MSCS Georgia - ეკატერინე სანაძის ანტრეპრენერული გზა საერთაშორისო გადაზიდვების ინდუსტრიაში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
MSCS Georgia ეხმარება ყველა იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიას ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
MSCS Georgia-ს დამფუძნებლის, ეკატერინე სანაძის თქმით, მთავარი იდეა იყო სუგესტია (შთაგონება). თანამედროვე ეპოქაში მოვლენები სწრაფად იცვლება, ეს საუკუნე მოითხოვს ბევრი ახალი ცოდნისა და უნარების უწყვეტ განვითარებას, რაც ხელს უწყობს ადამიანების სწრაფად ინტეგრირებას საზოგადოებაში. ჩვენს დროში მთავარია შევძლოთ ნებისმიერი ვითარების სწორად გაანალიზება, გაგება და სწრაფად ცვალებად გარემოში არჩევანის გაკეთება.
ახლის ძიებისა და შემეცნების "მარადიული" სურვილი ეკატერინეს ცხოვრების მთავარი ამოცანაა. "დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით დაგროვებულმა ცოდნამ შთამაგონა ის იდეა, რასაც დღეს ვემსახურები - შემექმნა კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საკუთარ საქმიანობაზე, მიწოდებულ სერვისსა და მის შედეგებზე სტატუს-კვოს გარეშე! როცა წოლას ჯდომა გირჩევნია, ჯდომას - სიარული, სიარულს - სირბილი და სირბილს - ფრენა, სწორედ მაშინ ხვდები, რომ მოქმედებების ეს უწყვეტი ჯაჭვი არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, შეუძლებელსაც გაძლებინებს, წარმატების მიღწევის შემდეგ ახალ მიზნებს გისახავს. შედეგად კი ყოველ ჯერზე იწყებ თავიდან, აღტაცებული, ახალი შემართებით", - აღნიშნავს ეკატერინე.
კომპანიის მენეჯერთა მიზანია, მომხმარებლებს დაეხმარონ უსაფრთხო და ეფექტური ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვასა და განხორცილებაში. ახალი გამოცდილებით, კრეატიულად და ინოვაციურად მართონ საერთაშორისო გადაზიდვები, რომელიც გამორჩეულია სანდოობით, ჰუმანურობით, პროფესიონალიზმით. ბედნიერი და კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე ფასეულია მათი გუნდისთვის.
"როდესაც ამ საქმიანობას შევუდექი, ლოგისტიკის სფეროში ძალიან ცოტა ადამიანი თუ მოიძებნებოდა ცოდნითა და გამოცდილებით, ქალბატონები - განსაკუთრებით. დღევანდელი გადმოსახედიდან, საკმაოდ გაბედულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს მსგავსი საქმიანობის წამოწყება. თუმცა კრიტიკულ სიტუაციებში რისკიანი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარებით გამოვირჩევი. მოტივაციას მიქმნიდა ისიც, რომ ყოველთვის მჯეროდა ამ სფეროს პოტენციალისა და მნიშვნელოვნების", - განმარტავს ეკატერინე.
კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი ბიზნესის მასშტაბების გაზრდა, მუდმივი განვითარება და კმაყოფილი მომხმარებელია. ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, თუმცა ათეული წლის წინ MSCS Georgia-ს ხელმძღვანელს მაგალითად ესახებოდა განვითარებული ქვეყნების უზომოდ დიდი შესაძლებლობები, ეს პოტენციალი კი საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ათვისებული.
როგორც ეკატერინე Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, გენდერული სტერეოტიპები ფართოდ გავრცელებულია და ხშირად არასამართლიანი შეხედულებებია ქალისა და კაცის უნარებზე, თვისებებზე, სოციალურ ფუნქციებზე. ლოგისტიკის სფერო საკმაოდ პრობლემური და გამოწვევებით სავსეა. ამ ინდუსტრიაში, როგორც სხვა ბევრ დანარჩენ სფეროში, დომინირებენ მამაკაცები. თუმცა მას დიდი იმედი აქვს, რომ სხვა ქალებს შთააგონებს და ჩაუსახავს იმედს, რათა უშიშრად განახორციელონ თავიანთი მიზნები თუ ოცნებები.
"ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების, ის ხომ ცხოვრების გარდაუვალი რეალობაა. ამიტომ, სხვადასხვა წინააღმდეგობის მიუხედავად, არასდროს გაჩერდეთ. მხოლოდ დიდი გამოწვევების დროს შეიცნობა საკუთარი თავი, შესაძლებლობები, გამხელილი თუ გაუმხელელი უნარებით. გჯეროდეთ, გწამდეთ და ყოველდღე თავიდან შექმენით ახალი "მე". ნუ მისცემთ უფლებას საზოგადოების მოლოდინებს ან გენდერულ მიკერძოებას, შეზღუდოს თქვენი თვითგამოხატვა. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული და გახსოვდეთ, რომ თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობები", - ურჩევს ქალებს ეკატერინე სანაძე.
MSCS Georgia-ს გუნდის საქმიანობის ინსპირაცია თითოეული კმაყოფილი მომხმარებელია. სწორედ ისინი არიან მთავარი მოტივატორები - რომ იყვნენ უკეთესები და გააუმჯობესონ შესაძლებლობები. "ადამიანს საქმის სიყვარული აყალიბებს პროფესიონალად, ლიდერად და უჩენს იმის სურვილს, რომ ეს მუხტი ახალგაზრდებს გაუზიაროს", - აღნიშნავს ეკატერინე.
მთლიანობაში, MSCS Georgia-ს გრძელვადიანი მიზანია, ჩამოაყალიბოს როგორც წამყვანი სატრანსპორტო/ექსპედიტორული კომპანია არა მხოლოდ თბილისში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.