Get All Access for $5/mo

"ანის სკოლა" - ლიდერობისა და მოტივირების სკოლა ბავშვებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ბავშვებს ლიდერული უნარების განვითარებაში დავეხმარებოდით. ცხადად ჩანს, რომ დღეს საზოგადოებაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვს გაცილებით მეტი ცოდნა და ცნობიერება აქვს, ვიდრე ამას გამოხატავს, და ეს ხდება იმიტომ, რომ მას სჭირდება თავდაჯერებულობა, თვითგამოხატვის ინიციატივა, ეფექტური კომუნიკაცია და ემოციური ინტელექტის განვითარება", - ანი ჩერქეზიშვილი, "ანის სკოლის" დამფუძნებელი.

როგორც ანი გვიყვება, სწორედ ამის საპასუხოდ შექმნა სკოლა და საავტორო პროგრამები. დღეს ბავშვებს აღარ სურთ იყვნენ მხოლოდ მსმენელები, მათ სურთ, რომ სამუშაო პროცესი თავად წარმართონ. "ანის სკოლა" ქმნის ამ უნიკალურ გამოცდილებას, სადაც ბავშვები ჩარჩოებისა და შეზღუდვების გარეშე არიან ჩართულები სამუშაო პროცესში.

"წლებია განათლების სფეროში ვმუშაობ. გადავწყვიტე 2024 წელი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული წელი ყოფილიყო და საკუთარი ისტორია თავად დამეწერა.

ნებისმიერი მეწარმე, რომელიც უარს ამბობს ერთი შეხედვით კომფორტულ, სტაბილურ ანაზღაურებაზე, შემოქმედი ხდება. შესაბამისად, არის გამბედავი და მამაცი.

მწამს, რომ ყველა წარმატებული ადამიანი არის თავდაჯერებული. მეც ასე გამომივიდა, ჩემი თავდაჯერებულობა ვთგარმნე "ანის სკოლად" და საკუთარი წარმატების ისტორიის წერა დავიწყე".

ანი ამბობს, რომ ჩანაფიქრიდანვე დიდი მუხტი და ენერგია ჰქონდა. წარმოუდგენელი იყო, რამე წინაღობა გადაუჭრელი ყოფილიყო მისთვის.

"ჩვენ თავად ხომ ბავშვებს ცხოვრებისეული გამოწვევების შესაძლებლობებად გარდაქმნას ვასწავლით. ჩვენი ლოგოც ამაზე საუბრობს, "როდესაც ცხოვრება გვაწვდის ლიმონს, ჩვენ ვამზადებთ ლიმონათს". რა თქმა უნდა, გზად ბევრი წინააღმდეგობაა, ამის გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მთავარია მჯეროდეს, რომ წინააღმდეგობისგან ტრამპლინს შევქმნი".

ანის მიაჩნია, რომ წარმატებულ ადამიანს უნდა უყვარდეს 3 რამ: რასაც აკეთებს, ვისთან ერთადაც აკეთებს და ვისთვისაც აკეთებს.

"არ მჯერა წარმატების, თუ საკუთარი საქმე არ გიყვარს და იდეის მიმართ გული არ გაქვს ანთებული. ვერ წარმომიდგენია წარმატებული კომპანია, თუ გუნდი არ გიყვარს და მის მიმართ მადლიერი არ ხარ. და არ მჯერა იდეის წარმატების, თუ მომხმარებლის მიმართ გულწრფელი არ ხარ. იქ, სადაც ეს 3 რამ არსებობს, ბიზნესსაქმიანობა მწვერვალზეა".

მისი აზრით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმისა და იდეის მიმართ აქვს სულისკვეთება, ლტოლვა, სიყვარული. ფიქრობს, რომ ყველა ანტრეპრენერი საკუთარი კომპანიის პრიზმიდან უყურებს სამყაროს და ცდილობს პატარ-პატარა ნაბიჯებით ჯერ ინდივიდები შეცვალოს და მერე მათ ირგვლივ არსებული გარემო.

"მთელი მოწოდებით ანტერპრენერი ვარ. მიყვარს, მჯერა, მწამს იმის, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის ამ იდეის გაჩენის ისტორია შთაგონების წყაროა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი რაღაც მიზეზით ხდება"."ანის სკოლა" ამ ეტაპზე 5-12 წლამდე ასაკის მოსწავლეებთან მუშაობს. 1 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდება მოზარდების პროგრამებიც (13-17 წელი), ასევე ინგლისურენოვანი პროგრამები და ინდივიდუალური ფორმატის შეხვედრები.

ანი ჩერქეზიშვილი "ანის სკოლის" გაფართოებას გეგმავს როგორც ასაკობრივ ჭრილში, ასევე ფუნქციურად.

"ჩვენს სკოლას ძალიან მნიშვნელოვანი წელი ელოდება".

ინდუსტრიული ტრენდები

თანამშრომელი - კომპანიის მთავარი ღირებულება

ბუღალტრული და აუდიტორული კომპანია "ფინო" - 13 წელი ქართულ ბაზარზე