Get All Access for $5/mo

როგორ მივაღწიოთ წარმატებას 2020 წელს - სტერლინგ ქეი ბრაუნი ამერიკელი მსახიობი გამოცდილებას გვიზიარებს!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მრავალფეროვნება და ჩართულობა

არა მხოლოდ მიიღეთ მრავალფეროვნება, არამედ იზეიმეთ კიდეც იგი

ეროვნული სამაუწყებლო კომპანიის (NBC) დრამა, "ეს ჩვენ ვართ", საკმაოდ ბევრი მიზეზით უყვარს მაყურებელს. ჯერ ერთი ის, რომ ამ სერიების ყოველ ეპიზოდს ნებისმიერი მაყურებლის ატირება შეუძლია. მეორე − ფილმები რამდენიმე ოჯახის მთელი თაობების ცხოვრებას ასახავს, მთავარ როლებს კი ჰოლივუდის მართლაც შესანიშნავი მსახიობები ასრულებენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ კვირაში ერთხელ, ქსელური ტელევიზიის ეთერით შავკანიანი პერსონაჟების ავთენტური ისტორიები გადის. ასეთი წარმატების მიღწევა უბრალო საქმე ნამდვილად არ არის. როგორც ფილმის ვარსკვლავი, სტერლინგ ქ. ბრაუნი აცხადებს, წარმატების საიდუმლო ამ ფილმის მრავალფეროვანი გუნდია, რომლის თითოეული წევრი სრულიად მშვიდად უყურებს იმას, რომ ასეთი განსხვავებულები არიან − ეს წარმატების რეცეპტია, როგორც ეკრანზე, ისე ცხოვრებაში.

ფილმში ბრაუნი თეთრკანიანი ოჯახის მიერ აყვანილი ფერადკანიანი ვაჟის, რენდალ პირსონის როლს ასრულებს. ოჯახის წევრებს ერთმანეთი უყვართ და ამავე დროს, რთული ურთიერთობებიც აქვთ ერთმანეთთან. ეს ერთ-ერთი მთავარი სიუჟეტური ხაზია. სერიალს სამი შავკანიანი სცენარისტი ჰყავს, რომლებიც თავიანთ ოთახებში რეგულარულად იწვევენ მსახიობებს − თეთრკანიანებსაც და შავკანიანებსაც, რომ მათ კონსულტაციებიც გაუწიონ და საკუთარი წვლილიც შეიტანონ ამ ისტორიების შექმნაში. სცენარისტმა დენ ფოგელმანმა კარგად იცის თავისი სუსტი წერტილი, ის თეთრკანიანია და ამ დროს, შავკანიანთა ცხოვრებაზე წერს. ამიტომ, სხვადასხვა სიუჟეტზე მუშაობისას ბრაუნსა და მის კოლეგებს ხშირად ეკითხება: "რას იტყვით, კარგია?"

ბრაუნს მოსწონს ეს შეკითხვა. "როდესაც კარგად ვთანამშრომლობთ, როდესაც ყველა ერთმანეთს უსმენს და მზად არის საუკეთესო იდეას დაუჭიროს მხარი, სწორედ მაშინ ჩნდება რაღაც ნამდვილად ერთობლივისა და ყოვლისმომცველის შექმნის განსაცვიფრებელი პოტენციალი". ამ შეკითხვით, ფოგელმანი თავისთავად აღიარებს, რომ ბრაუნს განსხვავებული ცხოვრება და შეხედულებები აქვს და სურს, ეს ყველაფერი შემოქმედებითად ასახოს ფილმში.

ეს შეკითხვა ნებისმიერ ორგანიზაციაშიც ხშირად უნდა ისმოდეს. კომპანიები ბევრს ლაპარაკობენ მრავალფეროვან პერსონალსა და ჩართულობაზე, რასაც მრავალი კვლევის შედეგებიც უწყობს ხელს, რომელთა მიხედვით, მრავალფეროვანი გუნდების არსებობა და მათი მართვა შემოსავლის ზრდას განაპირობებს. მაგრამ კომპანიები ჯერ კიდევ დღემდე იშვიათად არიან კმაყოფილები იმით, რასაც სინამდვილეში ჩართულობა ნიშნავს. საკმარისია თუ არა მრავალფეროვანი გუნდის დაქირავება მხოლოდ იმიტომ, რომ ნებისმიერს ერთი და იგივე სამუშაო შეასრულებინოთ და თანაც, ერთსა და იმავე გზით − ანუ მხოლოდ ჩართულობის აღიარება, რაც რეალურად, მხოლოდ დალტონიზმია? – "არა, ეს საკმარისი არ არის", − ამბობს ბრაუნი.

