მარიამ თოფურია - კლინიკა "მაჯე" "არ დაყაროთ ფარ-ხმალი, ყველაფერი გააკეთეთ საყვარელი საქმისა და მიზნისათვის"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობა პაციენტებთან ურთიერთობასთანაა დაკავშირებული. რეალური ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ხშირია, როდესაც საკუთარი თავის ვიზუალური აღქმა არ ემთხვევა სარკეში დანახულ ანარეკლს, რამაც შესაძლოა დაბალი თვითშეფასება და კომპლექსების ჩამოყალიბება გამოიწვიოს. პაციენტები ძირითადად სწორედ ისეთი პრობლემებით მომმართავენ, რომელთა გადაჭრის გზების სწორი შერჩევისთვის, უმნიშვნელოვანესია მათი სურვილების ყურადღებით მოსმენა და რაციონალური გამოსავლის ერთობლივი დაგეგმვა − იქნება ეს ქირურგიული ჩარევა, თუ ობიექტურად მიცემული რჩევა.
ნებისმიერი წამოწყება მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობასა და ძალისხმევას. ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად სწორი დროისა და ვითარების დამსახურებაა, რომ მე სრულიად დამოუკიდებლად დავიწყე პროფესიული კარიერა. ეს იყო ურთულესი გზა ურთულესი გამოწვევებით, რომლის გადალახვის უდიდეს სტიმულს მხოლოდ ჩემი საქმის გულწრფელი სიყვარული მაძლევდა.
ყველაზე დიდი პროფესიული გამოწვევის წინაშე მაშინ დავდექი, როდესაც ლიცენზირებული ქირურგი გავხდი. 27 წლის ვიყავი და სრულიად მარტო აღმოვჩნდი. იმ ეტაპზე დამოუკიდებელი კარიერის ნულიდან დაწყება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მსგავსი მაგალითიც ვერ მოვიძიე ვერსად, რომ ვინმეს ჩემს ასაკში მოეხერხებინა, დამოუკიდებლად შეექმნა განყოფილება და სრულიად მარტოს აეღო ამხელა პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გადაუჭრელს ხდიდა წინააღმდეგობებს.
დღევანდელი გადმოსახედიდან და პირადი გამოცდილებით, ჩემი რჩევა იქნება, არ დაყაროთ ფარ-ხმალი, ყველაფერი გააკეთეთ საყვარელი საქმისა და მიზნისათვის. ხანდახან გვგონია, რომ სამყარო უსამართლოდ გვექცევა, მაგრამ ეს უსამართლობა შეიძლება ყველაზე დიდი სტიმული და მოტივაცია აღმოჩნდეს დასახული გეგმის განსახორციელებლად.
პანდემიამ იძულებული გაგვხადა, მთლიანად შეგვეცვალა სამუშაო რეჟიმი. მალევე მოვერგეთ ახალ ვითარებას და პრიორიტეტად მაქსიმალური უსაფრთხოება დავისახეთ. სწორედ ეს პოლიტიკა დაგვეხმარა, მშვიდ გარემოში გაგვეგრძელებინა მუშაობა. ჩემი უახლოესი გეგმები თვითგანვითარებას, მიღწეული შედეგების გაანალიზებასა და სამოქმედო არეალის გაზრდას უკავშირდება.