Get All Access for $5/mo

გაიცანით შემდეგი თაობის ანტრეპრენერები, 65+ ასაკის ადამიანები "მხოლოდ წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს 75 წლის ასაკში, ასაკობრივი დისკრიმინაცია და მიკროაგრესიები, რომლებზეც ადამიანები გამუდმებით ლაპარაკობენ", - ამბობს ტომ კამბერი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

"ადამიანები ქუჩაში ისე გტკენენ გულს, ვერც კი ხვდებიან", ამბობს იგი, "სამსახურის ინტერვიუზე მისულს, შენ კი არა, რიგში შენს შემდეგ მდგარ ახალგაზრდა ბიჭს აქცევენ ყურადღებას. მერე ინტერვიუებზე უნდა ნახოთ რა ხდება", ის თანდათანობით გამოდის მდგომარეობიდან, "პირდაპირ ასაკს გეკითხებიან, ეს სრულიად უკანონო შეკითხვაა! ეს იგივეა, რომ მკითხოთ, ნამდვილად შავი ვარ თუ არა? ან სულაც გეის ჰგავხართ, ნამდვილად გეი ხართ თუ არა? ან კიდევ თუ თქვენი პოტენციური დამსაქმებელი საკმაოდ მოხერხებული და ეშმაკია, პირდაპირ არ გკითხავთ, რადგან ეს უკანონოა და მოვლითი გზებით შეეცდება ასაკის დადგენას; სკოლის დამთავრების წელს გკითხავთ. ეს რა არის, რა უმსგავსობაა".

კამბერი ისეთი ადამიანია, მასთან ინტერვიუს ჩატარება ცოტა არ იყოს გაგიჭირდებათ. ის პოდკასტის სიჩქარეზე კიდევ 1.5-ჯერ სწრაფად ლაპარაკობს. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებთ და უკვე სამი წინადადება გაქვთ გამორჩენილი. ჯერ მის მელოტ თავს შეხედეთ და შემდეგ, არტდეკოს სტილის ტატუს, რომელიც მთელ ბიცეფსებზე აქვს გადაჭიმული; ისიც ნახეთ, როგორც ცეკვავს სალსას სხვადასხვა თაობის ადამიანთა საღამოზე, რომელსაც ნიუ-იორკის კლუბში აწყობს; ერთი შეხედვით, ყველაზე ნაკლებად ჰგავს ხანდაზმულთა ცენტრის დირექტორს. მაგრამ, მისმინეთ, ტომსაც აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ეიჯიზმი (რომელიღაც ასაკობრივი ჯგუფის წინააღმდეგ წინასწარ შექმნილი ცუდი განწყობა, განსაკუთრებით ასაკოვნების დისკრიმინაცია სამუშაოზე აყვანისას და ა.შ.), ეს ბოლო "იზმია" და როგორც ამბობს, ამის შესახებ მას საკმაოდ ბევრი აქვს სათქმელი.

მსგავსი სტატია: MADAM WINE ქალების ღვინო ქალებისთვის

"როდესაც ისეთ საზოგადოებაში ცხოვრობ, რომელშიც ნებისმიერ სფეროში ასაკოვანთა დისკრიმინაციაა გაბატონებული, შენი ოცნებები, რომლებიც ერთი შეხედვით, სრულიად ნორმალური გეგონა, სხვა ადამიანებს უქმნის საფრთხეს", წინასწარ გაფრთხილებთ იგი. ახლა უკვე მეტყველების ისეთ ტემპზეა გადასული, რომ მხოლოდ წინადადებებს კი არა, უკვე მთელ პარაგრაფებს წარმოთქვამს სწრაფად.

"ადამიანები ყველანაირად ცდილობენ უკანა პლანზე გადაგიყვანონ, იმიტომ, რომ საკუთარი სიბერის ეშინიათ; ან სულაც იმიტომ, რომ მათ ეკონომიკური თვალსაზრისით კონკურენციას უწევთ; და იმიტომაც, რომ თავიანთ ახალგაზრდულ კულტურაში, ვიღაც სხვისი იდეის დანერგვა არ სურთ", აგრძელებს კამბერი, მისი ქადაგება უკვე ემოციურ პიკს აღწევს, "რა გამაღიზიანებლები, დამღლელები და საშინლები არიან ადამიანები!"

სწორედ ამის გამო შექმნა კამბერმა Senior Planet ტექნოლოგიური საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ხანდაზმულებს ამზადებს, რომ როგორმე შეძლონ გზის გაკაფვა და სამყაროს შეებრძოლონ, რომელიც მათ წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, მათი ჩამოცილება სურს გზიდან. კომპანიის ოფისი მანჰეტენზეა, ჩელსის რაიონში. ოფისის მინის კარზე წარწერა მოჩანს: "დაბერება შთამბეჭდავი პოზიციით". შიგნით ხის პრიალა, მონაცრისფრო მაგიდებია ჩამწკრივებული და ამით უწევს იგი კონკურენციას გვერდით მდებარე WeWork-ს, რომელიც სტარტაპებს თავისუფალ სივრცესა და სხვა მომსახურებას სთავაზობს.

თვით კამბერი საკმაოდ საინტერესო ადამიანია, ეს ადგილი კი, მეტისმეტად აქტიური და საქმიანი. ვიდრე სალაპარაკოდ დავსხდებოდით, აქ წყვილი უთითებო ხელთათმანი შევიძინე Senior Planet-ის ერთ-ერთი კურსდამთავრებულისგან, მადელინ რიჩისგან, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, ქსოვს, ქსოვილების განხრის დიზაინერი და ანტრეპრენერია. თავისი სადღესასწაულო ხელთათმანების გაყიდვით გამომუშავებული ფულით, ბოლო ხანებში კარიბის ზღვის ქვეყნებში იმოგზაურა, თანაც, საკუთარი ნივთები უმთავრესად ინტერნეტით გაყიდა. აქ, კომპიუტერულ ლაბორატორიაში, Google Calendar და Google Hangouts-ის გამოყენებასაც ასწავლიან მსურველებს. ამასობაში რეიჩელ როტიც გამოჩნდა დახვეწილი ჭაღარა ქალბატონი ავიატორის სათვალით. მან ურიკა შემოაგორა ზღვის მარილმოყრილი, შოკოლადიანი ნუშის კანფეტებით, სახელად Opera Nuts. თავის ნუგბარს ინტერნეტით, სხვადასხვა გვერდზე ყიდის West Elm იქნება ეს, Pottery Barn, თუ Williams Sonoma. თანამშრომლებს კი, თავისი საფირმო ჩინური პაკეტებით აწვდის ზოგიერთ ნიმუშს.

60-ს გადაცილებული ადამიანები აქ მრავალი მიზეზის გამო იყრიან თავს. ზოგადად, მათ არც სასიგნალო ღილაკების სისტემის შესწავლა სურთ, საჭიროებისას პოლიციის ან მონიტორინგის სამსახურის გამოსაძახებლად, და არც ხანდაზმულთათვის განკუთვნილი განგაშის დეტექტორებში გარკვევა, დაცემისას შველა რომ ითხოვონ. დიდი მადლობა, ჩემო ბატონო! აქ უფასო წრეებზე დადიან და ახალი მეგობრების შეძენა სურთ. იმის შესწავლაც, თუ როგორ იპოვონ ფოტოები, რომლებსაც მათი ქალიშვილი Facebook-ზე ათავსებს; როგორ ისარგებლონ საკეტების ჭკვიანი სისტემით, რომელსაც მათ ბინებში ნებისმიერ შემთხვევაში ამონტაჟებენ, იმის მიუხედავად, სურთ თუ არა მათ ეს (უმეტესად კი, არ სურთ). "მათ დაბრუნება სურთ, იმ სამყაროში ყოფნა, რომელშიც ტექნოლოგიამ პირდაპირ ზედ გადაუარათ", ამბობს კამბერი.

Senior Planet-ში ყოველი მეხუთე იმიტომ მოდის, რომ ტექნოლოგიები თავის საქმეში გამოიყენოს და ფული გამოიმუშავოს, რადგან პენსიაზე ყოფნა უკვე მობეზრებული აქვთ; ან იმის გამო, რომ სურთ, საყვარელმა საქმემ ცოტაოდენი ფული მოუტანოთ. მათ Etsy და Instagram, Google Suite და Microsoft Word აინტერესებთ; გადახდების დამუშავება PayPal-ით სურთ; Wix ვებგვერდის შექმნაც უნდათ იცოდნენ, და ვიდეორგოლების ელექტრონული ფოსტით გადაგზავნაც; მათ მაღაზიების გახსნაც სურთ, მხოლოდ ხანდაზმულთათვის ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც თვითონ არიან; ასევე, ჟურნალების გამოცემა სრული ქალებისთვის, და ჰარლემის მიდამოებში ძაღლებისთვის განკუთვნილი საკუთარი ფურგონით სიარულიც. მათ ახალგაზრდებზე მეტად სურთ თავიანთი მიზნების განხორციელება, რადგან როდესაც გარკვეული ასაკის ხდები, გრძნობ, რომ "არც ისე ბევრი დაგრჩენია და ოცნებების ასრულება გაცილებით მნიშვნელოვანი, გადაუდებელი ხდება", ამბობს კამბერი.

