Get All Access for $5/mo

მედი(ტ)აციის საიდუმლო მედიაციის, ისევე, როგორც არაერთი სხვა კონცეპტის, ინტეგრირება ქართულ სინამდვილეში ჩვენი მენტალობისა და აზროვნების ფორმების თავისებურებებს უკავშირდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლების წინ ჩვეულებრივი ამბავი იყო პროფესიულ წრეებსა და მის გარეთ ტერმინ "მედიაციაზე" მოსული ასოციაციური პარალელები. გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ვიტყვი, რომ პირველი ასოციაცია სწორედ მედიტაციას უკავშირდებოდა. ასეთ რეაქციებს მიჩვეული მშვიდად და მოთმინებით ვუხსნიდი დაინტერესებულ ინდივიდებს, რომ მედიაცია დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება იყო და რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო ფეხის მორთხმის ხელოვნებასთან.

მედიაციის ინსტიტუტმა საქართველოში აქტიურად დამკვიდრება 2012 წლიდან დაიწყო. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსდა დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი, რომელიც დარგში მიმდინარე პროცესების ინიციატორად და მთავარ განმახორციელებლად იქცა. მოგვიანებით დაიწყო პროფესორ-მასწავლებლებისა და ადვოკატების გადამზადება. მედიატორის სტატუსის მოსაპოვებლად იურისტების გარდა სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებიც იჩენდნენ ინტერესს და დიდი აღტაცებით ეკიდებოდნენ ახალი პროფესიის დაუფლებას. ბოლოს კანონიც მიიღეს. ასე იქცა თანდათანობით და თანმიმდევრულად ყველასთვის უცნობი მედიაცია საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის ადვილად შესაცნობ და წარმატებულ ინსტიტუტად. მე კი მაინც თავდაპირველი შეკითხვა არ მასვენებს და მის გარშემო ვტრიალებ: მედიაცია იგივე მედიტაციაა თუ არა?.. ცხადია, ეს რიტორიკული შეკითხვაა, რომელსაც არარიტორიკული პასუხი უნდა მოვაყოლოთ.

საქართველოში, ისევე, როგორც თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მედიაციის საჭიროება სასამართლოებში მიმდინარე დავების სიჭარბემ განაპირობა. მოსამართლეები ვეღარ აუდიოდნენ მათთვის გადაცემული საქმეების განხილვას. ბალანსის ასეთი დარღვევა იწვევდა დავების განხილვის გაჭიანურებას და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების გახანგრძლივებას. მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის საშუალება, ამ თვალსაზრისით ოპტიმალურ ალტერნატივას წარმოადგენს. სასამართლოში საქმის განხილვისგან განსხვავებით, მედიაციის გზით დავის გადაწყვეტისას მხარეებს მოლაპარაკების პროცესში მიუძღვება მედიატორი, რომელსაც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების ნაცვლად პროცესის ხარისხიანად მართვა ევალება.

მედიაციის, ისევე, როგორც არაერთი სხვა კონცეპტის, ინტეგრირება ქართულ სინამდვილეში ჩვენი მენტალობისა და აზროვნების ფორმების თავისებურებებს უკავშირდება. ქართული საზოგადოებისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა ისეთი ფენომენის მიღება, როგორიც მედიატორია. მედიატორს მოსამართლისგან განსხვავებით არ აქვს ძალაუფლება, ბიუროკრატიული ბერკეტები, და როგორც ითქვა, გადაწყვეტილების მიღება მის პრეროგატივას არ წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ავტორიტეტებს მიჩვეულ და ლიდერობის ტრადიციული ხედვის გამზიარებელ ქართულ წრეებში არასერიოზულად უყურებდნენ პროფესიონალს, რომელსაც სტატუსის მიღმა რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას და მედიატორის როლისადმი ორაზროვან მიდგომებს ხშირად ვხვდებოდი არა მხოლოდ მომხმარებლის ჯგუფებში, არამედ პროფესიის შიგნითაც, კოლეგა იურისტებს შორის.

მედიაცია მოლაპარაკების პროცესია მესამე პირის მონაწილეობით. როდესაც მოდავე მხარეები ვერ ახერხებენ მათი პოზიციების შეთანხმებას და საერთო ინტერესებზე მოლაპარაკებას, თამაშში შემოდის მედიატორი − მიუკერძოებელი და ნეიტრალური მესამე პირი. მედიატორის ფუნქციაა, მხარეებს დაეხმაროს ინტერესზე ორიენტირებული მოლაპარაკების წარმართვაში, მათი ნამდვილი სურვილებისა და მოტივაციის ამოცნობაში, ბოლოს კი შესაძლო გადაკვეთის წერტილების იდენტიფიცირებაში. ამ თვალსაზრისით, მედიატორი თვითშემეცნებითი პროცესის ფასილიტატორადაც შეიძლება განვიხილოთ. მოსამართლისგან განსხვავებით, მედიატორი მოწოდებულია მხარეთა სიღრმისეული და დაფარული ინტერესები გამოააშკარაოს. სწორედ ამის გამო მედიაციის პროცესი მოლაპარაკების დინამიკის თვალსაზრისით ნაკლებად პროგნოზირებადია. ამ გარემოში მხარეებს საშუალება ეძლევათ, მათი მზადყოფნის ფარგლებში, გულწრფელი და ავთენტური სახე აჩვენონ, რაც შეჯიბრებითი და საპაექრო განწყობისგან სრულიად განსხვავდება.

