Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი ბავშვებზე ზრუნვაში?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში იმკვიდრებს ადგილს. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობაში − მაგალითად, შესაძლებელი იქნება, რომ ხელოვნურ ინტელექტს ბავშვზე ზრუნვა ვანდოთ?

სხვადასხვა კვლევით ცენტრში ამბობენ, რომ ეს მომავალი არც ისე შორსაა. მეცნიერები ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის მრავალ გამოყენებაზე მუშაობენ.

მაგალითად, ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე სუჟოუს კვლევით ცენტრში მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ძიძა შექმნეს. სამეცნიერო მიღწევის შესახებ სამედიცინო ჟურნალ "ბიომედიცინის ინჟინერიაში" დაიწერა.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით "ძიძა" ემბრიონის განვითარებას აკვირდება ხელოვნურ საშოში. ეს კი ბავშვებზე ზრუნვის საშუალებას მათი ადრეული განვითარების პერიოდიდანვე იძლევა: ხელოვნური ინტელექტი ნაყოფის განვითარებაში მინიმალურ ცვლილებებსაც კი უფრო დროულად აღიქვამს, ვიდრე ამას ექიმები დაკვირვებით ახერხებენ. მეცნიერები ამბობენ, რომ ტექნოლოგია საშუალებას მისცემს დედობის მსურველებს, შვილები უსაფრთხო გარემოში, ხელოვნურ საშოში გაზარდონ AI-ის დაკვირვების ქვეშ.

ემბრიონზე დაკვირვებისა და დაავადებების გამოვლენისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე მკვლევართა კიდევ ერთი ჯგუფი საუბრობს. ბრიტანელი, ეგვიპტელი, ამერიკელი და ბრაზილიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შეუძლიათ დაადგინონ, აქვს თუ არა ნაყოფს ჯანმრთელობის პრობლემები და სიბრმავის რისკი.

ნაადრევი რეტინოპათია, რაც სიბრმავის ძირითადი მიზეზია, დღენაკლულ ჩვილებში ვლინდება ხოლმე. ეს ანომალიაა, როცა სისხლძარღვები ბადურაზე იზრდება და, შესაბამისად, ბადურას მუშაობას უშლის ხელს. თვალის ორგანოიდი ვეღარ ახერხებს სინათლის ისეთ სიგნალებად გარდაქმნას, რომ ტვინს ინფორმაცია მიეწოდოს და ადამიანიც ვეღარ ხედავს.

"ეს ანომალია უფრო და უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა შესაბამისი კვალიფიკაციის ოფთალმოლოგების ნაკლებობის გამო, რისკის წინაშე მყოფი ნაყოფის გამოვლენა ვერ ხერხდება. იმედი გვაქვს, ჩვენი მიგნება ნაადრევი რეტინოპათიის გამოვლენისა და დიაგნოსტირების საშუალებას მოგვცემს. მსგავს სერვისებზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში წვდომა ჯერ კიდევ არ აქვთ. იმედია, ათასობით პატარას ვიხსნით სიბრმავისგან", − ამბობენ მკვლევრები.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნაადრევი შობადობის განსასაზღვრადაც შეიძლება. მათ მიერ შექმნილ მოდელს შეუძლია დედის ორგანიზმზე, საშოში ელექტრულ სიგნალებზე დაკვირვებით დაადგინოს, არის თუ არა ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი.

2021 წლის მონაცემებით, აშშ-ში ახალშობილთა 10% ვადაზე ადრე დაიბადა, რაც ნიშნავს, რომ ისინი 37 კვირისაც კი არ იყვნენ. ნაადრევი მშობიარობაა მიზეზი ჩვილთა გარდაცვალების 16%-ში.

"მთავარი ამ კვლევაში ისაა, რომ დედის ორგანიზმზე დაკვირვება და მონაცემების მოგროვება 31 კვირიდანაა შესაძლებელი, ცხადია, 37-ე კვირის ჩათვლით. ხელოვნურმა ინტელექტმა სხვადასხვა მონაცემიდან მყისიერად იპოვა ის, რაც ნაადრევ მშობიარობას მოასწავებდა", − ამბობს მკვლევარი არიე ნეჰორაი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან Fox-თან ინტერვიუში.

ხელოვნური ინტელექტის სუიციდის პრევენციისთვის გამოყენებაზე წერენ მკვლევრები "JMIR მენტალური ჯანმრთელობის ჟურნალში". მათ კვლევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, თუ როგორ უბიძგა სუიციდისკენ ახალგაზრდა კაცს ჩატბოტმა. მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი საპირისპიროს გასაკეთებლად უნდა გამოვიყენოთ.

ისინი საუბრობენ მოდელზე, რომელიც ბავშვის საუბარსა და ქცევაში შეძლებს ნიუანსების ამოცნობას, რაც შესაძლოა სუიციდურ ფიქრებზე მიანიშნებდეს. ხელოვნური ინტელექტი შეძლებს, ის ჩავარდნები ამოავსოს, რომლებსაც მუშაობისას ადამიანები უშვებენ.

"ჩვენი შესაძლებლობები, ამოვიცნოთ სუიციდური აზრები, ძალიან დაბალია, რადგან მეცნიერება ზედმეტად კონცენტრირდა წინასწარმეტყველებაზე. ამის ნაცვლად უნდა შევჩერდეთ, სისტემატურად ვაკონტროლოთ, ვინ შემოდის კლინიკებში სუიციდური ქცევებით", − ამბობს ჯულიეტ ეჯკომბი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი. სწორედ ამ დაკვირვებისა და გამოვლენის ფაზაში ხედავენ მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის როლს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

მენეჯმენტი

სამუშაო სივრცის გავლენა ადამიანებზე

ადამიანი საშუალოდ 90 000 საათს სამსახურში ატარებს