მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნინო ენუქიძემ AI4Globe ინიციატივა წარადგინა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც წელს სინგაპურში გაიმართა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ პროექტი AI4Globe წარადგინა და საგანმანათლებლო სექტორში მომავლის ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
AI4Globe BTU-ში ინიცირებული პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების გავრცელებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისახავს მიზნად. მისი მიზნობრივი ჯგუფია აკადემიური სექტორი, ბიზნესი, ქალები, ბავშვები და მოზარდები. აღნიშნული ჯგუფებისთვის, BTU-ში უკვე დაწყებულია მომზადება-გადამზადების პროგრამები. AI4Globe იქნება ერთერთი პირვველი ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ექსპორტი მთელს მსოფლიოში განხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრი UNICRI, გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN Women, გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF, ევროპული ბიზნესასოციაცია EBA, აგრეთვე, მაღალრეიტინგული ევროპული უნივერსიტეტები და ინოვაციური ცენტრები.
სინგაპურში გამართულ სამიტზე, ნინო ენუქიძის გამოსვლაში, ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე, მისი ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოყენების მნიშვნელობაზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია შედგეს საერთაშორისო დონეზე, ციფრული წიგნიერების დონის ზრდისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, აგრეთვე, იმ საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის თუ კიბერჰიგიენის ნორმების დარღვევას ახლავს თან.
აღსაღნიშნავია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ, ახალგაზრდა გლობალურ ლიდერთა რეიტინგში, საქართველოდან, ნინო ენუქიძე 2024 წელს დასახელდა.
რეიტინგი სამ წელიწადში ერთხელ დგება და შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100მდე ლიდერი სახელდება. ფორუმის განმარტებით, პრესტიჟული სარეიტინგო სისტემით შედგენილი სია წარმოაჩენს იმ ადამიანებს, ვისაც მსოფლიოს წინაშე მდგარი სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ, გლობალური ხედვა აქვთ.