მედიაციის პროცესში არსებული თავისუფლების ხარისხის გათვალისწინებით, მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გამოხატონ ემოციები და გამოააშკარაონ ის რეალური ბარიერები, რომლებმაც დააბრკოლა ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა თავდაპირველ ეტაპზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მედიაციის პროცესში შექმნილი კეთილგანწყობილი, მხარდამჭერი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შიგნით ადამიანი საკუთარ თავთან სიღრმისეული დიალოგის დამყარების გზით ესაუბრება მეორე მხარეს. ხშირად მედიაციის პროცესში გაკეთებული გაცნობიერებები მოდავე მხარეს სრულიად ახლებურად გაააზრებინებს არსებულ მოცემულობას და ზოგჯერ თავდაპირველ მოთხოვნასაც აცვლევინებს. პროცესის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ საერთო სესიის პარალელურად, მედიატორმა ცალკე გასაუბრება შესთავაზოს მხარეს, თუ მისი დაკვირვებით მას მეტი გულახდილობა ესაჭიროება საკუთარ თავთან და ოპონენტის თანდასწრებით ამას ვერ აკეთებს. მედიატორის როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები სწორი გადაწყვეტილების მიღებამდე მიიყვანოს. სწორი კი ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველაზე ახლოსაა ადამიანის გულთან. ფინანსური თუ არაფინანსური დავები ძველ და მოუშუშებელ გულისტკენებზეა აღმოცენებული. ამ გულისტკენების აღმოჩენისა და გაცნობიერებისკენ ბიძგით მედიატორი ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს. გარკვეული თვალსაზრისით, ის განმანათლებელიცაა, რადგან კონკრეტული საქმის შემთხვევაში მხარეებს, განზოგადებულად კი სოციუმს ეხმარება ინდივიდუალური აზროვნებისა და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღების ჩვევის ჩამოყალიბებაში.

წარმოიდგინეთ, რომ მედიატორთან ორი ძმა მივიდა და ქონების გაყოფაზე დავობენ. ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესში ცალსახად გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთ ძმას, რომელსაც გამართული ბიზნესი და სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა აქვს, რეალურად არც ამოძრავებს ფინანსური ინტერესი. შესაბამისად, ფორმალურად დავა ქონებას ეხება, სინამდვილეში კი ძმები ბავშვობაში დაგროვილ წყენებს ვერ პატიობენ ერთმანეთს. მონდომებული და ხარისხიანი მუშაობის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, ოჯახიდან თავის დროზე გარიყულმა და ფინანსურად წარმატებით რეალიზებულმა ძმამ უარი თქვას საკუთარ ფინანსურ მოთხოვნაზე და მზადყოფნა გამოთქვას დახმარების საჭიროების მქონე ძმისათვის გვერდში დგომის თაობაზე. ფინანსურად შეჭირვებული ძმა კი, თავის მხრივ, სიხარულითა და მადლიერებით ივსება და ძმას ოჯახურ წიაღში დაბრუნების ლოცვა-კურთხევას აძლევს გარდაცვლილი მშობლების სახელით. როდესაც მედიატორი მის თვალწინ დაკარგული წლების გამო ძმების გულწრფელ სინანულსა და ურთიერთობის აღდგენის ცალსახა სწრაფვას ხედავს, ბედნიერებითა და აღტაცებით ივსება და კიდევ ერთხელ რწმუნდება მისი პროფესიული მოწოდების სიზუსტეში.

იქნებ მედიაცია არც ისე შორსაა მედიტაციისგან. თუ საკუთარ თავს კეთილგონიერებისკენ მოვუხმობთ, ფიქრების ნაკადს მამაცი მეომარივით გავუხსნით გონებას და ყველა არასაჭირო აზრს ჩვენგან გავატარებთ. თუ საკუთარ გულსა და სხეულში მხოლოდ სიმშვიდესა და მადლიერებას დავტოვებთ, რომელიც ჩვენს თავში მშვიდობისმყოფელი ადამიანის აღმოჩენის შესაძლებლობას გვაძლევს, იქნებ ვმედიტირებთ კიდეც. რით განსხვავდება გაცნობიერების ასეთი სიღრმისეული პროცესი მედიტაციისგან? სინამდვილეში მათ ხომ ორივეს ერთი საიდუმლო აქვთ − ფეხის მორთხმითაც და მის გარეშეც ჩვენს გულთან ჩურჩულით ვპოულობთ ყველაზე ძვირფასს − საკუთარ თავს, რომელსაც არაფერი აქვს სადავო და გასაყოფი, რომელიც სიმშვიდედ და სიყვარულად იღვრება, როგორც უსასრულო მდინარე.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!