Black Friday Sale! 50% Off All Access

არასოდესაა გვიან, მიაგნოთ თქვენს მოწოდებას ცვლილება არასოდესაა მარტივი, მაგრამ ღირს იმის ცოდნა, რომ ცხოვრობ შენთვის განკუთვნილი ცხოვრებით – იმ რეალობით, რომელიც შეგეძლო გქონოდა მთელი ეს დრო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

არ ვამბობ, რომ ბიზნესმენობა ადვილია ან გამოწვევაზე შესაბამისი პასუხია ყველასთვის. ცვლილება არასოდესაა მარტივი, მაგრამ ღირს იმის ცოდნა, რომ ცხოვრობ შენთვის განკუთვნილი ცხოვრებით – იმ რეალობით, რომელიც შეგეძლო გქონოდა მთელი ეს დრო. სიცოცხლის განმავლობაში ყველას აქვს განსხვავებული გზა, თუმცა ოცნების რეალობად ქცევა თქვენზეა დამოკიდებული.

ეს შესაძლოა იყოს ახალი როლი თქვენსავე კომპანიაში, ან ახალი ფუნქცია თუ ინდუსტრია სადმე სხვაგან, ან თუნდაც საკუთარი ინტერესების რეალიზება მოხალისეობრივი საქმიანობის თუ ჰობის გზით. თუმცა, ასევე, შესაძლოა თქვენში არსებობს მეწარმე, რომელიც ელის რაღაც ახლის შექმნის, მემკვიდრეობის დატოვებისა და სამყაროს შეცვლის შესაძლებლობას.

არასოდეს არის ძალიან გვიანი, მიაღწიოთ თქვენს მოწოდებას!

ზოგიერთებმა, ვინც იღბლიანი აღმოჩნდა, დაბადებიდანვე იციან, რომ უნდათ გახდნენ ექიმები ან მეხანძრეები – ეს სწორედ ისაა, რასაც აკეთებენ. სხვები კი ცხოვრების ბოლომდე ვერ ახერხებენ საკუთარი მოწოდების გაცნობიერებას. არსებობს შუალედური ეტაპიც, რომელიც არანაკლებ მუშაობას მოითხოვს. "მიხვდები, როცა მიხვდები", – ყველაზე ხშირად გამოთქმული ფრაზაა, რომელსაც ბევრი ვერ უკავშირდებს საკუთარ რეალობას. ნამდვილი მოწოდებისა და ცხოვრების პოვნას, ხანგრძლივი და შრომატევადი ძიება სჭირდება. ბევრმა გადაწყვეტილებამ – ურთიერთობამ, ადგილმდებარეობის ან კარიერის შეცვლამ, შესაძლოა სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება. შესანიშნავია, თუ შინაგანად ხვდები, რა არის პირადი მოწოდება, თუმცა უმეტესობისთვის ეს არც ისე მარტივია.

წარმატებას შესაძლოა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიაღწიო. ბილ გეიტსმა და სტივ ჯობსმა ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში დააარსეს Microsoft-ი და Apple-ი. ისინი ნამდვილ ბიზნესმენებად იყვნენ დაბადებულნი. თუმცა, არსებობენ სხვებიც, ვისი წარმატებაც მოულოდნელი და შესაძლოა, დაუგეგმავიც იყო. მეტ-ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ 31 წლის ასაკში ჯ.კ. როულინგი დეპრესიაში იყო და მარტოხელა დედობის სტატუსით სოციალურ დახმარებას იღებდა. 2004 წელს კი, ჟურნალმა Forbes-მა იგი დაასახელა როგორც პირველი მილიარდერი ავტორი. როულინგმა გამოიჩინა სიკეთე და წლების განმავლობაში საკუთარი შემოსავლის დიდი ნაწილი საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარა. 26 წლის ასაკში სემ უოლტონი მართავდა პატარა მაღაზიას, 18 წლის შემდეგ კი, 44 წლის ასაკში, 1962 წლის ივლისში, უოლტონმა Walmart-ი გახსნა. ჰენრი ნესტლე, 14 და-ძმათაგან ერთ-ერთი, დაიბადა ჰაინრიხის სახელით 1814 წელს. იგი რამდენიმე განსხვავებულ სფეროში მუშაობდა, სანამ 1867 წელს ახალშობილთათვის რძის ფხვნილს შექმნიდა. ამ პერიოდისთვის ნესტლე 53 წლის იყო, მისი პროდუქცია კი 1870-იანი წლებისთვის უკვე მთელი ამერიკის მასშტაბით იყიდებოდა. საკუთარი ახალგაზრდობის წლებში პოლკოვნიკი ჰარლანდ სანდერსი სადაზღვევო გაყიდვების აგენტად და ავტოგასამართი სადგურის ოპერატორად მუშაობდა, სანამ "დიდი დეპრესიის" დროს, შემწვარი ქათმის საკუთარი საიდუმლო რეცეპტის გაყიდვას დაიწყებდა. 1952 წელს მან 62 წლის ასაკში KFC რესტორნის ფრანჩაიზი პირველმა გახსნა.

