Get All Access for $5/mo

პროფესიონალი სპორტსმენები: ტექნოლოგიური ანტრეპრენერების შემდეგი თაობა სტეფ კარი #30 - საკალათბურთო გუნდი Golden State Warriors

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ClutchPoints

NBA-ის მოთამაშის საშუალო ხელფასი ჯერ კიდევ 2015-2016 წლების სეზონზე $ 4 021 836 იყო. თუმცა, დღეს დიდ ავტომობილებსა და კიდევ უფრო დიდ სახლებს ყველა სპორტსმენი აღარ ყიდულობს, რაც ადრე სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო. ნაცვლად ამისა, ისინი ანტრეპრენერები ხდებიან.

მართლაც, როგორც კი, NBA-ს სეზონი სრულდება, ბევრი მოთამაშე საკუთარი ხელფასის ნაწილს ტექნოლოგიური კომპანიების დასაფუძნებლად და მათში ინვესტირებისთვის იყენებს. ამ საქმეში მთელ თავის ძალასა და ენერგიას აქსოვენ სპორტის სხვადასხვა სახეობის პროფესიონალი სპორტსმენები − NBA-ით დაწყებული, ფეხბურთის ეროვნული ლიგით დამთავრებული.

მსგავსი სტატია: სერენა უილიამსი და 9 ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერი

ამ მხრივ ყველაზე ცნობილი მაგალითია Golden State Warriors-ის სუპერვარსკვლავი, სტეფ კარი, რომელიც თავისი სამქულიანი ბურთების ჩაგდებით არის ცნობილი. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ ის მოედნის გარეთ, ორი ტექნოლოგიური სტარტაპის − Slyce-სა და CoachUp-ის თანამფლობელია.

თავისი პირველი სტარტაპი − Slyce, კარიმ Nike-ის ყოფილი თანამშრომლების, ბრაიანტ ბარის და ჯეისონ მეიდენის დახმარებით დააფუძნა. ეს პლატფორმა შუამავლის როლს ასრულებს სპორტსმენებსა და მათ გულშემატკივრებს შორის; სპორტსმენებს შეტყობინებების გავრცელებაშიც ეხმარება, შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებაშიც და თავიანთ მიმდევრებთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებაშიც. კარის მეორე სტარტაპი − CoachUp, კერძო საწვრთნელი აპლიკაციაა, რომელიც ინსტრუქტორებსა და მწვრთნელებს სპორტსმენებთან აკავშირებს.

კიდევ ერთი სპორტსმენი, სოციალური მედიაექსპერტი და New York Knicks-ის კალათბურთელი, კევინ სერაფინი აქტიურადაა ჩართული ტექნოლოგიურ სივრცეში. რამდენიმე წლის წინ, ფოტორედაქტირების აპლიკაცია, Thorolgraffix დააფუძნა, რომელიც მომხმარებლებს ფილტრებისა და სხვადასხვა ეფექტის დამატების საშუალებას აძლევს თავიანთ სოციალურ მედიაპუბლიკაციებში. ამჟამად, სერაფინი თავისი სოციალური ქსელების ახალი აპლიკაციის, Looks-ის, ბეტა-ტესტირების ეტაპზეა.

სერაფინი და კარი პროფესიონალ სპორტსმენთა გრძელი სიის მხოლოდ ორი წარმომადგენელია, რომლებიც ტექნოლოგიურ სივრცეში აქტიურად საქმიანობენ. მათ სხვა სპორტსმენებიც უერთდებიან, მაგალითად, კარმელო ენტონი, რენდი ფლორესი, ისაია კაჩივენსკი და კრის პოლი.

სხვადასხვა ასოციაცია, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული საფეხბურთო ლიგის მოთამაშეთა ასოციაცია (NFLPA), ყველაფერს აკეთებენ, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი გამოჩნდეს ტექნოლოგიურ სივრცეში. NFLPA-მა "ტექნოლოგიურ ტურს" გაუკეთა ორგანიზება, NFL-ის ფეხბურთელების მთელ რიგ ვიზიტებსა და შეხვედრებს სილიკონის ველზე. სპორტსმენებმა შეხვედრები ჩაატარეს ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებიც ისეთ სფეროებზე ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა სოციალური მედია, ინტერნეტთამაშები, მობილური აპლიკაციები და ტანსაცმლის ტექნოლოგიები (wearable technology − ე.წ. ჭკვიანი ტანსაცმელი).

საინტერესოა, რატომ ცდილობს სულ უფრო მეტი და მეტი სპორტსმენი ტექნოლოგიურ სცენაზე გამოჩენას? ამ შეკითხვაზე რობ უილსონს − Wilson Insight-ის აღმასრულებელ დირექტორს აქვს პასუხი. უილსონი პროფესიონალ სპორტსმენებს, შოუ ბიზნესის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა აღმასრულებლებს ფინანსურ რჩევებს სთავაზობს. მათ შორის, NFL-ის ყოფილი ფეხბურთელი, შონტი სპენსერიცაა.

სპენსერი ცხრა წლის განმავლობაში San Francisco 49ers-სა და Oakland Raiders-ში თამაშობდა და იქ ყოფნით ისარგებლა, ტექნოლოგიურ კომპანიებთან ურთიერთობები დაამყარა და განამტკიცა კიდეც. დღემდე, სპენსერს ექვსი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რომელთაგან აღსანიშნავია Tripping.com (სეზონური იჯარა), Mayvenn (თმის ყიდვა/გაყიდვა/დაგრძელება) და MoviePass (ფილმების შეუზღუდავი ჩვენება).

სიახლე! ეიძინეთ ქართველი ანტრეპრენერების პროდუქცია ონლაინ: shop.entrepreneur.ge

უილსონი ამბობს, რომ ტექნოლოგიურ სფეროებში ძალების მოსინჯვას სულ უფრო მეტი სპორტსმენი იმიტომ ცდილობს, რომ დღევანდელი პროფესიონალი სპორტსმენების თაობა ტექნოლოგიებზე გაიზარდა, და ის მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი მობილური მოწყობილობებისა და სოციალური მედიის აფეთქების ეპოქაში გამოჩნდნენ სარბიელზე და ამიტომ ეს თაობა ტექნოლოგიურად ბევრად განათლებულია.

მსგავსი სტატია: ირმა ხეცურიანი: არასოდეს თქვათ უარი მიზანზე!

თქვენი ტექნოლოგიური კომპანიაც ხომ არ არის სპორტსმენებთან პარტნიორობით დაინტერესებული? იმ კომპანიებსა და ანტრეპრენერებს, რომლებიც ტექნოლოგიურ სივრცეში პარტნიორებად პროფესიონალ სპორტსმენებს ეძებენ, უილსონი ურჩევს ნებისმიერთან დაამყარონ ურთიერთობა − მეკარე იქნება ეს, ავტორიტეტული აგენტი, ადვოკატი თუ ფინანსური მრჩეველი.

ამ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენ და თქვენი საყვარელი სპორტსმენი ერთ მშვენიერ დღეს ბიზნესპარტნიორებადაც კი იქცეთ.

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე