ნდობაზე აგებული ურთიერთობის ფასი "ენდეთ ადამიანებს და ისინი სიმართლეს გეტყვიან; მოექეცით მათ ღირსეულად და ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ თავს". - რალფ უოლდო ემერსონი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნდობის მოპოვების მარტივი ფორმულა ასე გამოიყურება: იყო სიმართლით განმსჭვალული და პასუხისმგებელი საკუთარ სიტყვასა და ქმედებაზე. როცა ვფიქრობთ, რა განაპირობებს ბრენდის მიმართ ლოიალობას, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ორგანიზაციის მისიაზე დაფუძნებული დანაპირების განუხრელი შესრულება და ურთიერთპატივისცემის განცდა.
ნდობა, როგორც გრძელვადიანი ურთიერთობის საშენი მასალა, ორი ძირითადი მახასიათებლით ყალიბდება. ეს არის ერთგულება და კომპეტენციის გამოვლენა. ბიზნესში, პოლიტიკასა თუ პირად ცხოვრებაში, ჩვენი ეთიკურობა პირდაპირ უკავშირდება საქმის საერთო ინტერესებს და არა რომელიმე მხარის ცალმხრივ მიზანს. რაც შეეხება კომპეტენტურობას, მასში გაერთიანებულია პროფესიული ცოდნა-უნარების ნაკრები და პრაქტიკული გამოცდილება მორალურ ქმედებებთან ერთობლივად.
ფილოსოფიურ ჭრილში თუ განვიხილავთ ნდობას, ის ღირებულებითი კომპონენტია, რომელიც პიროვნული და პროფესიული ზრდა-განვითარების მთავარ ძარღვს წარმოადგენს. რაც მეტია ნდობა ადამიანებს შორის, იქნება ეს პირადი თუ სამსახურებრივი ურთიერთობები, მით უფრო მყარია მიღწეული შედეგის გრძელვადიანი პერსპექტივა. ფაქტობრივად, ის ღირსების ტოლფასია, რამდენადაც მისი სიმტკიცე 3 საყრდენით შემოიფარგლება - გამჭვირვალობა, ჰუმანურობა და საიმედოობა.
ორგანიზაციული განვითარების პროცესში ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ვექტორი მიმართული უნდა იყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნაზე. გუნდი მაშინ არის ძლიერი, როცა მის წევრებს სჯერათ ერთმანეთის და უპირობოდ ენდობიან ერთმანეთს. ასეთი დამოკიდებულება მართლაც არსებითი ფაქტორია, რომლითაც ადამიანებს სიამოვნებთ ერთად ყოფნა, უყალიბდებათ მიკუთვნებულობის განცდა და აქვთ ერთმანეთის მხარდაჭერის იმედი.
ბიზნესგურუ, უამრავი ბესტსელერის ავტორი, იცხაკ ადიზესი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის სიჯანსაღე, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ეფექტიანობის თვალსაზრისით, ერთმანეთზე ფუნქციურად გადაჯაჭვული შიდაორგანიზაციული სტრუქტურების ერთიანობითა და ურთიერთმიმნდობი პატიოსანი ქმედებებით განისაზღვრება. ყველა რგოლს თავისი მიზანი გააჩნია, თუმცა მათი მოტივაცია უნდა იყოს კოლაბორაციული პრინციპით ერთმანეთისთვის სასარგებლო პროცესების ინიცირება სხვადასხვა მასშტაბური ამოცანების შესასრულებლად. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მაგალითი: ორგანიზაციაში მარკეტინგის დეპარტამენტი უფრო მეტად ორიენტირებულია გრძელვადიან ეფექტიანობაზე, თუმცა ამის წინაპირობას წარმოადგენს გაყიდვების მოკლევადიანი ოპერირების ეფექტურობა. ამავდროულად, ორგანიზაციის კულტურა ხანგრძლივი განვითარებისთვის ადამიანების ჩართულობასა და მათი სწორი ხედვის ფოკუსირებას საჭიროებს, რასაც წარმატებით განკარგავს ორგანიზაციაში ადამიანური კაპიტალის მოზიდვა-შენარჩუნების სტრატეგია სწორად გათვლილი ტაქტიკური ნაბიჯებით. ჭეშმარიტად ასეთი კოლაბორაციული მიდგომებით იქმნება ორმხრივი ნდობა და ურთიერთგაგება, რასაც განაპირობებს საერთო ღირებულებების დაფასება.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ სინერგიის პრინციპზე აწყობილ ორგანიზაციებში მინიმუმამდეა დაყვანილი უთანხმოება, კონფლიქტური სიტუაციები და პრაქტიკულად გამორიცხულია მწვავე დაპირისპირებები ცალკეულ ინდივიდებსა თუ მთლიან დეპარტამენტებს შორის. შიდაორგანიზაციულ დონეზე ამ ფორმით სტრუქტურირებული კომპანია უზრუნველყოფს პროცესებში თანამშრომელთა სრულ ჩართულობას და მათ შორის ურთიერთპატივისცემის გრძნობის გაღვივებას. შესაბამისად, ორგანიზაციის პოლიტიკა სისტემური ხასიათის გადაწყვეტილებათა მიღებისა და დისციპლინირებული ქმედებების მჭიდროდ დაკავშირებულ ჯაჭვს წარმოადგენს.
როგორია ნდობის შედეგი პირადი ურთიერთობის დონეზე?
