სტრატეგიის ქვაკუთხედი - დროული ინფორმირება "სწორი საქმის კეთების პარალელურად მნიშვნელოვანია ხალხს გააგებინო, რომ სწორ საქმეს აკეთებ", - ჯონ როკფელერი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე მართვის პროცესებში ეფექტიანობის მისაღწევად უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებს. მათი ერთობლიობა ასახავს სტრატეგიულ მიზნებზე დაყრდნობით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების ეფექტიანობას. ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მდგრადი განვითარების უწყვეტობას განაპირობებს რაციონალურ გადაწყვეტილებათა ფუნქციური გაერთიანება და ტაქტიკური ნაბიჯების განხორციელება. თავის მხრივ, ამ პროცესებში დიდ როლს ასრულებს სტრატეგიული კომუნიკაცია და, ამასთანავე, საინფორმაციო გარემოს სპეციფიკა.
როგორც იცით, სტრატეგიული კომუნიკაცია კონკრეტულ დროში დასახული მიზნის მისაღწევად სიტყვებისა და ქმედებების ურთიერთშეთანხმებული ეფექტიანი საშუალებაა. მას საფუძვლად უდევს ჩართულ მხარეთა ინტერესების დაკმაყოფილება ღირებულებებზე დამყარებული მრავალკომპონენტიანი მიდგომით. ის მოიცავს მიზნობრივი სეგმენტის საფუძვლიან ანალიზს, მიზნების მკაფიო ფორმულირებას, სამოქმედო გეგმასა და ტაქტიკაზე დაყრდნობით ობიექტური ნარატივის შემუშავებას. მოქნილობისა და გარემო ფაქტორებთან ადაპტირების გამოსავლენად კომუნიკაციის განხორციელების ეტაპები საჭიროებს ლიდერობასა და კოორდინირებულ ქმედებას.
აქვე დავაზუსტოთ სიტყვა "ნარატივის" არსი. ხშირად მას აიგივებენ ამბავთან. რეალურად, ის არის მოვლენებისა და ამბების ერთობლიობა, რომლის მიზანია რაიმე თემაზე, აქტუალურ საკითხსა თუ სიახლეზე ცნობიერების ამაღლება, პრობლემური ვითარების ან/და რთული სიტუაციის გამარტივება და მისაღწევი შედეგის სწორი აღქმა. მისი მთავარი დანიშნულებაა ამბის სანდოობასა და მორალური პრინციპების დაცვაზე ფოკუსირება. ნარატივში გაერთიანებულია ამბის შემქმნელები, კონკრეტული დრო და გარემო. მთავარი პრინციპები ეფუძნება კულტურულ, ისტორიულ და ღირებულებით ასპექტებს.
ნარატივი მოიცავს ამბისა და მოვლენის დასაწყისს, პროცესების მსვლელობას და გრძელვადიანი განგრძობითობის პერსპექტივას. მისი ეფექტიანობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, შთამაგონებელი შინაარსობრივი ნაწილით, მეორე მხრივ, პრაქტიკული სარგებლიანობით. მიზანშეწონილია, რომ შემადგენელი გზავნილები საერთო ხედვით მიმართული იყოს ერთი კონკრეტული მიზნისკენ. ამისთვის ნარატივი საჭიროებს მოძიებული ინფორმაციის დახარისხებასა და გაფილტვრას, მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტირებას და ყოველი ცალკეული ქმედებისთვის შესაბამისი გზავნილ(ებ)ის შემუშავებას. ფართო რაკურსით შედეგიანობა დამოკიდებულია გზავნილების თანამიმდევრულობასა და ლოგიკური ბმების დამყარებაზე.
დარწმუნების ხელოვნებაში ჯერ კიდევ 2000 წლის წინ არისტოტელემ სამი მნიშვნელოვანი საყრდენი გამოყო, რაც კონკრეტული ნარატივის სისწორეში აუდიტორიის დასარწმუნებლად და ქცევის შესაცვლელად დღესაც აქტუალურია. ეს ძირითადი კომპონენტებია: ლოგოსი ანუ არგუმენტი, ფაქტი, რაციონალური მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც ლოგიკურად დასაბუთდება ამბის/ნათქვამის/შინაარსის მართებულობა; პათოსი, რომელიც ამბავს/ნარატივს ემოციური კავშირით აძლიერებს და, ფაქტობრივად, გრძნობებზე ზემოქმედებას ახდენს; ეთოსი, რომლის მეშვეობითაც განპირობებულია ნდობის მოპოვება, საიმედოობისა და ეთიკურობის განცდა.
ნარატივის ეთიკურობას განსაზღვრავს კორექტულობის, ტოლერანტობისა და ობიექტურობის გამოვლენა. პათეტიკურ ტონს ქმნის დადებითი ემოციის გამოხატვა, უშუალო კონტაქტი და გულღია ჟესტიკულაცია, ხოლო რაციონალურ მხარეს ამყარებს კომუნიკაციის მიზნობრიობა, ანალიტიკური შეფასებით გამყარებული კრიტიკული მიდგომები. სამივე ელემენტის დაბალანსებით, სანდო წყაროებისა და საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაცემული ინფორმაცია მეტ დამაჯერებლობას იძენს.
კომუნიკაციის ყველა მოდელში, იქნება ეს ვიზუალური, ვერბალური თუ წერითი, დღესდღეობით ფართოდ გამოიყენება კიდევ ერთი ელემენტი - კაიროსი, რომელიც აუდიტორიის დასარწმუნებლად უზრუნველყოფს მიზანთან არგუმენტის სრულ შესაბამისობას ზუსტად, იმ მოცემულ მომენტში. შეიძლება ითქვას, კაიროსი წარმოადგენს ერთგვარ "შემაერთებელ ქსოვილს" კონტექსტსა და დროულობას შორის.
რაც შეეხება საინფორმაციო გარემოს, ეს არის ადამიანის გონებაში ასახული ფიზიკური და ვირტუალური მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინდივიდების, ორგანიზაციებისა და სისტემების მიერ მიღებულ, გადამუშავებელ და გავრცელებულ ინფორმაციას. გლობალიზაციამ და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინოვაციურმა განვითარებამ დასაბამი მისცა სოციალურ ეპოქას, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ინფორმირების სისწრაფეს, მარტივად წვდომის შესაძლებლობას, მცირე დროში მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, გავრცელების არეალში შეუზღუდაობას, სანდოობის დაცვას.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში კონკურენტები ან დაპირისპირებული მხარეები ქმნიან მხოლოდ საკუთარ მიზნებზე მორგებულ ცალმხრივ ნარატივს, რომელიც მოკლებულია ობიექტურობას და ემსახურება ერთგვარი მითების/ყალბი სიახლეებისა თუ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
მოკლედ მიმოვიხილოთ, რა გამოწვევებია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე აგებული მტრული საკომუნიკაციო კამპანიები, რომელიც ბუნდოვანებისა და გაურკვევლობის მეშვეობით იწვევს მცდარ აღქმებს, დაბნეულობასა და არასწორ ქმედებებს.
კომუნიკაციების ერთ-ერთი თეორეტიკოსი და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი, ჰაროლდ ლასველი პროპაგანდას განმარტავს, როგორც მნიშვნელოვანი სიმბოლოების მანიპულირებით კოლექტიური დამოკიდებულების მართვას. მან გარკვეულწილად უარყოფითი კონოტაცია შეიძინა განსაკუთრებით ჰიბრიდული ომის წარმოებისას, რადგანაც მოწინააღმდეგე მას იყენებს მიკერძოებულად, პირადი ინტერესების სასარგებლოდ, რათა მანიპულაციური ზემოქმედებით შეცვალოს კონკრეტული აუდიტორიის ემოციური თუ ქცევითი დამოკიდებულება.