მაგრამ ამ შემთხვევაში, გზაზე ბევრი დაბრკოლება გეღობება. ადამიანები გასაოცრად უსამართლონი და გამაღიზიანებლები არიან. "როდესაც ასაკოვანი ხარ, იდეა გაქვს და მისი განხორციელება გსურს", ამბობს კამბერი, "ცოტა მაინც უნდა დაგეხმაროს ვინმე". ამიტომ, კამბერის არაკომერციულმა ორგანიზაციამ გარკვეული პლატფორმა შექმნა, რომ ამ ასაკოვან ადამიანებს ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლებოდათ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ამ სასწავლო პროგრამას ეიჯინგის სფეროს ყველაზე დიდი ავტორიტეტები აღიარებენ როგორც შეერთებულ შტატებში, ისე უცხოეთში.

მსგავსი სტატია: დეცენტრალიზაცია ანტრეპრენერულად

თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, კელვინ რამსეი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ცხოვრება სულ თავიდან დაიწყო. დაზღვევის სფეროში წლები გაატარა და 50-ს იყო გადაცილებული, როდესაც დრამატურგიასთან დაკავშირებული ოცნებების ასრულება სცადა. პირველად პიესა დაწერა "მწვანე წიგნზე", ხოლო შემდეგ, საბავშვო წიგნი გამოსცა. ეს 50 წელზე მეტი ხნის წინ გამოცემული წიგნია, მეგზურია იმ კომპანიებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც ფერადკანიან ავტომობილისტებს სეგრეგაციის ეპოქაშიც კი სიამოვნებით მიიღებდნენ თავისთან. მან პიესაც შექმნა და ისიც მოახერხა, რომ ის სცენაზე დადგმულიყო და წიგნიც გამოსცა ისე, რომ ელექტრონული ფოსტით წერილის გაგზავნა (ამისთვის მან მარკეტინგის ცივი ზარის ტექნიკაც გამოიყენა და ფოსტაში რამდენჯერმე შეირბინა კიდეც) მთლად კარგადაც არ იცოდა. 60 წელს იყო გადაცილებული, როდესაც მისმა სამწერლო კარიერამ პიკს მიაღწია. რამსეიმ დიდი ნაბიჯი გააკეთა ატლანტადან ნიუ-იორკის თეატრალური სცენის შუაგულში აღმოჩნდა.

ამ ამბებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ Senior Planet-ში დამწყებთა კურსებზე ჩასაწერად თავისი დიდებული კოსტიუმით შეაბიჯა. ფიქრობდა, რომ უკვე დრო იყო, თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებისთვის თავი აღარ აერიდებინა. უპირველესად, საკუთარი შიში უნდა გადაელახა, რომ "მანქანას გატეხავდა"; შემდეგ, ელექტრონული ფოსტა უნდა ესწავლა, თავისი პიესები რეჟისორებისა და მსახიობებისთვის დაეგზავნა, რადგან მისი პიესები მთელი ქვეყნის სცენებზე იყო დადგმული. "ეს ყველაფერი გაცილებით მარტივს ხდის ჩემს ცხოვრებას", ამბობს იგი. შემდეგ უკვე უმაღლესი კლასის ამოცანების დაუფლებაზე გადასულიყო: Senior Planet-ის თანამშრომლები მას ვებგვერდის შექმნაში დაეხმარნენ, რომელზეც თავისი ნაწარმოებები ატვირთა და Skype-ით დაიწყო დისტანციური ურთიერთობები, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის თავისი საბავშვო წიგნის გასაცნობად.