"ნებისმიერ ადამიანს სურს შესამჩნევი იყოს", − გვიამბობს იგი თავისი ახალი, ლოს-ანჯელესის სტუდიის ოფისში საუბრისას, − "მინდა თავიდან ბოლომდე დამინახოთ. იმის თქმა, რომ ჩემი კანის ფერს ვერ ამჩნევთ, ჩემს იგნორირებას ნიშნავს. მე შავკანიანი ვარ, მამაკაცი ვარ, ცისგენდერი, ჰეტეროსექსუალი და იმის თქმა, რომ ამ თვისებათაგან რომელიღაცას ვერ ამჩნევთ, ნამდვილად გულუბრყვილობაა და იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი გამოგრჩათ მხედველობიდან. მთავარია, ჩემს შესაფასებლად ჩემი წაშლა არ სცადოთ. მინდა ისეთი დამინახოთ, როგორიც ვარ და უფრო მეტადაც დამაფასოთ იმის გამო, რასაც წარმოვადგენ".

ბრაუნი თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზეც ასე ფიქრობდა. მამა 10 წლისას გარდაეცვალა და როდესაც სკოლაში სიარული დაიწყო, დედამ ორიოდ სიტყვა უთხრა თავის გამოცდილებაზე: "დედა ხშირად მეუბნებოდა: პაპაშენს იმ სკოლის კარშიც კი არ შეადგმევინებდნენ ფეხს, სადაც შენ დადიხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ აქ დიდი შესაძლებლობები გაქვს", − იხსენებს ბრაუნი. მას პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდა − უნდოდა თვითონაც წარმატებული გამხდარიყო და შავკანიანთა საზოგადოების კარგი წარმომადგენელიც ყოფილიყო.

როდესაც მსახიობი გახდა, მაშინაც ეს სურვილი ჰქონდა. როგორც იხსენებს, 1972 წელს სერიალში "ყველანი ოჯახში" სემი დევისი (უმცროსი) გამოჩნდა და ბრაუნების ოჯახისთვის ეს დიდი მოვლენა იყო, ერთად იკრიბებოდნენ ეკრანზე მათი მსგავსი ადამიანის სანახავად. "ამ ფილმს მშობლები უყურებდნენ", − ამბობს ბრაუნი, − "და ხომ წარმოგიდგენიათ, თქვენს წარმატებასთან რამდენი იმედი და ოცნება შეიძლება იყოს დაკავშირებული".

საკუთარი სამსახიობო კარიერა ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაიწყო. მის ცნობილი როლებს შორისა მძღოლი, რომელიც თეთრკანიანმა ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა. პროკურორი კრისტოფერ დარდენი ფილმში "ადამიანები ო' ჯეი სიმპსონის წინააღმდეგ" − ამერიკული კრიმინალური ისტორია, რომლისთვისაც მან თავისი პირველი "ემი" დაიმსახურა. მოღალატე პრინცი ნ'ჯობუ ფილმში "შავი პანტერა" და პირქუში პატრიარქი ფილმში "ტალღები". მსახიობი "გასაოცარი მისის მეიზელის" მესამე სეზონში.

