ქართული ზურგჩანთა ოკუპაციის თემატიკით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ანანკე" საქართველოში დაარსებული ბრენდია, რომელიც საკუთარი ტანსაცმლითა და ჩანთებით ქვეყანაში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციაზე ხმას ფართო აუდიტორიას აწვდენს.
"ანანკეს" დამფუძნებელი ნანუკა კაკაბაძეა. ნანუკა პროფესიით სოციოლოგია. თუ საიდან დაიწყო ბრენდის ისტორია, ამის შესახებ ის Entrepreneur-ს ესაუბრა:
"ანანკე" ჩემთვის თავიდან საყვარელი საქმიანობის კეთება იყო. სხვადასხვა დიზაინის შექმნა, რასაც ბებიის დახმარებით ვახორციელებდი. შეიძლება ითქვას, რომ ეს საოჯახო სტარტაპია, რომელიც დაახლოებით 2 წელია ფუნქციონირებს და ამზადებს ქურთუკებს, ახლა კი უკვე განსაკუთრებული შინაარსის მქონე ზურგჩანთებსაც. ჩვენი ხელნაკეთი ზურგჩანთების განსაკუთრებულ შინაარსში იგულისხმება მისი სიმბოლური დატვირთვა. ნაქარგი, რომელშიც გადმოცემულია საქართველოს პრობლემის, მისი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია".
"ანანკეს" ზურგჩანთების ტარებით ადამიანებს შეუძლიათ ყველგან გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ბრენდის სახელი შემთხვევით არ არის შერჩეული. სახელი "ანანკე" ძველ ბერძნულ მითოლოგიას უკავშირდება. ანანკე იყო ქალღმერთი, რომელიც ბუნებაში ურღვევ კანონს განასახიერებდა. შესაბამისად, ზურგჩანთების იდეასთან ის მჭიდრო კავშირშია, რადგან ეხმაურება პრობლემას, რომელიც არღვევს გარკვეულ ბუნებრივ კანონს. იგულისხმება უკანონოდ, ძალადობრივი მეთოდით მითვისებული საქართველოს ტერიტორიები, რომელსაც დამფუძნებელი მხოლოდ დროებით და აუცილებლად შესაცვლელ მდგომარეობად მიიჩნევს.
"მე ვქმნი და ვატარებ ამ ზურგჩანთას, იმიტომ, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც ადამიანებს ვამცნო − არ მივიჩნევ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაკარგულ ტერიტორიებად − ეს საქართველოს ძირძველი კუთხეებია. ასევე, მინდა ვაცნობო ყველას, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება. სწორედ ეს წარწერაა დატანილი ზურგჩანთის წინა ნაწილზე, საქართველოს რუკასთან ერთად", − ეუბნება ნანუკა Entrepreneur-ს.
"ანანკეს" სამიზნე სეგმენტი ასაკის ან რაიმე სხვა მახასიათებლის მიხედვით შეზღუდული არ არის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ატაროს მისი ზურგჩანთა, რომელიც მაღალი ხარისხობრივი სტანდარტის დაცვით, წყალგაუმტარი მასალისგან არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მას. აღსანიშნავია, რომ "ანანკეს" ზურგჩანთები ავიაკომპანია Wizzair-ის ხელბარგის ზომის მიხედვითაა შექმნილი, 40-30-20 სტანდარტით, რათა ადამიანებს ზურგჩანთებთან ერთად, საქართველოსა თუ მსოფლიოს გარშემო, მკაფიო მესიჯებით, თამამად მოგზაურობა შეეძლოთ.