ამრიგად, რატომ არის ეს ისტორიები მნიშვნელოვანი? ჩამოთვლილი პერსონები არ არიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც დიდი შემოსავალი დააგროვეს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შექმნით, არამედ გახლავან ბიზნესმენები, რომელთა ისტორიებიც შთაგონების წყაროს წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა, ხართ 10 წლის და სამეზობლოში ლიმონათს ყიდით, თუ 60 წლის ხართ და მიზნად ცხოვრების ერთ-ერთი გამოწვევის დაძლევა განგიზრახავთ. არასოდესაა გვიან. თუ არ ეცდებით, ვერ გაიგებთ, მიაღწევდით თუ არა წარმატებას. თუ არ გამოვა, ამასაც არა უშავს. ცხოვრება სწავლის გამოცდილებაა, რომელიც უნდა გაიარო. მირჩევნია, ცხოვრების დასასრულს ვფიქრობდე ყველა იმ თავგადასავალზე, რომელიც ცხოვრების გზაზე გადამხდა, ვიდრე იმ დღეებზე, რომლითაც ვერ ვიცხოვრე; სიტყვებზე, რომლებიც უთქმელი დარჩა და ოცნებებზე, რომლებიც კვლავ აუხდენელია.

უპირველესად, უნდა მიაგნოთ თქვენს მოწოდებას. როგორ უნდა გააკეთოთ ეს? დაფიქრდით, რა განიჭებთ ყველაზე დიდ ბედნიერებას – ვინმეს მოსმენა? საკუთარი ხელებით რაიმეს აშენება? ცხოველების გადარჩენა? არ აქვს მნიშვნელობა, კერძოდ რა იქნება ეს. უბრალოდ, შეადგინეთ იმ საქმიანობების სია, რომლებსაც დიდი სიამოვნება მოაქვს თქვენთვის.

შემდეგ, დაფიქრდით თქვენს ძლიერ მხარეებზე. გაქვთ 10-წლიანი გამოცდილება მარკეტინგში? შესაძლოა ძალიან ორგანიზებული ხართ და შეგიძლიათ ესაუბროთ სხვებს ყოველგვარი შიშის გარეშე. ესენიც ჩამოწერეთ.

ჩამოწერეთ იდეები, რომლებიც თავში მოგივათ. არაფერი მიიჩნევა სიგიჟედ და მიუღწევლად. შესაძლოა გინდათ გადახვიდეთ ახალ ქვეყანაში და უმასპინძლოთ ტურისტებს. შესაძლოა გსურთ შექმნათ ახალი აქსესუარი, რომელიც შეცვლის რთულად გამოსაყენებელ გასაღების რგოლს (კარგად ვიცნობ ბაზარს). ანდაც შესაძლოა თქვენში რომანი მომწიფდა, რომელმაც ეს-ესაა დღის სინათლე უნდა იხილოს.

ჩემთვის ყველა მნიშვნელოვანი ბიზნესი იმის ნაზავია, რაც გიყვართ და კარგად გამოგდით. რა არის იმაზე უკეთესი, თუ შეგიძლიათ თქვენი ინტერესები და გამოცდილება ხელშესახებ რეალობად გადააქციოთ?

მაშინ, როგორ მივაღწიოთ მიზანს?

ეს ყველაზე რთული ნაწილია. ბევრ ადამიანს აქვს ოცნება, რომლის მიღწევაც სურს – ყველაზე დიდი გამოწვევა კი სწორედ მისი მიღწევაა, რაც მოითხოვს ამა თუ იმ სახის ცვლილებას. როგორც Nike-ის ცნობილი სლოგანი ამბობს: "უბრალოდ, გააკეთე!"

თუმცა, მაშინვე არა. ჯერ კარგად დაგეგმეთ საქმიანობა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩენთ იდეას და დააკონკრეტებთ მისი განხორციელების გზას, შეადგინეთ გეგმა. გააანალიზეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ A წერტილიდან წარმატების მიღწევამდე. ვიზუალურად წარმოადგინეთ, დეტალურად დაამუშავეთ, თუმცა მზად იყავით ცვლილებებისთვის – ყოველთვის ვერ განსაზღვრავთ განუსაზღვრელს.

ამოცანა ფაზებად დაყავით. გზა A წერტილიდან მილიარდდოლარიან კომპანიამდე საკმაოდ რთულია. პროცესი, არაფრის კეთების – A წერტილიდან X თემის შესახებ წიგნის კითხვამდე, არ არის ძალიან რთული. განსაზღვრეთ პროცესის გარკვეული ნიშნულები, მიჰყევით მათ და პროცესის მიმდინარეობა ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ, რათა თქვენთვის თვალის მიდევნება შეძლონ.

როგორც კი დაიწყებთ, უკან აღარ მიიხედოთ. გაიაზრეთ და აღიარეთ, რომ პროცესის განმავლობაში იქნება წარმატება და სიძნელეები. არცერთ ბიზნესლიდერს არ მიუღწევია თავისი დღევანდელი მდგომარეობისთვის სირთულეების გარეშე. ეს არ არის მარტივი და შესაძლოა, ცოტა საშიშიც იყოს, მაგრამ შვებისმომგვრელია იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ერთადერთი არსებული ბარიერი სწორედ ისაა, რომელსაც საკუთარ თავს უწესებთ.

არასოდესაა ძალიან გვიანი, მიაგნოთ თქვენს მოწოდებას. მაშ, რატომაც არა დღეს?