რეზი ბაკურაძის გზა Amazon-ის ტექნოლოგიურ სამყაროში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რეზი ბაკურაძე ახალგაზრდა ქართველია, რომელიც Amazon-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობს. მისი წარმატების ისტორია საქართველოში დაიწყო, აშშ-ში მიღებული განათლებით გაგრძელდა და, საბოლოოდ, ტექგიგანტის გუნდში მოხვედრით დასრულდა.
რეზი Entrepreneur-ის მკითხველებს თავის პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს და ამბობს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, თუმცა ნებისმიერი წარმატების უკან დაუღალავი შრომა და მუდმივად თვითგანვითარებაზე ფიქრი დგას.
"ყოველთვის მაინტერესებდა ტექნიკური საგნები, მინდოდა და მიყვარდა სიახლეების შექმნა", - იხსენებს რეზი. მის კარიერულ არჩევანზე გავლენა წმინდა გიორგის სახელობის "საერთაშორისო სკოლამ" და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის "ამერიკულმა აკადემიამ" მოახდინა. უნივერსიტეტში, Kalamazoo College-ში, მეორე კურსზე გადაწყვიტა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით წასვლა. "ძალიან დამაინტერესა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიამ. თანაკურსელებთან ერთად შევქმენი ანონიმური სოციალური ქსელი, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ეს ჩემი სფერო იყო".
მესამე კურსის ბოლოს მან დაიწყო სამსახურის ძებნა, რეზიუმეს დახვეწა და აპლიკაციების გაგზავნა, რაც საბოლოოდ Amazon-ში გასაუბრებით დასრულდა. "გასაუბრებამდე რამდენიმე ქართველმა მეგობარმა, ვინც უკვე მუშაობდა Amazon-ში, მიშვნელოვანი რჩევები მომცა, რაც ძალიან დამეხმარა ინტერვიუს დროს".
რეზი ამბობს, რომ Amazon-ისთვის მნიშვნელოვანი ორი ძირითადი მახასიათებელია: ქცევითი და ტექნიკური უნარები. "ამაზონს აქვს ლიდერობის 16 პრინციპი, რომლებსაც აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად, მომხმარებელზე ორიენტირებულობა, ნდობის მოპოვება და მისი პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი". მისივე თქმით, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე გასაუბრებისას აპლიკანტმა უნდა აჩვენოს, რომ "ლაივრეჟიმში შეუძლია პროგრამის დაწერა და დავალებაზე ფოკუსირება".
Amazon-ის მუშაობის სტილი რეზისთვის ინტენსიური, თუმცა ორგანიზებული და პროდუქტიულია. "პრიორიტეტი არის მომხმარებლების საჭიროებები - ამიტომ ვცდილობთ, რომ გადაწყვეტილებები იყოს ეფექტიანი, სწრაფი და გრძელვადიანი შედეგი მოჰქონდეს".
კომპანიის შიდა კულტურას რეზი ასე აღწერს: "აქ დამსხვრეულია სტერეოტიპი, თითქოს პროგრამისტები მხოლოდ ტექნიკურები არიან. პროგრამისტებს მოეთხოვებათ მრავალმხრივი უნარები, მათ შორის, წერითი და კომუნიკაციის უნარები. ჩვენი CEO-ს მიდგომაც ამაზეა დაფუძნებული: ვამცირებთ ბიუროკრატიას და ვზრდით პროდუქტიულობას. გუნდების რესტრუქტურიზაცია ხდება ისე, რომ ზედმეტად გადატვირთული არ იყოს კომუნიკაცია".
"ჩემი სამუშაო დღე მოიცავს არქიტექტურული დიზაინის შექმნას, პროგრამის დაწერას, გატესტვას და პროდუქციაში გაშვებას", - გვიყვება ის. რეზის თქმით, Amazon-ში მოკლე შეხვედრები მხოლოდ საჭირო საკითხებზე ტარდება. "თუ შეხვედრის საჭიროება არ არის, მას არ ნიშნავენ. ყველაფერი მიმართულია ეფექტიანობასა და შედეგზე".
რეზითვის ერთ-ერთი საინტერესო პრაქტიკა პროექტის წინადადებაზე მუშაობაა. "პროექტის წარდგენისას ზეპირი პრეზენტაციის ნაცვლად ვწერთ დოკუმენტს 1-დან 6 გვერდამდე, ვკითხულობთ გუნდურად და შემდეგი ნახევარი საათი განვიხილავთ. ეს პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიაზროთ პროექტი და სტრუქტურიზებულად მივყვეთ დოკუმენტს".
როგორ შეიძლება მოვხვდეთ ისეთ დიდ კომპანიაში, როგორიც Amazon-ია? "ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია", - ამბობს რეზი, თუმცა რამდენიმე საერთო რჩევას გვთავაზობს:
- იმუშავეთ პრობლემების გადაჭრის უნარზე. "დიდი პრობლემა პატარა ნაწილებად დაყავით და ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარეთ გაურკვევლობები".
- განვითარდით ქცევით უნარებში. "კომუნიკაციისა და წერის უნარები აუცილებლად გამოგადგებათ".
- იყავით შეუპოვარი. "სამსახურის ძიების პროცესი ხანგრძლივი და შრომატევადია, ამიტომაც მოთმინება მნიშვნელოვანია".
რეზი ამბობს, რომ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტი (AI) და მანქანური სწავლება (Machine Learning-ი) განსაკუთრებით მოთხოვნადი სფეროებია. თუმცა აღნიშნავს, რომ "AI ჩაანაცვლებს გარკვეულ დავალებებს, მაგრამ კრიტიკული აზროვნება და ცვლადებს შორის კავშირების პოვნა ჯერ კიდევ ადამიანის კომპეტენციაში დარჩება".
როგორია საერთაშორისო კორპორაციაში მუშაობის გამოცდილება? რეზი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოცდილებაა ნებისმიერი ადამიანისთვის. მისი თქმით, ეს საშუალებას აძლევს ყველას, მეტი გაიგონ მსოფლიო კულტურის შესახებ, გაიცნონ განსხვავებული ადამიანები, იმუშაონ მათთვის უჩვეულო, მაგრამ სიანტერესო გარემოში და განვითარდნენ პიროვნულად.
"საერთაშორისო გამოცდილება გაძლევს შესაძლებლობას, ისწავლო საუკეთესო პრაქტიკა და გაიცნო ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან, - აღნიშნავს რეზი, - ამაზონის მსგავსი კომპანიები გეხმარება დაინახო, როგორია გიგანტების შიდა სამზარეულო და როგორ იწერება თუნდაც თითოეული კოდი".
ტექნოლოგიური კომპანიების მომავალზე საუბრისას, რეზის ვარაუდით, "მოსალოდნელია, რომ მეტი ავტომატიზაცია დაინერგება და ეკოლოგიაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანი გახდება".
მისი თქმით, ამაზონის მსგავსმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს ეკოლოგიური ინიციატივების განხორციელება, როგორიცაა ენერგოეფექტური შეფუთვა და მწვანე ტრანსპორტი.