Get All Access for $5/mo

ანი ბახტურიძე - AR Solutions "კვებისა და სასმელების სფერო უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანი ბახტურიძისთვის საკუთარი საქმის დაწყება ყოველთვის ამბიციურ გეგმას წარმოადგენდა. როგორც თავად ამბობს, ეს განპირობებული იყო წარმატებული ანტრეპრენერებისგან მიღებული შთაგონებით და შინაგანი მიზანდასახულობით. თუმცა ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯების გადადგმის კატალიზატორად, ანის შემთხვევაში, პანდემია და მისი კორპორაციული საქმიანობის სფეროს სტაგნაცია იქცა. ამგვარად, ანი ბახტურიძე დღეს უკვე ორ დამოუკიდებელ სტარტაპს ავითარებს და საკუთარ ოცნებას − 30 წლამდე საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა, რეალურად ახორციელებს.

"კვებისა და სასმელების სფერო უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში. მას უკავშირდება ჩემი განათლება და კორპორაციული საქმიანობაც. თუმცა ჩვენ დროში, ტექნოლოგიების მზარდი გამოყენებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ძალიან გამიტაცა ამ სფერომ და ბოლო პერიოდში ჩემი საქმიანობა ძირითადად FoodTech-ზე ფოკუსირდა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კვების სფეროს ეფექტიანობის გაზრდას ისახავს მიზნად", − გვიამბობს ანი ბახტურიძე, − "აუგმენტირებული რეალობის ტექნოლოგიასთან, ჩემი და ჩემი პარტნიორის − ელენე კვიტაიშვილის პირველი პრაქტიკული შეხება რამდენიმე თვის წინ შედგა. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჰაკათონის ფარგლებში, უნდა შეგვემუშავებინა გადაწყვეტა, რომელიც ღვინის მარკეტინგის ეფექტიანობას გაზრდიდა. ჩვენი იდეა გულისხმობდა ღვინის აუგმენტირებული რეალობის გამოყენებით წარდგენას, რისთვისაც ადგილზე პროტოტიპიც შევქმენით".

მიღებული შთამბეჭდავი შედეგით აღფრთოვანებულმა პარტნიორებმა, გადაწყვიტეს იდეა სტარტაპად ექციათ და დააარსეს AR Solutions, რომელიც აუგმენტირებული რეალობის ტექნოლოგიის გამოყენებით, კომპანიებს მათი მიზნებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მომსახურებას სთავაზობს. სტარტაპის ინსპირაცია ღვინის სფეროდან წამოვიდა, თუმცა AR-ის გამოყენების არეალი იმდენად ფართოა, რომ ეს ტექნოლოგია შესაძლებელია მოიცავდეს კომერციას, ნავიგაციას და ტურიზმს, განათლებას, ღონისძიებების მენეჯმენტს და ა.შ. აუგმენტირებული რეალობა გულისხმობს რეალურ სამყაროში ჩამატებულ ვირტუალურ კონტენტს, როდესაც თქვენს სმარტფონებში ხსნით კამერას და ეკრანზე რეალურ სამყაროსთან ერთად ხედავთ 3D ანიმაციას, ტექსტს ან აუდიო/ვიდეო მასალას. AR Solutions სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს და ასრულებს სხვადასხვა სირთულისა და სპეციფიკის პროექტებს.

"ტრადიციული ბიზნესსფეროს წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ანტრეპრენერები მეტად visionary ადამიანები არიან. ისინი ფოკუსირდებიან არა მოკლევადიან შედეგზე ან შემოსავალზე, არამედ უფრო დიდ და ამბიციურ მიზნებს ისახავენ და გადიან გზას, რომელიც ჯერ გაუკვალავია. პირადად ჩემთვის, მოტივაციის ყველაზე დიდი წყარო ის კმაყოფილებაა, რომელიც მოჰყვება ჯერ გაუკეთებელი და აუთვისებელი გზების გავლას და ნიშების შევსებას. ეს განსაკუთრებით ეხება იმ სფეროებს, რომელთანაც ადრე არაფერი მაკავშირებდა. ჩემთვის ასეთი სფერო ტექნოლოგიებია, რომელიც არასოდეს იყო კომფორტის ზონა, თუმცა ჩვენს დროში მისი აუცილებლობიდან გამომდინარე გადავწყვიტე შემესწავლა და დღემდე ვაგრძელებ ამ პროცესს. როდესაც ტექნოლოგიების სფეროში წარმატებებს ვაღწევ, ეს ჩემთვის უდიდესი გამარჯვებაა", − აღნიშნავს ანი.

AR Solutions-ის დამფუძნებლისთვის, სრულიად ახალ სფეროში, ტექნოლოგიებში თავის დამკვიდრება და ხელშესახები შედეგების მიღწევა საკმაოდ რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი იყო. ამ გზაზე ხშირად იღბალი და გამართლებაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხოლმე, თუმცა როგორც ანი ამბობს, რაღაც უხილავი ჯადოსნური ელემენტის არსებობის უარყოფა არ შეიძლება, ვინაიდან წარმატების თუნდაც ძალიან მცირე ნაწილს ზოგჯერ სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ მის იმედად ყოფნა არასწორი სტრატეგიაა. AR Solutions-ის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ გამართლებად ხშირად მოიხსენიებენ წარმატებას, რომელიც კონცენტრაციის, შრომისა და შესაძლებლობების რაციონალურად გამოყენების შედეგად მოდის. მისთვის იღბალი დიდწილად მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათი შედეგების ერთობლიობაა.

"მთავარი, რაც დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ მასწავლა, არის თვითმენეჯმენტი, რაც ჩემდა გასაკვირად, სხვა ადამიანების მართვაზე რთული აღმოჩნდა. დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი გამოიმუშაონ იმუნიტეტი და გულთან ახლოს არ მიიტანონ მათთვის ნათქვამი "არა". ანტრეპრენერებს საკმაოდ ხშირად უწევთ ამ სიტყვის მოსმენა და მნიშვნელოვანია ამან ზეგავლენა არ მოახდინოს მათ საქმიანობაზე. ამის ნაცვლად, მოუსმინონ მხოლოდ არგუმენტირებულ კრიტიკას, გაიაზრონ განვითარების სივრცეები და განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები. და კიდევ − ალბათ პარადოქსულია, მაგრამ პერფექციონიზმი შეიძლება ყველაზე დიდი მტერი აღმოჩნდეს სტარტაპერებისთვის. მათ ვურჩევდი, ნაკლები დრო დაუთმონ იდეის სრულყოფილებამდე მიყვანას, ამაზე მნიშვნელოვანი კი, თუნდაც სულ მცირე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაა", − აცხადებს ანი ბახტურიძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia