ზოგი რამ უნარების, ჩვევებისა და ემოციების შესახებ "მომავალი ეკუთვნის მათ, ვინც ეუფლება მეტ უნარს და შემოქმედებითად აერთიანებს" - რობერტ გრინი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნათქვამია, მოტივაცია მიდი-მოდის, ჩვევა კი რჩებაო. მთავარია, ვისწავლოთ, რომელი ჩვევა უფრო მიესადაგება ჩვენს ხასიათს, მისიას, ცხოვრებისეულ კრედოს. ამასთანავე, ისიც უნდა დავაზუსტოთ, კონკრეტულ მოცემულობაში კიდევ რა ჩვევების გამყარება-გავარჯიშება გვჭირდება წინსვლისა და პიროვნული განვითარებისთვის.
ნებისმიერი ჩვევის გამომუშავებაა შესაძლებელი და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა მუდმივად თანამდევ პროცესს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, როგორ ვასაზრდოებთ ანუ რას ვირჩევთ გონების რაციონად და რა დოზით ვკვებავთ. გადამეტება ნამდვილად არაფერს გვარგებს. ხომ იცით, ბალანსის დაცვა ყველგან და ყველაფერში აუცილებელია.
ხასიათის ამა თუ იმ შტრიხის გამოვლენისას ემოციების მართვა გვიადვილებს წონასწორობის დარეგულირებას. ჩვენი ემოციური ინტელექტი გვაძლევს იმპულსს, მკაფიოდ აღვიქვათ სიტუაციური მომენტები, დავაკვირდეთ, რას განვიცდით ყოველ მოცემულ შემთხვევაში ამა თუ იმ გარეგანი ან/და შინაგანი ფაქტორების ზეგავლენით. საკუთარ შეგრძნებებზე ყურადღების მიქცევის გარდა, ნებაც უნდა გვეყოს ჰარმონიული ქმედებისთვის. სიფიცხემ ან/და სპონტანურობამ რომ არ გადაგვძალოს, სწორედ ამისთვის გვჭირდება თვითფლობა და ზომიერების გამოხატვა ნათქვამში, ქცევასა თუ ურთიერთობაში.
ამის საფუძველზე ყოველი წარმოთქმული თუ მოსმენილი სიტყვა ან აზრი, ჩვენი თუ სხვისი საქციელი ხდება ერთგვარი დაკვირვების საგანი. როგორც კი მშვიდად გადავხარშავთ მოზღვავებულ ემოციას, ცოტას დავწრეტთ და განვსაზღვრავთ, მისი რა ნაწილი დარჩა ჩვენში, შემდეგ ვაანალიზებთ, რამდენად პრიორიტეტულია, რამდენად ღირებული და რას შეგვმატებს, რამე ვთქვათ თუ არა, გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ, მხოლოდ ამის მიხედვით ვახდენთ სათანადო რეაგირებას. ერთი შეხედვით, თითქოს მარტივია ასეთი მიდგომა და შესაძლოა ბევრჯერ გვსმენია, ვიცით და გვჯერა, რომ კარგია და მისაღები, თუმცა პრაქტიკაში როგორ ვიქცევით, საკითხავი სწორედ ეს არის.
ვფიქრობ, გაცილებით გულწრფელები ვართ, თუკი სიტყვიერად გამოვხატავთ, რა განცდა გვეუფლება. ამას ნდობის შესანარჩუნებლად დიდი წონა აქვს. აქ იკვეთება კიდევ ერთი არსებითი უნარი - ემპათია და ურთიერთგაგების ნიჭი, რომელიც მოგვიხმობს აწონ-დაწონისკენ, მოთმენით მოსმენისა და საღი აზრის ჩამოყალიბებისკენ. გონივრული გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში მისი სარგებლიანობით უნდა განვჭვრიტოთ. ასე დადინჯებით გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის მომგებიანია.
მოვლენათა მიმართ ჩვევად ქცეული დამოკიდებულება მყარი რწმენის სახით იქმნება აღზრდისა და სწავლა-განათლების პროცესში. ღირებულებათა სისტემისთვის ჩვევა წარმოადგენს რეპუტაციულ ბარომეტრს, რომლითაც იზომება, რამდენად კარგია თუ ცუდი, სამართლიანი თუ უსამართლო, ეთიკური თუ არაეთიკური, მორალური თუ ამორალური ესა თუ ის ქმედება. ამრიგად, ღირებულება არის პიროვნულობისა და ცხოვრების წესის განმსაზღვრელი სტანდარტი, რომელიც მეტწილად უცვლელია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვევა, სხვა თვისებებისა თუ უნარების მსგავსად, შეიძლება იყოს დადებითი ანუ ჩვენი ღირსების გამაძლიერებელი ან უარყოფითი, რაც ხელს გვიშლის მართებულად ცხოვრებაში. როცა ვსაუბრობთ საკუთარ ფასეულობათა დადგენაზე, ძირითადი პრინციპი ოქროს წესად შეგვიძლია გამოვიყენოთ: ჩვენს პიროვნულ მახასიათებელთა საერთო ჯამს გამოვაკლოთ დამაბრკოლებელი ჩვევები და რაც დაგვრჩება საუკეთესო ჩვევის სახით, ის განსაზღვრავს ჩვენსავე ღირებულებებს ეთიკურობის კონტექსტში.
აქვე დავამატებ, რომ პიროვნული უნარ-ჩვევები შესასწავლი და სისტემატურად გასამეორებელი ხასიათის უნარია, რომელიც სასურველი შედეგის მისაღწევად გვჭირდება. ჩვევათა ნაკრები სამ კატეგორიად არის დაყოფილი და მათგან ერთ-ერთი, აკადემიური, მოიცავს კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებით მიდგომებს.
კრიტიკული აზროვნება, როგორც ინტელექტუალური მექანიზმი, ერთი მხრივ, ფაქტებზე დაყრდნობით მოვლენის შესწავლას, გაანალიზებასა და შეფასებას გვაჩვევს, მეორე მხრივ, ჩვენს რაციონალურ და შეგნებულ მოქმედებებს განაპირობებს. ფსიქოლოგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, ის არის ემოციების გაფილტვრის, ფიქრზე დაფიქრებისა და გააზრებული საქციელის საფუძველი, ხოლო ანალიტიკური შეფასების უნარი აუცილებელი წინა პირობაა ცხოვრების ყოველ ეტაპზე, ყველა სახის ურთიერთობაში სწორი ხედვის განსამტკიცებლად.
პიროვნული უნარ-ჩვევების კიდევ ერთი კატეგორიაა ურთიერთობებზე ფოკუსირებული, რაც აერთიანებს ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას. მე, როგორც სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, ასევე, მოლაპარაკების სტრატეგიის ლექტორი, მუდმივად ვეცნობი მიმდინარე სიახლეებს კომუნიკაციის სფეროში, ვეუფლები და ვაზიარებ კომუნიკაციის ეფექტიანობისთვის საჭირო მიდგომებს, განახლებულ ტექნიკებს. სტუდენტებს და არამარტო მათ, ზოგადად, მოლაპარაკების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს მუდამ ვურჩევ აითვისონ ან/და გაიუმჯობესონ რეფლექსიისა და შედეგიანი უკუკავშირის მიღების უნარ-ჩვევები.
პირველ რიგში, ყოველთვის მივაქციოთ ყურადღება ჩვენი საუბრისა თუ წერითი კომუნიკაციის სტილს, გადმოცემის მანერას, ამასთანავე, დავაკვირდეთ, როგორ საუბრობენ სხვები, როგორ წერენ, რამდენად გასაგებად გადმოსცემენ თავიანთ სათქმელს და არის თუ არა საკმარისად დამაჯერებელი. "ყურადღებით მოეპყარი სხვა ადამიანთა სიტყვებს და ეცადე, შეძლებისამებრ, ღრმად ჩასწვდე მათ ლაპარაკს" - მარკუს ავრელიუსი. ამ მხრივ, დიდად გვეხმარება ჩვენი კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
იმისთვის, რომ ჩვენი მოსაზრება, შეხედულება ზუსტად მივიდეს ადრესატამდე და მან სწორად აღიქვას კონკრეტული მიზანი და ძირითადი შეტყობინება, უნდა შეგვეძლოს სტრუქტურულად მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, რა გვაინტერესებს, რისი მიღწევა გვსურს, რას მოველით ჩვენ და რა მოლოდინები, ინტერესები, მისწრაფებები შესაძლოა ჰქონდეს თანამოსაუბრეს. ამასთანავე, ნათქვამის ადვილად და სწორად აღქმისათვის, დამახსოვრებისა და სასურველი შედეგის მიღწევისთვის მიზანშეწონილია ძირითადი შეტყობინება/ საკვანძო საკითხები რაც შეიძლება ლაკონიურად, ნათლად, გასაგებად გადმოვცეთ და შემდეგ გადავამოწმოთ უკუკავშირით, რა გაიგეს, რა გავლენა მოახდინა ჩვენ მიერ გაზიარებულმა ინფორმაციამ მათზე.
გაინტერესებთ ამისთვის რა უნარი გამოგადგებათ?! ერთ-ერთია, დაეჩვიოთ ნებისმიერი ტიპის შინაარსის აგებას ე.წ. თხრობითი ამბის სახით, სადაც ლოგიკური კავშირ-ურთიერთობები მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ამასთან დაკავშირებით პირადი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ მიდგომებს, რასაც კარგა ხანია წარმატებით ვიყენებ დისკუსიისა თუ კონფერენციების მოდერაციის დროს, ასევე ჩემს სატრენინგო თუ სალექციო პრაქტიკაში. როცა მრავალი წლის წინ ეფექტური პრეზენტაციის, საჯარო გამოსვლის ხელოვნებისა და მოლაპარაკების სტრატეგიის სასწავლო კურსების შემუშავება დავიწყე, გავეცანი სტენფორდის ბიზნესის უმაღლესი სკოლის პროფესორის მეთ აბრაჰამის მეთოდოლოგიას წიგნიდან "იფიქრე უფრო სხარტად, ისაუბრე უფრო გონივრულად". მეთ აბრაჰამი არის ამავე სახელწოდების პოდკასტის ავტორი. მე ხშირად ვუსმენ მის საუბრებს სხვადასხვა საინტერესო პიროვნებებთან სტრატეგიული კომუნიკაციის, ეფექტიანი ურთიერთობის დამყარების ტექნიკებისა და სხვა სასარგებლო რჩევების შესახებ. გაგაცნობთ მის ერთ ძირეულ პრინციპს სახელად "რა - მერე რა - ახლა რა", რომელიც დაგეხმარებათ აუდიტორიის ყურადღების მიქცევაში, ისწავლით, როგორ გადააქციოთ ძირითადი შეტყობინება ადვილად დასამახსოვრებელ ფრაზად, და რაც მთავარია, გამოიმუშავებთ ღირებულ უნარს სტრატეგიულად აზროვნებისა და არსებით საკითხებზე ფოკუსირების გასაძლიერებლად.
ნებისმიერი ტექსტის, წარდგენის, ამბის შესაქმნელად სტრუქტურის პირველ კომპონენტში ანუ შესავალში, პასუხობთ შეკითხვას "რა" - საუბარს იწყებთ მთავარი იდეის ან/და მიზნის გაცნობით, მიმოიხილავთ, რა თემას ეხება. შუა ანუ ძირითად ნაწილში განმარტეთ დანიშნულება, ახსენით, რატომ არის მნიშვნელოვანი, საჭირო, სასარგებლო. ეს არის პასუხი შეკითხვაზე "მერე რა". შემაჯამებელი ანუ დასკვნითი ნაწილი საშუალებას გაძლევთ მსმენელს (თანამოსაუბრეს, აუდიტორიას) მიაწოდოთ პრაქტიკული ცოდნა მიღებული ინფორმაციის გამოსაყენებლად, რაც, ფაქტობრივად, წარმოადგენს ერთგვარ მოწოდებას ქმედებისაკენ - ეს არის პასუხი - "ახლა რა".
ვფიქრობ, სტატიაში განხილული საკითხები, მოცემული რჩევები თუ რეკომენდაციები სასარგებლო იქნება თქვენს თავში ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად, არსებული ცოდნის გადასინჯვისა და ახალი ინფორმაციის მისაღებად. რაც მეტს იმუშავებთ საკუთარ თავზე, რათა უფრო ჩაუღრმავდეთ თქვენს პიროვნულ მახასიათებლებს, გაიმყაროთ თვითმოტივაცია და გაიძლიეროთ საურთიერთობო უნარები, მით უფრო მეტად მიაღწევთ შინაგან თავისუფლებას და სიმშვიდეს ნებისმიერი სახის კომუნიკაციისას.
სიამოვნებით მოვისმენ თქვენს უკუკავშირს. წარმატებებს გისურვებთ პიროვნული ზრდისა და პროფესიული დაოსტატების გზაზე.
მაკო ჯაოშვილი,
ალტერბრიჯის პროფესორი, Ph.D.
სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი