STEAMit - ელექტრონული და მექანიკური კონსტრუქტორების მწარმოებელი საგანმანათლებლო კომპანია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოლოგიური რევოლუციის თანამედროვე ეტაპზე ინოვაციები გახდა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მოითხოვს შესაბამის ცვლილებებს განათლებაშიც. სწავლების ტრადიციული მეთოდები და არსებული რესურსები ვერ აჩენს ინტერესს მოსწავლეებში STEM (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა) დისციპლინებისადმი. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, 2023 წელს მედეა აბრამიშვილმა და მამუკა აფაქიძემ სწავლების STEM/STEAM მიდგომებზე დაფუძნებული, ელექტრონული და მექანიკური კონსტრუქტორების მწარმოებელი საგანმანათლებლო კომპანიის, "სთიმითის", დაარსება გადაწყვიტეს.
"მიუხედავად STEM-STEAM-განათლების დიდი პოპულარობისა, მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე არ არსებობს სწავლების STEM/STEAM-მიდგომებზე დაფუძნებული სრულფასოვანი სასწავლო ნაკრებები და სასწავლო პროგრამები შესაბამისი სასწავლო სცენარებით, რომლებიც სკოლის ასაკის ბავშვებს სახალისოდ შეასწავლის STEM-დისციპლინებს, დაამყარებინებს საგანთაშორის კავშირებს, განუვითარებს როგორც მოტორულ, ისე კოგნიტიურ უნარებს. "სთიმითი" მომხმარებელს სთავაზობს ერთიან პროდუქტს, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალებს STEM-სწავლების მიდგომის ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, რაც უადვილებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სწავლა-სწავლების პროცესს", − Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს მედეა აბრამიშვილი.
"სთიმითის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ STEM/STEAM-მეთოდოლოგიის განვითარების, პოპულარობისა და ხელშეწყობის მიუხედავად, არ არსებობდა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო და მატერიალური რესურსი მის სასწავლო პროცესში დასანერგად. კომპანიის გუნდის სწავლებისა და კვლევების დიდმა გამოცდილებამ, ინჟინრული უნარების არსებობამ, ინოვაციური საწარმოო ტექნოლოგიებისა და საგანმანათლებლო სფეროს ცოდნამ, საშუალება მისცა, შეექმნათ STEM/STEAM-მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული ნაკრებები, ყველა აუცილებელი კომპონენტით.
"STEM/STEAM-მიდგომები, თავისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, მოითხოვს პროდუქტის როგორც ინჟინრული კომპონენტის შექმნას, ასევე ინტერდისციპლინურ ნაწილში სასწავლო სცენარების შემუშავებას. ფაქტობრივად, "სთიმითის" დამფუძნებლების შემუშავებულია პროდუქტის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი. ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოება STEM-ს უკავშირებდა რობოტიკის ან ელექტრონიკის სწავლებას, რაც ამ მიდგომის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
STEM-მიდგომის ეფექტიანად დასანერგად რიგი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო. ამათგან, უპირველესია ადამიანური რესურსი, რაშიც იგულისხმება სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მშობლების მზადყოფნა, გაითავისონ და დანერგონ ასეთი ინტერდისციპლინური, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და კეთებით სწავლებაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომა. ძალიან რთულია დაანგრიო საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სასწავლო ტრადიციები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ საქართველოს მასშტაბით ხშირად ვატარებთ ტრენინგებს და ვორქშოპებს, მათთვის STEM/STEAM-ცნობიერების ასამაღლებლად", − აღნიშნავს მედეა აბრამიშვილი.
"სთიმითის" თანადამფუძნებლის შეხედულებით, იყო ანტრეპრენერი, ალბათ უფრო მეტია, ვიდრე იყო ბიზნესმენი, რადგან პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინოვაციური ხედვისა და უნარების არსებობის აუცილებლობასთან. ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ინოვაციური იდეებით ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ კეთილდღეობას ქმნის. ის არის იდეის ინიციატორი, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს. მისი მიზანია, გამოიცნოს მომხმარებლის პრობლემა, იმის მიუხედავად, რამდენად გააზრებული აქვს თავად მომხმარებელს ის და ინოვაციურად მოაგვაროს არსებული პრობლემა.
მედეა აბრამიშვილი საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით აღნიშნავს, რომ ხშირად მომხმარებელმა არ იცის რა სჭირდება მას. ანტრეპრენერმა უნდა დასვას პრობლემა, შეისწავლოს იგი და იპოვოს გადაჭრის ახალი, განსხვავებული გზები. პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სხვადასხვა უნარის არსებობა, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მოდის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარმატებისთვის აუცილებელია ძლიერი გუნდის არსებობა, რომელშიც სხვადასხვა უნარის მქონე, შემოქმედებითი ადამიანები იგულისხმება და მოტივაცია, რომელიც ყველა წარმატებული იდეის უკან დგას.
"როცა ვუყურებთ, თუ როგორ კლავს მოსწავლეებში სწავლების ტრადიციული მეთოდების გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის სწავლის სურვილს და ზოგადად, როგორ აკლებს მოსწავლეებს საჭირო უნარებს, ეს გვიჩენს სურვილს, მოვაგვაროთ არსებული პრობლემა და იგი ხდება ჩვენი როგორც შთაგონების, ისე მოტივაციის წყარო. ასევე, უნდა აღინიშნოს განცდა, რომ ყველაფერი შენს ხელშია. ის, თუ შენი საყვარელი საქმიანობა როგორ განვითარდება, ცალსახად შენს მონდომებაზეა დამოკიდებული. "სთიმითის" თითოეული ახალი ნაკრები ახალ პრობლემებს აჩენს და გადაწყვეტილებების პოვნა, საზღვრებს გარეთ ფიქრი, ახალი ცოდნის შეძენა ხდის საქმიანობას საინტერესოს. როდესაც ამას ემატება კმაყოფილი მომხმარებელი, ძირითადად ბავშვები, რომლებიც ნაკრებების გამოყენების შემდეგ აციმციმებული თვალებით გესაუბრებიან, თუ როგორი სურვილი გაუჩინა ნაკრებებზე მუშაობამ, რომ ინჟინრები და სხვადასხვა STEM-პროფესიის ადამიანები სურთ გახდნენ, უდიდესი შთაგონებისა და მოტივაციის წყაროა", − განმარტავს ანტრეპრენერი.
რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმებს, "სთიმითის" გუნდი უახლოესი 1 წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს პროდუქტის გავრცელებასა და დანერგვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. სამომავლო პერსპექტივაში, საქართველოს წარმატებული პრაქტიკის მაგალითზე, "სთიმითი" მსოფლიო ბაზარზე გასვლასაც გეგმავს.