Skillcraft Academy – პროფესიული განათლების ახალი სტანდარტი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე მსოფლიოში პროფესიული განათლების მიღება სულ უფრო მრავალფეროვან გზებს მოიცავს. იმისთვის, რომ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ და შეიძინოთ საჭირო უნარები, აღარაა აუცილებელი, ტრადიციულ საგანმანათლებლო სივრცეებს მიაშუროთ.
Skillcraft Academy ამ ტენდენციის ერთ-ერთი ინოვაციური წარმომადგენელია. კომპანიის დამფუძნებლები, გიორგი სართანია და ირაკლი კიკორია ამბობენ, რომ აკადემია მიზნად ისახავს განათლების სრულიად ახალ დონეზე აყვანას.
"ჩვენი მიზანია, მონაწილეებს გადავცეთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ რეალურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება", – ამბობს გიორგი.
Skillcraft Academy ამჟამად ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: პროფესიული ტრენინგები და მომავალი პროფესიის დაგეგმვის პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის.
"პროფესიული ტრენინგების ფარგლებში, ჩვენი მიზანია ისეთი პრაქტიკული უნარების განვითარება, რომლებიც თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს ერგება. ამისთვის ვთავაზობთ ინოვაციურ და აქტუალურ თემებს, როგორებიცაა ციფრულ სამყაროში დანაშაულის ნავიგაცია, მონაცემთა დაცვის კურსები, მეტავერსში არსებული გამოწვევები და სხვა", – გვიყვება გიორგი.
მეორე მიმართულება, რომლის ჩაშვებაც 2025 წელს იგეგმება, Craft Your Career (CYC) პროექტია. იგი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციის გაუმჯობესებაში დაეხმაროს და გააცნოს ისინი თანამედროვე დასაქმების ბაზრის ტენდენციებს.
"ჩვენთან მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიის რეალურ სპეციფიკას. ინტერაქციული შეხვედრების ფორმატში ისინი ისაუბრებენ იმ სფეროების პროფესიონალებთან, რომელთა გამოცდილებაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება", – ამბობს გიორგი.
Skillcraft Academy-ის იდეა ბაზარზე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე გაჩნდა. "ჩვენი დაკვირვებით, ადამიანები ხშირად აკადემიურ სივრცეებში იღებენ თეორიულ ცოდნას, თუმცა პრაქტიკული უნარები აკლიათ. Skillcraft სწორედ ამ ხარვეზის შევსებას ისახავს მიზნად," – განმარტავს გიორგი.
ინოვაციური CYC პროექტის მიზანია ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდეთ, წინასწარ გაეცნონ სასწავლებლების შეთავაზებულ შესაძლებლობებს, პროფესიის სპეციფიკასა და სამომავლო პერსპექტივებს.
მსგავსი მასშტაბური ვორქშოპები ჩვენს რეალობაში დეფიციტურია. გიორგი ფიქრობს, რომ Skillcraft Academy სწორედ იმას შესთავაზებს მომავალ თაობებს, რაც მათ ასე ძალიან სჭირდებათ.
"პროფესიის არჩევა მეტად საპასუხისმგებლო საკითხია. ვფიქრობ, ამ დროს მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფესიის არჩევისას მოსწავლე კარგად იყოს ინფორმირებული სამუშაო სპეციფიკის შესახებ. გარდა ამისა, საყურადღებოა სამომავლო დასაქმების შესაძლებლობები, სახელფასო დიაპაზონები, ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის, პროფესიის სამომავლო პერსპექტივები, არსებული ტენდენციები და გამოწვევები, ასევე პირადი გამოცდილების გაზიარება პროფესიონალისგან. ამის შემდგომ კი შესაძლებელია მეტად რაციონალური გადაწყვეტილების მიღება", – დასძენს ის.
Skillcraft-ის წინაშე საქმიანობის დასაწყისში მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ბაზარზე უკვე არსებული, კონკურენტუნარიანი სასწავლო ცენტრების არსებობა.
"ჩვენი ამოცანა იყო სრულიად ახლებური მიდგომების შემოთავაზება, რაც, ვფიქრობ, წარმატებით შევძელით", – აცხადებს გიორგი.
რაც შეეხება ინსპირაციას, გიორგი ამბობს: "რწმენა იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა საჭირო და სასარგებლოა, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა. განათლებას შეუძლია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას - ჩვენი მიზანიც ეს არის".
მომდევნო წლისთვის Skillcraft Academy გეგმავს პროფესიული ტრენინგების გაფართოებას და CYC პროექტის წარმატებით დაწყებას.
"ჩვენი საბოლოო მიზანია, დავეხმაროთ მომავალ პროფესიონალებს ისეთი არჩევანის გაკეთებაში, რაც მათ სრულყოფილ განვითარებას უზრუნველყოფს", – ამბობს გიორგი.
Skillcraft Academy-ში სჯერათ, რომ წარმოადგენენ თანამედროვე განათლების სფეროს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებას, რომელიც განათლებას ინოვაციური ხედვითა და პრაქტიკული მიდგომით აერთიანებს.