ასეთ შემთხვევაში ადამიანები იძლიერებენ ლიდერულ თვისებებს და კოლაბორაციულ პარტნიორებად ყალიბდებიან. მათ შეუძლიათ გულმოდგინე მოსმენა და ერთმანეთისგან სწავლა, საკუთარი სისუსტეების აღიარება და სიძლიერეზე კონცენტრირება. მათი მიზანმიმართული ზრუნვა თვითგანვითარებასა თუ გარშემო მყოფების განვითარების ხელშეწყობაზე გამოიხატება, ერთი მხრივ, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, მეორე მხრივ, საჭირო რჩევების მიმღებლობაში. ისინი ყოველთვის მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, თამამად შეუძლიათ დატოვონ კომფორტის ზონა და გაბედულად შეეჭიდონ სიახლეებს. მათი მთავარი მამოტივირებელი ბიძგია შემართებით სიარული წინ, საერთო შედეგიანობის მისაღწევად.
როცა საუბარია ნდობის კრიზისზე, აქ ფუნდამენტური განზომილებაა დანაპირების შესრულება, რასაც ბიზნესეთიკის საკითხების გარშემო უამრავ კვლევაში ეთიკის კულტურის შექმნის ნომერ პირველ ქცევად ასახელებენ. "მე ის კი არ მადარდებს, რომ მატყუებდით, არამედ ის, რომ ვეღარ გენდობით", - ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი გამონათქვამი დღესაც განსაკუთრებით აქტუალურია ცხოვრებისეულ მოვლენათა სხვადასხვა პრიზმაში. ნებისმიერ ჩვენგანს ყოველთვის გვესაჭიროება ნდობის გამართლება. გვჭირდება, რომ გვქონდეს საიმედოობის განცდა, შეგვეძლოს ვიღაცას დავეყრდნოთ, ვიყოთ გულღია ჩვენი ემოციების, გრძნობებისა თუ ფიქრების გაზიარებაში. გვინდა, რომ ეს გულწრფელობა იყოს ორმხრივი და საკმაოდ მყარი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნდობა საკმაოდ ფაქიზი და მყიფეა. ის წლების განმავლობაში იქმნება, მაგრამ რაიმე უყურადღებობას, გაუთვალისწინებელ ქმედებას, შეუსრულებელ პირობას მყისიერად შეუძლია დაანგრიოს წლობით ნაშენები ურთიერთობა.
ნდობის გაზომვისა და ვიზუალიზაციის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნევა ე.წ. ნდობის ანგარიშების შექმნა, სადაც შეფასების ერთ-ერთი პრინციპი ობიექტურობა და სანდოობა. აქ იგულისხმება, რომ შესაფასებლად შეირჩეს ზუსტი გასაზომი კრიტერიუმები, გაზომვის შედეგები იყოს თანამიმდევრული და განმეორებადი. ამას უზრუნველყოფს მკაფიო შეკითხვები, ინსტრუქციები, ერთგვაროვანი გარემო და "არასწორის გამოსწორების" შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე და პირდაპირ აისახება კეთილსინდისიერი გზით ნდობის შენარჩუნების ხანგრძლივობაზე.
და მაინც, რა არის ნდობის აქტივი?!
ნდობის მშენებლობა ყოველდღიური ვალდებულებაა. მის გასამყარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მცირემასშტაბიანი ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებლობის აღებას საჭიროებს. მათი ერთობლიობით ნდობა თანდათანობით იზრდება და უფრო მარტივად ხდება გაცილებით მეტი საქმეების განხორციელება. როცა ენდობი გარშემო მყოფებს, სანაცვლოდაც იმავეს მიიღებ. ასეთი თანამიმდევრულობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნდობის მოპოვებისა და ხანგრძლივი შენარჩუნების ყველაზე ღირებულ საშუალებას წარმოადგენს.
ამ თემაზე ადრეც არაერთგზის მისაუბრია ჩემს საავტორო რადიოგადაცემებსა თუ ფორბსმოსაზრებაში გამოქვეყნებულ სტატიებში. უფრო ვრცლად ეს ფენომენი მიმოვიხილე წიგნში "ცხოვრება, როგორც პერფორმანსი". სხვადასხვა ბიზნესლიტერატურაზე დაყრდნობით და ჩემი პირადი დაკვირვებით შემიძლია აღვნიშნო, რომ კორპორაციული რეპუტაცია და სანდოობის მაღალი რეიტინგი ნებისმიერი ორგანიზაციისთვის უაღრესად საყურადღებო აქტივია, რომლის მართვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით მოპყრობას საჭიროებს.
შეჯამებისათვის, წარმატებული ორგანიზაციის განსავითარებლად ნდობის მნიშვნელობა ასე შეგვიძლია შევაფასოთ: ეს არის კოლაბორაციული ქმედებით ჯანსაღი ურთიერთობის ქვაკუთხედი, რომლის საფუძველი პატიოსანი კომუნიკაციაა. როგორც კი ტყუილი შეგვხვდება, ჩვენი სანდოობის ხარისხიც დაეცემა. ურთიერთობების სიმყარისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გულწრფელობა, დანარჩენი კი თავისთავად მოვა. როგორც თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პიტერ დრაკერი აღნიშნავს: "ახლა ორგანიზაციები ძალაზე კი არაა აგებული, არამედ ნდობაზე".