ბლაუენშტაინი - თათია არაბიძე "თუ არ გაბედე და ნაბიჯი არ გადადგი, ისე გამოცდილებას ვერ შეიძენ."
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოს ბანკი" უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის "საქართველოს ბანკი" არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ "საქართველოს ბანკი" წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.
თათია არაბიძე
"ბლაუენშტაინი", დირექტორი
2008 წელს, როდესაც ჩვენმა ქართველმა და შვეიცარიელმა დამფუძნებლებმა ეს პროექტი დაიწყეს, ქვეყანაში არ არსებობდა მაღალპროდუქტიული საქონლის ჯიშები. ჯანსაღი, უსაფრთხო ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების კუთხით, დიდი პრობლემა იდგა. ჩვენ კი ამ გამოწვევებს შევეჭიდეთ და დღემდე საუკეთესო შედეგებით მოვდივართ.
ნებისმიერ წამოწყებას ახლავს გარკვეული რისკი და თავისთავად, მოითხოვს სიმამაცესა და გაბედულებას, მით უმეტეს, როცა ეჭიდები სფეროს, სადაც ცოდნა დაკარგულია და თავიდან გასაცოცხლებელია. ჩვენს შემთხვევაში, განსაკუთრებული რისკი და გაბედულება იყო საჭირო მომხმარებლისთვის სრულიად უცნობი პროდუქტის შესათავაზებლად. ვგულისხმობ დავარგებულ ხორცს, რომელიც ქართულ ბაზარს პირველმა სწორედ "ბლაუენშტაინმა" შესთავაზა.
გარდა ამისა, "ბლაუენშტაინი" კიდევ უფრო გაბედული იყო იმის გამოც, რომ კომპანიას ზურგს უმაგრებდა უზარმაზარი ევროპული გამოცდილება. ამან საშუალება მოგვცა, პრაქტიკულად ყველანაირ დაბრკოლებას მომზადებულები შევხვედროდით. იმ დროს საქართველოში საკმაოდ დიდი პრობლემა გახლდათ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ენდემური ჯიშების არარსებობა. დღის წესრიგში დადგა ჯიშის გაუმჯობესების საკითხი. "ბლაუენშტაინს" ჰყავს შვიცბრაუნისა და სიმენტალის ჯიშის პირუტყვი, რომლებსაც ადგილობრივ პირობებს ვარგებთ. ამას კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილზე ჯიშის გაუმჯობესებას ეძახიან. როცა უკვე ადგილზე მიიღებ მე-5 თაობას, ანუ სუფთა ჯიშს, ის ბევრად ჯანმრთელია და გაცილებით ძლიერი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე პირდაპირ ჩამოყვანილს. ამჟამად უკვე მე-4 თაობაზე ვართ. მე-5 თაობიდან კი უკვე შევძლებთ მივიღოთ ქართული ბრაუნი.
თუ არ გაბედე და ნაბიჯი არ გადადგი, ისე გამოცდილებას ვერ შეიძენ. ვფიქრობ, უმჯობესია, დაშვებული შეცდომის გამო მიღებული არასასურველი შედეგის გამოსწორებაზე მუშაობით დაიღალო, ვიდრე იმაზე ნერვიულობით, რა ვქნა, გადავდგა ნაბიჯი თუ არა?..
ბუნებრივია, პანდემიამ გავლენა ჩვენზეც იქონია, როგორც მთელ მსოფლიოზე, თუმცა მუშაობა არ შეგვიჩერებია, არ შევფერხებულვართ და საქმე ჩვეული ხარისხით გავაგრძელეთ. გრძელ ვადაზე გათვლილი ინვესტიციის მთავარი ხიბლი, სწორედ მსგავს სიტუაციებში მდგრადობაა.
ამჯერად ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმა ყველა მიმდინარე პროექტის ჩვეული ხარისხით შენარჩუნებაა. განსაკუთრებით გვინდა, ყურადღება სულ ახალ პროექტს არ მოვაკლოთ და წლის ბოლომდე მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ღორის ხორცი შევთავაზოთ. 1 500 000-ლარიანი ფინანსური რესურსი ამ პროექტისთვის სწორედ "საქართველოს ბანკისგან" მივიღეთ და რომ არა ეს მნიშვნელოვანი თანადგომა, პროექტის განხორციელება ალბათ გაურკვეველი ვადით გადაიწევდა.