ჩემი ფიქრები უკრაინის ომზე რიჩარდ ბრენსონის ბლოგი
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რუსულმა ჯარმა სუვერენული და მშვიდობიანი უკრაინის საზღვრები გადაკვეთა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ესხმიან თავს სასაზღვრო პოსტებსა და სამხედრო ობიექტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ომი დაბრუნდა.
ადრეული ცნობები მსხვერპლის შესახებ შეგვახსენებს, ისევე, როგორც 2014 წელს, რომ ეს აღარ არის ვარჯიში დიპლომატიურ პოზირებასა და იარაღის ჟღარუნში. უკრაინელები და რუსები − ძმები და დები, ვაჟები და ქალიშვილები, დედები და მამები, ზუსტად ახლა იღუპებიან. ისინი იხდიან ფასს ავტორიტარული მმართველის ამბიციების გამო, რომელიც უგულოა და ითვლის, თუ რა ზიანს აყენებს უკრაინას, მაგრამ როგორც ჩანს, არ აცნობიერებს, რა გავლენას ახდენს მისი ქმედებები რუსეთსა და რუს ხალხზე. მან და მისმა უახლოესმა გარემოცვამ უნდა იცოდნენ, რომ ეს ინვაზია არ გააძლიერებს რუსეთის კონტროლს უკრაინაზე. ამან შესაძლოა შეასუსტოს პუტინის ძალაუფლება.
ნათლად რომ ვთქვათ, ეს პუტინის ომია და მხოლოდ მისი არჩევანი. ეს ცალმხრივი, არაპროვოცირებული აგრესიის აქტია და იგი უმკაცრესად უნდა იქნას დაგმობილი. ამასთან ერთად, ყოველივე ამას ყველაზე გაბედული პასუხიც უნდა მოჰყვეს, სანქციების მთელი სპექტრი უნდა დაწესდეს. უკრაინა კი, მსოფლიო საზოგადოების სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
ბევრი დაიწერა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე, რომელმაც აიძულა უკრაინა საბჭოთა ეპოქისდროინდელ ბირთვულ არსენალზე ეთქვა უარი, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიის სანაცვლოდ რუსეთის მხრიდან. სრულიად აშკარა იყო, რომ პუტინმა მემორანდუმი არად ჩააგდებო და მის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. მაგრამ თუ გვსურს, საერთაშორისო შეთანხმებებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, თუ ღირს კანონის უნივერსალური უზენაესობისკენ სვლა, ჩვენ ყველანი ამ საფრთხეს წინ უნდა აღვუდგეთ.
მშვიდობა და კეთილდღეობა ვერ იარსებებს თანამშრომლობისა და ვალდებულებების გარეშე. ამის ალტერნატივა პუტინის სამყაროა − კორუმპირებული დისტოპია, რომელსაც ცოტასთვის თუ მოაქვს სარგებელი; რომელიც იძულებით კონტროლზე, მუდმივ შიშსა და უსამართლობაზეა აგებული.
მე თანაგრძნობას ვუცხადებ მილიონობით უკრაინელს, რომლებსაც ახლა უხდებათ გარდაუვალი თავდასხმების საფრთხის ქვეშ ცხოვრება. მე თანაგრძნობას ვუცხადებ მათ, ვინც თავდასხმის პირველ საათებში უკვე დაკარგა საყვარელი ადამიანები.
სულ რაღაც ორი დღის წინ ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, და მან ხიდების აღსამართად და ადამიანების გასაერთიანებლად სამშვიდობო კონცერტის იდეა წამოაყენა. ნაცვლად ამისა, მას და მის ქვეყანას თავს დაესხნენ.
მაგრამ მე ასევე მაინტერესებს, როგორ უყურებენ უბრალო რუსები, ახალგაზრდები და მოხუცები იმ ვითარებას, რომელშიც პუტინმა ჩაითრია ისინი, რომლებიც ცდილობენ მშვიდად და ღირსეულად იცხოვრონ. კალინინგრადიდან ვლადივოსტოკამდე, მოსკოვიდან ომსკამდე, ადამიანებმა შფოთითა და შიშით უნდა უყურონ, როგორ ვითარდება ეს კრიზისი. ისინი ვერაფერს მოიგებენ პუტინის აგრესიით, მაგრამ რეალური რისკის წინაშე არიან. შესაძლოა, რაც უკვე დაკარგეს, იმაზე მეტიც კი დაკარგონ, როდესაც მათი ქვეყნის სიმდიდრე ძალაუფლების სათავეში მყოფმა პირებმა გაინაწილეს.
ხალხს ბევრი დრო არ დასჭირდება იმის გასაგებად, თუ როდის მოატყუეს, და როგორც კი რუსების მხრიდან მსხვერპლი დაიწყებს ზრდას, როგორც კი დამღუპველი სანქციები დაატყდება თავს რუსეთის ეკონომიკას, შესანიშნავი და სიცოცხლის მოყვარული რუსი ხალხი შესაძლოა მიხვდეს, რომ უკეთესს იმსახურებენ, თუ ეს მათ უკვე არ იციან. თუმცა, პუტინის დამარცხება მხოლოდ სანქციებით შეუძლებელია − ამას ხალხი თუ შეძლებს.
როგორც ბევრმა აღნიშნა, დასავლეთს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი გაუმართლებელი ომების ისტორია. მაგრამ ახლა არ არის სახუმარო დრო. თუ ერთი არასწორად მოიქცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხად მეორეც არასწორად უნდა მოიქცეს. დადგა დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვუწოდოთ აგრესიისა და სისხლისღვრის შეწყვეტისკენ; თავისუფლებასა და თვითგამორკვევას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას უნდა დავუჭიროთ მხარი, და ტოტალიტარიზმის აჩრდილის წინააღმდეგ გამოვიდეთ, რომელმაც კიდევ ერთხელ წამოყო თავისი მახინჯი თავი ევროპასა და მსოფლიოზე.