პროკრასტინაციის საიდუმლო თუ ამ საკითხის სიღრმისეულ კვლევას შევუდგებით, ვნახავთ, რომ საქმე არც ისე მარტივადაა და საგულდაგულო ანალიზს მოითხოვს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა საქმეების შუა გზაზე მიტოვების, ე.წ. პროკრასტინაციის, თემის განხილვა. ერთი შეხედვით, პროკრასტინაცია სიზარმაცესა და პასუხისმგებლობის გრძნობის დეფიციტს ჩამოჰგავს. თუმცა, თუ საკითხის სიღრმისეულ კვლევას შევუდგებით, ვნახავთ, რომ საქმე არც ისე მარტივადაა და საგულდაგულო ანალიზს მოითხოვს.
პროკრასტინაცია გულისხმობს რთული გადაწყვეტილებების მიღებისა თუ საქმეების შესრულებისთვის თავის არიდებას მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების მიუხედავად. პროკრასტინაციისას ადამიანები პრიორიტეტულ საქმეებს გვერდით სწევენ და შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვან, მარტივ და სიამოვნებისმომგვრელ აქტივობებზე კონცენტრირდებიან. პროკრასტინაციის დეფინიციის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია მისი განგრძობადი ხასიათის გათვალისწინება: საქმეების შუა გზაზე მიტოვება განმეორებითი ჩვევის სახით ყალიბდება.
პროკრასტინაციის, ისევე, როგორც, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისას გაცნობიერებულობას განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება. პროკრასტინაციის გამომწვევი მიზეზების გარკვევა მნიშვნელოვანია, რადგან გაცნობიერების შემდეგ ადამიანი იძენს შესაძლებლობას, გადალახოს ეს დაბრკოლება და სრულად გამოიყენოს მისი პოტენციალი.
პროკრასტინაციის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა და მათი წარმომავლობა ძალიან ინდივიდუალურად შეიძლება განისაზღვროს ცალკეული ადამიანის მაგალითზე. თუმცა, შესაძლებელია პროკრასტინაციის გამომწვევ მიზეზთაგან რამდენიმე ყველაზე გავრცელებული ფაქტორის დასახელება და მათ საერთო მახასიათებლებზე საუბარი.
პროკრასტინაციას თვითსაბოტაჟსაც უწოდებენ. დემოტივაციის განმაპირობებელი ფსიქოლოგიური ფაქტორები (მარცხის შიში, შფოთვა) ხშირად გადაწონის ხოლმე ადამიანის შესაძლებლობას, კონტროლი გაუწიოს საკუთარ თავს და ბოლომდე მიიყვანოს საქმე. ადამიანებს ურჩევნიათ, მთლიანად უარი თქვან საქმის შესრულებაზე, ვიდრე შეცდომის დაშვება ან მისი არასწორად გაკეთება გაბედონ.
პროკრასტინაციის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი პერფექციონიზმია. პერფექციონისტები მუდამ მაღალი სტანდარტისკენ და პირველობისკენ მიილტვიან. მათ მარცხის შიში აქვთ და საკუთარი გეგმების განსახორციელებლად სწორ დროს ელოდებიან. სწორი დრო კი არასდროს მოდის, რადგან ამ შიშის გადალახვის ერთადერთი გზა მოქმედებაა. პერფექციონისტებს რადიკალური შეხედულებები აქვთ. მათთვის არსებობს საუკეთესო და უარესი, სიმართლე და ტყუილი, სრული ჭეშმარიტება და სისულელე. ასეთი პოლარული აქცენტებით აზროვნება არ ტოვებს შეცდომების დაშვების შესაძლებლობას. პერფექციონიზმთან გასამკლავებლად მიდგომა ყველაფერი ან არაფერი (all or nothing) უნდა ჩანაცვლდეს ხედვით ყველაფერი ან რაიმე (all or something). პერფექციონისტების მისამართით კარგად იმუშავებს ქართული საზრისი ცუდად ჯდომის ნაცვლად ცუდად შრომის შესახებ, რომელიც ერთგვარად წინასწარ მიმღებლობას გულისხმობს შესაძლო შეცდომების მიმართ. შეცდომები გამოსწორებას და ყოველგვარი შესრულება დახვეწას ექვემდებარება, მაგრამ თუ არ შედგება საქმის დაწყების თავდაპირველი აქტი, ვერც შედეგების გამოსწორების შესაძლებლობა შეიქმნება. ამიტომ აბსოლუტური კატეგორიების ჩანაცვლება ისეთი ცნებებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკმარისი და საჭირო, დასაწყისისთვის ძალიან ეფექტიანად იმუშავებს.
მოსალოდნელი მარცხის შიშით, ადამიანები ბოლომდე აწმყოს მდგომარეობაში იძირებიან და თითქოს კარგავენ კავშირს მომავალთან; ვერც იმ ჯილდოებს ხედავენ, რომლებიც შესაძლოა მომავალში მიიღონ. საქმეების შუა გზაზე მიტოვება აწმყოში ჩაძირვით უმეტესად სოციალურ ქსელებში ან ვიდეოთამაშებში გაქცევას, თვითდესტრუქციული ჩვევებისკენ მიდრეკილებას, მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე ან საკვებზე დამოკიდებულებას, გულისხმობს. ნებისყოფის გამოსამუშავებლად რეკომენდებულია ადამიანმა გადახედოს მისი შესასრულებელი საქმეების ნუსხას და თავდაპირველად მათგან ყველაზე მარტივი ან სასიამოვნო შეასრულოს. მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან მცირე პროგრესის დემონსტრირება. გარდა ამისა, კარგად მუშაობს შრომის პროდუქტიულობის კუთხით ოპტიმალური დროის შერჩევა. თუ ადამიანმა იცის, დღის რომელ მონაკვეთშია უფრო პროდუქტიული, სასურველია, სწორედ დროის ამ პერიოდში დაიწყოს პირველი ნაბიჯების გადადგმა.
მეორე ყველაზე გავრცელებული ფაქტორი პროკრასტინაციასთან მუშაობის პროცესში დაბალი თვითშეფასებაა. ერთი მხრივ, მიიჩნევა, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ დაბალი თვითშეფასება წარმოადგენს პროკრასტინაციის გამომწვევ მიზეზს. თუმცა, იმავდროულად, საქმეების შუა გზაზე მიტოვებაც, თავის მხრივ, არანაკლებ აქვეითებს ადამიანის თვითშეფასებას და ღირსებაშელახულად აგრძნობინებს თავს. ასე რომ, ეს ორი ფაქტორი მჭიდროდაა ურთიერთდაკავშირებული ერთმანეთთან. პროკრასტინაციისკენ მიდრეკილება აქვთ ადამიანებს, რომლებსაც სტრესისა და შფოთვის მაღალი მაჩვენებლები აღენიშნებათ. ადამიანები, რომლებიც სისტემატურად შუა გზაზე ტოვებენ საქმეებს, საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული და არაჯანსაღი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. მათ ქრონიკული არასაკმარისობის განცდა აქვთ. საკუთარი თავის ნეგატიური აღქმა კი მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის მოტივაციას და სწორედ პროკრასტინაციისკენ უბიძგებს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანები საკუთარ თავს მხოლოდ გარედან მოსული შეფასებების მეშვეობით აღიქვამენ.
დაბალი თვითშეფასების პრობლემის მოგვარება თვითრწმენის ამაღლებით, საკუთარი პიროვნების სწორი და ცხადი აღქმის ჩამოყალიბებით და მხარდამჭერ გარემოსთან აქტიური კომუნიკაციით მიიღწევა. მარცხის შიში და დაბალი თვითშეფასება ხელს უშლის ადამიანს დაბრკოლებების გადალახვაში. მისთვის დაბრკოლება გადაულახავი ჩანს, საკუთარი რესურსები კი − არასაკმარისი. უსიამოვნო ემოციების თავიდან აცილება ზოგადად ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, თუმცა ადამიანი მხოლოდ მაშინ იზრდება, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოდის.
პროკრასტინაციისკენ მიდრეკილების ერთ-ერთი ცნობილი გამოვლინებაა საქმის ბოლო წუთამდე მოტოვება იმ არგუმენტით, რომ სტრესის ქვეშ საქმე უკეთ შესრულდება. სინამდვილეში კი პირიქითაა. პროკრასტინაციის დროს ადამიანს უჭირს დროის გონივრულად განაწილება და რეალურად იმაზე ნაკლებ დროს იტოვებს საქმის დასასრულებლად, რაც მის ხარისხიან შესრულებას სჭირდება. ამის გამო, ბოლო წუთამდე მოტოვებული საქმეები ძირითადად უხარისხოდ სრულდება.
პროკრასტინაციის გამომწვევი მიზეზების ჩამონათვალი გრძელია და არაამომწურავი. პერფექციონიზმისა და დაბალი თვითშეფასების გარდა, საქმეების შუა გზაზე მიტოვების მიზეზები ხშირად ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, ფსიქოლოგები მიუთითებენ ყურადღების დეფიციტსა და ჰიპერაქტიურობაზე (attention deficit/hyperactivity disorder/ ADHD). პროკრასტინაცია ასევე განიხილება ნეირონული ქსელის ენერგოდეფიციტის ერთ-ერთ სერიოზულ ნიშნად. მოცემულ შემთხვევებში სპეციალისტთან კონსულტირება გარდაუვალია.
რომელი მიზეზიც უნდა განაპირობებდეს პროკრასტინაციის წარმოშობას, მასთან გამკლავება ყოველთვის შესაძლებელია. გამოსავალი თვითანალიზსა და გაცნობიერებაშია. პროკრასტინაციასთან მუშაობის პროცესში ხშირად ადამიანები საუბარს იწყებენ შეკითხვით: "როგორ?". თუმცა, სანამ საკუთარ თავს ჰკითხავდეთ, როგორ ებრძოლოთ პროკრასტინაციას. მიზანშეწონილია დაისვას უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა: "რატომ?" ქოუჩის რეკომენდაციაა, პროკრასტინაციის თემაზე მუშაობისას ადამიანმა სრული გულწრფელობით ჰკითხოს საკუთარ თავს, რატომ არის ამ პრობლემის გადაჭრა მისთვის მნიშვნელოვანი. ამ შეკითხვაზე გულწრფელი პასუხი ადამიანს ცხადად დაანახებს მისი შესაძლებლობების უზარმაზარ არსენალს; იმ შედეგების პალიტრას, რომლის რეალიზაცია მას ხელეწიფება და იმ რესურსების მრავალფეროვნებას, რომელზე წვდომა მას უსასრულოდ შეუძლია გაზარდოს. ასეთ გაცნობიერებას კი ადამიანი უკიდურესობებისკენ მიდრეკილი აზროვნების წერტილიდან იმ ადგილამდე მიჰყავს, საიდანაც ახალი სუნთქვა და ახალი სიცოცხლე იწყება.