ახლა ის უკვე იმაზე მუშაობს, რათა კამერების მიღმაც დიდი მრავალფეროვნება შექმნას. გასულ წელს ბრაუნმა საკუთარი კინოკომპანია − Indian Meadows Productions, დააარსა, რომლის მიზანია "გართობა, განათლება და დარიგება". ეს კომპანიის სახელწოდებიდანაც ჩანს. Indian Meadows (ინდიელთა მდელოები) მუშათა კლასის წარმომადგენელთა აფრო-ამერიკული რაიონია სენტ ლუისში, სადაც იგი გაიზარდა. "ეს ადგილი მართლაც შესანიშნავი საცხოვრებელი იყო შავკანიანისთვის, განსაკუთრებით კი, ბავშვისთვის", − ამბობს იგი. მას სურს, Indian Meadows გახდეს იმ ურბანული გეტოების ალტერნატივა, რომელიც შავკანიანთა ცხოვრების ამსახველ ჰოლივუდის სტერეოტიპულ ფილმებში ფონად გამოიყენება.

Indian Meadows Productions-ს მრავალი პროექტი აქვს. მათ შორის სერიალები, რომლებიც საკაბელო არხით გადის; Hulu-ს სერიები, "ვაშინგტონ ბლექი" − ცნობილი რომანის ეკრანიზაცია 11 წლის ბიჭუნაზე, რომელიც მონობას გაექცა. ოჯახური დრამა "ყოველდღიური სიგიჟე", კინოსტუდია Fox-ისთვის. "ჩრდილოვანი ძალა" – "მისტერ და მისის სმიტების" სტილის ფილმი, რომელშიც ბრაუნი და კერი ვაშინგტონი მონაწილეობენ.

ნებისმიერ პროექტში მთავარი ისტორია მისი პერსონაჟების შავი კანია. ამან მას ბევრი მხარდამჭერი შესძინა. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ამგვარი მხარდაჭერით სხვა უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს. ის იხსენებს, თუ როგორ ჰკითხა ერთმა ამხანაგმა ფილმ "არმიელების ცოლების" გადაღებისას: "მეგობარო, რატომ უნდა გქონდეს შენ ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ შავი ხარ? რატომ არ უნდა იყო ჩვეულებრივი ადამიანივით? − ბრაუნი გვიამბობს: "ამის პასუხად, რაღაც ამგვარი ვუთხარი − ოჰ, კარგი რა! განა, შესანიშნავი არ არის, როცა ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა გაქვს კანის ფერის მიუხედავად და მას ვერც კი ამჩნევ? ისე ლაპარაკობ, თითქოს შავკანიანობა ყველას უნდა უნდოდეს".

"სინამდვილეში, ასე არ არის", − ამბობს ბრაუნი. ის მოუწოდებს კომპანიებს, მრავალფეროვნებაზე ფიქრი შეწყვიტონ, თუ მიაჩნიათ, რომ სამსახურში აყვანისას თანამშრომლის კანის ფერზე უნდა დახუჭონ თვალი. "ის, რაც ერთ დროს აუცილებელი იყო, ახლა ნამდვილ პროგრესს უშლის ხელს", − ამბობს ის. მას ჩართულობიდან უკვე მის ზეიმამდე სურს გადასვლა.

რას გირჩევთ? მოუსმინეთ, ნამდვილად მოუსმინეთ ადამიანებს, თანაც, მოკრძალებით, პატივისცემითა და ცნობისმოყვარებით. "იმ ადამიანებს სთხოვეთ რჩევა, რომლებიც თქვენზე გაცილებით უკეთ ერკვევიან კონკრეტულ ვითარებაში, რომ ერთად შეძლოთ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება", - ამბობს ბრაუნი, − "თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რა იცით, შემდეგ კი საკმაო გონიერება დაგჭირდებათ და ნაკლები ეგო, რათა აღიაროთ, რომ ამა თუ იმ საკითხში დახმარება გჭირდებათ". – ეილინ გუო

ციფრული რეპუტაცია

ახლავე იზრუნეთ თავდაცვაზე!

ნამდვილი ისტორია: აღმასრულებელ დირექტორს ბოსი ურეკავს და $243,000-ის გადარიცხვას სთხოვს. ისიც მაშინვე ასრულებს დავალებას, მაგრამ სინამდვილეში, ეს მისი ბოსი არ არის − ეს დამაჯერებელი ხმა, ოდნავ შესამჩნევი გერმანული აქცენტი და ა.შ. მართლაც გასაოცარი თაღლითობაა. მსგავსი იმიტაციის საშუალებას ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზე დამყარებული ტექნიკა, deepfake იძლევა.

