Get All Access for $5/mo

ფსიქოლოგიური ხრიკები, თუ როგორ გავხდეთ კარგი მსმენელი და მოსაუბრე მიზანმიმართული და პროდუქტიული ურთიერთობები ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ალბათ ყველას გსმენიათ ქართული ანდაზა: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ხანდახან, ზუსტად ერთ წინადადებაში მოქცეული სიბრძნის გასაანალიზებლად წლები ან მთელი ცხოვრებაც კი არის საჭირო. თუმცა, 21-ე საუკუნეში, როცა სამყარო ელვის სისწრაფით ვითარდება, არ გვაქვს უფლება დროს და მის მოტანილ გამოცდილებას ველოდოთ, პირიქით – რაც ძალა და ღონე შეგვწევს, უნდა ვეცადოთ, რომ დავიჭიროთ წამი! დავიჭიროთ ცოდნა!

ადამიანის განვითარებისთვის აუცილებელია სოციალური კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან ვამყარებთ კონტაქტს – დაწყებული მისალმებით, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, დამთავრებული საქმიანი მოლაპარაკებებით, ადამიანებს, გარკვეულწილად, მაინც გვიჭირს სასიამოვნო დიალოგების წარმართვა. ეს პრობლემა არც ანტრეპრენერებისთვისაა უცხო – ისინი ხშირად უჩივიან სასურველი ბიზნესსაუბრების დეფიციტს და ცდილობენ მათი კომპენსაცია სხვა გზებით მოახერხონ. მაგრამ ფაქტი ერთია – მიზანმიმართული და პროდუქტიული ურთიერთობები ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ამერიკელი ფსიქოლოგი და ქოუჩი, ლინდა საპადინი აღნიშნავს, რომ პროდუქტიული საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება წარიმართოს, როცა ორივე მხარე ზოგად წესებს იცავს. ფსიქოლოგიის დოქტორმა გამოყო ხელისშემშლელი პუნქტები, რომელთა "მიმდევრები" განწირულნი არიან საუბრის დასაწყისშივე. აქ, რა თქმა უნდა, ორივე მხარე მოიაზრება. კერძოდ:

მოსაუბრე უნდა შეეცადოს, თავი აარიდოს:

  • გამუდმებით საუბარს, მსმენელის ჩართულობის გამორიცხვით;
  • მბრძანებლური ტონის გამოყენებას (ფრაზა: "რატომ არ მისმენ?" ვნებს!);
  • ახსნა-განმარტების გარეშე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება (ეს სწორედ ასე უნდა მომხდარიყო!).

რაც შეეხება მსმენელს:

  • არაკონცენტრირებულობა მოსმენის დროს (მაგ: ნუ შეამოწმებთ ტელეფონს);
  • პასუხები შემდეგი ფორმულირებით: "დიახ, მაგრამ";
  • არასასიამოვნო და პატივის შემლახველი სხეულის ენა.

ურთიერთობების გარეშე წარმატების მიღწევა რთული რომ არის, ამაში ალბათ ეჭვი არავის ეპარება. სწორედ ამიტომაა, რომ მსოფლიოს გარშემო უამრავი ადამიანი ინტერესდება ამ საკითხით.

ანტრეპრენერებს საუბრის სასარგებლოდ წარმართვის ხრიკებს იმან ტარიქი, მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ ციფრული მარკეტინგის სააგენტოს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, უზიარებს. Webmetrix-ის სათავეში მყოფი პირი ამბობს, რომ ურთიერთობები ბიზნესში ჰაერივით საჭიროა და რომ ამის ნიჭი ყველას თანდაყოლილი არ აქვს. ტარიქი თამამად აღიარებს მის არსებობას იმ ადამიანთა შორის, რომელთაც თავდაუზოგავი შრომა დასჭირდათ, რათა ეს უნარი მოეპოვებინათ. "ადამიანებთან საჭირო ურთიერთობების წამოწყება და მართვა დიდ ძალისხმევასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. ასევე აუცილებელია მზადყოფნა და სურვილი, რომ შეცდომები ცხოვრებისეულ გაკვეთილებად ვაქციოთ", – ამბობს იგი.

იმან ტარიქი გვიზიარებს ხრიკებს, რომელთა გათვალისწინება ბიზნესსაუბრების დროს მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა:

1. გააკეთეთ ჩანაწერები, როცა ადამიანს ხვდებით

შეიძლება ეს ყველაფერი მარტივად გამოიყურება, თუმცა მის შესასრულებლად საკმარისი მიზეზები არსებობს. როცა ადამიანს ვესაუბრებით, მას დიალოგში უნდა მივყვეთ. პარალელურად, შეგიძლიათ თვალი შეავლოთ იმ გარემოს, სადაც იმყოფებით. იპოვეთ ისეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია ამ პიროვნებისთვის. მოუსმინეთ გულისყურით. მაგალითად: ვთქვათ, საუბრის დროს მან ახსენა თავისი შვილი, რომელიც ფეხბურთზე უნდა წაიყვანოს. ახლა თქვენ უკვე იცით, რომ მას ოჯახი ჰყავს – ჰკითხეთ ამის შესახებ, გამოიჩინეთ ინტერესი, გახადეთ ურთიერთობა გულწრფელი და ლაღი. ადამიანებს ხომ გვიყვარს ვიყოთ დაფასებულები, და ჩვენ მიმართ ყურადღებას იჩენდნენ.

ჩანაწერების გაკეთება ინფორმაციის დამახსოვრებაშიც გვეხმარება. თუკი ჩვენს ჩანიშნულ ინფორმაციას მეორე შეხვედრამდე გადავხედავთ, ნაკლებად მოგვიწევს მთელი დიალოგის გახსენება, რადგან ძირითადი ინფორმაცია ჩვენ ხელთაა.

2. ღიად აღიარეთ, როცა რაღაც არ იცით

ჩვენ გვიყვარს საკუთარ თავზე საუბარი. თუკი ხვდებით, რომ რაღაც არსებობს, რაც თქვენ არ იცით და მოსაუბრე საკმაოდ ინფორმირებულია ამ საკითხში, გაბედეთ და უთხარით: "მე არასდროს მსმენია მსგავსი რამ, შეგიძლიათ ამიხსნათ?" ხანდახან უფრო მეტი შეგიძლია ისწავლო კითხვის დასმისას, ვიდრე საათობით ინფორმაციის მოძიების დროს.

3. გამოიყენეთ თხოვნა, როგორც უპირატესობა

სთხოვეთ ადამიანს რაღაც, ძალიან მარტივი, მაგ: შეხვედრამდე ლეპტოპის წუთით დაჭერა. აქ მუშაობს ბენჯამინ ფრანკლინის ეფექტი – როცა ადამიანს რაღაცას სთხოვ, იგი უკვე სანაცვლოდ შენგან საჭირო დროს უპირობო დახმარებას ელის. ადამიანები, რომლებმაც თქვენთვის თუნდაც ელემენტარული რამ გააკეთეს, იწყებენ თქვენს მოწონებასა და დაფასებას. მეტიც – ისინი დაგეხმარებიან კიდეც წარმატების მიღწევაში, რადგან ექმნებათ გარანტია, რომ "ვალს აუცილებლად დაუბრუნებთ".

4. ყოველთვის იყავით კეთილმოსურნეები

როცა ბიზნესსაუბრებს ვეხებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინება წარმატების მომტანი ვერ იქნება. ყველაფერი, რასაც აკეთებ და საუბრობ, უნდა იყოს მოტივირებული შემდეგი ფრაზებით: "როგორ შემიძლია დავეხმარო ამ ადამიანს", "როგორ უზრუნველვყო მათი საჭიროებები". გახსოვდეთ, ადამიანები ხვდებიან, როცა მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებთ, ან როცა თქვენი ქცევა ყალბია. იყავით კეთილმოსურნეები.

5. აღმოაჩინეთ, რომ ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნებით

ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომელთან ურთიერთობისას აღმოაჩენთ, რომ ისინი უფრო მეტს ითხოვენ. ნუ დაიწყებთ მათ განსჯას, არამედ იფიქრეთ გამოსავალზე. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, თუმცა ნეგატიურ ფაზაში ნუ გაიჭედებით. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ განსხვავებულ ადამიანებთან იოლ ინტერაქციებში და ისეთი სტრესისგან თავის დაცვაში, რომელთან გამკლავების უნარიც არ გაქვთ.

ბიზნესსაუბრები შეიძლება რთული იყოს, თუმცა ამ ხრიკების გამოყენებით თქვენ შეძლებთ იყოთ უფრო გონიერი მსმენელი და მოსაუბრე. ეფექტურ ბიზნესკომუნიკატორს კი წარმატების მწვერვალისკენ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული აქვს.

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!