დეზინფორმაცია არის არასწორი ინფორმაციით მიზანმიმართული მანიპულირება კონკრეტული აუდიტორიის შეცდომაში შესაყვანად, ანუ ადამიანების მოტყუების მცდელობა. ზოგად კონტექსტში მისი დანიშნულებაა ნდობის შერყევა, ძალაუფლებით ზეგავლენა, საზოგადოების დანაწევრება. აქვე უნდა აღვნიშნოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ნაირსახეობა - მისინფორმაცია, რომელიც გულისხმობს საკითხის არცოდნის, წყაროს გადაუმოწმებლობის ან/ და, უბრალოდ, გაუცნობიერებელი გადაზიარების გამო ყალბი მონაცემების განთავსებას. შესაძლოა მის გამავრცელებელს სხვისი შეცდომაში შეყვანის წინასწარი განზრახვა არც ჰქონდეს, თუმცა ყალბი მონაცემების განთავსებით ის ხელს უწყობს სინამდვილის დამახინჯებას და არასწორ აღქმას.
სოციალურ მედიაში ხშირად ისე ოსტატურად არის ხოლმე "შეფუთული" სიყალბე, რომ მომხმარებელს უჭირს განასხვაოს სინამდვილისგან და შესაძლოა ადვილად გახდეს მანიპულირების მსხვერპლი. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად იქმნება ყალბი ანგარიშები. გასულ წელს Meta-მ გააუქმა ჩინურ პოლიტიკურ ქსელებთან დაკავშირებული 9000-მდე Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიში.
მანიპულაციური მავნე ზემოქმედების ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ჰიბრიდული ინსტრუმენტებით გავრცელებული მითები:
- ევროპის ღირებულებები ქართულთან შეუთავსებელია.
- ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც არ მიგვიღებენ...
- ქართული კომპანიები ვერ აკმაყოფილებენ ევროკავშირის სტანდარტებს.
ასეთმა ნეგატიურმა აქცენტებმა შესაძლოა ფართო მოსახლეობაში ნიჰილიზმი და უნდობლობა გამოიწვიოს. მათ გასანეიტრალებლად საჭიროა სტრატეგიული ნარატივის შექმნა და თანამიმდევრული, სწორ აღქმებზე ფოკუსირებული ფართო მასშტაბური კამპანიების ინტენსიური წარმოება. გზავნილების მატრიცა ეფუძნება არსებით პრინციპს: "რა უნდა ვთქვათ და ვის უნდა ვუთხრათ, რათა მათ იფიქრონ, იგრძნონ და გააკეთონ, რაც გვსურს". ამ მხრივ, კონტექსტურ ინფორმაციაში პრიორიტეტულად უნდა გამოიკვეთოს ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა, ეკონომიკის გაძლიერება, რუსეთისგან თავდაცვის შესაძლებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
საზოგადოდ, გასათვალისწინებელია, რომ საინფორმაციო ომის პირობებში ან/და კრიზისის მართვის დროს, კომუნიკაციის ექსპერტთა რეკომენდაციით გზავნილები და ნარატივი გამოხატავდეს არა თავდაცვით პოზაში ყოფნას, არამედ წინასწარ გააქტიურებული ბრძოლით ეწინააღმდეგებოდეს პროპაგანდას. ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გლობალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენათა ობიექტურმა შეფასებამ გამოავლინა, რომ დღევანდელ ჰიბრიდულ ომ(ებ)ში გამარჯვებას განაპირობებს არა ჯარი, არამედ ამბავი, რომელიც დროულად მიეწოდება კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებს, ინდივიდებსა თუ ორგანაზაციებს.
შეჯამებისთვის დავამატებ, რომ საინფორმაციო გარემოში სტრატეგიის მთავარი ბირთვი ყოველთვის არის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ავთენტური და პერსონალური ნარატივი. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია იყოს საერთო ინტერესებზე მორგებული, პროაქტიული და მრავალმხრივი, რაც ინფორმაციის დროული გავრცელებით უზრუნველყოფს მისაღწევი შედეგის მაღალ პროდუქტიულობას.