Join our Waitlist for Expert Advice!

მისტერ ბისტის გზა უბრალო იუთუბერობიდან მილიონერობამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯიმი დონალდსონი, ინტერნეტში ცნობილი, როგორც მისტერ ბისტი (Mr. Beast), ამერიკელი იუთუბერია, რომელსაც პლანეტაზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს YouTube-ზე. მისი არხის საშუალებით დონალდსონი მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს. როგორ დაიწყო მისტერ ბისტის ამბავი და გზა მილიონერობამდე? − ერთად გადავხედოთ მის ისტორიას.

ვინაა ჯიმი დონალდსონი?

იუთუბერი 1998 წლის 7 მაისს დაიბადა. ის ჩრდილოეთ კაროლინაში (აშშ) იზრდებოდა. სკოლა 2016 წელს დაამთავრა. მან YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა 2012 წელს დაიწყო, ხოლო აქტიურად სოც.ქსელის ალგორითმის შესწავლასა და კრეატორობას 2015 წლიდან შეუდგა.

თავდაპირველად მისი ვიდეოები არაფრით გამორჩეული კონტენტი იყო, მათ შორის, ვიდეოთამაშების ჩანაწერები და სხვა არხების ანალიზი. მისტერ ბისტის პირველი დიდი წარმატება იყო 2017 წლის ვიდეო − "დავითვალე 100 000-მდე". ვიდეომ დიდი ყურადღება მიიქცია და კრეატორმაც არ დააყოვნა − ისარგებლა მომენტით, ამ აჟიოტაჟის კაპიტალიზება დაიწყო და ჩამოაყალიბა არხი, რომელიც ხშირად ფილანთროპიული კონტენტით აგროვებს მილიონობით ნახვას.

რა კონტენტს ქმნის მისტერ ბისტი?

იუთუბერი მის გამომწერებს მუდმივად არაორდინარულ კონტენტს სთავაზობს: ქუჩაში ადამიანებისთვის ფულის ჩუქება, ქველმოქმედება, ადამიანის დაქირავება მისსავე მოსაკლავად და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოები საკმაოდ ხანგრძლივია, მისტერ ბისტი მაინც ახერხებს მილიონობით ნახვის მოგროვებას და პირველობას ბაზარზე.

თემატიკა ძალიან ფართოა − ე.წ. სამარტოვე საკანში 50 საათის გატარებიდან, უბრალოდ, ფულის დარიგების აქციებამდე. მაგალითად, მის ვიდეოებში ნახავთ ერთი შეხედვით მარტივ თემას, როგორიცაა ულტრათანამედროვე, ძვირფასი სასტუმროს შედარება ყველაზე იაფფასიანთან. თუმცა ბისტის ფანებმა იციან, რომ შესაძლოა ვიდეოში რაღაც სხვაც იყოს დამალული, სწორედ ამიტომ, ბოლომდე უყურებენ მას. მართლაც, სწორედ ამ ვიდეოში კრეატორმა ათასობით დოლარი გაფანტულად ერთ-ერთი საკრუიზო ლაინერის მთელ ტერიტორიაზე დამალა.

რა ქონებას ფლობს იუთუბერი?

ჯიმი დონალდსონის, იგივე მისტერ ბისტის, ქონება 2022 წლის მონაცემებით $54 მლნ იყო, რითაც ის ყველაზე შემოსავლიანი იუთუბერი გახდა. 25 წლის დონალდსონი ამბობს, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო არ აკეთებს და არც მილიარდერობას უმიზნებს, როგორც ამას პროგნოზირებენ.

"მე ყოველთვის მეტი მინდოდა, ვიდრე უბრალოდ პოპულარობა ან ფულია. ვიცი, ეს ეგოისტურადაც კი ჟღერს, მაგრამ მე მომწონს ხალხის დახმარება, ეს თავს უკეთ მაგრძნობინებს", − ამბობს იუთუბერი გადაცემაში Beyond the Spotlight.

შემოსავლის დიდი ნაწილი იუთუბიდან რეკლამაზე მოდის. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ეს თანხები მილიონებსაც კი აღწევს. თუმცა მისტერ ბისტს ე.წ. დასპონსორებული ნაწილიც აქვს კონტენტში − მაგალითად, ბრენდები თანამშრომლობენ იუთუბერთან, რათა მათი პროდუქცია ბისტის მილიონიანი აუდიტორიისთვის ვიდეოებში მოხვდეს.

რა შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ?

მისტერ ბისტის კონტენტი უნიკალურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებას პატერნი არ აქვს − იუთუბერის მოდელი გამეორებადია. მისი თავდადება კონტენტის შექმნაში და შემდეგ ამ ყველაფრის სწორად მონეტიზება შეიძლება ერთგვარი გაკვალული გზაც იყო დამწყებთათვის.

კრეატორის ისტორია აჩვენებს, რომ კრეატიულობით, ბრძოლისუნარიანობით, შეუპოვრობითა და პლატფორმის შესწავლით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

Business News

მერე ვერ იტყვი: მე მომკლეს, ბაბუ

შენ ცოცხალი ხარ, და 26-ში ვიწროს გადიხარ