კორონაცია: ანუ გაიზარდე COVID–19-ის დროს რისთვისაა COVID-19-ის პერიოდი კარგი ან შესაფერისი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
შეგიძლია, რაც გინდა, ის მითხრა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ძალიან საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება. 2020 უზომოდ რთული წელი გამოდგა პირველივე დღიდან ბევრი მიზეზის გამო. მთავარი, და ყველაზე "ხმამაღალი" მიზეზი ამ მომენტში იმდენად "ყვირის", რომ მას თვალს ვერ მოარიდებ: COVID-19. ამ ვირუსმა მთელი დედამიწის მოსახლეობა გააჩერა, მათი ყურადღება მიიპყრო და მთელ მსოფლიოს წესებისა და ჩვევების შეცვლისკენ ექაჩება. ისტორიაში მსგავსი მაგნიტუდის გამოწვევები და სირთულეები ბევრია ასახული და მათ უმრავლესობას ერთი ჩემთვის საინტერესო ლაიტმოტივი გასდევთ: ზუსტად ასეთ დროს, კაცობრიობის გარვეული ნაწილი სირთულეებსა და პრობლემებში ხედავს შესაძლებლობას იმისა, რომ განვითარდეს და/ან ახალი ფასეულობა შექმნას ადამიანებისთვის. ესაა ჩემი დღევანდელი ბლოგის მთავარი თემა: როგორ დავინახოთ შესაძლებლობა და თვითგანვითარების გზა COVID- 19-ის პირობებში. იმედი მაქვს, ამ პოსტს რომ დავასრულებ, მეც და შენც ჩვენთვის რაღაც ახალს და სასარგებლოს აღმოვაჩენთ.
ბევრს არ ვილაპარაკებ იმაზე, რაც ისედაც ყველასთვის ცნობილია: COVID- 19 ვირუსია, რომელსაც ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს და მათ ჯანდაცვის სისტემებს ძალიან გაუჭირდათ მისი შეკავება. ამ მომენტში შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კაცობრიობა ასეთი გლობალური პანდემიისთვის მზად არ აღმოჩნდა. უძლიერესი ეკონომიკები ჩამოშლის გზაზეა, უდიდესი ქვეყნების მოსახლეობა შინაა გამოკეტილი და კარანტინით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ სირთულეებს ებრძვის. ზოგადად, ახალმა კორონავირუსმა ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში შეუძლებელი გახადა და მსოფლიო თანხმდება, რომ ეს პერიოდი ძალიან რთული და მძიმე იქნება.
ამ ყველაფერთან ერთად, ასევე ძალიან აშკარად გამოჩნდა კაცობრიობის ყველაზე დადებითი თვისებებიც: მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ, ახალ სერვისებსა და პროდუქტებს ქმნიან ახალ რეალობაში ადაპტაციისთვის და სულ ცოტა ხნის წინ რაც დაუჯერებელ და წარმოუდგენელ ამბად გვეჩვენებოდა ფილმების ნახვის დროს, ახლა ჩვენი ყოველდღიურობაა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, 2020 წელი როცა ახლოვდებოდა, მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ წელს ნახტომისებრი თვითგანვითარების გზას უნდა დავადგე და ბევრი ისეთი რამ მოვსინჯო საკუთარი თავის გასავითარებლად, რაც აქამდე არ მიქნია. Entrepreneur-ისთვის წერაც ამ აქტივობების რიცხვში იყო და ბევრი სხვა რამ, რაც წინა სტატიებში აღვწერე. მოკლედ, ისევ ჩვეულ წესს მივყვები, შესავალში ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ: ყველამ ნათლად დავინახეთ, რისთვის არის ეს პერიოდი ძალიან ცუდი. მე მინდა, გაგიზიარო ჩემი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ რისთვისაა COVID-19-ის პერიოდი კარგი ან შესაფერისი (როგორც ბიზნესში, ასევე პირადი განვითარების კუთხით). ყველაფერი ქვემოთ ჩამოთვლილი, როგორც ყოველთვის, ეფუძნება ჩემს გამოცდილებას და ჩემს პირად მოსაზრებებს, ასე რომ, ნუ მენდობი სიტყვაზე − გირჩევ, ყველაფერი გადაამოწმო და თავად მოსინჯო.
წავედით:
1. ახალი იდეების ვალიდაცია
ბიზნესის შენება (განსაკუთრებით, სტარტაპებისთვის) დიდწილად შედგება დაშვებებისგან, პროგნოზების შემოწმებისა და დადასტურებისგან. ამ პერიოდში, როდესაც უამრავი ბიზნესი გაჩერებულია (მათ შორის, ალბათ შენიც), შეგიძლია ფოკუსი მიმართო სამომავლო დაშვებების შემოწმებაზე. დაფიქრდი, შენი ბიზნესის წინსვლისთვის რა გეგმა გაქვს და ასევე დაფიქრდი, რა დაშვებებზეა ის დაფუძნებული. მაგალითად, თუ წელს აპირებდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების დანერგვას, ესე იგი შენი დაშვებაა, რომ არსებობენ გარკვეული ტიპის ადამიანები და ბიზნესები, ვისაც ზუსტად ასეთი პროდუქტი ან სერვისი სჭირდებათ.
ამ დაშვების გადამოწმების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოკლე გზა ჩვენთვის უკვე ნაცნობი სტივ ბლანკის გამოგონებულ "მომხმარებელთა განვითარების მოდელს" ეფუძნება (მეტი ინფორმაცია ამ თემაზე თავად სტივის საიტზე: https://steveblank.com/ category/customer-development/). დაგეგმე და ჩაატარე რაც შეიძლება მეტი ინტერვიუ პოტენციურ მომხმარებლებთან და მყიდველებთან, შეაგროვე ძვირფასი ინფორმაცია და შეუდექი მის ანალიზს. გპირდები, თუ ამ პროცესს სწორად გაივლი და ანალიზი არ დაგეზარება, ბევრ ახალ აღმოჩენასაც გააკეთებ და ახალ დასანერგ პროდუქტსაც ბევრად უკეთ მოარგებ რეალური მომხმარებლის ინტერესებს. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან გაზრდის შენი წარმატების შანსს.
დღევანდელ ვითარებაში ასეთი ინტერვიუებისა და გამოკითხვების ჩასატარებლად, სოციალური მედია და ვიდეოკონფერენციები ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტიანი ინსტრუმენტები იქნება.
2. ბიზნესის დიჯიტალიზაცია (ციფრული გარდაქმნა, DIGITAL TRANSFORMATION)
თუ სადმე, უკაცრიელ ადგილას არ ცხოვრობ, შეამჩნევდი, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ბევრმა ბიზნესმა ციფრული მომსახურება დანერგა (ონლაინგაყიდვები, მიტანის სერვისი, ონლაინგანათლება და სხვა). ასევე შეამჩნევდი, რომ შენ ირგვლივ ისეთმა ხალხმა დაიწყო ციფრული სერვისებით სარგებლობა, ვინც ადრე სოციალურ მედიას და მობილურ აპლიკაციებს არ ეკარებოდა. მოკლედ, მოსახლეობა ბევრად ღია გახდა ციფრული პროდუქტების მიმართ (მათ შორის ისეთი პროდუქტების მიმართაც, რომელზეც ადრე ამბობდნენ: თუ ხელი არ მოვკიდე, მაგას როგორ ვიყიდი?). ეს ყველაფერი აჩენს უდიდეს შესაძლებლობას, რომ შენი ბიზნესი (რაც უნდა იყოს ის) ციფრულ სამყაროში გაააქტიურო. დაფიქრდი, რა "კვალი" ჰქონდა შენს ბიზნესს ციფრულ სამყაროში აქამდე და დაიწყე იმის გადააზრება, თუ რა შეგიძლია შესთავაზო შენს მომხმარებელს ვირტუალურად. ეს მოიცავს როგორც ონლაინგაყიდვების დანერგვას, ასევე სოციალურ მედიაში გააქტიურებას, ონლაინგაკვეთილების შექმნას და სხვა.
მაგალითად: თუ შენი ბიზნესი ადრე სახლის მცენარეების მაღაზია იყო, რომლის მთავარ ხიბლს ორიგინალური ინტერიერი, მეგობრული ატმოსფერო და სახლის მცენარეებისთვის ყველა საჭირო ინვენტარის ასორტიმენტი წარმოადგენდა, ახლა შეიძლება, სახლ-მცენარეების მოვლისთვის საჭირო "პაკეტები" შექმნა და მიაწოდო ადამიანებს, ვინც შინაა და აივანზე მცენარეების გაზრდა ესიამოვნებოდა. ასევე შეგიძლია, უფასო ვიდეოგაკვეთილების სერია გააკეთო იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ ამ ადამიანებს ამა თუ იმ ყვავილის ან მწვანილის მოვლა და გახარება სახლის პირობებში.
3. დისტანციური მუშაობის უნარების შეძენა
თითქმის ყველა, ვინც ახლა გაჩერებული არაა, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ეს პერიოდი ასევე იმიტომაა კარგი, რომ უშუალოდ დამსაქმებლები არ/ ვერ ეწინააღმდეგებიან ამას. ადრე რომ შენი თანამშრომლებისთვის (ან ღმერთმა დაგიფაროს, მენეჯერისთვის) გეთქვა, დისტანციურად მუშაობა მირჩევნიაო, ან დაგცინებდნენ, ან სამსახურს დაკარგავდი, ან ორივე ერთად. ახლა მთელ საზოგადოებას მოუწია დისტანციურად მუშაობა და ყველამ დაინახა ის, რაც ჩვენ (freelancer-ებმა, ციფრული პროდუქტების დეველოპერებმა, დიზაინერებმა და სხვა ბევრი სპეციალობის პროფესიონალმა) ისედაც კარგად ვიცოდით: დღევანდელ (ან თუნდაც გუშინდელ, 2019 წლის) სამყაროში შედეგის დასადებად აღარაა აუცილებელი, რომ ერთ ოფისში ვისხდეთ და 9 საათიდან 6 საათამდე ოფისის სკამს ვტკეპნიდეთ. ზოგ შემთხვევაში დისტანციური მუშაობა უკეთესიც კი არის, რადგან ნაკლები დრო გეხარჯება სამსახურში სიარულზე, ხმაურიან გარემოში ფოკუსირებაზე.
მოკლედ, ახლა ძალიან კარგი დროა იმისათვის, რომ საკუთარ თავსაც და შენს გუნდს თუ მენეჯერს დაუმტკიცო, რომ დისტანციურად ისეთივე (ან კიდევ უფრო) პროდუქტიული ხარ, როგორც ოფისში ჯდომისას. დამიჯერე, მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გადაივლის, ბევრი კომპანია თავისი სურვილით დარჩება დისტანციურ რეჟიმში (მინიმუმ, ნაწილობრივ). ამიტომ შეეცადე, თვითმოტივაციისა და პროდუქტიულობის შენარჩუნების საკუთარი მეთოდები იპოვო სახლის პირობებში. ეს უნარები ძალიან გამოგადგება! ამ თემაზე ჩემი მოსაზრებები შეგიძლია ჩემს წინა სტატიაში წაიკითხო (სახელწოდება: Procrasti-nation).
ამ საინტერესო წამოწყებაში ძალიან კარგად დაგეხმარება ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი: Tim Ferriss − 4 Hour work week.
4. პერსონალური ბრენდის განვითარება
ახლა, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შინაა, მათი ყურადღების მოპოვება ბევრად ადვილი და "იაფი" გახდა, ვიდრე ადრე, როცა ყველა თავის საქმეებზე დარბოდა და მუდმივად "დაკავებული" იყო. ახლა ძალიან კარგი დროა, რომ დაფიქრდე შენი პერსონალური ბრენდის განვითარებაზე: დაფიქრდი, რისი კეთება მოგწონს და/ან გამოგდის? როგორ ფიქრობ, არსებობს ხალხი, ვისაც იგივე საქმიანობა მოსწონს ან აინტერესებს? ან იქნებ, არსებობს ხალხი, ვისაც შენი გზა აინტერესებს რაღაცის სწავლის კუთხით? მოკლედ, ახლა ძალიან კარგი დროა, რომ საზოგადოებას უბრალოდ "დაენახო" და შენი პერსონალური ბრენდი შექმნა.
შექმენი პოდკასტი შენს საყვარელ თემაზე, გააკეთე პირდაპირი ჩართვები მეგობრებთან და ილაპარაკეთ იმაზე, რაც გაინტერესებთ, დაწერე სტატიები, ჩაწერე ვიდეოგაკვეთილები. მოკლედ, ბურთიც ბევრია და მოედანიც დიდი. მით უმეტეს, თუ დიდი ხანია ფიქრობ ამაზე, ახლა ყველაზე კარგი დროა წამოსაწყებად.
