებადობა, Uncertainty - გაურკვევლობა, Complexity - სირთულე, Ambiguity - ბუნდოვანება). ასეთ ვითარებაში ლიდერის მაღალ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს ტალანტების მოზიდვა-განვითარების ნიჭი, ხოლო პროდუქტიულობის ზრდას განსაზღვრავს ინოვაციურობისა და შემოქმედებითობის დაფასება.

გარშემო მიმდინარე ცვლილებები განგრძობითი პროცესია და თანამიმდევრულ გაძღოლას საჭიროებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციაზე მეტად ლიდერობა 4.0 ასოცირდება კოლაბორაციულ მდგრად განვითარებასთან, რომლის ფარგლებში ჭეშმარიტი ლიდერი, როგორც დამკვალიანებელი, ყოველთვის მზადაა სხვების მოსასმენად, გამოცდილების გასაზიარებლად, მოსაზრებათა გასაცვლელად და სიახლეების მისაღებად. ზოგადად, კომპანიის საქმიანობაში მიღწეული შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ლიდერის სტრატეგიულ ხედვასა და საქმისადმი შემოქმედებით დამოკიდებულებაზე. მისი მეშვეობით კოლექტიური ერთიანობა ანუ პროცესების მართვაში გუნდური ჩართულობა დადებითი რაკურსით ცვლის მიმდინარე მოვლენათა ტრაექტორიას.

როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტს, მიმაჩნია, რომ ლიდერული აზროვნება ნებისმიერი წარმატებული სტრატეგიის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. მისი მეშვეობით მატულობს ბრენდის ავტორიტეტი საზოგადოების თვალში, ასევე, ძლიერდება ბრენდისადმი ლოიალობა და ნდობაზე აგებული ურთიერთობის სიმყარე. გასული წლიდან მოყოლებული, აქტიურად ვმონაწილეობ ინოვაციური მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტში. ჩემს კოლეგებთან ერთად შევქმენი სატრენინგო მოდული ლიდერისთვის შესაფერის უნარებში დასაუფლებლად. სწავლების მეთოდები აერთიანებს დიზაინაზროვნების პრინციპს, ადიზესის სკოლის მეთოდოლოგიას, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში აპრობირებულ კომუნიკაციის ტექნიკებს. ამასთანავე, გამოყენებულია ლიდერობის თემაზე სხვადასხვა წიგნის დამუშავებით მიღებული გამოცდილება.

ამ მიმართულებით აკადემიურ სივრცეშიც საინტერესო სიახლეებია. მაგალითისთვის მოვიყვან შტაინბაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესისა და მეწარმეობის სკოლის სამაგისტრო პროგრამას ზოგად მენეჯმენტში დასახელოვნებლად. პროგრამის კურიკულუმი ეყრდნობა მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებულ სწავლების ინოვაციურ მიდგომებს და დუალური განათლების პრინციპით თეორიასთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღებას. მაგისტრის კვალიფიკაციის მისანიჭებლად სტუდენტი კონკრეტული სფეროსთვის / ორგანიზაციისთვის ამუშავებს პროექტს ბიზნესპროცესების მართვის ოპტიმიზაციის, გაყიდვების სტიმულირების, ბაზრის ნიშის გაფართოებისა თუ ახალი პროდუქტის შექმნა-განვითარების ჩათვლით.

რამდენადაც აღნიშნული სკოლის სამი მთავარი საყრდენია ინოვაციურობა, პერსონალური განვითარება და ლიდერობა, პრაქტიკოსი ლექტორები, მენტორებთან ერთობლივად, ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობით, სტუდენტებს ეხმარებიან გაიმყარონ ლიდერის კომპეტენცია. პროგრამის დაწყება-დამთავრების ეტაპებზე ორი მოდულის მეშვეობით სტუდენტი სწავლობს, როგორ მოახდინოს ყურადღების კონცენტრირება დასახულ მიზანზე და სასურველი მომავლის ხედვის კრისტალიზება პროექტით მისაღწევ შედეგებში, როგორ შექმნას მწყობრად თანამიმდევრული, სიღრმისეული სტრატეგია, რომლის მთავარ ორიენტირს ღირსების შეგრძნება, წინსვლის ხარისხი და მოლოდინების გამართლება წარმოადგენს.

აქვე გაგიზიარებთ შემოქმედებითი ლიდერობის გაკვეთილების შესახებ საინტერესო მიგნებებს დისნეის კორპორაციის ხელმძღვანელის, ბობ აიგერის, ავტობიოგრაფიული შინაარსის წიგნიდან The Ride of a Lifetime. მან გამოკვეთა 10 პრინციპი, რაც დაეხმარა საუკეთესოდ გამოევლინა ჭეშმარიტი ლიდერის მახასიათებლები:

ოპტიმიზმი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება დადებითი ენერგიით დასამუხტად და პრაგმატული ენთუზიაზმით წინსვლის სამოტივაციოდ.

გამბედაობა - რისკის აღებისა და სიახლეებისკენ სწრაფვის დაუოკებელი სურვილი, როცა შემართება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაპირობაა.

ფოკუსირება - დროის, ენერგიისა და რესურსების გადანაწილება, მათი მისადაგება პრობლემის მოგვარებისა და პროექტის წარმატებით დასრულებისთვის.

საზრიანობა - ანალიტიკური მსჯელობით რაციონალური გადაწყვეტილების დროული მიღება.

ცნობისმოყვარეობა - ახალი ადამიანების, ადგილების, იდეების აღმოჩენა და ცვალებად დინამიკაში სწრაფი გარკვევა.

სამართლიანობა - ადამიანებისადმი ღირსეული მოპყრობა და ემპათიაზე დაფუძნებული მიუკერძოებლობა.

დაფიქრებულობა - მრავალ მოსაზრებათა აწონ-დაწონა ყველაზე სანდო და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ნამდვილობა (ნაღდობა) - ნდობისა და პატივისცემის მოპოვება პატიოსანი, კეთილსინდისიერი საქმიანობით.

უკეთესობისკენ სწრაფვა - პერფექციონიზმის გარეშე დაუღალავი მიდრეკილება საქმის უკეთ შესასრულებლად.

მთლიანობა - გადაწყვეტილების მიღებასა და სხვა თანამდევ პროცესებში სრული ჩართულობით ერთიანობის განცდის გაღვივება.

როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მისი განვლილი გზის შეფასებითა და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ნებისმიერ მენეჯერსა თუ მეწარმეს შეუძლია მოიძიოს საკუთარ თავში ძალა "რეაქციული მე-დან" თვითშემოქმედ პიროვნებად ფორმირებისთვის. ეს სერიოზული გარდატეხაა, რომლის შედეგად ადამიანებს ემატებათ შინაგანი თავისუფლება და სიმხნევე ორგანიზაციული კულტურის გასაუმჯობესებლად.

შეჯამების სახით დავამატებ, რომ გამორჩეული ლიდერობა მარტოოდენ კომპეტენციით გამოვლენილი შესაძლებლობა როდია. ის საჭიროებს საკუთარი თავის რწმენას და ხასიათის სიმტკიცეს. შესაბამისად, მისი ღირებულებითი ნაწილი აერთიანებს თვითშეგნებას, სიდინჯეს, ნდობას, რაციონალურ განსჯასთან შეზავებულ ინტუიციას და, რაც მთავარია, პირად პასუხისმგებლობას ნათქვამითა თუ ნამოქმედარით მიღებულ შედეგებზე.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!