ერთ დღეს ბრაიანტ პარკის მიდამოებში მოსეირნე რამსეისთან გასაცნობად ბრენდონ სტენტონი მივიდა, უზომოდ პოპულარული ფოტობლოგის, "ადამიანები ნიუ-იორკში" შემქმნელი, და ინტერვიუ სთხოვა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიწყო მისი ახალი, წარმატებული ცხოვრება, როდესაც უკვე 60-ს გადაბიჯებული იყო და ფოტოც გადაუღო. სტენტონმა ურჩია სასწრაფოდ გაეხსნა Facebook-გვერდი და დაპირდა, რომ იმ 18 მილიონი ფანისგანაც მიიღებდა რაიმე სარგებელს, რომელსაც მისი ბლოგი გაუგზავნიდა. რამსეი პირდაპირ Senior Planet-ისკენ გაეშურა და მისი თანამშრომლების დახმარებით ავტორის გვერდი გახსნა; რამდენიმე დღის შემდეგ კელვინ რამსეის, რომელსაც ელექტრონული ფოსტით წერილის გაგზავნაც კი არ შეეძლო, 37 000 ხელმომწერი ჰყავდა, რომლებიც მის ახალ ამბებს მოუთმენლად ელოდნენ.

დღეს უკვე ადრინდელზე გაცილებით მეტი ხანდაზმული ადამიანი მუშაობს: დასაქმებულ ამერიკელთა 63 პროცენტი 55-დან 64 წლამდეა, ხოლო 20 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია. თუმცა, არ არის ნათელი, რისთვის აკეთებენ ისინი ამას იმიტომ, რომ მუშაობის სურვილი აქვთ თუ იმიტომ, რომ იძულებული არიან იმუშაონ? სრული სოციალური დახმარების პაკეტის მისაღები ასაკი იზრდება და 2027 წლისთვის 67 წელს მიაღწევს. ამერიკელები პენსიაზე დიდი ვალებითა და ნაკლები დანაზოგით გადიან. დიდი ამერიკული პენსია უკვე სხვა ეპოქის გადმონაშთია. მეორე მხრივ, კარგი ისაა, რომ ადამიანები გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ და სულ უფრო მეტი გამოკვლევა უჩვენებს, რომ მუშაობა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული ტიპის სამუშაოები მაინც, თანაც ჩვენსავე დადგენილი პირობებით, დარჩენილ წლებს გაცილებით სასიამოვნოს ხდის. მაგალითად, კალიფორნიისა და პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გამოკვლევის პერიოდში, ასაკოვნებში, რომლებსაც იშვიათად ან არასოდეს უგრძვნიათ თავი სასარგებლოდ, თითქმის სამჯერ მაღალი იყო მსუბუქი ინვალიდობის განვითარებისა და სიკვდილის ალბათობა.

მსგავსი სტატია: ქართველი ჯუნიორ ანტრეპრენერები

ერთ მშვენიერ დღეს Senior Planet-ის ერთ-ერთ კურსზე შევირბინე, სახელად "მუშაობა". ამ ჯგუფში მსმენელები Google Hangouts-ის გამოყენებას სწავლობდნენ და როდესაც გაკვეთილები დასასრულს მიუახლოვდა, ერთმა ქალბატონმა, სახელად ჯინ მაკკარიმ, ვარცხნილობა "ბობით", გაოცებისგან მეტყველების უნარი დაკარგა. როგორც შემდეგ განაცხადა, მას უმაღლესი განათლება ჰქონდა და რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოში ჯერ კიდევ მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ ძველი სამსახურის კოლეგიალობისა და სტრუქტურის წყალობით. "ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა" აი, ეს არის, რაც ნამდვილად გენატრებათ, როდესაც პენსიაზე გადიხართ. მაკაკრიმ ასაკით უფროსი კოლეგაც გაიხსენა, რომელმაც ონლაინკურსებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის სამსახური იშოვა. "ის 90-ს გადაცილებულია და მოახერხა, ამ ასაკშიც აქტუალური დარჩენილიყო".