5. დაესწარი კონფერენციებს და ღონისძიებებს
ადრე ფასიანი ღონისძიებები და სემინარები COVID-19-მა გააჩერა და ამის გამო, ხშირ შემთხვევაში ორგანიზატორებმა ისინი ან გადაიტანეს, ან უფასო გახადეს და ციფრულად ატარებენ. ახლა ყველაზე კარგი დროა იმისათვის, რომ უდიდესი კონფერენციების სპიკერებს მოუსმინო, არაჩვეულებრივ ფესტივალებს დაესწრო უფასოდ ან უბრალოდ, საყვარელი მომღერლის ონლაინკონცერტზე "წახვიდე". თითქმის ყველა მუსიკოსი და შემოქმედებითი ადამიანი ონლაინსივრცეში ასმაგად გააქტიურებულია და პირდაპირ ელაპარაკება აუდიტორიას. ახლა შენი შანსია, რომ საუბარში მონაწილეობა მიიღო.
6. ახალ ჩვევებზე მუშაობა
საყოველთაო კარანტინის დროს, როცა ცდუნებებისგან შორს და სახლთან ახლოს ხარ, ძალიან კარგი დროა იმისათვის, რომ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდე და სასარგებლო ჩვევები შეიძინო (ისევ ჩემი სტატია − Procrasti-nation დაგეხმარება).
თუ დიდი ხანია, სიგარეტისთვის თავის დანებება გინდა, ახლა კარგი დროა! დაანებე, ირგვლივ ბევრი მწეველი ვერ გეყოლება, ვინც სიგარეტს მოგანდომებს. დიდი ხანია, წონის ნორმალიზება გინდა და მუდამ ხელს გიშლის ის, რომ "რეჟიმის გარეშე" ჭამ? ახლა კარგი დროა, რომ რეჟიმში ჩაჯდე და მაქსიმალურად გააკონტროლო ის, თუ რას და როდის ჭამ. დიდი ხანია, იოგას მოსინჯვა გინდა, მაგრამ იმის გამო, რომ მუშაობდი, სტაბილურად დროს ვერ პოულობდი? ახლა შენს ხელშია, როდის გაიღვიძებ და როდის იმუშავებ. ასე რომ, დაიწყე!
მოკლედ, დაფიქრდი შენს ჩვევებზე და გაიაზრე, რომ ახლა ყველაზე შესაბამისი დროა იმისათვის, რათა მოიშორო მავნეები და აითვისო სასარგებლო.
რეჟიმის დალაგება, კვების დალაგება, წონის ნორმალიზაცია, ახალ ჩვევებზე მუშაობა.
7. ოჯახთან და ახლობლებთან მეტად შეკავშირება
მაშინ, როცა კარანტინისა და "სოციალური დისტანცირების" გამო ხშირად ნათესავებს, მეგობრებს და მშობლებსაც კი ვერ ნახულობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთან კავშირის არათუ უბრალოდ შენარჩუნება, არამედ გაღრმავებაც. პანდემიამდე თუ მამაშენის ზარებს არ პასუხობდი და "არ გეცალა" (როგორც მე), ახლა ძალიან კარგი დროა იმისათვის, რომ ყოველდღიურად თავად დაურეკო და მოიკითხო. "ბნელ 1990-იანებში", როცა მთელი ქვეყანა გაჭირვებული და სტრესირებული იყო, მსგავსი რამ გადავიტანეთ და ძალიან კარგად მახსოვს, რამდენად დიდი ეფექტი ჰქონდა იმას, რომ ადამიანები ძალიან ახლო იყვნენ ერთმანეთთან და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.
მოკლედ, თუ საკუთარ ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის შესაფერის დროს ელოდებოდი, ეს დრო ახლაა. ოღონდ, გაითვალისწინე, რომ სოციალური მედიის პირობებში ძალიან დიდია ცდუნება, სხვის ცხოვრებაში "ჩარევის" და სხვისი განკითხვის (განსაკუთრებით, ამ სტრესულ ვითარებაში). შეეცადე, ამ ცდუნებას გაუძლო, რადგანაც ეს კარგს არაფერს მოგიტანს.
8. ახალი უნარების შეძენა
ინტერნეტის ხანაში აბსოლუტურად ყველანაირი განათლების მიღებაა შესაძლებელი ონლაინრეჟიმში. ახალი უნარებისა და ცოდნის შეძენისთვის ახლა ყველაზე შესაფერისი დროა! გამოყავი დღის განმავლობაში გარკვეული დრო (1-2 საათი მაინც) სწავლისთვის და დამიჯერე, ეს ძალიან გამოგადგება. ის, თუ რა უნდა ისწავლო, მხოლოდ და მხოლოდ შენს სურვილებზეა დამოკიდებული: მიწის დამუშავებიდან და კულინარიიდან დაწყებული, პროგრამირებითა და ციფრული დიზაინით დამთავრებული, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი სკოლაში, სახელად "ინტერნეტი". დაფიქრდი, რისი სწავლა გინდა/გჭირდება განვითარებისთვის და შეუდექი, უკეთესი დრო აქამდე არ ყოფილა!
9. ინტროსპექცია (საკუთარ თავში ჩაღრმავება)
შესაძლოა, ზედმეტად ფილოსოფიურად ჟღერდეს, მაგრამ კარანტინის დრო ყველაზე შესაფერისია იმისათვის, რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდე და გააანალიზო, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და სად მიდიხარ. დაუკვირდი შენს წარსულ ქმედებებს, ურთიერთობებსა და შემოქმედებას, და გაიაზრე შეცდომები, გააკეთე დასკვნები. ცნობილია, რომ თერაპია და თვითგანვითარება აღიარებით და პრობლემის გააზრებით იწყება. ქვეყანაში, საზოგადოებაში, სადაც ყოველი თაობა ერთ ომს მაინც შეესწრო და ერთ რევოლუციას, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველას მეტნაკლებად პოსტტრავმატული სინდრომი გვჭირს და ამას ხშირად არ ვაღიარებთ ხოლმე. არადა PTSD-ის თავისი მკურნალობის მეთოდები აქვს და ეს მკურნალობა სწორედ მისი აღიარებით იწყება. მე საკუთარ თავში ჩახედვისას ვაღიარე, რომ ძალიან ბევრი ჩემი საქციელი სწორედაც რომ წარსულის ტრავმებისა და სტრესის გააზრების ნაკლებობითაა გამოწვეული.
შენც გთავაზობ: დაუკვირდი საკუთარ თავს და დაიწყე შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ახლა ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა (ამაში ჩემი ერთ-ერთი წინა სტატია დაგეხმარება: "MENTAL HEALTH − ანუ მენტალური ჯანმრთელობის სპირალი")!
10. ზოგადად, გახსოვდეს, რომ #დარჩისახლში და "სოციალური დისტანცირება" სინამდვილეში ნიშნავს ფიზიკურ დისტანცირებას ადამიანებთან და არავითარ შემთხვევაში არ მოგიწოდებს სულიერი და სოციალური განმარტოებისკენ. იყავი აქტიური სოციალურად და კავშირზე სხვა ადამიანებთან. ახლა ეს მთავარია იმისათვის, რომ არ გაუცხოვდე.
ბევრი კამათი შეიძლება იმაზე, თუ რა შეიცვლება პანდემიის დასრულების შემდეგ, თუმცა ერთ რამეზე მსოფლიოს დიდი ნაწილი უკვე შეთანხმდა: მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც 2020 წლამდე იყო. პანდემიის შემდეგ ჩვენ თვისებრივად შეცვლილ მსოფლიოში აღმოვჩნდებით (რა კუთხით და რამდენად შეცვლილი იქნება ის, გამოჩნდება) და იქ "თამაშის წესებიც" შეცვლილი იქნება.
ასეთ პირობებში, განსაკუთრებით ჩვენნაირ ქვეყანაში, მხოლოდ ფიზიკური და მენტალური გადარჩენა საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ ახალ მსოფლიოშიც გადავრჩეთ, ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ განვითარებისთვის. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ნახტომი უნდა გავაკეთოთ, რათა კრიზისიდან გამოსულ მსოფლიოში, როგორც მინიმუმ, არანაკლები პოზიცია გვეჭიროს, ვიდრე "ძველ მსოფლიოში".
იმედია, ჩემი რჩევები გამოგადგება პანდემიასთან ბრძოლაში და საკუთარი თავის გაზრდაში. გისურვებ სიმშვიდეს, წინსვლას, მოტივაციას და რაც მთავარია, ჯანმრთელობას!