მას აუდიო ან ვიდეომასალის მთლიანად შეცვლა ან სრულიად ახლის შექმნა შეუძლია. ნებისმიერი ადამიანის ხმისა და მოქმედების "დაფიქსირება", იმისაც, რაც არასოდეს გაუკეთებია ან უთქვამს. "თუ ციფრული რეპუტაციის მართვა მთელ ინდუსტრიად გადაიქცევა, ეს სინთეზირებული ვიდეორგოლები პროფესიონალებსაც კი აურევს თავგზას", − ამბობს პროფესორი დანიელ სიტრონი, მაკარტურის 2019 წლის ჯილდოს მფლობელი, ბოსტონის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, წამყვანი ექსპერტი კიბერუსაფრთხოების საკითხებში.

მისი პროგნოზით, ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სახის ეკონომიკური საბოტაჟია მოსალოდნელი. მაგალითდ, deepfake-ის ტექნიკით შექმნილ ვიდეორგოლში ნასვამი აღმასრულებელი დირექტორი ჩანს კომპანიის აქციების ბირჟაზე გატანის წინა დღეს. შიშველი ბიზნესვუმენი სექსუალურ ვიდეორგოლში მეტად გულახდილი სიტყვით გამოდის. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მონაწილე ყმაწვილი აღიარებს, რომ მალავდა კვლევებს, რომლებიც აშკარად ადასტურებდა, რომ პროდუქტი ავთვისებიან სიმსივნეს იწვევდა. ამიტომ, თავდაცვის საუკეთესო საშუალება თქვენი ადგილმდებარეობის ზუსტად დაფიქსირება და აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაა. ის, რაც deepfakes-ის შექმნაა, ყოველდღიურად სულ უფრო მარტივი ხდება. "მათი ნამდვილი კადრებისგან გამორჩევა კი უკიდურესად ძნელია, − ამბობს ის, − ასე რომ, მოემზადეთ!"

თანამშრომელთა სარგებელი

თქვენს გუნდს უბრალო უფასო საუზმეზე გაცილებით მეტის მიღება სურს

ეროვნული საკადრო, დასაქმებისა და კულტურის კომპანია LaSalle Network-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ გიმბელმა საკმაოდ ბევრი იცის იმის თაობაზე, თუ რა სურთ თანამშრომლებს, და ისიც, რომ დღეს მათ უწინდელზე გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ ამ მხრივ. "საქმე ისაა, რომ დღეს უმუშევრობის დონე ძალიან დაბალია", – ამბობს იგი, – "ბაზარზე დაქირავებული თანამშრომლები კარნახობენ თამაშის წესებს". გიმბელი კომპანიის მფლობელებს ურჩევს, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად თანამშრომლებს მყვირალა შეღავათების ნაცვლად, რეალური სარგებელი შესთავაზონ. "უფასო საკვები და მხიარული თამაშები უკვე ყველას აქვს ოფისში", – ამბობს ის.

თანამშრომლებს კი, ყველაზე მეტად დაგროვებით საპენსიო სქემაში 401(k) ჩართვა სურთ. "დიახ", – აცხადებს გიმბელი, – "ანტრეპრენერთა უმრავლესობას არ აქვს საშუალება, ამის უფლება მისცეს საკუთარ თავს. თუმცა, აქაც შეიძლება მოლაპარაკება, შეგიძლიათ კანდიდატს უთხრათ, რომ თქვენი ბიზნესის მდგომარეობის გათვალისწინებით, ორი ან სამი წლის შემდეგ დაიწყებთ მის მიერ გამომუშავებული თანხის გარკვეული ნაწილის 401(k) ანგარიშზე დაგროვებას, ხოლო კიდევ სამი წლის შემდეგ ყოველ გამომუშავებულ დოლარზე თითო დოლარს დაუმატებთ". ხოლო როდესაც თქვენთვის სასურველი კანდიდატი ინტერვიუზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ გკითხავთ, მისი ამბიციები სიხარბედ არ მიიჩნიოთ. ეს ინფორმაციის გადამოწმების საუკუნეა და ადამიანებს სურთ, ზუსტად იცოდნენ, როგორი იქნება მათი სამუშაო პირობები და საუკეთესო მენეჯერები მათ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ნამდვილად შეძლებენ. აქ მთავარი გამჭვირვალე ინფორმაციაა.

რეგულაცია

პოზიციის დაფიქსირების დრო დადგა

2020 წელს კალიფორნიის საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტი, მგზავრობის გაზიარების აყვავების გზაზე არსებულ ინდუსტრიას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. საქმე ისაა, რომ იანვრიდან, ისეთ კომპანიებს, როგორიცაა მაგალითად Uber და Lyft, უკვე გაუჭირდებათ თავიანთი დამოუკიდებელი მძღოლების კონტრაქტორებად გაფორმება, იმ თანამშრომლებისგან განსხვავებით, რომლებსაც გაცილებით მეტს უხდიან. "მართალია, Uber-მა, Lyft-მა, და DoorDash-მა განაცხადეს, რომ შექმნილ მდგომარეობას არ შეეგუებოდნენ და $90 მილიონის გაღებაზეც არიან მზად, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი ძნელია, თუ როგორ შეძლებენ ისინი ამის თავიდან აცილებას", – ამბობს ბრედლი ტუსკი, რომლის კომპანია – Tusk Ventures ზრდის დიდი პოტენციალის მქონე სტარტაპებში აბანდებს ფულს, თუ ისინი ამ ახალი კანონმდებლობით მოტანილ დაბრკოლებებს დაძლევენ. მისი კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტი კი, სპეციალურად მათ დასახმარებლად მუშაობს ამ საკითხში. ეს კომპანიები ამჟამად თავის თავის წარმოაჩენენ, როგორც უბრალო და გამრჯე ადამიანებს, რომელთაც სილიკონის ველის ურჩხული კომპანიები ჩაგრავენ. ტუსკის აზრით, მცირე ზომის კომპანიებმა ეს უნდა შეცვალონ და მომხმარებლები დაარწმუნონ იმაში, რომ DoorDash-ს მომხმარებლამდე საკვების მისატანად მათზე მეტი დრო დასჭირდება, ხოლო Uber-ით გადაადგილება გაცილებით ძვირია, ვიდრე ამ მცირე ზომის კომპანიების მომსახურებით სარგებლობა.

"ამ მომუშავე სტარტაპებს ვურჩევდი, გაუფრთხილდნენ თანამშრომლებს და დაარწმუნონ ისინი, რომ თუ ამ უკანასკნელთ სამედიცინო დაზღვევის მიღება ან რაიმეს ორგანიზება სურთ, კომპანიისგან ამას ნამდვილად მიიღებენ, თუმცა ამისთვის მათ ინიციატივის გამოჩენა დასჭირდებათ. კომპანიები უნდა აცნობიერებდნენ, რომ კმაყოფილი თანამშრომლები გაცილებით მეტ ფულს მოუტანენ. დაე, Uber აღმოჩნდეს წამგებიან პოზიციაში", – ამბობს ტუსკი, რომელიც Uber-ს ნიუ-იორკის ტაქსების მარეგულირებელ კომისიასთან გამკლავებაში დაეხმარა.

სხვა სფეროების მარეგულირებელი გარემოს თვალსაზრისით, ვითარება ასეთია: ტელემედიცინის სფეროს სტარტაპები აქამდეც მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მუშაობდნენ. ახლა მათ ეკონომიკური ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული ლობისტური ჯგუფებიც შენიშნავენ. მცირე კომპანიების განვითარებას გაისად სახელმწიფოც შეუშლის ხელს, თუმცა, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ, მთელ ამ დარგს ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს. ტუსკს მიაჩნია, რომ შეზღუდვები შედარებით ნელი ტემპით მოიხსნება თვითმავალი სატვირთო გადაზიდვების, თვითმავალი ავტომობილებისა და კიბერსპორტის სფეროში. "ჩვენ უზომოდ გატაცებული ვართ კიბერსპორტით", – ამბობს ტუსკი, – "დღეს ამ სფეროში ყველაზე დიდი შესაძლებლობებია".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!