ის ოპტიმისტურად უყურებს თამაშში დაბრუნების შანსს, მე კი, ცოტა არ იყოს, გული მწყდება, რომ წარმოვიდგენ, რა საშინელ დისკრიმინაციას შეეჯახება იგი. ხანდაზმულთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მარკ ცუკერბერგის 2007 წლის ცნობილი განაცხადიც უკეთებს ილუსტრირებას, რომ "ახალგაზრდები გაცილებით ჭკვიანები არიან"; ამასთან, ის სულაც არ არის გამონაკლისი. 2017 წელს სან-ფრანცისკოს ფედერალური სარეზერვო ბანკის მკვლევრებმა სხვადასხვა ასაკის გამოგონილი სამსახურის მაძიებლების რეზიუმეები მოამზადეს და დამლაგებლის, გამყიდველისა და დაცვის სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიებზე გააგზავნეს. უფროსი ასაკის კანდიდატებმა, საშუალოსთან შედარებით, ყველა კატეგორიაში ნაკლები გამოხმაურება მიიღეს. ამ უკანასკნელებმა კი, ახალგაზრდებთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლები. ეს მონაცემები განსაკუთრებით დაბალი იყო ასაკოვანი ქალების შემთხვევაში. მკვლევრებმა მიღებული შედეგები სამწუხარო ფაქტს დაუკავშირეს, რომელიც მათთვის მოულოდნელი და გასაოცარი სულაც არ იყო როდესაც მომსახურების სფეროში დასაქმებაზეა საუბარი, ქალის კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გარეგნობაა და ამიტომ, ქალის ფიზიკურ დაბერებას მამაკაცისაზე გაცილებით მკაცრად აფასებენ.

არ არის გასაკვირი, რომ იმ ადამიანთა ნაწილი, რომლებსაც ამდენი დაბრკოლება ხვდებათ სამსახურის ძიების გზაზე, ანტრეპრენთა გზას ირჩევს. მათ სურვილი აქვთ, თვითონ განსაზღვრონ და აკონტროლონ სამუშაო გრაფიკი მას შემდეგ, რაც სამუშაო საათებს დიდი ხნის განმავლობაში სხვები უკონტროლებდნენ.

მაიკლ ტეილორი Wix-ის ჯგუფში ვიპოვე. იგი თავისი შევერცხლილი თმითა და ვარცხნილობით სამუელ ლ. ჯექსონს მიაგავს. 71 წლისაა, მაგრამ დაახლოებით 45-სა გეგონებათ; ერთხელ დაადანაშაულეს კიდეც იმაში, რომ საპენსიო ბარათს თაღლითურად იყენებდა. 2009 წელს იძულებული გახდა თავისი ანტიკვარული ნივთების მაღაზია დაეხურა, რადგან საიჯარო გადასახადი მკვეთრად გაიზარდა და გაყიდვის მაჩვენებლებმაც მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ მუშაობისთვის თავის განებება არ უნდოდა. მისი ბაბუა პენსიაში 84 წლისა გავიდა და "ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სულ სხვა ადამიანი დავინახე ის უკვე მოხუცი იყო", იხსენებს იგი. ვუთხარი, თუ პენსიაზე გასვლა ასეთ გავლენას მოახდენს შენზე, მინდა, ისევ მუშაობდე. ასე რომ, გადაწყვეტილი მაქვს, იმ დრომდე ვიმუშაო, ვიდრე ღმერთი არ დამიძახებს თავისთან ან მუშაობა აღარ შემეძლება. მიუხედავად ამისა, ის გავრცელებულ პრობლემას შეეჯახა: "აღმოვაჩინე, რომ სამუშაოს მოძებნა არც ისე მარტივია თუ 20, 39 ან სულაც 40 წლის არ ხარ".

ტეილორმა კი 60-ს რა ხანია გადააბიჯა და ამბობს: "ჩემს თავს ვეკითხებოდი, რისი გაკეთება მინდოდა, როდესაც ასაკი მომემატებოდა?" მან 2010 წელს გამოცდები ნიუ-იორკის ინტერიერის დიზაინის სკოლაში ჩააბარა, ბაკალავრის წოდებაც მიიღო და მაგისტრისაც; და ზოგჯერ უკვირს, ასეთი გონიერი რომ აღმოჩნდა: "ერთხელ დიზაინის სკოლის გამოსაშვები გამოცდისთვის ვემზადებოდი და საკუთარ თავს ვუთხარი: "შენ ახლა სწავლობ და ამ დროს, უკვე დემენცია უნდა გაწუხებდეს!"

ტეილორი იოგას ჯგუფში ისთ საიდში დადიოდა და ერთ-ერთმა ჯგუფელმა Senior Planet-ის შესახებ უამბო. მისი საკურსოს რომელიღაც ნაწილი ახალი პროფესიის ციფრული ინსტრუმენტების შესწავლაც იყო: მან პლანშეტი ამოიღო, იმ ბინის ფოტოსურათების საჩვენებლად, რომლებიც თვითონ შექმნა პროექტირებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფით; თავისი ბიზნესგვერდის აწყობაც ისწავლა. ერთ დაუსრულებელ სამუშაოსაც გადავხდეთ ამ ერთ გვერდზე პირველი სამუშაოს ფოტოსურათებია, დაწყებისას, დაბოლოს, დასრულებისას ტეილორის მეგობრის ბინაა, რომელმაც მისი საფუძვლიანად განახლება გადაწყვიტა, რომ Airbnb-ით გაქირავება შეძლებოდა. "რასაც აქ ვხედავ, ყველაფერი მომწონს", ამბობს იგი და ფოტოსურათების მაკეტს Photoshop-ში ათვალიერებს.

ტეილორმა შეძლებული კლიენტების მოსაზიდად საკმაოდ ბევრი გააკეთა და იმაზეც ბევრი იშრომა, რათა საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაცია უკეთესად მოეხერხებინა. ასაკზე დიდად არ გაუმახვილებია ყურადღება, და არც არაფერი უხსენებია, რაც 1970 წელზე ადრე მოხდა. მეგობარმა ურჩია, ფეხზე ადგომისას, კვნესა არ დაეწყო. ერთ შეხვედრაზე ტეილორმა გასაღები იატაკზე "შემთხვევით" დააგდო და დემონსტრირება გაუკეთა, როგორ მკვირცხლად იღებდა მას. "არ მინდოდა ვინმეს ეჭვი შეპარვოდა, რომ ვერ მოვახერხებდი". მას საკუთარ თავზე ეცინება, შემდეგ ყურსასმენებს იკეთებს და კლიენტის ზარს პასუხობს.

ჩემს თავს ვუთხარი: "შენ ახლა სწავლობ და ამ დროს, უკვე დემენცია უნდა გაწუხებდეს!

კამბერმა გრანტის მოზიდვა შეძლო, პროფესიონალი ინსტრუქტორები დაიქირავა და სრულიად უფასოდ დაიწყო პროგრამირების სწავლება, ნიუ იორკის 5 რაიონში 40 კომპიუტერული ლაბორატორია გახსნა. OATS-მა Senior Planet-ის პირველი სივრცე – მანჰეტენის საზოგადოებისა და ენერგიის ცენტრი, 2013 წლისთვის დააფუძნა.ორშაბათ დღეს ერთ-ერთი მეცადინეობა იყო დანიშნული – ინტერნეტბაზრების გაცნობის გაკვეთილი, თემა – "სტარტაპი!" ინსტრუქტორი რობერტო თხის წვერით, თავის 12-ოდე სტუდენტს უხსნიდა, როგორ უნდა გაეზარდათ "თავისუფალი ღირებულება" ისეთ პლატფორმაზე, როგორიც Etsy-ა; ეს დამაჯერებელი ისტორიის მოფიქრებას ნიშნავს, რომელიც მყიდველს დელიკატურად დაარწმუნებს, რომ ამ გარკვეულ პროდუქტში ფულის გადახდა ნამდვილად ღირს. ასაკთან დაკავშირებული დისკრიმინაციის თემა დისკუსიაში კიდევ ერთხელ ამოტივტივდა. ერთი ქალბატონი, ხშირი და ხვეული თმით, მეცადინეობებზე ბრუკლინიდან დადის და თავისი ხელნაკეთი მაქმანებიანი ბალიშებისა და ფარდების ბიზნესის გაზრდას ცდილობს. ის ერთი საკითხითაც დაინტერესდა – უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მისი კომპანიის სახე გაცილებით ახალგაზრდა ყოფილიყო: "უზომოდ პატივმოყვარე ვარ, ჩემი პროდუქტი მაღალი კლასის რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მარტოს გამეგრძელებინა ეს საქმე, თუ ჩემს მეგობართან ან ნათესავთან ერთად მეცადა".

რობერტომ მათ თავიანთი სტარტაპების პრეზენტაციის გაკეთება სთხოვა ჯგუფის წინაშე. რამდენიმე იდეა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას უკავშირდებოდა. ეს იყო პროდუქტების მაღაზია, რომელიც ასაკოვნებს დაეხმარებოდა და მათ გრძელ გზაზე აღარ მოუწევდათ სიარული; ძაღლების გასასეირნებელი ფურგონი, რომელიც პირდაპირ სახლის კარს მიადგებოდა; და ფართო პროფილის ხელოსანი ფიქსირებული შემოსავლით, რომლის სამიზნე აუდიტორია ბრონქში მცხოვრები ხანდაზმულები იქნებოდნენ. ეს პროექტები ასაკოვანთა იდეა იყო და ამასთან ერთად, ასაკოვნებისთვის გახლდათ გამიზნული. ერთ ქალბატონს კი, საკუთარი მომსახურების შეფასებაში უნდოდა რჩევის მიღება. იგი წლების განმავლობაში უკეთებდა რეკლამირებას ჯაზურ საღამოებს ჰარლემში; მეორეს – ბარის გახსნა სურდა; ყოველი პრეზენტაციის შემდეგ, სტუდენტები გამომსვლელებს მხურვალე ტაშით აჯილდოვებდნენ.

ხანდაზმულები აქ ანტრეპრენერული რჩევების მისაღებად ნამდვილად არ იყვნენ მოსულები, თუმცა კამბერს პირველად ეგონა, რომ მთავარი მიზეზი ეს იყო. იგი 2000-იან წლებში სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებული არაკომერციული ორგანიზაციის დირექტორი იყო ნიუ იორკში, 70 წელს გადაცილებულ ქალს ინტერნეტის გამოყენებას ასწავლიდა. ამ იდეის საფუძველზე, 2004 წელს შეიქმნა ორგანიზაცია, სახელად ხანდაზმულების ტექნოლოგიური მომსახურება (OATS). კამბერი თვითონ ასწავლიდა პირველ კლასს მუნიციპალურ კომპიუტერულ ლაბორატორიაში; ქალაქის ბიუჯეტიდან მიიღო დაფინანსება, სასწავლო გეგმის დასამუშავებლად. ფოკუსჯგუფების დახმარებით, ხანდაზმულთა გამოკითხვა და იმის დადგენა შეძლო, რა სურდათ მათ.

მიღებულმა პასუხებმა გამოავლინა, რომ მთავარი პრობლემა სრულიადაც არ იყო ტექნოლოგიების გამოყენება. მათ იმის სწავლა კი არ სურდათ, როგორ გაეგზავნათ ელექტრონული ფოსტით წერილი ან როგორ გაწევრიანებულიყვნენ Facebook-ზე, არამედ მათ პარტნიორის ან მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, სოციალური ქსელის გაძლიერება უნდოდათ. მხოლოდ ინტერნეტში მოგზაურობა არ აკმაყოფილებდათ, კონგრესის წევრებთან დაკავშირება ან განაცხადის გაკეთება სურდათ შეღავათებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი სურვილი ტექნოლოგიების შესწავლა კი არა, იმის დადგენა იყო, თუ რის გაკეთებას შეძლებდნენ ტექნოლოგიების დახმარებით. "ჩვენ მივხვდით, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში სიბერესთან იყო დაკავშირებული", – ამბობს კამბერი, – "სიბერესთან, სულელო!"

რიჩი ანტრეპრენერი იყო, ქსოვდა და აქსესუარებს ქმნიდა. მისთვის და სხვა პირველი სტუდენტებისთვის, აქაურობა ნამდვილად აქტიური იყო და ხანდაზმულთა ჩვეულებრივი ცენტრებისგან განსხვავდებოდა, რომელიც მათთვის ნამდვილად სასურველი გარემო იყო. მან თანამშრომლებს უთხრა, რომ ერთადერთი, რაშიც დახმარება ნამდვილად სჭირდებოდა, თავისი ნივთების ინტერნეტით გაყიდვა იყო. ერთხელ ცენტრში Google-ის მოხალისეები მოვიდნენ დასახმარებლად... ამ ამბის გახსენებისას, რიჩი ინტონაციას იცვლის და გვიამბობს, რას ეკითხებოდნენ: "Gmail-ში ელფოსტის გახსნა გინდათ?" რიჩიმ უპასუხა, რომ ელფოსტა უკვე ჰქონდა და თანაც Gmail-ზე; შემდეგ, სტუმარმა მის ვებგვერდზე Google Analytics-ის ნახვა მოისურვა და რომ დაინახა, "თვალები გაუბრწყინდა!" – იხსენებს იგი.

Senior Planet-ის თანამშრომლები რიჩის Etsy-ში შესასვლელად დაეხმარნენ და ის ისევ შეხვდა რეიჩელ როტის, რომელიც ცენტრში პირველად იმის გამო მივიდა, რომ Opera Nuts-ის ბაზარზე გატანას ცდილობდა. ამ ორმა ქალბატონმა იფიქრა, რომ Senior Planet მათ უფლებას მისცემდა, კომპანიის მთავარ ოფისში ჰქონოდათ ბაზარი და პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა. შედეგად, Holiday Planet Holiday Bazaar დააარსეს. ახლა რიჩი და როტი ერთმანეთს ხშირად უკავშირდებიან – ვებგვერდების პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი, რადგან მათი ბიზნესი ზრდას იწყებს.

კამბერის შვილობილი იზრდება და ფართოვდება. OATS-მა ნიუ-იორკის, მერილენდისა და კოლორადოს შტატებში, სოფლადაც გახსნა ცენტრები. ისრაელში ერთი ცენტრია, ხოლო ესპანეთსა და იაპონიაში კიდევ რამდენიმეს გახსნის საკითხი იხილება.

ივნისში ახალი ცენტრი მოვინახულე, რომელიც ქალაქ პალო ალტოს ცენტრში, კალიფორნიის შტატში, გარემონტებულ შენობაში გაიხსნა. სახელად Avenidas ჰქვია. მეცადინეობებისთვის უკვე მზად არის Oculus VR-ის ყურსასმენები; მონაწილეების (ისეთების, როგორიც რეიჩელ როტია) სლაიდ-შოუს ტრანსლაცია სხვა ქალაქებიდან, კედლებზე დამონტაჟებული ახალი ტელევიზორებით ხდება. კონფერენციიდან ახლახან დაბრუნებული კამბერი, სტარტაპების დამფუძნებლებს მიმართავს, რომლებმაც ხანდაზმული მომხმარებლებისთვის, ასევე სილიკონის ველის 150 ასაკოვანი მომხმარებლისთვის აპლიკაციები გაუშვეს. მან აუდიტორიას Senior Planet-ის ერთ-ერთი ნიუ-იორკელი მონაწილის ისტორიაც უამბო: მსახიობს სმენის დეფექტი ჰქონდა და ტელეფონით ინფორმაციის მოსმენაში ეს უშლიდა ხელს. იგი იძულებული გახდა ელექტრონული ფოსტით ესწავლა საჭირო ინფორმაციის გაგზავნა და ამის წყალობით, კარიერა საკმაოდ დიდი ხნით გაიგრძელა.

ნიუ-იორკში ყოფნისას, ასაკოვანი ადამიანები ცენტრში ისევ მიდიან, მიუხედავად იმისა, რომ აღარცერთ ჯგუფში აღარ არიან ჩარიცხულები; ზოგჯერ, ხელსაყრელი შემთხვევის გამოსაყენებლად და ტექნიკური დახმარების მისაღებად, ზოგჯერ კი, ლობისტური ვიზიტის ორგანიზებისთვის, შტატის დედაქალაქ ოლბანიში და მეტი თანხის მოსაზიდად, ან თუნდაც კელვინ რამსეის ბოლო შოუს პრეზენტაციის სანახავად.

ივნისის ერთ დილით, რამსეი თავისი კოპწია სელის კოსტიუმითა და მზის შავი სათვალით ცენტრში შევიდა და კომპიუტერს მიუჯდა. შემდეგ ღამეს ის უკვე თავისზე ბევრად უმცროს კოლეგებთან ერთად განიხილავს მწერალთა ეროვნული კავშირიდან, თუ როგორ უნდა გაყიდონ ნამუშევრები. "მთელი ეს სამწერლო სამუშაო რაღაც სრულიად უჩვეულო, სხეულიდან გასვლის გამოცდილებაა", – განაცხადა მან გაფართოებული თვალებით.

ის დღის ამოცანას მიუბრუნდა: მოკლე ინფორმაცია უნდა გაუშვას თავის ახალ პიესაზე, რომელიც იელის უნივერსიტეტის პირველ ფერადკანიან კურსდამთავრებულს ეძღვნება. რამსეიმ Word-ის დოკუმენტი გახსნა და ორი თითით აკრიფა ტექსტი. განაცხადი გულმოდგინედ მიაბა ელექტრონულ წერილს და იქვე, ათობით რეციპიენტის მისამართი ჩასვა. შემდეგ გაახსენდა, რომ სხვებისთვისაც უნდა გაეგზავნა და მათი მისამართებიც დაამატა. ცოტა ხანში სხვებიც გაახსენდა და ისინიც დაამატა; და წერილი გაგზავნა. "წავიდაააა!" – ისე წამოიძახა, თითქოს კოსმოსური ხომალდი გაფრენილიყო. რამდენიმე წუთში საპასუხო წერილებიც გამოჩნდა, რომლებშიც ახალი პიესის გამოცემას ულოცავდნენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!