Get All Access for $5/mo

Madi Knitwear - ადგილი, სადაც ყველა სეზონისთვის სასურველ ნაქსოვ სამოსს შეარჩევთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Madi Knitwear-ის ბრენდის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც მარიამ გოგუამ საკუთარი დიზაინითა და დედის დახმარებით პირველი განსხვავებული კარდიგანი დაამზადა. მალევე ფოტო სოციალურ ქსელში პირად გვერდზე განათავსა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამ საქმითა და იდეით შთაგონებულმა მეორე დღესვე Facebook გვერდი შექმნა და საკუთარი ნაწარმის რეალიზაციას შეუდგა.

მარიამს, როგორც Madi Knitwear-ის დამფუძნებელსა და კრეატიულ დირექტორს, ყოველთვის იტაცებდა დიზაინი და ჰქონდა სურვილი, შეექმნა გემოვნებიანი და უნიკალური პროდუქტი.

"ნაქსოვი ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული კომპანიები საქართველოში, ვფიქრობ, არც არსებობდა. ქართველ მომხმარებელს კი მხოლოდ სტანდარტული ტიპის პროდუქციის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდა. ძალიან მალე ჩვენი პროდუქცია პოპულარული გახდა, სწორედ იმიტომ, რომ მომხმარებლებს განსხვავებული და უნიკალური პროდუქცია შევთავაზეთ", − აღნიშნავს მარიამ გოგუა.

მარიამის თქმით, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყება საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან − პროცესი საკმაოდ დიდ რისკებს მოითხოვდა, თავად კი დიზაინის, ქსოვისა და ბიზნესის მართვის არანაირ პრაქტიკულ გამოცდილებას არ ფლობდა, გარდა იმ თეორიული ცოდნისა, რაც უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე შეიძინა.

ამ პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ბრენდისთვის გაყიდვების სეზონურობა აღმოჩნდა. რამდენიმე წელი გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში Madi Knitwear-ს, ფაქტობრივად, ჩავარდნა ჰქონდა გაყიდვებში, რადგან ნაქსოვი ტანსაცმელი მომხმარებლისთვის მხოლოდ სიცივესთან ასოცირდებოდა. პრობლემის გადაჭრა გუნდმა პროდუქციის გამრავალფეროვნებითა და მომხმარებლისთვის საზაფხულო ნაქსოვი ტანსაცმლის შეთავაზებით შეძლო, რამაც წარმატებულად იმუშავა. დღეს Madi Knitwear-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ყველა სეზონისთვის აარჩიონ სასურველი სამოსი და თავი გამორჩეულად იგრძნონ.

"ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ ვიტყვი, რომ იმ დროისთვის ხშირად მიწევდა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ბევრჯერ გაჟღერებულა ფრაზა ჩემი მიმართებით − "პატარა გოგომ თანაც ორი შვილით ბიზნესი როგორ უნდა მართო?!", თუმცა მსგავსი დამოკიდებულება ჩემთვის უფრო მეტი მიზანდასახულობისა და პრინციპულობის შენარჩუნების მიზეზი ხდებოდა. მე შევძელი დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ მარტოხელა ქალს, ორი შვილით, ნამდვილად შეუძლია წარმატებულად მართოს ბიზნესი", − აღნიშნავს Madi Knitwear-ის დამფუძნებელი.

როგორც მარიამი აღნიშნავს, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მას საკუთარი შეხედულებებისა და მისწრაფებების პატივისცემა და შეცდომების თავის სასარგებლოდ გამოყენება ასწავლა. მარიამის აზრით, ანტრეპრენერობისთვის მნიშვნელოვანია, არ დაეჭვდეთ საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან სასურველი შედეგის მისაღებად ყოველთვის შეიძლება შემოქმედებითი გზის პოვნა.

"სიტყვა "ანტრეპრენერი"-ის გაგონებისას მახსენდება ფრანგულის გაკვეთილი სკოლაში, როდესაც პირველად გავიგე მისი მნიშვნელობა და მაშინვე დავფიქრდი, ნეტავ მეც თუ გავხდებოდი ოდესმე "ანტრეპრენერი". ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურთ, ვურჩევდი აუცილებლად გარისკონ, არ შეუშინდნენ იმედგაცრუებებსა და შეცდომებს, რადგან დაბრკოლებების გადალახვა წარმატებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის", − აღნიშნავს იგი.

აღსანიშნავია, რომ Madi Knitwear-ის დამფუძნებელმა გასულ წელს "აწარმოე საქართველოში" გრანტი მოიპოვა, რომლითაც შეძლო საწარმოს გაფართოება, დანადგარების შეძენა და 2024 წელს დამატებით 5-6 ქალის დასაქმება იგეგმება. მიმდინარე წელს მარიამ გოგუა წარმოების სამჯერ გაზრდას, ექსპორტის მიმართულების განვითარებასა და ყაზახეთში ბრენდის მაღაზიის გახსნას აპირებს.
ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე