Get All Access for $5/mo

რატომ უნდა ვსაუბრობდეთ ხელოვნების კომერციალიზაციაზე?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნების კომერციალიზაცია თავის თავში ხელოვნებით საკუთარი თავის რეალიზებას გულისხმობს − როგორც კრეატიული, ასევე მატერიალური კუთხით. ზოგისთვის ეს ტერმინი − კომერციალიზაცია, მიუღებელია, ზოგი კი მას არტისტის განვითარების შესაძლებლობად მიიჩნევს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების აზრი ორად იყოფა, ხელოვანი ადამიანები დღეს სათანადოდ დაფასებულნი მაინც არ არიან. მათ ხშირად უწევთ საკუთარი შემოქმედება იმაზე იაფად შემოგვთავაზონ, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა. არ აქვს მნიშვნელობა, ხელოვნების რა დარგი იქნება ეს − თუკი არტისტის შემოქმედებას მაღალი ფასი ადევს, იგი კრიტიკის ობიექტი აუცილებლად გახდება, ფრაზით: "ხალხის ხარჯზე გინდათ ფულის კეთება?".

Entrepreneur ხელოვნების კომერციალიზაციაზე POSTRED-ის დამფუძნებელს, ბესო კაჭარავას ესაუბრა. POSTRED-ი საქართველოში ხელოვნების კომერციალიზაციის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. გუნდი, რომელიც ხმის დიზაინზე მუშაობს, დღეს საქართველოდან ჰოლივუდში ქმნის შედევრებს − ამისგან სიამოვნებას იღებენ და კარგი შემოსავალიც აქვთ.

"გრაფიკულ დიზაინერს, მხატვარს, მუსიკოსს ყველა ამ ადამიანს ეკუთვნის მატერიალური დაფასება, იმისთვის, რასაც აკეთებენ. ეს ადამიანები მთელ თავიანთ ცხოვრებას უძღვნიან ამ საქმეს, ისევე, როგორც იურისტი უძღვნის თავის ცხოვრებას იურიდიული საკითხების სწავლას, იმისთვის, რომ კარგი იურისტი იყოს, ან ექიმი უძღვნის სამედიცინო განათლებას თავს და ამას შემდეგ შესაბამისი მატერიალური დაფასებაც მოსდევ. როდესაც მათთან მივდივართ, ხომ არ ვაქილიკებთ, რატომ იღებენ ამაში ფულს? ზუსტად იგივეა ხელოვნებაც", − აღნიშნავს POSTRED-ის დამფუძნებელი ბესო კაჭარავა.

სწორედ საზოგადოების არაჯანსაღმა დამოკიდებულებამ გააჩინა სტერეოტიპი, რომ "ხელოვნებაში ფულს ვერ იშოვი". ძალიან ბევრი ადამიანი ამ სტერეოტიპის მსხვერპლი ხდება და საკუთარ ოცნებაზე ამბობს უარს. რას გააკეთებთ, თუ გეტყვით, რომ ხელოვნებაში შესაძლოა იმაზე მეტი ანაზღაურება გქონდეთ, ვიდრე იურისტობიდან, ეკონომისტობიდან ან თუნდაც შეფობიდან შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. POSTRED ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

"საბედნიეროდ, დღეს საქართველოში ბევრად მეტი ფული შეგიძლია გამოიმუშაო ხელოვნებაში. მაგალითად, ძალიან ცოტა იურისტი ვიცი, ვისაც უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ჩვენს მთავარ არტისტებს", − ამბობს ბესო კაჭარავა.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ხელოვნების ტრადიციული სახეები ახალ იერსახეს იღებენ და თანდათან უფრო ვითარდებიან. დღეს არ იცვლება ხელოვნების აღქმა, იცვლება მხოლოდ ხელოვნების გამოყენების ადგილები. შესაბამისად, უფრო მეტი ინდუსტრიაა, სადაც ხელოვნებით არცთუ ცოტა ფულის შოვნა შეიძლება − ზოგან მეტის, ზოგან კი ნაკლების.

"არის ხელოვნების სფეროები, რომლებიც უფრო შემოსავლიანია, მაგალითად, კინო, ვიდეოთამაშები, მუსიკა, რომლებიც უნივერსალურია და არაფერი ემართება. შესაძლოა, ნაკლებად შემოსავლიანი იყოს სამწუხაროდ თეატრი, ოპერა, რადგან ისეთი მეინსტრიმული აღარ არის, როგორც ადრე. მხატვრობა შესაძლა ჩაანაცვლა ილუსტრაციების შექმნამ − ადრე თუ ყველა მხატვარი უნდა ყოფილიყო, დღეს გრაფიკული დიზაინერები, 3D-დიზაინერები, ანიმატორები და სხვები არიან. ხელოვნების ყველა დარგში დღეს არსებობს ეკვივალენტი, რითაც შეუძლიათ ფული იშოვონ. მე მაგალითად, ხმის დიზაინს ვაკეთებ, რაც მუსიკასთან ახლოსაა და ბევრი მუსიკოსისთვის შეიძლება ეს სფერო საინტერესო იყოს", − ამბობს ბესო კაჭარავა.

შესაძლოა, დღეს ხელოვნების თითოეულ დარგში უფრო მეტი პროფესია ერთიანდება, თუმცა საქართველოში საზოგადოების ცნობიერება ამ პროფესიების მიმართ არცთუ მაღალია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ტრადიციული ხელოვნების დარგში არიან პროფესიონალები, მაგრამ არ იციან, როგორ განახორციელონ საკუთარი უნარების ტრანსფორმირება ახალ პროფესიებში, ამას კი განათლების სისტემის პრობლემასთან მივყავართ.

"POSTRED აკადემიის შექმნის მიზეზი გახდა ის, რომ ტრადიციული განათლების არხები ვერ არის ისეთი მოქნილი, რომ ხელოვნების ძირითადი დარგისა და ინტერესების მქონე ადამიანები გადაამზადოს, რომლებიც თანამედროვე კონკრეტულ სფეროებში შეძლებენ თავიანთი ხელოვნების, ნიჭისა და გამოცდილების რეალიზებას. ეს არ არის მარტო ქართული პრობლემა, საერთაშორისო პრობლემაა. ძალიან აჩქარდა ტემპი, რაღაცები ვითარდება, განათლების სისტემა კი არ არის ისეთი მოქნილი მსოფლიოში, რომ ამას დაეწიოს. სწორედ ამიტომ არსებობს პროფესიული, ექსპერიმენტული განათლება და პატარა კურსები. საკუთარი თავის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადრე ასე მარტივად ხელმისაწვდომი არ იყო", − ამბობს ბესო კაჭარავა.

იმისათვის, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგი საქართველოშიც კარგად განვითარდეს და თანამედროვე პროფესიების მიმართ ცნობიერებაც ამაღლდეს, უპირველესად, საჭიროა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ხელოვნებისა და ხელოვანთა მიმართ და შევწყვიტოთ არტისტების გაკრიტიკება იმის გამო, რომ ისინი საკუთარი შემოქმედებისთვის ანაზღაურებას ითხოვენ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელოვანი მხოლოდ ფულისთვის არ უნდა მუშაობდეს, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სწორედ ფულია ბიზნესის საზომი − ის გვიჩვენებს, რამდენად სწორი ნაბიჯი გადაიდგა ბიზნესის სფეროში.

"ყველაფრისგან, რასაც მაგრად აკეთებ, ფულს იშოვი, უბრალოდ მთელი გულით უნდა აკეთებდე და ფულისთვის არ უნდა აკეთებდე მას. შენ თუ გინდა საკუთარი საქმე ბიზნესად გარდაქმნა, უნდა გარდაქმნა, რადგან ყველა არტისტი, რომელიც შენ მოგწონს, მუსიკოსი იქნება თუ ვიღაც სხვა, ბიზნესის ნაწილია, ომელსაც შოუბიზნესი ჰქვია, ან ხელოვნების ბიზნესი", − ამბობს ბესო კაჭარავა.

როგორც ბესო აღნიშნავს, ბიზნესი მხოლოდ ლუდი, სამორინე ან საბანკო სისტემა არაა. მედიაანტრეპრენერიც ამ სისტემის ნაწილია, რომელიც ხელოვნებას ბიზნესკუთხით ხედავს და ცდილობს არათუ გააუფასუროს ხელოვნების ღირებულება − როგორც იდეურად, ასევე მატერიალურად, არამედ განავითაროს და უფრო მეტი სიახლე შესთავაზოს საზოგადოებას.

"მე ვარ მედიაანტრეპრენერი, ჩემი ინვესტიციების 100% ხორციელდება და ჩემი შემოსავლის 100% არის ხელოვნების კომერციალიზაციიდან. საქართველოში არტისტების პრობლემა არ გვაქვს, არტისტების ბიზნესად აღქმის პრობლემა გვაქვს. მათ უფრო მეტად უნდა წარმოადგინონ ბიზნესკუთხით ის, რასაც აკეთებენ. რამხელა კომპანიაა Universal, Netflix, Sony საკმაოდ დიდი ბიზნესებია, დიდი შემოსავლით. რამხელაა ვიდეოთამაშების კომპანიები? ჩვენ რატომ არ ვაკეთებთ იმავეს? რატომ ველოდებით, რომ ბინა ვიყიდოთ და გავაქირაოთ? რატომ გვგონია, რომ ეს არის შემოსავლის ერთადერთი გზა?", − ამბობს ბესო კაჭარავა.

თანამედროვე პროფესიებისა და სტარტაპების განვითარებისთვის დღეს არაერთი ხელშეწყობა არსებობს, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორიდან. თითქმის ყველა რგოლი იაზრებს იმ ეკონომიკურ სარგებელს, რაც ამ საქმის კეთებას მოაქვს, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ იდეის მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, POSTRED-ი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ ინდუსტრიების განვითარებისთვის არაერთი ღონისძიების განხორციელებას აპირებს. მათ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოცადეს: ნულიდან დაიწყეს, ყველა ის პრობლემა გადალახეს, რაც სტარტაპებს აქვთ, თუმცა დღეს საკმაოდ ძლიერ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ.

"მგონია, რომ ჩვენ, ვინც ხელოვნებას ვემსახურებით, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ხელოვნება უფრო მეტად დაფასებული იყოს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ community building-ზე, რათა ხალხი შეიკრას და ვილაპარაკოთ ამ თემებზე. იმედია, ვინც ამას წაიკითხავს, იპოვის საკუთარ თავში ძალას, დაფიქრდება და იტყვის მოდი, მეც გავაკეთებ ჩემ სფეროში იმავეს და მათ აუცილებლად ექნებათ ჩვენგან მხარდაჭერა", − ამბობს ბესო კაჭარავა.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!