სტარტაპ საქართველო – ინოვაციური ბიზნესიდეების ავტორთა სამსახურში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მესამე წელია "სტარტაპ საქართველო" − სს "საპარტნიორო ფონდის" ინიციატივით შექმნილი პროგრამა, ინოვაციური, პერსპექტიული პროექტების იდეების ავტორებს შანსს აძლევს, მოიპოვონ დაფინანსება და ახალშექმნილი ბიზნესის წარმატების შანსი გააორმაგონ. ამ დროისათვის ინოვაციურ კომპონენტში გამარჯვებულია 81 პროექტი, საერთო ჯამში კი ინვესტიციის მოცულობა 6,4 მილიონ ლარს შეადგენს. Entrepreneur "სტარტაპ საქართველოს" ხელმძღვანელს, გიორგი ლომიძეს განვლილ 3 წელიწადსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
"სტარტაპ საქართველოს" დაფინანსების მოსაპოვებლად სტარტაპერს განაცხადის შევსება ვებგვერდზე www.startup.gov.ge ნებისმიერ დროს შეუძლია. დაფინანსებათა გაცემაც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. "სტარტაპ საქართველოს" მიერ ინვესტირებული პროექტების სიაში ინოვაციურ და ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სტარტაპები ჭარბობენ.
"ვფიქრობ, რომ არა ეს პროგრამა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ათეულობით წარმატებული სტარტაპერი ქვეყანაში, რომლებმაც შეძლეს და დაამკვიდრეს ახალი, თანამედროვე და განსხვავებული ხედვები ქართულ ბიზნესში. ასეთი ტიპის სტარტაპები მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს ქვეყანაში სტარტაპეკოსისტემის გაუმჯობესებას, რაც მომავალში აუცილებლად გამოიღებს შედეგს და შესაძლებელს გახდის ვენჩურული კაპიტალის შემოდინებას გაცილებით მაღალი ტემპით და მოცულობებით", − ამბობს გიორგი ლომიძე, "სტარტაპ საქართველოს" ხელმძღვანელი.
"სტარტაპ საქართველოს" მიერ ინვესტირებულ პროექტთა სიაში უამრავი წარმატებული და შემდგარი კომპანიაა. მაგალითისთვის, Wehost ავიღოთ − პროექტი, რომელიც პირველი Airbnb-მენეჯმენტკომპანიაა საქართველოში. სტარტაპი 2018 წლის ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებულია წლის საუკეთესო ტურისტული სტარტაპისა და წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიის (მცირე და საშუალო ბიზნესი) კატეგორიაში. ასევე, TRC − საბურავების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც 2018 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულია, ნომინაციაში "წლის სტარტაპი".
"ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე წარმატებული კომპანია, რომლებმაც ვადაზე ადრე სრულად შეძლეს და გამოისყიდეს "სტარტაპ საქართველოს" ინვესტიცია და დაამკვიდრეს პრეცედენტი ქვეყანაში, თუ როგორ შეიძლება მოხდეს წარმატებული სტარტაპის გაყიდვა მომგებიანად და გადასვლა კერძო ბიზნესის ხელში". ეს ფაქტი კი სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ სტარტაპის რეჟიმში მომუშავე კომპანიებს აქვთ პოტენციალი, ბიზნესში დაბანდებული პირველადი ინვესტიცია ამოიღონ და მომგებიან ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ.
"სტარტაპ საქართველოს" დაფინანსების მოპოვება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქე ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს შეუძლია, რომლებსაც ინოვაციური ბიზნესიდეა აქვთ. დასაშვებია დაფინანსების მოპოვება ნებისმიერ სფეროსა და დარგში, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
"შევეცადეთ, პირობები მაქსიმალურად მოქნილი ყოფილიყო დამწყები ბიზნესისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვაფინანსებთ ჯამური ფულადი ბიუჯეტის 90%-ს და იდეის ავტორს უწევს მხოლოდ და მხოლოდ 10%-ის მობილიზება. ასეთი დაფინანსების სტრუქტურითაც კი კომპანიაში საკონტროლო პაკეტის მფლობელი აუცილებლად იდეის ავტორი ხდება. ასევე, ჩვენ არ ვართ მუდმივი პარტნიორები და გვაქვს ვალდებულება, შეთანხმებულ ვადაში, რომლის მაქსიმალური პერიოდიც 10 წელია, გამოვიდეთ კომპანიიდან და იდეის ავტორი ამ შემთხვევაში ბიზნესის 100%-ის მფლობელი გახდება", − აცხადებს "სტარტაპ საქართველოს" ხელმძღვანელი, გიორგი ლომიძე.
"სტარტაპ საქართველოს" შექმნის დღიდან, სტარტაპების შერჩევის 2 მთავარი კრიტერიუმი არსებობს − ინოვაციურობა და პერსპექტიულობა. მნიშვნელობა ენიჭება განმცხადებლის ხედვასა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მზადყოფნის არსებობას.
"ვფიქრობთ, სამომავლოდ გავაგრძელოთ აქტიურობა და შესაძლებელი გავხადოთ რაც შეიძლება მეტი ინოვაციური და პერსპექტიული იდეა დავაფინანსოთ, ხელი შევუწყოთ დამწყებ ბიზნესს მათზე მორგებული ფინანსური რესურსების წვდომის კუთხით. ასევე, მოსახლეობაში ავამაღლოთ სამეწარმეო სულისკვეთება და რწმენა იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია და ნებისმიერ იდეას აქვს შანსი, ერთ დღეს გლობალურ მომგებიან ბიზნესად იქცეს".