Wasteless-ი - სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია ახალ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Wasteless-ი სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაციაა, რომელიც 13 000-ზე მეტ მწარმოებელ და იმპორტიორ ორგანიზაციას აერთიანებს, შესაბამისად, ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში. Entrepreneur-ი ასოციაციის თავმჯდომარეს, გიორგი გულიაშვილს ესაუბრა.

"Wasteless-ი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი შეგროვების ყუთები არაერთ მსხვილ ქსელურ მაღაზიაში განვათავსეთ, მათ შორისაა: "ელიტ ელექტრონიქსი", "გორგია", "ალტა", "კარფური", "სუპერი".

თუმცა ჩვენი მიზანი კიდევ უფრო მასშტაბურია. გვსურს, ჩვენი კომპანიის მისია საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს გავაცნოთ და გარემოსდაცვით საქმიანობაში ჩავრთოთ", - ამბობს გიორგი.

Wasteless-მა სექტემბრიდან არაერთი აქტიური კამპანია განახორციელა. კომპანია ესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, დასაქმებულ ადამიანებს, პენსიონერებს. გარემოს დაცვაზე ზრუნვა საყოველთაო პასუხისმგებლობაა და შედეგები თითოეულ ადამიანზე თანაბრად აისახება.

"კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პლატფორმა და საკომუნიკაციო არხი გამოვიყენეთ, რათა ხმა საზოგადოებისთვის მიგვეწვდინა და ამ საქმეში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაგვერთო".

ნუ გადაყრი, ჩაგვაბარე გადასამუშავებლად! - შემეცნებითი ბანერები მეტროსა და სოციალურ ქსელებში

ერთ-ერთი კამპანია, რომელიც Wasteless-მა განახორციელა საზოგადოებაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ცნობიერების ზრდას ემსახურებოდა.

"შევქმენით კამპანია, სადაც ჩვენს მიმართულებებზე (ნარჩენი ზეთები, გამოყენებული საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ბატარეები და აკუმულატორები) ხალხს ილუსტრირებულ საინტერესო ინფორმაციას ვაწვდით".

შემეცნებითი ბანერები თბილისის ყველა მეტროში განთავსდა. სივრცეებში, სადაც მთელი დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ხალხი იყრის თავს.

"ჩვენი მიზანია ხალხს ავუხსნათ, რომ სპეციფიკური ნარჩენები სახიფათოა, მათი გადამუშავება და სწორი უტილიზაცია მნიშვნელოვანია".

ილუსტრირებულ ბანერებს თან ახლავს QR კოდი, რომელიც კომპანიის ჩასაბარებელი პუნქტების მისამართებს აჩვენებს.

გარდა მეტროსა, ბანერები სოციალურ ქსელშიც განთავსდა.

Wasteless-ის შესაგროვებელი ყუთები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი.

"სარეკლამო ბანერები ავტობუსებზეც განვათავსეთ, სადაც ჩვენი ლოგო, სლოგანი და QR კოდია ჩაშენებული. ყველანაირად ვცდილობთ, რომ უფრო მეტ ადამიანთან საუბარი შევძლოთ. მათ დავანახვოთ იმ ზიანის მნიშვნელობა, რასაც სპეციფიკური ნარჩენები ჩვენს პლანეტასა და საცხოვრებელ გარემოს აყენებს".

21-22 სექტემბერს Wasteless-ი ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში, სპორტფესტში, მონაწილეობდა.

ღონისძიებას ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 50 000 ადამიანი დაესწრო. გათამაშდა აიფონ 15, ფლეისთეიშენ 5 და ლეპტოპი.

"გათამაშებას ძალიან დიდი ჩართულობა მოჰყვა. ძველი ელექტროტექნიკა ჩაგვაბარეს და ჩვენი საქმიანობის შესახებ კითხვები დაგვისვეს".

28 სექტემბერს კი კომპანია "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" სამეცნიერო პიკნიკზე წარდგა, ასევე გათამაშებითა და საინტერესო აქტივობებით.

"ჩვენი მიზანი ელექტრონარჩენების შეგროვება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. ვინც ნარჩენს ჩაგვაბარებდა, გათამაშებაში მონაწილეობის ბილეთს იღებდა, სადაც ლეპტოპი თამაშდებოდა. ასე ვეცადეთ, რომ ახალგაზრდებისთვის მოტივაცია მიგვეცა".

კოლაბორაცია ტექნიკის მაღაზიებთან

"ელიტ ელექტრონიქსთან" ერთად განხორციელებული კამპანია ძველი ან გამოუსადეგარი საყოფაცხოვრებო ნივთების ჩაბარებას მოიცავდა, რაც "ბოშის" ფირმის ნებისმიერ ტექნიკაზე 750 ლარამდე ფასდაკლებას გულისხმობდა.

ამ სერვისით ერთი თვის განმავლობაში 400-მდე ადამიანმა ისაგებლა. საერთო ჯამში, 170 561 ლარის ვაუჩერი გაიცა და 18 ტონა ელექტრონარჩენი შეგროვდა.

კიდევ ერთი აქცია "ალტას" ნებისმიერ ფილიალში ძველი, თუნდაც უფუნქციო ლეპტოპის ჩაბარებისას 200-ლარიანი ვაუჩერის მიღებას გულისხმობს, რითიც ახალ Lenovo-ს ლეპტოპს იძენენ. აქცია კვლავ მოქმედია.

როგორც აღვნიშნეთ, Wasteless-ის შესაგროვებელი ყუთები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით არის წარმოდგენილი.

"ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ აუდიტორია და არა მხოლოდ ქალაქებში, რეგიონებშიც გავავრცელოთ ხმა. ამით უფრო მეტ ადამიანს წავახალისებთ და საერთო აქტივობებში ჩავრთავთ.

ამასთან, ნარჩენების შესაგროვებელ ყუთებს სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც აქტიურად ვდგამთ. გვსურს ეს იდეა ქსელურ სუპერმარკეტებშიც განვახორციელოთ, რაც ადამიანებს ნარჩენების ჩაბარების პროცესს გაუმარტივებს".

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია